გადაწყვეტილება №19119/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19119/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------- -------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -------“-ის 15.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19119/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №EL192626 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №EL192611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3116 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
5 894 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 3 151
ჯარიმა - 2 743
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის მიერ 25.12.2018 წლის №11112/C30610 და 20.02.2019 წლის №11112/С3655 საბაჟო დეკლარაციებით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოექცა და დროებით შენახვის მიზნით შპს ------ის---------ის (ს/ნ --------) საბაჟო საწყობში განთავსდა საქონელი, კერძოდ დეკლარირებულია:
- №11112/C30610 საბაჟო დეკლარაციით 3 666 კგ. ბენზინი (-------------), რომლის შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 24.12.2020 წელი;
- №11112/С3655 საბაჟო დეკლარაციით 3 749 კგ. ბენზინი ----------------), რომლის შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 19.02.2021 წელი.
აღნიშნული საბაჟო დეკლარაციებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე დეკლარანტს არ განუხორციელებია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ფორმალობები, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №EL123299 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, №11112/C30610 საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქცია - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო, 23.02.2021 წლის №EL127659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, №11112/С3655 საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის 8.01.2021 წლის №21-10-18/175 და 24.02.2021 წლის №21-10-18/21473 შეტყობინებებით დეკლარანტს ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. თუმცა დეკლარანტის მიერ კვლავ არ იქნა შესრულებული საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ფორმალობები.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №21-10- 18/104029 წერილით საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისგან (შპს ---------------გან) გამოთხოვილია ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებზე არსებული ფაქტიური ნაშთების შესახებ. შპს --------------------ის 21.11.2022 წლის №211042/21-10-18 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ დასაწყობებული საქონელი მათ რეზერვუარებში არ ინახება ხანგრძლივი შენახვის ვადიდან გამომდინარე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №EL192611 და №EL192626 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, თითოეული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელთან მიმართებაში, საწყობთან ერთად მომჩივანს სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 2 743 ლარისა და 3 151 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმები 26.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2023 წლის №3116 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციებით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ არ განხორციელდა სავალდებულო საბაჟო ფორმალობები, დაჯარიმდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით და წერილობითი შეტყობინებით ეცნობა საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადა განესაზღვრა 10 კალენდარული დღით, თუმცა მომჩივნის მიერ მაინც არ განხორციელდა შესაბამისი საბაჟო ფორმალობები. დადგენილია ასევე, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისგან (შპს „-------------ი“) გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ზემოთ აღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებით დასაწყობებული საქონლის ფაქტიური ნაშთები, საბაჟო საწყობის რეზერვუარებში არ ინახება ხანგრძლივი შენახვის ვადიდან გამომდინარე. შესაბამისად, სახეზეა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სოლიდარულად საბაჟო საწყობთან ერთად სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.
სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კომპანიის მიმართ გამოიცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან მიჩნეულია სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა საქონლის უკანონო განკარგვა/განადგურებისათვის. საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან შედგენილი სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა გამოცხადეს ორი ძირითადი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გამო: 1. სამართლებრივ აქტში მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და 2. საბაჟო სანქციის შეფარდებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა აქტის შედგენის მომენტისათვის გასულია.
სამართლებრივ აქტში მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. 6.01.2017 წელს შპს --------ს და შპს --------------ს შორის გაფორმდა საბაჟო საწყობში/ნავთობაზაში საწვავის შენახვის შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად შემნახველმა იკისრა მიმბარებლის საწვავის/ბენზინის შპს -----------ში შენახვის ვალდებულება. ხელშეკრულების 2.10 მუხლის თანახმად შემნახველი პასუხისმგებელია მიმბარებლის პროდუქციაზე, როგორც რაოდენობის ასევე ხარისხის თვალსაზრისით. ამდენად, შემნახველმა იკისრა ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა მიმბარებლის საწვავის ისეთი ფორმით შენახვას, რომ არანაირ გარემოებას არ მოახდენდა საწვავის ხარისხის ან/და რაოდენობის ცვლილებაზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული/ბუნებრივი დანაკარგისა).
ასევე, ხელშეკრულების 2.11 მუხლის თანახმად მიბარებული საწვავის ტერმინალიდან გატანა უნდა მოახდინოს შემნახველთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განისაზღვრა საქონლის მიბარების ვადა. კერძოდ მხარეთა შორის 22.11.2018 წელს გაფორმებული №2 შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 6.01.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 3.1. მუხლში, რომლის საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღად მითითებული იქნა 22.11.2019 წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 781-ე მუხლის თანახმად სასაწყობე შემნახველმა საქონლის მიბარების ვალდებულებები უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერი მეურნის გულისხმიერებით.
ციტირებული ნორმების ლოგიკური განმარტების შედეგად მოსჩანს, რომ შემნახველს საქონლის მიღებისთანავე ევალება საქონლის შენახვის ვალდებულება, რამდენადაც საქონლის შენახვის ხელშეკრულება სასყიდლიანია, შემნახველს მომეტებული პასუხისმგებლობა ეკისრება. შემნახველი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები. მან ყველა ზომა უნდა იხმაროს საქონლის შენახვის ნორმალური პირობების შესაქმნელად. იმისათვის, რომ არ დაზიანდეს და გაუარესდეს საქონლის თვისებები ამდენად, შესანახად მიბარებულ საქონლის მოვლა და პარტნიორობა წარმოადგენდა მხოლოდ შემნახველის პასუხისმგებლობას. ამგვარად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და მოხმობილ ნორმათა გათვალისწინებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საბაჟო საწყობიდან შემნახველისთვის მიბარებული საქონლის არც გატანას და არც განკარგვას, შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმში არსებული შინაარსი იმის შესახებ, რომ კომპანიის მხრიდა განხორციელდა საქონლის კანონმდებლობის გვერდის ავლით განკარგვა არ არის სწორი, რადგან აღნიშნული გარემოება ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას და მოკლებულია ყოველგვარ სწორ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლიანობას.
ასევე, საბაჟო სამართლებრივ პრაქტიკაში დამკვიდრებული ზოგადი სტანდარტის თანახმად, საბაჟო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. ყოველი კონკრეტული შემთხვევის ხასიათიდან გამომდინარე კვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით ისე რომ არ დაირღვეს სამართლის ნორმების შინაარსი, ასევე ზოგადი სტანდარტის მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ბრალის შეფასების გარეშე არ არის საკმარისი პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის. ბრალის ელემენტი გულისხმობს უკანონო ქმედებასა და მის შედეგებზე დამრღვევის დამოკიდებულებას და წარმოადგენს პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. ბრალეული მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება იყოს განზრახი და გაუფრთხილებელი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნების გათვალისწინებით უმოქმედობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება სამართალდარღვევად, თუ პირს ეკისრება მოქმედების სპეციალური მოვალეობა და თუ მისი შეუსრულებლობა პასუხობს სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობის ნიშნებს. ქმედების სამართალდარღვევად კვალიფიკაციის მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მისი, როგორც მართლზომიერი ქმედების შემადგენლობის განსაზღვრას. ქმედების სამართალდარღვევად კვალიფიკაცია დამოკიდებულია მომხდარი ფაქტის, სამართლის ნორმაში სწორედ ასეთად მიჩნეული ფაქტის, გარემოების სრულად და ზუსტად აღწერილთან თანადამთხვევაზე და შესაბამისობაზე.
სანქციის შეფარდებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა აქტის შედგენის მომენტისათვის გასულია. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 და მე-17 ნაწილებზე მითითებით მომჩივანი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იმ დაშვებითაც კი თუ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან მიღებული სამართალდარღვევის ოქმი კანონიერია, გადასახადის გადამხდელს მაინც არ უნდა დაეკისროს სანქციის სახით ფულადი თანხების გადახდის ვალდებულება, კერძოდ მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდი 2018 წელი, შესაბამისად 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2019 წლის პირველი იანვრიდან, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 1 იანვარს, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ გამოვლენილა. ამგვარად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას რომ სანქციის შეფარდებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა აქტის შედგენის მომენტისათვის გასულია.
მომჩივანი ანალოგიურ არგუმენტს წარმოადგენს მეორე (საბაჟო დეკლარაციასთან) შემთხვევასთან დაკავშირებითაც. ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე. 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მხრიდან მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით მომზადებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშეა მიღებული, რაზეც ზემოთქმული უდავოდ და ცალსახად ადასტურებს, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტების ბათილობას იწვევს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:
5. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
ა) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე თავდაპირველ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და მიეთითება საქონლის შენახვის გაგრძელებული ვადა დღეებში, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის ახალი თარიღი;
ბ) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალი საბაჟო დეკლარაცია.
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
2. საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროცედურის მფლობელი არის პირი, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას ან რომლის დავალებითაც არის წარდგენილი დეკლარაცია.
საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ არ განხორციელდა სავალდებულო საბაჟო ფორმალობები, რაზეც დაჯარიმდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით და განესაზღვრა ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადა, თუმცა ნაკლოვანებები არ აღმოფხვრილა. ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისგან (შპს „----------ი“) გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ზემოთ აღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებით დასაწყობებული საქონლის ფაქტიური ნაშთები, საბაჟო საწყობის რეზერვუარებში არ ინახება ხანგრძლივი შენახვის ვადიდან გამომდინარე.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემნახველს საქონლის მიღებისთანავე ევალება საქონლის შენახვის ვალდებულება, რამდენადაც საქონლის შენახვის ხელშეკრულება სასყიდლიანია, შემნახველს მომეტებული პასუხისმგებლობა ეკისრება. შემნახველი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საბაჟო საწყობიდან შემნახველისთვის მიბარებული საქონლის არც გატანას და არც განკარგვას, შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმში არსებული შინაარსი იმის შესახებ, რომ კომპანიის მხრიდა განხორციელდა საქონლის კანონმდებლობის გვერდის ავლით განკარგვა არ არის სწორი, რადგან აღნიშნული გარემოება ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას და მოკლებულია ყოველგვარ სწორ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლიანობას. სანქციის შეფარდებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა აქტის შედგენის მომენტისათვის გასულია. მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდი 2018 წელი, შესაბამისად 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2019 წლის პირველი იანვრიდან, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 1 იანვარს, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ გამოვლენილა. ამგვარად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას რომ სანქციის შეფარდებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა აქტის შედგენის მომენტისათვის გასულია.
საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №25692-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის და საბჭოს სხდომაზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შპს -----------------, როგორც საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად, შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები და ასევე ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, საბაჟო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჩივარში მითითებული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავოს წარმოადგენს მომჩივნის მიერ 25.12.2018 წლის №11112/C30610 (შენახვის ვადა - 24.12.2020 წლამდე) და 20.02.2019 წლის №11112/С3655 (შენახვის ვადა - 19.02.2021 წლამდე) საქონლის საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ 2020 და 2021 წლებში (შენახვის ვადის გასვლის შემდგომ) შესასრულებელი სავალდებულო საბაჟო ფორმალობების განუხორციელებლობა.
საქმეში წარმოდგენილია შპს --------ის 18.11.2022 წლის №0559 წერილი, სადაც მითითებულია, რომ C-30610 დეკლარაციით დარეგისტრირებული პროდუქტი რაოდენობით 3 666 კგ. (პროდუქტი --------, შენახვის დაწყების თარიღი 11.03.2017წ., ბოლო ტექნოლოგიური ოპერაციის თარიღი 4.08.2017წ.) და C-3655 დეკლარაციით დარეგისტრირებული პროდუქტი რაოდენობით 3 749 კგ. (პროდუქტი --------, შენახვის დაწყების თარიღი 15.02.2016წ. ბოლო ტექნოლოგიური ოპერაციის თარიღი 21.10.2016წ.) არ ინახება შპს --------ის რეზერვუარებში ხანგრძლივი შენახვის ვადიდან გამომდინარე.
ამდენად, ვინაიდან საბაჟო საწყობის პროცედურით საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მომჩივნის მიერ არ განხორციელდა სავალდებულო საბაჟო ფორმალობები და მომჩივანს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის დამატებით განესაზღვრა ვადა და ამ ვადაში მაინც არ განხორციელებულა შესაბამისი საბაჟო ფორმალობები, ამასთან საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ დასაწყობებული საქონელი არ ინახება შპს --------ის რეზერვუარებში ხანგრძლივი შენახვის ვადიდან გამომდინარე, საბაჟო საწყობთან ერთად სოლიდარულად საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.