გადაწყვეტილება №90211/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 90211/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 90211/1/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------16.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №90211/1/2024).

 

დავის საგანი:

ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის №005-30 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13031 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 232 746,29 ლარი.

მათ შორის:

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 133 302

ჯარიმა - 66 652

საურავი -32 792,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს,----------, კერძოდ, ------------- და --------- (სხვადასხვა სოფლებში) საკუთრებაში აქვს 2 მიწის ნაკვეთი და ასევე სახელმწიფოსგან იჯარის წესით აღებული აქვს 15 საკადასტრო კოდზე არსებული, ჯამურად 2 503 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები. გადასახადის გადამხდელი სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწებზე, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად იხდის იჯარის ღირებულებას. აღნიშნული დასტურდება საბანკო ამონაწერებით.

შესამოწმებელ პერიოდზე მომჩივანს, სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ და ასევე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, არ აქვს დეკლარირებული ქონების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 203-ე მუხლების თანახმად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის №005-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13031 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 204-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 205-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელი სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწებზე, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად, იხდიდა იჯარის ღირებულებას, რაც დასტურდებოდა საბანკო ამონაწერით. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში და გასაჩივრებულ ბრძანებაში იმის მითითება თითქოს გადამხდელს სარგებლობაში ჰქონდა 2 503 ჰა მიწის ნაკვეთი არის სიცრუე. აცხადებს, რომ არც ერთი წამით მიწის ნაკვეთი არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის არც მფლობელობაში და არც სარგებლობაში, რასაც ადასტურებს თავად ---------და --------- მერები. -------- მერია იწერება, რომ მათ გააჩნიათ მხოლოდ 2006 წელს შედგენილი დოკუმენტაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი. საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს ---------კერძოდ, --------- და -------- (სხვადასხვა სოფლებში) ჰქონდა საკუთრებაში 2 მიწის ნაკვეთი და ამასთან სახელმწიფოსგან იჯარის წესით აღებული ჰქონდა 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები, ჯამურად 2 503 ჰა ფართობის, თუმცა არ ჰქონდა დეკლარირებული და წარდგენილი 2021, 2022 და 2023 წლის ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადის დეკლარაციები. აღსანიშნავია, რომ გადამხდელი სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწებზე, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად იხდიდა იჯარის ღირებულებას, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით (აღნიშნული ხელშეკრულებები და საბანკო გადახდები წარმოდგენილია გადამხდელის მიერ). აგრეთვე აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ მოხდა, როგორც ---------და-----------მუნიციპალიტეტის მერიებიდან, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ინფორმაციის გამოთხოვა შპს ------------ (ს/ნ ----------) და ---------- რაიონის გამგეობას შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობების ამსახველ ინფორმაცია/დოკუმენტაციებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ შპს ------------- ალპური კურორტებსა (ს/ნ ----------) და ---------- რაიონის გამგეობას შორის ფიქსირდება სხვადასხვა პერიოდში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები, აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შეწყვეტილი (გაუქმებული) არ არის.

მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტში და გასაჩივრებულ ბრძანებაში იმის მითითება თითქოს გადამხდელს სარგებლობაში ჰქონდა 2 503 ჰა მიწის ნაკვეთი არის სიცრუე. აცხადებს, რომ არც ერთი წამით მიწის ნაკვეთი არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის არც მფლობელობაში და არც სარგებლობაში, რასაც ადასტურებს თავად ----------და ----------- მერიები.

აღნიშნულ არგუმენტზე მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ------------ მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით რთული კლიმატური პირობების გამო, შეუძლებელია იჯარით განსაზღვრული მიწების ადგილზე დათვალიერება და დღევანდელი მდგომარეობით მეიჯარის მიერ საიჯარო მიწებით სარგებლობის დადგენა. რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას, მათი განმარტებით არ ფლობენ ინფორმაციას აღნიშნული მიწის ნაკვეთების იჯარასთან დაკავშირებით ხდება თუ არა აღნიშნული მიწებით სარგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი სახელმწიფოსგან იჯარით არსებულ მიწებზე საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად იხდის იჯარის ღირებულებას, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ამდენად, მომჩივნის არგუმენტი, რომ მიწის სადავო ნაკვეთი არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის არც მფლობელობაში და არც სარგებლობაში, საფუძველს მოკლებულია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა, რომ მომჩივანს ჰქონდა საკუთრებაში 2 მიწის ნაკვეთი და ამასთან სახელმწიფოსგან იჯარის წესით აღებული ჰქონდა 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები, ჯამურად 2 503 ჰა ფართობის, თუმცა არ ჰქონდა დეკლარირებული და წარდგენილი 2021, 2022 და 2023 წლის ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადის დეკლარაციები.

გადამხდელი სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწებზე, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად იხდიდა იჯარის ღირებულებას, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. შპს და გამგეობას შორის ფიქსირდება სხვადასხვა პერიოდში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები, აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შეწყვეტილი (გაუქმებული) არ არის.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 203;204(1,4);205(7);