გადაწყვეტილება №21834/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.05.2024
№ დოკუმენტი 21834/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21834/2/2024

22 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21834/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;

2. გამოვლენილი ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №081-264 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32414 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 172 923 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 145

დღგ - 71 427

საშემოსავლო გადასახადი - 33 718

ჯარიმა - 52 573

საურავი - 15 205

 

სადავო საკითხები:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით, რომელსაც ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში ქ.------ში, ------- ქ. N4-ში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 23.02.2021 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლისსაფუძველზე, გამოიცა 16.10.2023 წლის №25576 ბრძანება და №081-264 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32414 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, საქონლის შეძენა/რეალიზაცია ხდებოდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს შემოწმების პროცესში ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგენია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი წარმოადგენდა უარყოფით მაჩვენებელს, კერძოდ შეძენილი ჰქონდა 1 214 000 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენდა 881 000 ლარს. იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით.

შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი - 8,66%. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგ-ის ბრუნვა, რომელიც 2021-2022 წლებში ჯამურად გაიზარდა 396 859 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რის შედეგადაც დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის №------(----) გადაწყვეტილებაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან კომპანიას გააჩნია შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

მომჩივანი არ ეთანხმება გამოყენებული ფასნამატის ოდენობას (8.66%), მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული მონაცემები შეიცავს არსებით უზუსტობებს, კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი მაქსიმუმ 2%-ია და არ არსებობს თამბაქოს ნაწარმის რეალიზატორი (საცალო და საბითუმო), რომელიც 2%-ზე მეტ თანხას ამატებს სარეალიზაციო თამბაქოს (თუ არ ჩავთვლით ღამის კლუბებს ან მაღალი კლასის რესტორნებს).

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი - 8,66%. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგ-ის ბრუნვა, რომელიც 2021-2022 წლებში ჯამურად გაიზარდა 396 859 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რის შედეგადაც დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები.

ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი - 8.66%-ის ოდენობით, მისი დოკუმენტური ფასნამატი 2%-ია. არ არსებობს თამბაქოს ნაწარმის რეალიზატორი (საცალო და საბითუმო), რომელიც 2%-ზე მეტ ამატებს სარეალიზაციო თამბაქოს (გარდა, ღამის კლუბების ან მაღალი კლასის რესტორნების შემთხვევებისა).

რაც შეეხება სიგარეტის სარეალიზაციო ფასს, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

2. საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. გამოვლენილი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ ობიექტი, სადაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, იჯარით ჰქონდა აღებული, შესაბამისად, აღნიშნული იჯარის ხარჯით უნდა შემცირდეს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხები.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ფართის იჯარაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში შემოწმებისას განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32414 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე);

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

4. მე-2 დავის საგნის ნაწილში, მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

5. მე-2 დავის საგნის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

გ) პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;

2. გამოვლენილი ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 23.02.2021 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლისსაფუძველზე, გამოიცა №25576 ბრძანება და №081-264 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №32414 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ პირველი დავის საგნის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

ხოლო,მე-2 დავის საგნის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ფართის იჯარაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში შემოწმებისას განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1,2); 164(1) ;