გადაწყვეტილება №20307/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20307/2/2023
20 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20307/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29199 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №007-48 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11169 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 219 516,34 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 100 474
დღგ - 99 371
საშემოსავლო გადასახადი - 1 103
ჯარიმა - 64 469
საურავი - 54 573,34
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და ბინების რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდი.
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემები, საწარმოს სააღრიცხვო პროგრამა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები შედარებულ იქნა სამშენებლო/უძრავი ქონების ბაზარზე საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციასთან. შემოწმებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული/დეკლარირებული უძრავი ქონების ფასები მკვეთრად განსხვავდება (ნაკლებია) შესაბამის პერიოდებში იგივე რეგიონში დაფიქსირებული უძრავი ქონების საშუალო სტატისტიკური ფასებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმო აფიქსირებს მინიმალურ რენტაბელობას ან გადის ზარალზე.
აღსანიშნავია, რომ შემოწმებით არ იკვეთება ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენდა და მკვეთრად შეამცირებდა გადამხდელის მიერ აშენებული ბინების ღირებულებას.
ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის ქცევა (ბინების რეალიზაცია საბაზროზე რამოდენიმეჯერ ნაკლებ ფასად) მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს. ასევე, შესწავლით გამოიკვეთა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე შესწავლილ იქნა ქონების შემძენი ფიზიკური პირების შემოსავლები და შეძენილი ქონების იპოთეკით დატვირთვის საფუძველზე, ამავე ქონების შესაძენად აღებული სესხების მოცულობა. აღნიშნული მონაცემიც მიუთითებს გარიგების ფასის არამართებულობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სამშენებლო ბიზნესში საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მზარდი რისკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენოს საბაზრო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გათვალისწინებით განისაზღვრა დამატებით დასარიცხი დღგ-ის ოდენობა. ამასთან, შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავლის ნამეტი თანხა ჩაითვალა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №007-618 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.04.2022 წლის №8260 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 15.09.2022 წლის №16393/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.04.2022 წლის №8260 ბრძანება. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 15.09.2022 წლის №16393/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29199 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29199 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №007-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11169 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29199 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
უდავოდ პოზიტიურია, რომ მოხდა გადასახადების გადაანგარიშება და მათი მნიშვნელოვნად შემცირება, თუმცა კომპანია არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად დარიცხულ თანხებს.
აღნიშნულზე დასკვნა და გაანგარიშება წარმოდგენილი იქნება უახლოეს მომავალში, რამეთუ აღნიშნული მომზადება მხოლოდ იურისტის/ადვოკატის შესაძლებლობებს აღემატება და საკითხში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს აუდიტის ჩართვა. ამ დასაბუთებითა და მითითებით გასაჩივრდა სადავო აქტები შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ბრძანებით არაფერი ირკვევა, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა საჩივარი. ეს დაუსაბუთებლობა ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის არათუ დასწრების, არამედ ინფორმირების გარეშეც კი. იმ პირობებში, როდესაც საჩივარში აღნიშნული იყო, რომ საკითხის სპეციფიკურობის გამო აუცილებელი იყო საქმეში აუდიტის ჩართვა, რომელიც დაწერდა კალკულაციის კომპანიის ვერსიას და დასკვნა წარმოდგენილი იქნებოდა დამატებით, შემოსავლების სამსახურმა არც აცნობა მომჩივანს, რომ აპირებდა საჩივრის განხილვას. სულ მცირე ის მაინც ეკითხათ, რომ ჩანიშნული იყო სხდომა და რამის წარდგენას ხომ არ აპირებდა მომჩივანი. საკითხის შესწავლა ამ პროცესის გამოკვლევასაც მოიცავს. ვინაიდან კომპანია შექმნილი ვითარების გამო საქმიანობას აღარ ახორციელებს, ხოლო აუდიტის დაქირავება და შესაბამისი დასკვნის მომზადება დაკავშირებულია ისეთ სახსრებთან, რომლის საშუალებაც არ აქვს გადასახადის გადამხდელს ამ ეტაპზე, სწორედ ამის გამო შეფერხდა აქამდე აუდიტის დასკვნის მომზადება. აქტიურად მიდის მუშაობა ამ დასკვნის შედგენაზე და მისი სრულყოფის შემდეგ დამატებით წარმოდგენილი იქნება აუცილებლად, დაზუსტებულ პოზიციასთან ერთად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, 53-ე მუხლის და 96-ე მუხლის, სადავო აქტები არის ბათილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-11 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;
ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან;
გ) თუ პირმა საქონელი მიაწოდა ან/და მომსახურება გაუწია ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით, საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების სამშენებლო/უძრავი ქონების ბაზარზე საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციასთან შედარებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული/დეკლარირებული უძრავი ქონების ფასები მკვეთრად განსხვავდება (ნაკლებია) შესაბამის პერიოდებში იგივე რეგიონში დაფიქსირებული უძრავი ქონების საშუალო სტატისტიკური ფასებისაგან. შესწავლით გამოიკვეთა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე შესწავლილ იქნა ქონების შემძენი ფიზიკური პირების შემოსავლები და შეძენილი ქონების იპოთეკით დატვირთვის საფუძველზე, ამავე ქონების შესაძენად აღებული სესხების მოცულობა.
შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29199 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საფუძველზე დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის დასკვნით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შემცირებული იქნა სადავო საკითხიდან გამომდინარე დარიცხული გადასახადების და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29199 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით, საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების სამშენებლო/უძრავი ქონების ბაზარზე საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციასთან შედარებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული/დეკლარირებული უძრავი ქონების ფასები მკვეთრად განსხვავდება (ნაკლებია) შესაბამის პერიოდებში იგივე რეგიონში დაფიქსირებული უძრავი ქონების საშუალო სტატისტიკური ფასებისაგან. შესწავლით გამოიკვეთა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე შესწავლილ იქნა ქონების შემძენი ფიზიკური პირების შემოსავლები და შეძენილი ქონების იპოთეკით დატვირთვის საფუძველზე, ამავე ქონების შესაძენად აღებული სესხების მოცულობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29199 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“);