გადაწყვეტილება №23718/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23718/2/2024
09 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 15.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23718/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №007-142 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17711 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 124 757 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 72 944
დღგ - 25 090
საშემოსავლო გადასახადი - 47 854
ჯარიმა - 31 984
საურავი - 19 829
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.06.2024 წლის №14335 ბრძანება და №007-142 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17711 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერი) მიხედვით რეალიზებული პროდუქციის 97%-ს შეადგენდა საავტომობილო ზეთი. 50% იყო დოკუმენტური, ხოლო 50% წარმოადგენდა საცალოდ გაყიდულ პროდუქციას. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა არ ხდებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერები. კერძოდ, დასახელებების მიხედვით, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე შეუძლებელი იყო მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა (დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 45%-ს).
საწარმოს მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის შედეგად დადგინდა დეკლარირებულზე მეტი ოდენობის ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლებიდან გამომდინარე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისთვის შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შეძენილი სასაქონლო მარაგების თვითღირებულება სახეობების მიხედვით დაკავშირდა რეალიზებული საქონლის ღირებულებასთან, რის შედეგადაც, დადგინდა დოკუმენტით სახეობების მიხედვით იდენტიფიცირებული ფასნამატი (საშუალოდ 63%). საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი.
შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №3576 ბრძანების საფუძველზე, 2024 წლის 26 თებერვალს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შედარდა საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ ნაშთთან, რა დროსაც გამოვლინდა სხვაობა. ამასთან, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. დამატებით დადგენილი რეალიზაციის საკომპენსაციო თანხა ჩაითვალა მიღებულად და შესაბამის საგადასახადო პერიოდებში დაემატა გადამხდელის მიერ საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ სალაროს ნაშთს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული სალაროს ნაშთი აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის გათვალისწინებით, დადგინდა არაგონივრული ნაშთი თვის ჭრილში. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული არაგონივრული ნაშთის ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულ ნაშთში“, დაკვალიფიცირდა როგორც უძრავი ნაშთი და შესამოწმებელი პერიოდის პირველსავე საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ინვენტარიზაციის ჩატარების კალენდარულ თვეში დადგენილი არაგონივრული ნაშთი შემცირებული იქნა უძრავი ნაშთის ოდენობით და აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 306-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულყოფილად არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში საცალოდ რეალიზებულ საქონელზე, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება, შესაბამისი სახეობების გათვალისწინებით. ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმიანობას წარმოადგენს საავტომობილო საპოხი მასალების იმპორტი და ადგილობრივი შეძენა და როგორც საბითუმო ისე საცალო რეალიზაცია. კომპანიაში წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით საბუღალტრო პროგრამა „ორისში, სადაც სრულყოფილად და ქრონოლოგი ურადაა აღრიცხული ყველა სამეურნეო ოპერაცია. ყველა საქონელი აღრიცხულია ცალცალკე და რეალიზაციის შემთხვევაში სმფ-ის ჩამოწერა ხორციელდება კონკრეტული დასახელების მიხედვით ყოველი დღის რეალიზაციის მიხედვით, ამასთან ჩვენს მიერ ყოველთვიურად მინიმუმ 2-ჯერ ტარდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და ხდება შედეგების შედარება თითოეული სახეობის მიხედვით. ამდენად, ის გარემოება რაც შემოწმების აქტშია მითითებული რომ საცალო რეალიზაციის შემთხვევაში არ ხდება ჩამოწერილი სმფ-ის იდენტიფიცირება არაა მართებული და სამართლიანი. ამასთან ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ, ანუ რომელი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა მოვახდინოთ მყიდველის იდენტიფიცირება და როგორ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საცალო რეალიზაციის შემთხვევაში მყიდველი, თუმცა საბანკო ტერმინალის გამოყენების ან ჩარიცხვის მიხედვით სრულებით შესაძლებელია ნაწილი მყიდველების იდენტიფიცირება. თუმცა შემმოწმებლების ასეთი დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მიგვაჩნია არასწორად და არამართებულად. კომპანიის საქმიანობის პერიოდში არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა დაფიქსირებული. გვინდა განსაკუთრებით გაამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ 2024 წლის 18 მარტს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დადგენილი იქნა ანგარიშ-ფაქტურის ნაშთი (თვითღირებულებით 443 663,51 ლარი, სარეალიზაციო ფასი დღგ გარეშე 685090,25, საშუალო ფასნამატი 54%), ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შედეგად, აუდიტორების მიერ საბუღალტრო და ფაქტიური ნაშთის შედარებით დადგინდა 90 ლარის ზედმეტობა, რაც ადასტურებს მის მიერ წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის სისწორეს, რასაც თვით აუდიტორები ადასტურებენ, რაც ეწინააღმდეგება შემოწმების აქტში გამოხატულ დასკვნას. ამდენად, წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვით, სრული კონტროლი შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციებზე და შემმოწმებლების მიერ არამართლზომიერადაა გამოყენებული კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მაკონტროლებელს გამოიყენოს მეწარმის შემოსავლების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დამატებითი შემოსავლების განსაზღვრა, ცალსახად ადგენს იმ პირობებს რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემოსავლის/ხარჯის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით. შემთხვევაში დადგენილი პირობა არ აკმაყოფილებს სსკ-ის 73-ე მუხლის გამოყენებას და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ გააუქმოთ ამ ნაწილში დადგენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. რაც შეეხება შემოწმების გაანგარიშებებს, მის მიერ შესწავლილი იქნა და აღმოჩენილია რიგი უზუსტობები. კერძოდ, როგორც განმარტა საქმიანობას წარმოადგენს საავტომობილო ზეთების, ანტიფრიზის და სხვა პროდუქციის შეძენა/რეალიზაცია. ბუღალტრულ პროგრამაში საქონელი აღრიცხულია როგორც გვაქვს შეძენილი და შეძენის დოკუმენტებში - ინვოისი და სასაქონლო ზედნადები საქონლის ზომის ერთეულია როგორც ლიტრი, ცალი კგ და ა. შ. მის შემთხვევაში საავტომობილო ზეთი აღირიცხება ლიტრაჟობით, მიუხედავად იმისა თუ როგორი შეფუთვითაა (არსებობს 200 ლიტრიანი მოცულობის, 5, 4 და 1 ლიტრი) და შესაბამისად ერთეულის თვითღირებულება განსაზღვრულია 1 ლიტრზე. ფასნამატის გაანგარიშებისას შესაბამის ცხრილში შემმოწმებლების მიერ არაა გათვალისწინებული მაგალითად, 1 ცალი 5 ლიტრიანი ზეთის რეალიზაციისას სარეალიზაციო თანხასთან შეფარდებულია 1 ლიტრის რპთ და არა 5 ლიტრის. ასეთივე მდგომარეობაა ანტიფრიზის შემთხვევაში (არსებობს 200 ლიტრიანი მოცულობის, 5 , 1,5 და 1 ლიტრი), რაც შესაბამისად ზრდის ფასნამატს. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფასნამატის განსაზღვრისას შემმოწმებლები სმფ-ის თვითღირებულებას იღებენ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან, თუმცა შემოწმების აქტში მიუთითებენ, რომ ბუღალტრული აღრიცხვა იმდაგვარად აქვს ნაწარმოები, რომ შეუძლებელია სამეურნეო ოპერაციებზე კონტროლის განხორციელება.
დავუშვათ, რომ ეს მართალია და ბუღალტრული აღრიცხვა არ შეესაბამება რეალურ სამეურნეო ოპერაციებს, მაშინ როგორ გამოდის რომ ბუღალტერიაში ზუსტად იმ სმფ-იების ჩამოწერების შედეგად ფორმულირებული თვითღირებულება რეალურია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბუღალტრული აღრიცხვის სისწორე დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებით (საკონტროლო შესყიდვა, სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგები). მის მიერ განხორციელდა შედარება რეალიზაციის დოკუმენტებსა და უახლოესი შეძენებს შორის, საიდანაც საშუალო ფასნამატი გამოდის 54 %, რაც იდენტურია სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატისა და შესაბამისად შემოწმების მიერ საშუალოდ 63 % გავრცელება არამართებულია. ამასთან, როგორც შემოწმების აქტითაა დადასტურებული მის რეალიზაციის 97% შეადგენს საავტომობილო ზეთის რეალიზაცია და შესაბამისად ზეთების ფასნამატის დადგენა უნდა განხორციელებულიყო ცალკე და არა ჯგუფის მიხედვით.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №007-142 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 31 984 ლარი და საურავი - 19 829 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მიზანმიმართულად განხორციელებული, ითხოვს გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17711 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანმხება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად,მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
1.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
2.აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №007-142 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 31 984 ლარი და საურავი - 19 829 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).