გადაწყვეტილება №19799/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 19799/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19799/2/2023

22.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19799/2/2023).

 

დავის საგანი:

ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №006-552 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10129 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 59 461 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 33 628

დღგ - 8 609

მოგების გადასახადი - 8 713

საშემოსავლო გადასახადი - 6 090

ქონების გადასახადი - 10 216

ჯარიმა - 13 637

საურავი - 12 196

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციის ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელს შემცირებული თანხით აქვს დაფიქსირებული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება. გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში 2100 ანგარიშებზე უფიქსირდება მანქანა-დანადგარების ფლობა, რომელიც შეძენილი აქვს სალიზინგო კომპანიისგან ლიზინგის ხელშეკრულებით. ლიზინგით მიღებულ ქონებას გადამხდელი არ ბეგრავს ქონების გადასახადით, თუმცა ამავე ანგარიშზე დარიცხული ცვეთის ხარჯით სრულად იმცირებს ქონების ღირებულებას. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამიდან დგინდება, რომ 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის მომსახურებები ინდივიდუალურ მეწარმედ არარეგისტრირებული პირებისაგან. გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულმა განაცემმა (მიღებული მომსახურების ღირებულებამ) შეადგინა 30 451 ლარი, რომელიც არ არის ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №006-552 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10129 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღიარებს აუდიტორის მიერ ქონების გადასახადის ნაწილში აღმოჩენილ უზუსტობას, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით და გაუაზრებელი შეცდომით, რაზეც მეტყველებს შემმოწმებლის მიერ შემოწმების აქტში დაფიქსირებული აუდიტის შეფასება, რის საფუძველზეც ითხოვს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მოეხსნას დარიცხული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ დაბეგვრასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნული შემთხვევა და დაუდეკლარირებლობა გამოწვეულია უნებლიე შეცდომით, რაც აიხსნება იმით, რომ აღნიშნულ პერიოდში კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა მოულოდნელად დატოვა კომპანია, აღნიშნულ პერიოდში, 1 თვით, მისი ფუნქციების შესრულება დაევლა არაკომპეტენტურ პირს გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნავს, რომ მსგავსი საგადასახადო ხარვეზი სხვა საანგარიშო თვეებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, ითხოვს მოეხსნას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №54595-21-14 წერილი, საიდან, ირკვევა, რომ მომჩივანი ლიზინგის ხელშეკრულებით ნაყიდ ძირითად საშუალებებს არ ბეგრავდა ქონების გადასახადით, თუმცა ამავე ძირითდ საშუალებებზე დარიცხული ცვეთის ხარჯით იმცირებდა მთლიანი ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას (სხვა საკუთარი სახსრებით ნაყიდი ქონების ნარჩენ საბალანსო ღირებულებას), საზოგადოება ვალდებული იყო აღნიშნული ძირითადი საშუალებები აეყვანა ცალკე ჯგუფად და შესაბამისად მასზე დარიცხული ცვეთა არ გაეთვალისიწნებინა ქონებით დასაბეგრი ბაზის შემცირებაში. აგრეთვე, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და საშემოსავლო დეკალარაციების ანალიზით დადგინდა, რომ 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გამორჩენილია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დეკლარირება, რომელიც უკავშირდებოდა გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირების გადახდის წყაროსთნ დასაკავებელ გადასახადს.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული ჯარიმებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი ლიზინგის ხელშეკრულებით ნაყიდ ძირითად საშუალებებს არ ბეგრავდა ქონების გადასახადით, თუმცა ამავე ძირითდ საშუალებებზე დარიცხული ცვეთის ხარჯით იმცირებდა მთლიანი ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას (სხვა საკუთარი სახსრებით ნაყიდი ქონების ნარჩენ საბალანსო ღირებულებას), საზოგადოება ვალდებული იყო აღნიშნული ძირითადი საშუალებები აეყვანა ცალკე ჯგუფად და შესაბამისად მასზე დარიცხული ცვეთა არ გაეთვალისიწნებინა ქონებით დასაბეგრი ბაზის შემცირებაში. აგრეთვე, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და საშემოსავლო დეკალარაციების ანალიზით დადგინდა, რომ 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გამორჩენილია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დეკლარირება, რომელიც უკავშირდებოდა გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირების გადახდის წყაროსთნ დასაკავებელ გადასახადს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

275(2);269(7);