გადაწყვეტილება №19716/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19716/2/2023
02 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------- 19.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19716/2/2023).
დავის საგანი:
1. უძრავი ქონების მიწოდების ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;
2. ბარტერული ოპერაციის მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გაანგარიშება;
3. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-628 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10899 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 487 185,99 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 291 268
დღგ - 158 375
საშემოსავლო გადასახადი - 132 893
ჯარიმა - 146 860
საურავი - 49 057,99
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-628 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10899 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების მიწოდების ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, კომპანიას უფიქსირდება საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქალაქ ----------, ----------- ქუჩის მიმდებარედ. აღნიშნული მშენებლობიდან კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ბინების ძირითადი ნაწილი. რეალიზებული ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართების ანალიზისას გამოვლინდა ერთი ბინის რეალიზაცია, რომელიც არ არის დაბეგრილი დღგ-ით. კერძოდ, 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას რეალიზებული ჰქონდა საცხოვრებელი ბინა (------------) ფიზიკურ პირზე (-------------), რომელიც არ არის ასახული დღგ-ის შესაბამის დეკლარაციაში და შესაბამისად არ არის დაბეგრილი. შემოწმების მიერ, გაიზარდა 2021 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში, რეალიზებული ჰქონდა საცხოვრებელი ბინა ფიზიკურ პირზე, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი და ასახული დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარემონტო მომსახურება, კერძოდ აშენებულია მრავალსართულიანი კორპუსი და რეალიზებულია საცხოვრებელი ფართი. როგორც შემოწმების აქტშია მითითებული რეალიზებული საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია ჩართული არ არის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რაც არასწორია და გაანგარიშებების ხელახლა უნდა იქნას გავლილი კომპანიის წარმომდგენელთან ერთად.
კომპანიის ხელთ არსებული დოკუმენტაციისა და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის გამოიკვეთა გარკვეული სხვაობა (გასათვალისწინებელი ხელშეკრულების პირობები, თარიღი, ეროვნული ვალუტის კურსი და ა.შ). ამ ნაწილში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებების ხელახალი შესწავლა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება (გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის მიერ 2021 წლის დეკემბრის თვეში ერთი ბინის (ს/კ ------------) რეალიზაცია არ არის დაბეგრილი დღგ-ით.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მოგვიანებით ჩაერთო დავის პროცესში, გადამოწმების შედეგად ნახეს, რომ ბინის რეალიზაციის დაბეგვრა გამორჩენილია დეკლარირების დროს, ბუღალტერი არ თანამშრომლობდა შემმოწმებლებთან და შემოწმების შედეგად ეს შედეგიც ამიტომ დადგა. ითხოვს ჯარიმის ნაწილში შეღავათს.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში დაკისრებული ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
2. ბარტერული ოპერაციის მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ფიზიკურ პირთან უფიქსირდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწა გადადის კომპანიის საკუთრებაში და სანაცვლოდ, ფიზიკური პირი მიიღებს სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებას (რომელიც აშენდება ფიზიკური პირის მიერ გადაცემულ მიწაზე). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირს 2019 წელს საკუთრებაში დაურეგისტრირდა უძრავი ქონებები (საცხოვრებელი ბინები, ავტოფარეხები). კომპანიის დეკლარაციების შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციის (ბარტერის) ფარგლებში მიწოდებული საქონელის/მომსახურების ნაწილში კომპანიას საგადასახადო ვალდებულების დეკლარირება არ განუხორციელებია. შემოწმება მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მოთხოვნებზე, რომლის საფუძველზეც ბარტერული ოპერაციის განხორციელებისას მიწოდებული მომსახურების (გაწეული ხარჯის პროპორციულად) ნაწილში (იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი ხარჯების გაწევა დასრულებულია 2021 წლის ბოლოსთვის) უნდა დაიბეგროს დღგ-ით, კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად (შენიშვნა: გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არ წარმოუდგენია საბუღალტრო მონაცემები, არ არის წარმოდგენილი ხარჯების ანალიზი, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით ბარტერული ოპერაციის მიზნებისთვის გაანგარიშებულ იქნა გაწეული ხარჯების ოდენობა).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160- ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 17.06.2018 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილზე, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა, ფიზიკურ პირს მის საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, 2019 წელს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონებები (საცხოვრებელი ბინები და ავტოფარეხები). ამასთან, აღნიშნული ოპერაციის (ბარტერის) ფარგლებში მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე კომპანიას საგადასახადო ვალდებულების დეკლარირება არ განუხორციელებია. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას შემოწმებისთვის არ ჰქონდა წარდგენილი საბუღალტრო მონაცემები და ხარჯების ანალიზი, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, ბარტერული ოპერაციის მიზნებისთვის, გაანგარიშებულ იქნა გაწეული ხარჯების ოდენობა (ბარტერული ოპერაციის ფარგლებში გაწეული ხარჯის გაანგარიშების მიზნით, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ელექტრონული დოკუმენტაციები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და სხვა)). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიწის მესაკუთრესთან გაფორმებულია აღნაგობისა და ამ მიწის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რაც შესრულებულია პირნათლად. სრულყოფილი კომუნიკაცია არ ყოფილა შემოწმების პროცესში, ძველი ბუღალტრის მიერ არ ყოფილა წარდგენილი პირველადი დოკუმენტები და საბუღალტრო პროგრამა. შემოწმების დასრულების შემდგომ კომპანიის ხელმძღვანელობას მიეწოდა ინფორმაცია შემოწმების შედეგების შესახებ, რომელიც რეალურად არ ასახავს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებს. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, ამ ნაწილშიც უნდა მოხდეს დამატებით მტკიცებულებების წარმოდგენა კომპანიის მხრიდან, რათა დადგინდეს რეალური საგადასახადო ვალდებულებები. შემმოწმებლებიც აღნიშნავენ შემოწმების აქტში, რომ ბუღალტრის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა ბუღალტრული პროგრამა ან რეესტრები, პირველადი დოკუმენტაცია, ახსნა-განმარტება, რითაც გაანგარიშებული იქნებოდა ბარტერული ოპერაციის მიზნებისთვის გაწეული ხარჯების ოდენობა, ანუ თვითღირებულება და თვითღირებულებით უნდა განხორციელდეს ამ ნაწილში გაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად:
1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწა გადადის კომპანიის საკუთრებაში და სანაცვლოდ, ფიზიკური პირი მიიღებს სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებას. ფიზიკურ პირს 2019 წელს საკუთრებაში დაურეგისტრირდა უძრავი ქონებები. აღნიშნული ოპერაციის (ბარტერის) ფარგლებში მიწოდებული საქონელის/მომსახურების ნაწილში კომპანიას საგადასახადო ვალდებულების დეკლარირება არ განუხორციელებია.
3. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი/გაანგარიშება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ფულის მოძრაობა მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და შემოწმებისთვის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ანალიზის შედეგად გამოვლინდა ფულადი საშუალებების ნაშთი. აღნიშნული ფულის ნაშთი შემოწმების მიერ განხილული იქნა კომპანიის დირექტორზე - ----------- (პ/ნ ---------) გაცემულ ხელფასად, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი/გაანგარიშება, შესაბამისად შემოწმების მიერ, გაანგარიშებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა მიღებული შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული გაწეული ხარჯების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რის შედეგადაც დადგენილი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. ასევე, გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირზე გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ გაცემული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, სადაც სიზუსტით და ქრონოლოგიურად ასახულია კომპანიის საქმიანობა. კომპანიას უნდა მიეცეს უფლება წარადგინოს ბუღალტრული პროგრამა/გაანგარიშებები და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით დარიცხული თანხების გაანგარიშება და დარჩენილი თანხის ნაშთი, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად განიხილოს ფიზიკურ პირზე გაცემულ პროცენტიან სესხად (წლიური 10 %), ნაცვლად ხელფასის სახით განაცემისა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და შემოწმებისთვის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია ფულადი საშუალებების ნაშთი.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდზე კომპანიის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა მცირე სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილს შორის. სხვაობების მიზეზს ძირითად შემთხვევებში წარმოადგენდა ფიზიკურ პირზე გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმება მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნებზე, რომლის საფუძველზეც ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება იბეგრება გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-3 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას უნდა მიეცეს უფლება წარადგინოს ბუღალტრული პროგრამა/გაანგარიშებები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის წარმომადგენლებთან ერთად საკითხის შესწავლა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოწმების შედეგად დადგენილია ფიზიკურ პირზე მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შესაძლოა დაბეგრილი იყოს მეწარმედ რეგისტრირებული პირებისთვის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხა, რაც შესწავლილი უნდა იქნას დამატებით და შემცირდეს დარიცხული თანხა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საკითხი შესწავლილია საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით. გადამოწმდა ის ნაწილი, სადაც ფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე გადახდები დანიშნულებით მომსახურების ანაზღაურება. პირადი ნომრებით დადასტურდა, რომ იყვნენ ფიზიკური პირები და აღნიშნული ნაწილი ჩაირთო დასაბეგრ ბაზაში.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე
146 860 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-628 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 49 057,99 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის მიერ მიზანმიმართულად შემცირებული, კომპანია უნდა გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. უძრავი ქონების მიწოდების ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;
2. ბარტერული ოპერაციის მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გაანგარიშება;
3. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის მიერ 2021 წლის დეკემბრის თვეში ერთი ბინის რეალიზაცია არ არის დაბეგრილი დღგ-ით.
ასევე, შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწა გადადის კომპანიის საკუთრებაში და სანაცვლოდ, ფიზიკური პირი მიიღებს სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებას. ფიზიკურ პირს 2019 წელს საკუთრებაში დაურეგისტრირდა უძრავი ქონებები. აღნიშნული ოპერაციის (ბარტერის) ფარგლებში მიწოდებული საქონელის/მომსახურების ნაწილში კომპანიას საგადასახადო ვალდებულების დეკლარირება არ განუხორციელებია.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდზე კომპანიის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა მცირე სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილს შორის. სხვაობების მიზეზს ძირითად შემთხვევებში წარმოადგენდა ფიზიკურ პირზე გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;159(1ა);163(2,6ბ);160(5);275(2);269(7);161(1ა);144;16(2);18(10);164(1);136(3);73(9);101(9);154(1ა);