ბრძანება N 758-გ
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 758-გ
22 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 27 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) №83811/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №041-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობა საბითუმო ვაჭრობაა და საცალო ვაჭრობის ფასნამატი არ უნდა გავრცელებულიყო. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში შემმოწმებლებს წარუდგინა კომპანიის კრედიტორების მიერ გამოგზავნილი წერილები იმის თაობაზე, რომ დავალიანება არ გააჩნდათ, თუმცა შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული და გადახდილი თანხები დაუბეგრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6458 და პირველი მაისის №9466 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 24 ივნისიდან 2023 წლის 03 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 ივნისის №15011 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №041-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 517 117 ლარი, მათ შორის გადასახადი 333 185 ლარი, ჯარიმა 168 808 ლარი და საურავი 15 124 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა გამოძიება შპს „------“-ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ვაჭრობა ტანსაცმლით ------ს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მოწოდებული მასალებით დადგინდა, რომ გადამხდელს ინვენტარიზაციით განესაზღვრა 0 ლარის ღირებულების ფაქტობრივი სმფ-ების ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავებით შემოწმებამ შეისწავლა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებული მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის დაფუძნების დღიდან დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 271 021 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 190 212 ლარი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია იყო სულ 2 615 ლარის. გადამხდელს საქონელი ძირითადად შეძენილი ჰქონდა იმპორტის გზით ------დან და -----დან. შემოწმებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ვერ ხდებოდა რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავლის განსაზღვრის მიზნით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული საცალო ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
ამასთან, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალსა და შემოწმებით დადგენილს შორის მიღებული სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აგრეთვე, შემოწმებისათვის სრულყოფილად არ იყო წარდგენილი იმპორტირებულ საქონელზე საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, შემოწმების მიერ, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი N8-ის შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი 25% განხილულ იქნა ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელ პერიოდში ვერ ხდებოდა რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმიანობაზე გამოყენებული აუდირებული საცალო ფასნამატი შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა ვერ უზრუნველყო იმპორტირებული საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარდგენა, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი N8-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები, რისი არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ანალოგიური საქმიანობის აუდირებული საცალო ფასნამატის გავრცელება შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ვაჭრობა ტანსაცმლით. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მოწოდებული მასალებით დადგინდა, რომ გადამხდელს ინვენტარიზაციით განესაზღვრა 0 ლარის ღირებულების ფაქტობრივი სმფ-ების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის დაფუძნების დღიდან დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 271 021 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 190 212 ლარი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია იყო სულ 2 615 ლარის. გადამხდელს საქონელი ძირითადად შეძენილი ჰქონდა იმპორტის გზით. შემოწმებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ვერ ხდებოდა რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავლის განსაზღვრის მიზნით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული საცალო ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
ამასთან, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალსა და შემოწმებით დადგენილს შორის მიღებული სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აგრეთვე, შემოწმებისათვის სრულყოფილად არ იყო წარდგენილი იმპორტირებულ საქონელზე საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, შემოწმების მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი 25% განხილულ იქნა ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 158(1), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").