ბრძანება N 18779
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18779
31 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------------------ის (პას/ნ --------------- ს/ნ-------------)
( მის: -------------------------------------------------------)
2023 წლის 5 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა ------------------ის (პას/ნ --------------- ) №114454/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №EL213812, №EL213815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11112/466 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, ის არის მძღოლი და ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას სხვადასხვა ქვეყნებში. ერთ-ერთი ასეთი გადაზიდვის დროს, ქალაქ --------ში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტვირთა სამი სხვადასხვა საქონლით. ორ ადგილას დატვირთვის შემდეგ მივიდა მესამე ადგილზე, სადაც დატვირთის დროს, ჩამოვარდა პადონი, ტვირთი დაზიანდა და ამ მესამე ადგილმდებარეობის ტვირთი მთლიანად ჩამოიცალა უკან. შესაბამისად, საქართველოში წამოვიდა ორი ადგილმდებარეობის ორი სხვადასხვა ტვირთით. თუმცა ამ ორი ტვირთის დოკუმენტებთან ერთად, გამოჰყვა მესამე ტვირთის დოკუმენტებიც. შემოვიდა საქართველოში და გაემართა წითელი ხიდისკენ. გზაში მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა. საბაჟო დეპარტამენტმა მოსთხოვა დოკუმენტების წარდგენა, რა დროსაც შეცდომით სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა მესამე ტვირთის დოკუმენტი, ვინაიდან ყველა დოკუმენტაცია ჰქონდა ერთად შენახული. მომჩივანი მიუთითებს, რომ გზაში არანაირი საქონელი არ გადმოუტვირთავს, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება იყო დალუქული, ხოლო შეღწევა რომ შესაძლებელი გახდა გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წელს 12 ივნისს გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,---ის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა ------------------ის (პას/ნ --------------- ) მართვის ქვეშ მყოფი, ----ის რესპუბლიკაში რეგისტრირებული №------------ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო №- (11.06.2023) აღრ---------იცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი საქონელი. მითითებული სატრანსპორტო საშუალების და მასში განთავსებული საქონლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა -ის რესპუ-------ბლიკის მოქალაქე ------------------ი (პას/ნ --------------- ).
ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებისას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილში შეღწევა შესაძლებელი იყო საბაჟო ლუქის დაზიანების გარეშე. გამომდინარე აქედან, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ თანამშრომლის მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერებაც. დათვალიერების შედეგად კი აღმოჩნდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა №--------(31.05.2023) ინვოისის შესაბამისი საქონელი – მტვერსასრუტი 260 ცალი.
ვინაიდან, ------------------ის მართვის ქვეშ მყოფი ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომ შესაძლებელი იყო მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევა, ამასთან ერთად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 20 ივნისს შედგენილ იქნა №EL213812 და №EL213815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ------------------ს (პას/ნ --------------- ) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარისა და 13 340.41 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან, 2023 წლის 20 ივნისს გამოიცა №EL11112/466 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ------------------ს (პას/ნ --------------- ) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 13340.41 ლარი და საურავი – 60.03 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით,საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების ან დაკარგვის თაობაზე და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან შენობა-ნაგებობაზე დაზიანების კვალის ან სხვა დაზიანების აღმოჩენის შესახებ.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, აბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:
უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომ შესაძლებელი იყო მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევა, ამასთან ერთად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს ვალდებულებას, მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარზე თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ ------------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის უკანონო განკარგვას. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ №----------- სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე, №--------- (11.06.2023) აღრიცხვის მოწმობა დარეგისტრირდა ----- ---------ის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისები: №------- 21 31.05.2023, №1-02.06.2023---------- და №1---------- 05.06.2023; სატრანსპორტო ზედნადები (CMR) №- საფუძველზე.---------- განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონლის გაშვება განხორციელდა საქონლის დათვალიერების გარეშე. შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობას დაექვემდებარა №-------- (11.06.2023) აღრიცხვის მოწმობაში მითითებული საქონლის მთლიანი ოდენობა. დათვალიერების შედეგად კი სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა დეკლარირებული საქონლის ნაწილი – 260 ცალი მტვერსასრუტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------------------ის (პას/ნ --------------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272;
ასევე საქართველოს საბაჟო შემდეგ ნორმებს: 166(3); 172;