N 37 - 05/02/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №37
2024 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 47-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას – პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. თუ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში პირს წარმოეშვა როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება, საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება ამ ინსტრუქციის №III-03 დანართით, რა შემთხვევაშიც, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტიდან.“.
2. დანართი №III-03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე