ფიზიკური პირის მიმართ არსებული ვალდებულების გადაფასების შედეგად მიღებული ზარალის გამოქვითვა N 0270
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფიზიკური პირის მიმართ არსებული ვალდებულების გადაფასების შედეგად მიღებული ზარალის გამოქვითვა N 0270
ფაქტობრივი გარემოებები
· რეზიდენტმა პირმა, რომელიც იყენებს დარიცხვის მეთოდს, 2015 წელს დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირისაგან აიღო სესხი უცხოურ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში ასახული ფულადი ვალდებულებების, როგორც დაუბრუნებელი სესხის ძირითადი თანხის, ასევე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის გადაფასებით მიღებული ზარალი ასახა გადაფასების საანგარიშო პერიოდის მოგების/საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.
შეფასება
· სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4(ა) ნაწილის მიხედვით, თუ პირი იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გადახდა თავის თავში მოიაზრებს როგორც მომსახურების გაწევასთან, ასევე საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო თანხის გადახდას.
· სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება არ განეკუთვნება არც მომსახურების გაწევის და არც საქონლის მიწოდების საკომპენსაციო თანხის კომპონენტს. შესაბამისად, დაუბრუნებელი სესხის ძირითადი თანხის გადაფასების შედეგად წარმოშობილი ზარალის გამოქვითვასთან მიმართებაში არ გავრცელდება სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4(ა) ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა და აღნიშნული ზარალი აისახება იმ საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშგებაში, როდესაც წარმოიშვა, იმის მიუხედავად, დაბრუნებული არის თუ არა სესხის ძირითადი თანხა.
· სესხის მომსახურებაზე დარიცხული პროცენტის გადაფასების შედეგი წარმოადგენს მომსახურების საკომპენსაციო თანხის კომპონენტს. შესაბამისად, დარიცხული პროცენტის გადაფასების შედეგად წარმოშობილი ზარალი აისახება იმ საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშგებაში, როდესაც მოხდება ამ პროცენტის გადახდა.
ღონისძიებები
· დაკორექტირდება შესაბამისი გამოქვითვები პროცენტის გადაფასებით მიღებული ზარალის ნაწილში. დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ეხება ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს
ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ პირი აღებულ სესხს სრულად იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, ამასთან არ აქვს მიღებული მოგების/საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავლები და პროცენტის ხარჯის გამოქვითვაზე არ ვრცელდება სსკ-ით დადგენილი სხვა შეზღუდვები
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2018 წლის 10 აპრილისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სსკ-ის 142-ე მუხლი ძალაშია 2011 წლის 1 იანვრიდან
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით