გადაწყვეტილება №24854/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2025
№ დოკუმენტი 24854/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24854/2/2025

11 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 4.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24854/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2024 წლის №081-237 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2803 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

4 264 542,66 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 118 588

დღგ - (-70 042)

მოგების გადასახადი - 1 708 285

საშემოსავლო გადასახადი - 484 002

ქონების გადასახადი - (-3 657)

ჯარიმა - 1 020 051

საურავი - 1 125 903,66

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის სახეა სამედიცინო საქმიანობა (საავადმყოფოები). გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.07.2015 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 18.09.2015 წელს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე სრული, გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 12.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 16.12.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №26358 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №081-237 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2803 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2803 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2019 წლის ნოემბერში ფიზიკური პირისგან (პ/ნ ---) შეისყიდა შპს „ა-ს“ (ს/ნ ---) 100%-იანი წილი (შპს „-ა“ თავის მხრივ ფლობდა შპს „ბ“-ს (ს/ნ ---) 100%-იან წილს), რომლის შერწყმაც განახორციელა 2020 წლის მარტში. ფიზიკური პირი არის შპს „ა-ს“ 100%-იან წილს ფლობდა 2012 წლის ბოლოდან. გარიგების დადების მომენტში შპს „ა-ს“ (ს/ნ ----) წილის ღირებულება შეფასდა 16 043 460 ლარად.

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანმა ფიზიკურ პირს გადაუხადა 9 196 363 ლარი. გარიგების დადების მომენტში მომჩივნის 100% წილის მფლობელი იყო ---- (პ/ნ ---), რომელმაც თავის მხრივ 2022 წლის თებერვალში მომჩივნის 100%-იანი წილი მიჰყიდა ოჯახის წევრს ---ს (პ/ნ ---).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ განხორციელებულ ოპერაციას შეუცვალა კვალიფიკაცია და ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები ჩათვალა მოგების განაწილებად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „----ის“ მიერ ფ/პ ---ზე წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით განხორციელებულია მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის განხილვისას დაფიქსირებულ ზეპირ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანმა მოითხოვა კომპანიის და მასთან შერწყმული საწარმოების (მათ შორის, შპს „----ის“) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა. შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „---“ შეიქმნა 2015 წლის 16 ივლისს, აღნიშნული მომენტიდან, მომავალში სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის, დაიწყო საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობის შექმნა/მშენებლობა. 2018 წლის მარტში შენობა შევიდა ექსპლუატაციაში, აღნიშნული პერიოდიდან, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მოთხოვნების შესაბამისად, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნებისათვის სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ასაღებად, აუცილებელი იყო მოქმედი სამედიცინო ტექნიკური ბაზა და სხვა აუცილებელი რესურსები (აქტივები, კვალიფიციური პერსონალი, ლიცენზიები, ნებართვები და ა.შ.). ეს ორივე მოთხოვნა უკვე სრულფასოვნად გააჩნდა - შპს ,,----ს“, ვინაიდან მიმდინარე მომენტისთვის აღნიშნული ცენტრი სრულფასოვნად აღარ ფუნქციონირებდა და ეწეოდა მხოლოდ მცირე პროფილის სამედიცინო საქმიანობას.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, უპრიანი იყო აღნიშნული ლიცენზიებითა და სამედიცინო გამოცდილებით საქმიანობა გაეგრძელებინა - შპს „---ს“. ამ მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობის სრული დაცვით, შეარჩია ოპტიმალური გზა: ჯერ შეიძინა 100% წილი, მოიპოვა ლიცენზიები. ხოლო შემდგომ განხორციელდა შვილობილი საწარმოს - შპს „---ის“ შერწყმა, რის შესახებაც ეცნობა შემოსავლების სამსახურს. მათივე მითითებით განხორციელდა ყველა საჭირო ოპერაცია, გაერთიანდა ბარათები და გაუქმდა შპს „---“. აღნიშნული ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინოს სფეროში მუშაობის გამოცდილების, ლიცენზიების მოპოვება და სამედიცინო მიმართულებით ტექნიკური ბაზის ხელშეწყობა/განვითარება.

საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის გამოყენებამ კიდევ უფრო გაამარტივა იგივე საქმიანობის გაგრძელება სხვა იურიდიული კომპანიის მიერ, ისე რომ კომპანიამ შეძლო მომხმარებლებისათვის თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიებით მომსახურების გაწევა. აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეძენა-განახლება მოხდა საკუთარი შემოსავლებით აკუმულირებული თანხის რეინვესტირებით.

,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის დებულებების გათვალისწინებით, სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების და შესაბამისი სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების თაობაზე 2020 წლის პირველ მარტს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (www.napr.gov.ge). ამავე წლის 4 მარტს განახლდა ამონაწერი, სადაც რეორგანიზაციის ისტორიაში ჩანს რეორგანიზაციამდე არსებული სუბიექტის დასახელება, ოპერაცია და თარიღი და გამომდინარე იქიდან, რომ შპს „----ს“ ს/კ --- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 18 სექტემბრიდან, ასევე შეასრულა ამავე პერიოდის სსკ-ის 157-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირობა. ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული ოპერაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაციას წარმოადგენდა, რათა გაეგრძელებინა სრულყოფილი სამედიცინო საქმიანობა. გადაწყვეტილების მიზეზს წარმოადგენდა ასევე ის გარემოება, რომ შპს ----ს სამედიცინო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ის გარემოება, რომ იგივე ლოკაციაზე იურიდიულად ახალმა კომპანიამ (შპს „---მა“) დაიწყო სამედიცინო საქმიანობა, ეს ნიშნავს იმას, რომ საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის გამოყენებით შესაძლებელი გახდა საქმიანობის გაგრძელება ისეთი ფორმით, რომ არ დაიკარგა ძველი, 1964 წლიდან მიღებული გამოცდილება და სახელი (დღესაც კი ---ის სახელია დერეფანში და სხვადასხვა სარეკლამო ფლაერებზე). აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით და არ მოიცავს იმ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელიც მაკონტროლებელმა ორგანომ განიხილა თავისი ფაქტობრივი გარემოებების განხილვაში. თავად აუდიტორებიც აპელირებენ, რომ ზემოაღნიშნულმა ფიზიკურმა პირებმა განახორციელეს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი ტრანზაქციები და ჰორიზონტალურად განვითარებული სამი კომპანიის ნაცვლად შეიქმნა ჰოლდინგური ტიპის ვერტიკალურად განვითარებული ძლიერი კომპანია (მომავალში მთლიანი კომპანის 100% სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე ფიზიკური პირის მფლობელობაში ქონა შესაძლებელია იქცეს აუცილებელ მოთხოვნად სამედიცინო პროფილის მქონე საწარმოებისათვის, როგორც ეს გაკეთდა მაგალითად აუდიტორული კომპანიების მიმართ), რომლის ბალანსი ფასს-ების მიხედვით მნიშვნელოვან სტაბილურ/მომგებიან ფინანსურ სურათს ქმნის და რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადის ნაწილში შესული ცვლილებების გამო, ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის და ფიზიკური პირების წილის ფლობის ორწლიანი ვადის გასვლის გამო, აბსოლუტურად უადგილოა „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითების განსახილველ შემთხვევაზე გამოყენება, რამაც სსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით წილის ნასყიდობაზე კვალიფიკაციის შეცვლის გამო გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, მათზე დამატებით დარიცხულ ჯარიმა-საურავებთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ შპს „---ს“ (ს.ნ ---) მიერ 2019 წლის ნოემბრის თვეში ფ/პ ---გან (პ/ნ ---) განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 100%-იანი წილის შესყიდვა (შპს „---“ თავის მხრივ ფლობდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 100%-იან წილს), რომლის შერწყმაც განახორციელა 2020 წლის მარტის თვეში. ფ/პ --- შპს „---ის“ 100%-იან წილს ფლობდა 2012 წლის ბოლოდან. აღნიშნული გარიგების დადების მომენტში განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) წილის ღირებულების შეფასება, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 16 043 460 ლარი.

შესამოწმებელ პერიოდში შპს „---ის“ მიერ ფ/პ ---თვის გადახდილია 9 196 363 ლარი. ---სთან გარიგების დადების მომენტში შპს „---ის“ 100% წილის მფლობელი იყო ფ/პ --- (პ/ნ ---), რომელმაც თავის მხრივ 2022 წლის თებერვალში შპს „---ის“ 100%-იანი წილი მიჰყიდა ოჯახის წევრს ფ/პ ---ს (პ/ნ ---).

მომჩივანის განმარტებით ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინოს სფეროში მუშაობის გამოცდილების ათვისება, ლიცენზიების მოპოვება და სამედიცინო მიმართულებით ტექნიკური ბაზის ხელშეწყობა/განვითარება. ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული ოპერაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაციას წარმოადგენდა, რათა გაეგრძელებინა სრულყოფილი სამედიცინო საქმიანობა.

ზემოაღნიშნულის და ფიზიკური პირების წილის ფლობის ორწლიანი ვადის გასვლის გამო, აბსოლუტურად უადგილოა „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითების განსახილველ შემთხვევაზე გამოყენება, რამაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით წილის ნასყიდობაზე კვალიფიკაციის შეცვლის გამო გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, მათზე დამატებით დარიცხულ ჯარიმა-საურავებთან ერთად.

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, მომჩივნის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. განხორციელებული ოპერაცია იყო ფორმალური ხასიათის და ემსახურებოდა მხოლოდ დაუბეგრავად ფულადი სახსრების გატანას საზოგადოებიდან.

ამასთანავე, საბჭო მიიჩნევს, რომ ის გარემოება, რომ კომპანიის მიერ ტრანზაქციები განხორციელდა ლიცენზიების და ნებართვების მოპოვების მიზნით არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ოპერაცია ობიექტურად იყო ეკონომიკური შინაარსის.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს დამატებული ღირებულების გადასახადის, საშემოსავლო გადასახადის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები, ხოლო დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობის გამო დაერიცხა საურავი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზოგადოება ყოველთვის ცდილობს სწორად და ოპერატიულად დაადეკლარიროს და გადაიხადოს ყველანაირი საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის საავანსო გადასახადები), მომჩივანი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და სსკ-ის 269-ე მუხლის 7-ე პუნქტის შესაბამისად მოუხსნას დარიცხული საგადასახადო სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა ფიზიკური პირისგან შეისყიდა შპს „ა-ს“ 100%-იანი წილი (შპს „ა“ თავის მხრივ ფლობდა შპს „ბ-ს“ 100%-იან წილს), რომლის შერწყმაც განახორციელა 2020 წლის მარტში. ფიზიკური პირი შპს „ა-ს“ 100%-იან წილს ფლობდა 2012 წლის ბოლოდან. გარიგების დადების მომენტში შპს „ა-ს“ წილის ღირებულება შეფასდა 16 043 460 ლარად. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანმა ფიზიკურ პირს გადაუხადა 9 196 363 ლარი. გარიგების დადების მომენტში მომჩივნის 100% წილის მფლობელი იყო ფ/პ, რომელმაც თავის მხრივ 2022 წლის თებერვალში მომჩივნის 100%-იანი წილი მიჰყიდა ოჯახის წევრს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ განხორციელებულ ოპერაციას შეუცვალა კვალიფიკაცია და ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები ჩათვალა მოგების განაწილებად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 19; 8 (12); 98 1; 130; 154; 309 (92); 269 (7).