გადაწყვეტილება №24569/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2025
№ დოკუმენტი 24569/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24569/2/2025

13 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24569/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არარეზიდენტი პირებისთვის გადარიცხული თანხების სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №041-63 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26842 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 348 592,83 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 719 425

დღგ - 276 760

მოგების გადასახადი - 442 665

ჯარიმა - 366 552

საურავი - 262 615,83

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა ტანსაცმლით და ფეხსაცმლის ვაჭრობა ------- ტერიტორიაზე.

აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 21.12.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №041-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26842 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტს ახორციელებდა -------, ჯამში შემოტანილი ჰქონდა 3 193 343 ლარის საქონელი, ხოლო მის მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 3 187 776 ლარი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის ბუღალტრული პროგრამა არ წარუდგენია, საწარმოს 2023 წლის ივნისის თვიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. შედეგად გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და განმარტავს, რომ ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გავრცელება შესაბამისი საქონლის კატეგორიების გათვალისწინებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა კომპანიის საქმიანობის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია კომპანიისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც არასწორია.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული.

აქედან გამომდინარე შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა შემოსავალი. ასევე პარალელურად ჩატარდა შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე 54% ფასნამატი? წარმოდგენილია ანალოგიურ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილება, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ არ მიიჩნია მართლზომიერად შემმოწმებლის მიერ გამოყენებული გაუგებარი აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადოორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა შემოსავალი. არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა კომპანიის საქმიანობის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია პარალელურად ჩატარდა შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. თუმცა ამ უკანასკნელზე გავრცელებულია ფასნამატი 26%, ხოლო მასზე 54%.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №10478-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობაა წარმოადგენს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით საცალო ვაჭრობა ------- ტერიტორიაზე. იმპორტს ახორციელებს -------. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში, არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა, საწარმოს 2023 წლის ივნისის თვიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი 58%-ის ოდენონით. შპს ------- (ს/ნ -------) და შპს ------- ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით, კერძოდ შპს ------- (ს/ნ -------) ვაჭრობს 28 სხვადასხვა კატეგორიის საქონლით, ხოლო შპს ------- ვაჭრობს მხოლოდ 3 კატეგორიის საქონლით, რომელთაგან ყველაზე დიდი წილი უჭირავს ფეხსაცმელს (საშინაო, რეზინის, სპორტული). გარდა ამისა შპს ------- (ს/ნ -------) საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ხოლო შპს „-------“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე ეს ორი პირი ვაჭრობს არაიდენტური საქონლით და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო). გამომდინარე აქედან, ორივე საწარმოზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ამგვარად მომჩივნის არგუმენტი, რომ ერთი და იგივე შესამოწმებელ პერიოდში, იდენტურ პირობებში, იდენტური საქონლით მოვაჭრე პირზე, გავრცელებულია განსხვავებული (გაცილებით მცირე) ფასნამატი, საფუძველს მოკლებულია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და აუდირებული ფასნამატის გავრცელება მართებულია, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არარეზიდენტი პირებისთვის გადარიცხული თანხების სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს უცხოელი მომწოდებლებისთვის:

- „-------“-სთვის გადახდილი ჰქონდა ჯამში 704 270 ლარი, ხოლო საქონელი მიღებული არ ყოფილა. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად, წლიური 6,68%-იანი და 7,74%-იანი განაკვეთით და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი.

- ------- ------- გადარიცხული აქვს ჯამში 814 659 ლარით მეტი თანხა ვიდრე საქონელია მიღებული, აღნიშნული თანხაც დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად წლიური 8,38%-იანი განაკვეთით და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი.

- ------- გადახდილი ჰქონდა ჯამში 329 258 ლარით მეტი თანხა, ვიდრე საქონელია მიღებული, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად, წლიური 8,14%-იანი განაკვეთით და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი.

- -------გადარიცხული აქვს ჯამში 387 114 ლარით მეტი თანხა ვიდრე საქონელი იყო აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად წლიური 7,13%-იანი და 6,67%-იანი განაკვეთით და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია შესაბამისი ახსნა-განმარტება, დოკუმენტაცია. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, და გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, არარეზიდენტ პირებზე გადარიცხულია იმაზე მეტი თანხა, ვიდრე საწარმოს საქონელი აქვს მიღებული, ამასთან, საწარმო 2023 წლის ივნისიდან შემდეგ აღარ საქმიანობს, განმარტავს, რომ არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების სესხად დაკვალიფიცირება, ხოლო დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება არარეზიდენტზე გადახდილი თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას, ვინაიდან აღნიშნული თანხა დამფუძნებელს აქვს კომპანიაში შეტანილი და ამით უნდა მომხდარიყო თანხების გადაფარვა/გაქვითვა და დამფუძნებლის შენატანის შემცირება, როგორც ეს არაერთი შემოწმების დროს განხორციელდა და აღნიშნულზე ასევე არსებობს გადაწყვეტილებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების 1.12.2024 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის 1.07.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს უცხოელი მომწოდებლისთვის გადახდილი ჰქონდა თანხა, ხოლო საქონელი მიღებული არ ყოფილა. ასევე, უცხოელი მომწოდებლებისთვის გადახდილი ჰქონდა იმაზე მეტი თანხები ვიდრე საქონელი ჰქონდა მიღებული. ნამეტი დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მათ შორის არ დასტურდება გაცემული თანხების მომჩივნის მიერ მითითებული მიზნობრიობით დამფუძნებლისთვის გადახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არარეზიდენტი პირებისთვის გადარიცხული თანხების სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ჯამში შემოტანილი ჰქონდა 3 193 343 ლარის საქონელი, ხოლო მის მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 3 187 776 ლარი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის ბუღალტრული პროგრამა არ წარუდგენია, საწარმოს 2023 წლის ივნისის თვიდან ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. შედეგად გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელს უცხოელი მომწოდებლებისთვის გადახდილი ჰქონდა თანხა, ხოლო საქონელი მიღებული არ ყოფილა. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია შესაბამისი ახსნა-განმარტება, დოკუმენტაცია. შედეგად, დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და აუდირებული ფასნამატის გავრცელება მართებულია, არ არსებობს პირველ ნაწილში მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მათ შორის არ დასტურდება გაცემული თანხების მომჩივნის მიერ მითითებული მიზნობრიობით დამფუძნებლისთვის გადახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მეორე ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(3-ზ); 159;