ბრძანება N 1557

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.01.2026
№ დოკუმენტი 1557
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1557

29 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ -----) (მის:-----)

2026 წლის 9 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი N 5) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) N 99855/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის N EL304414 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 20 დეკემბერს ვადის ამოწურვამდე აპირებდა 490 კგ. ჩაის გატანას, თუმცა გადამზიდავი კომპანიის დაგვიანებით მოსვლამ, შემდგომ კი დატვირთვის სამუშაოებმა, გამოიწვია ორი დღით დაგვიანება და საქონელი გატანილ იქნა 27 დეკემბერს. მომჩივანი მიუთითებს, რომ გარანტიის ვადა ამოიწურა 10 დღის შემდგომ, მაშინ როდესაც საქონელი უკვე გატანილი იყო. ამასთან, ამ ფაქტით სახელმწიფოსთვის ზარალი არ მიუყენებია. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია გაფრთხილების გამოყენება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 5 ივლისს შპს „-----“-ის (ს/ნ -----) მიერ N ----- საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების პროცედურაში დადეკლარირდა 26 728 კგ შავი ჩაი და შიდა გადამუშავების დასრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2025 წლის 24 დეკემბერი. ამასთან, დეკლარანტის მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე წარდგენილ იქნა იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი საერთო საბანკო გარანტია -----.

გადამუშავებული პროდუქტის საქართველოდან რეექსპორტით გატანის მიზნით, შპს „-----“-მა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ მიმართა შიდა გადამუშავების ვადის (24.12.2025) გასვლის შემდეგ – 2025 წლის 27 დეკემბერს (საქონლის საბაჟო დეკლარაცია -----).

ვინაიდან შპს „-----“-ის მიერ N ----- საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობები, აღნიშნული ჩაითვალა შიდა გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევად და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა N EL304414 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----"-ს (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს შიდა გადამუშავების პროცედურა. ეს ვადა განისაზღვრება შიდა გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო ამ პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – მასში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან. მე-3 ნაწილი კი მიუთითებს, რომ წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.

ამავე კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, სპეციალური პროცედურა, გარდა ტრანზიტის პროცედურისა, დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი ან გადამუშავებული პროდუქტი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში ან გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურდა ნარჩენის გარეშე ან ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად გადაეცა სახელმწიფოს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა შიდა გადამუშავების პროცედურის პირობების დარღვევას, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პირის პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახედ გაფრთხილების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

აღნიშნული ნორმა არ მოიცავს საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.

საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ მომჩივანს წარსულში იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა რამდენჯერმე აქვს დაკისრებული. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სპეციალური პროცედურის მფლობელის უფლებები და მოვალეობები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა შიდა გადამუშავების პროცედურის პირობების დარღვევას. საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების პროცედურაში დადეკლარირდა საქონელი და განისაზღვრა შიდა გადამუშავების დასრულების ვადა. გადამუშავებული პროდუქტის საქართველოდან რეექსპორტით გატანის მიზნით, გადამხდელმა დაგვიანებით მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონას, რაც ჩაითვალა შიდა გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევად და სანქციის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 146(1); 171(1);.