გადაწყვეტილება №19882/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19882/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19882/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---- ---------ი (პ/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- ---------ის 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19882/2/2023).

 

დავის საგანი:

მიღებული საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის №002-35 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №002-56 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11346 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 632 ლარი.

27.03.2023 წლის №002-35 საგადასახადო მოთხოვნა - 27 914 ლარი

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 19 217

ჯარიმა - 5 288

საურავი - 3 409

 

26.04.2023 წლის №002-56 საგადასახადო მოთხოვნა - 14 718 ლარი

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 9 728

ჯარიმა - 4 864

საურავი - 126

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 13.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092151222001 საქმეზე მომჩივნის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მომჩივნის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული ჰქონდა ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემულია: 2020 წელს 25 000 აშშ დოლარი, 2021 წელს 45 100 აშშ დოლარი, გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებულია: 2020 წელს 9 674 ლარი, 2021 წელს 43 205 ლარი, 2022 წელს 48 640 ლარი.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 და 2021 წლების წლიური საშემოსავლო დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით მომჩივნის მიერ მიღებული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 2020-2021 წლებზე და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის №002-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის №092151222001 საქმეზე მოწოდებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული ჰქონდა ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებულია: 2022 წელს 48 640 ლარი. 23.03.2023 წელს შედგენილი კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია 1.04.2023 წლამდე წარმოსადგენ 2022 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში მიღებული საპროცენტო შემოსავლების ასახვასთან დაკავშირებით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია წარმოდგენილი არ არის.

საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით მომჩივნის მიერ მიღებული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 2022 წელს და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №002-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილი გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092151222001 საქმეზე გადამხდელის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების,ასევე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული ჰქონდა ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად. გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებული აქვს შემოსავალი, რაზეც არ აქვს წარდგენილი შესაბამისი პერიოდის (2020-2022 წლები) დეკლარაციები. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში და ასევე დაერიცხა კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის №002-35 და 26.04.2023 წლის №002-56 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებულია რომ დადებული აქვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, ასევე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული აქვს ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად და აქვს გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებული შემოსავალი, რაც არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჯგუფური თაღლითობის მუხლით, სადაც აღწერილია ფაქტობრივი გარემოებები და დაფიქსირებულია, რომ არათუ პროცენტი, არამედ ძირიც არ აქვს დაბრუნებული. აღნიშნულ საქმეს იძიებს გლდანი-ნაძალადევის პირველი სამმართველოს გამომძიებელი გიორგი კალატოზიშვილი და შესაძლებელია მისგან ინფორმაციის გამოთხოვა და იმის დადასტურება, რომ საგადასახადო აქტში დაფიქსირებული პროცენტის თანხები მიღებული არ აქვს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მომჩივნის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული ჰქონდა ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემულია: 2020 წელს 25 000 აშშ დოლარი,2021 წელს 45 100 აშშ დოლარი, გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებულია: 2020 წელს 9 674 ლარი, 2021 წელს 43 205 ლარი, 2022 წელს 48 640 ლარი. 23.03.2023 წელს შედგენილი კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია 1.04.2023 წლამდე წარმოსადგენ 2022 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში მიღებული საპროცენტო შემოსავლების ასახვასთან დაკავშირებით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 2020, 2021 და 2022 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია წარმოდგენილი არ არის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს 2020-2022 წლებში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული ჰქონდა ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად. გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებულია: 2020 წელს 9 674 ლარი, 2021 წელს 43 205 ლარი, 2022 წელს 48 640 ლარი. ამასთან, მომჩივნის მიერ შესაბამისი წლიური საშემოსავლო დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მიღებული საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 და 2021 წლების წლიური საშემოსავლო დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით მომჩივნის მიერ მიღებული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 2020-2021 წლებზე და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №002-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9(1); 43(4);79(1); 80(1); 81(1); 79( „ა“); 100 (1.3„ბ“); 102(1„ვ“); 153(1 „ა“); 155(1); 275; 302(6 );