ბრძანება N 4056

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 4056
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4056

10 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 27 იანვრის და 20 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურმა

 

დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 20 თებერვლის სხდომებზე (ოქმი: №11 და №15) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №93937/1/2025 და №25993/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №001-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დღგ-ს. აცხადებს, რომ უცნობია თუ რა სხვაობებზეა საუბარი. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში, შემმოწმებელს წარუდგინეს მორიგების აქტი ---ს მუნიციპალიტეტსა და შპს „----“ შორის, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას საბანკო ამონაწერის მიხედვით რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად დირექტორზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელი მიუთითებს, რომ შპს „---“-ს და ---ს მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, ავანსად აღებული თანხების მართლზომიერად განკარგვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „---“-ს შეუზღუდა საბანკო ანგარიშებზე თანხების განკარგვა, შეთანხმებით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ დანიშნულებით - ხელფასი. შესაბამისად, დირექტორის მიერ გატანილი თანხები გაიხარჯა დაქირავებულ ინდ. მეწარმეებზე. მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილია შემმოწმებელთან, რომელმაც არ გაითვალისწინა. ითხოვს, ინდ. მეწარმეებზე გაცემული თანხების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების დაკორექტირებას.

3. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს მეორე საკითხის არგუმენტზე, ასევე, განმარტავს, რომ შპს „---“ სამუშაოების შესასრულებლად ქირაობდა სხვადასხვა ინდ. მეწარმეებს, რომლებზეც მომსახურების საფასური გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. აცხადებს, რომ შემმოწმებელს წარუდგინეს აღნიშნული მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც არ იქნა გათვალისწინებული და მომჩივანი ითხოვს მის გათვალისწინებას.

4. არ ეთანხმება ფიზიკური პირებისათვის მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ უცნობია თუ ვინ განიხილეს დასაბეგრ ფიზიკურ პირად. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების დაკორექტირებას.

5. არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას. მომჩივნის განმარტებით მიუხედავად, იმისა რომ შპს „----ს“ არა აქვს გადახდილი ზემოთ აღნიშნული დღგ-ს თანხა, მან სრულად დაადეკლარირა დადგენილ ვადაში. უახლოეს მომავალში კი აპირებს ბიუჯეტის დავალიანების დაფარვას. შესაბამისად, აღნიშნული დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №8805 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველი აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 27 დეკემბრის №27558 ბრძანება და ამავე თარიღის №001-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 988 761 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 580 655 ლარი, ჯარიმა 901 358 ლარი, საურავი 506 748 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს "---" (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 07 აპრილს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 02 დეკემბერს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერები, რომელთა საფუძველზე ახორციელებს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 8 859 820 ლარს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები. შედეგად დადგინდა რომ შპს "---"-ს სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-თი დასაბეგრი შემოსავალი. შედეგად საწარმოს გამოვლენილ სხვაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 და 163-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს "----" ის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად დირექტორზე თანხების გაცემა. დანიშნულებაში მითითებულია ხელფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

3. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სამეურნეო ოპერაციების ამსახველ საბუღალტრო პროგრამა "ორისში", სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციიდან დგინდება, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის სახით უფიქსირდება ფულადი სახსრები. ასევე, უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის N22708 ბრძანებით დამტკიცებული, „სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითებით და საკასო ხარჯის და შემოსავლის გათვალისწინებით განისაზღვრა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფიზიკური პირებისათვის მომსახურების სანაცვლოდ თანხების გაცემა, რაც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

5. შპს "---"- ს 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- შპს „----გან“, დღგ-ის თანხით 174 356 ლარი. შინაარსში მითითებულია „შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 1 თანახმად (ხელშეკრულება 01.11.2023 წ)". მისი დამფუძნებელი და დირექტორი არის ----, რომელიც არის შპს "---"- ის დამფუძნებლის ძმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.

შემოწმებისათვის წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნული ოპერაცია არ არის გატარებული და საბანკო ამონაწერებით თანხის გადახდაც არ უფიქსირდება. ასევე შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა შპს „---ს“ მიერ განხორციელებული ოპერაციის შესწავლა და დადგინდა, რომ გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით, თუმცა ბიუჯეტში გადახდილი არ აქვს და დღემდე უფიქსირდება დავალიანება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმებით ჩაითვალა, რომ აღნიშნული ხარჯი არ არის დაკავშირებული საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ -ის ჩასათვლელი თანხა 174 356 ლარით, ასევე, დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, შედეგად დადგინდა რომ შპს "---"-ს სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგთი დასაბეგრი შემოსავალი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შპს "---" ის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად დირექტორზე თანხების გაცემა, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დირექტორის მიერ გატანილი თანხების დაქირავებულ ინდივიდუალურ მეწარმეებზე გახარჯვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნული თანხების გახარჯვასთან დაკავშირებით გადამხდელს შემოწმებისთვის არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „---“-ს და ---ს მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, შპს „-“-მა 805 253,43 (ავანსად აღებული თანხა) ლარი უნდა დაფაროს არაუგვიანეს 2025 წლის 30 აპრილს. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნული ავანსის თანხა (805 253.43 ლარი) საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებულია შემოწმებით დადგენილ ნაღდი ფულის არაგონივრულ ნაშთში და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს ნაშთის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ---ს მუნიციპალიტეტისგან ავანსად მიღებული თანხების კვალიფიკაციის ცვლილების საკითხი, ---ს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მორიგების აქტის და მისი შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნულის თანახმად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, არ ეთანხმება ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნულმა პირებმა საწარმოს გაუწიეს მომსახურება და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების ან/და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „---"- ს 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა --- შპს ----სგან“, დღგ-ის თანხით 174 356 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების ეტაპზე არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. შემოწმებისათვის წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნული ოპერაცია არ არის გატარებული და საბანკო ამონაწერებით თანხის გადახდაც არ ფიქსირდება. ამასთან, შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა შპს „---ის“ მიერ განხორციელებული ოპერაციის შესწავლა და დადგინდა, რომ გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით, თუმცა ბიუჯეტში გადახდილი არ აქვს და დღემდე უფიქსირდება დავალიანება. შედეგად, შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხარჯი არ არის დაკავშირებული საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ -ის ჩასათვლელი თანხა 174 356 ლარით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „---ის“ მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს „---“ უახლოეს მომავალში აპირებს ბიუჯეტის დავალიანების დაფარვას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სალაროს ნაშთის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ---ს მუნიციპალიტეტისგან ავანსად მიღებული თანხების კვალიფიკაციის ცვლილების საკითხი, ---ს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მორიგების აქტის და მისი შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნულის თანახმად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების ან/და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დღგ-ს.

2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას საბანკო ამონაწერის მიხედვით რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად დირექტორზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

4. არ ეთანხმება ფიზიკური პირებისათვის მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

5. არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები. შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-თი დასაბეგრი შემოსავალი.

გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად დირექტორზე თანხების გაცემა. დანიშნულებაში მითითებულია ხელფასი, შესაბამისად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის N22708 ბრძანებით დამტკიცებული, „სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითებით და საკასო ხარჯის და შემოსავლის გათვალისწინებით განისაზღვრა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფიზიკური პირებისათვის მომსახურების სანაცვლოდ თანხების გაცემა, რაც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

ასევე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ მომჩივნის მიერ ანგარიშ-ფაქტურით მიღებული მომსახურების ხარჯი არ არის დაკავშირებული საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან, შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ს გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა პირველი და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში. 3-5 სადავო საკითხების ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 160 1; 163; 164; 179; 72; 174; 175; 176.