ბრძანება N 15138
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15138
28.06.2023
შპს „--------“ (ს/ნ -------)
(მის.: ---------)
2023 წლის 17 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ------) №81035/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №042-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას 21%-ს და აღნიშნავს, რომ კომპანიის ფასნამატია მაქსიმუმ 8%. მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2461 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 18 აპრილის №8409 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №042-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 261 026 ლარი, მათ შორის გადასახადი 170 683 ლარი, ჯარიმა 85 342 ლარი და საურავი 5 001 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● გადასახადის გადამხდელს 2021 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეძენილი და რეალიზებული ჰქონდა სრულად 952 667 ლარის საქონელი დღგ-ს გარეშე (ამათგან 759 636 ლარი სიგარეტი, 180 343 ლარის თხილეულ-ჩირეული), დანარჩენი მცირედი რაოდენობით სამშენებლო მასალები და სანტექნიკა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დღგ-ის დეკლარაციაში წარდგენილი ჰქონდა 243 251 ლარის ბრუნვა, მათ შორის 36 000 დაუბეგრავი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2020 წელს საერთოდ არ უფიქსირდებოდა შეძენა. მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 9.25%-ს დღგ-ის გარეშე. რიგ საქონელზე შემოწმებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა მსგავს საქონელზე, ხოლო, რიგი საქონლის დასახელების მიმართ გამოყენებულ იქნა იმავე რეგიონში მოვაჭრე აგენტის დოკუმენტური ფასნამატი, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან რეალიზაციაში აღემატებოდა 10 %-ს (შპს „-------“ - ჩირეულ-თხილეულის ნაწილში, შპს „-------“ სიგარეტებთან მიმართებაში). იმ საქონელზე რომელზეც ვერ მოიძებნა დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა აღნიშნული სამი კომპანიის საშუალო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. რამაც სიგარეტის შემთხვევაში შეადგინა 2.16 %, ხოლო, თხილეულჩირეულზე - 11.62 %. ამგვარი ფორმით შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა 996 224 ლარი, 0%-ით დასაბეგრი ბრუნვა- 1 760 ლარი და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა -1 721 ლარის ოდენობით.
● შემოწმების მიერ, დღგ-ის მიზნებისათვის განსაზღვრული ბრუნვიდან გამომდინარე მოხდა მისაღები შემოსავლის გენერირება, განისაზღვრა განკარგვადი თანხა. კერძოდ, კომპანიას 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სალაროსა და ბანკის ანგარიშებზე არ გააჩნდა ფულადი სახსრები. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები პერიოდების მიხედვით იყო ნული. მიღებული შემოსავლიდან გამოიქვითა შემოწმებისათვის წარდგენილი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (გადახდილი ფული), რის შედეგადაც კომპანიას დაუდგინდა სალაროში განკარგვადი თანხა 2021 -2022 წლების დეკემბრის თვეებში, ჯამურად 143 317 ლარის ოდენობით, რომელიც შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღლტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არ ხდებოდა კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აღენიშნებოდა საკონტროლო-სალარო აპარატზე ბრუნვა. შეძენილი 1 205 000 ლარის საქონლიდან დოკუმენტით რეალიზებული ჰქონდა 120 000 ლარის საქონელი. ამასთან, სხვა რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ რიგ საქონელზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის, ხოლო, რიგი საქონლის მიმართ იმავე რეგიონში მოვაჭრე აგენტის დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება და იმ საქონელზე, რომელზეც ვერ მოიძებნა დოკუმენტური ფასნამატი საშუალო ფასნამატის გავრცელება კატეგორიების მიხედვით. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე მისსავე ავტორიზებულ ვებგვერდზე გაეგზავნა დარიცხვის შესაბამისი გაანგარიშების ცხრილები და ეთხოვა შენიშვნების წარდგენა ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუმცა გადასახადის გადამხდელმა წერილობითი პოზიცია არ წარადგინა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას 21%-ს და აღნიშნავს, რომ კომპანიის ფასნამატია მაქსიმუმ 8%. მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეძენილი და რეალიზებული ჰქონდა სრულად 952 667 ლარის საქონელი დღგ-ს გარეშე (ამათგან 759 636 ლარი სიგარეტი, 180 343 ლარის თხილეულ-ჩირეული), დანარჩენი მცირედი რაოდენობით სამშენებლო მასალები და სანტექნიკა. რიგ საქონელზე შემოწმებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა მსგავს საქონელზე, ხოლო, რიგი საქონლის დასახელების მიმართ გამოყენებულ იქნა იმავე რეგიონში მოვაჭრე აგენტის დოკუმენტური ფასნამატი, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან რეალიზაციაში აღემატებოდა 10 %-ს. იმ საქონელზე რომელზეც ვერ მოიძებნა დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა აღნიშნული კომპანიების საშუალო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. რამაც სიგარეტის შემთხვევაში შეადგინა 2.16 %, ხოლო, თხილეულჩირეულზე - 11.62 %. ამგვარი ფორმით შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა 996 224 ლარი, 0%-ით დასაბეგრი ბრუნვა- 1 760 ლარი და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა -1 721 ლარის ოდენობით.
შემოწმების მიერ, დღგ-ის მიზნებისათვის განსაზღვრული ბრუნვიდან გამომდინარე მოხდა მისაღები შემოსავლის გენერირება, განისაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელიც შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73, 158(1), 159(1), 163, 164(1), 101(1), 154(1"ა"), 43(4).