ბრძანება N 7781

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.04.2024
№ დოკუმენტი 7781
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7781

08 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ს (ს/ნ -------------------)

(მის.: ქ. --------------------------------)

2023 წლის 4 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 დეკემბრის და 2024 წლის 21 მარტის სხდომებზე (ოქმი №132 და №30) განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ -------------------) 2023 წლის 4 დეკემბრის №205312/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006- 553 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ არ მიეცა შემოწმების პროცესში ჩართვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის საფუძველი გახდა 2021 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საწარმოს თავის დირექტორსა და დამფუძნებელს (ფ/პ -------ა) 200 000 აშშ დოლარად მიჰყიდა უძრავი ქონება. თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვეტილია 2021 წლის 12 მარტს და ზემოხსენებული ქონების მესაკუთრედ კვლავ ფიქსირდება შპს „------“. ამავე წლის აპრილის თვეში საწარმოს დამფუძნებელი (ფ/პ --------ა) ამცირებს საწარმოს კაპიტალს და უკან გააქვს უძრავი ქონება. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია დაფუძნების დღიდან დღემდე არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და ზემოხსენებული ქონებაც არ ყოფილა გამოყენებული არცერთ ოპერაციაში.

გადამხდელის განმარტებით, შემოწმება უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იყენებს დანახარჯების მეთოდს, თუმცა დანახარჯი განისაზღვრება 2016 წელს გადახდილი 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში 2021 წლის კურსით, რაც არამართლზომიერია, დანახარჯი უნდა განისაზღვროს ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, მიუთითებს, რომ განხორციელებულ ოპერაციას - დამფუძნებლის თანხით კომპანიის სახელით აქტივის შეძენას და მისთვის გადაცემას არ აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.

მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი გახდა 455 მ2 მიწა და მასზე დამაგრებული 86მ2 შენობა-ნაგებობა, საიდანაც 45მ2 წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს ხის კარკასით და აგურის მოპირკეთებით, ხოლო დანარჩენი - მიწის ნიშნულს ქვემოთ ამორტიზებულ სათავსოს. ამდენად, ქონების ღირებულება უნდა განისაზღვროს მიწით, რაც წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლეებულ ოპერაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14038 და 27 ოქტომბრის №26528 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------------------) კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ნოემბრის №27080 ბრძანება და ამავე თარიღის №006-553 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 432 213 ლარი, მათ შორის, გადასახადი 234 861 ლარი, ჯარიმა 83 679 ლარი და საურავი 113 673 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: . შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის მიხედვით, კომპანიას არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წელს. შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ კომპანიას 2016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება 300 000 აშშ დოლარად (699 000 ლარი). მხარეთა შეთანხმებით: „ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე ნასყიდობის საგნის მყიდველი მესაკუთრედ აღირიცხება საჯარო რეესტრში, ამასთანავე, მყიდველს ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე ეკრძალება ნასყიდობის საგნის გაყიდვა და იპოთეკით დატვირთვა, რის შესახებაც გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარო რეესტრში. ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის შემდეგ მხარეები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს ნასყიდობის საგანზე შეზღუდვის მოხსნის მიზნით.“ საჯარო რეესტრის 2017 წლის 29 ამონაწერით, აღარ ფიქსირდება აღნიშნული შეზღუდვა. 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კი საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით დარეგისტრირდა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე (ფ/პ -------ა). რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 200 000 აშშ დოლარი (663 000 ლარი), თანხის გადახდა არ დასტურდება. დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. შემოწმების მიერ კაპიტალში შენატანის დაბრუნების ოპერაციის შეფასების მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების შესყიდვის დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა (200 000 აშშ დოლარი) და სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველიმ მე-2 და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადოკოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ, დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის: რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

. დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად კომპანიას 2016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება 300 000 აშშ დოლარად. 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, დარეგისტრირდა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 200 000 აშშ დოლარი (663 000 ლარი), ხოლო თანხის გადახდა არ დასტურდება. დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება შემოწმების მიერ განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, ამავე სამსახურის უფროსის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებაზე „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე, რომელშიც ჩამოყალიბებულია ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომა მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების სხვადასხვა შემთხვევებში (მოცემულია მაგალითებისა და ვარიანტების სახით) დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით.

საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე 2020 წლის ნოემბერში გაცემულია მშენებლობის ნებართვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობანაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად შემოწმების მიერ კაპიტალში შენატანის დაბრუნების ოპერაციის შეფასების მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების შესყიდვის დროს დაფიქსირებული ღირებულებით, ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა, ხოლო სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ სარგებლად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვეტილია ამავე წლის 12 მარტს და ზემოხსენებული ქონების 2021 წლის 18 მარტის მარტის ამონაწერით მესაკუთრედ ფიქსირდება ისევ შპს „-------“.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვეგბვერდზე არსებული ინფორმაციით, 2021 წლის 19 აპრილს შპს „------“-მ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ და უძრავი ქონების მესაკუთრედ დაფიქსირდა შპს „------“-ს დამფუძნებელი/დირექტორი ----------ა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ არ მიეცა შემოწმების პროცესში ჩართვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14038 და №26528 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27080 ბრძანება და №006-553 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 432 213 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით,რომ კომპანიას 2016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება 300 000 აშშ დოლარად (699 000 ლარი). 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კი საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით დარეგისტრირდა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე . რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება,რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 200 000 აშშ დოლარი (663 000 ლარი,ხოლო თანხის გადახდა არ დასტურდება. დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,შემოწმების მიერ კაპიტალში შენატანის დაბრუნების ოპერაციის შეფასების მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების შესყიდვის დროს დაფიქსირებული ღირებულებით , ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა და სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1.7 „ა“); 165(1); 282(1);