მოგების გადასახადის დაბრუნება გაცემული სესხის დაფარვის შემთხვევაში N 2648
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მოგების გადასახადის დაბრუნება გაცემული სესხის დაფარვის შემთხვევაში N 2648
ფაქტობრივი გარემოებები
· 2017 წლის 5 თებერვალს, საქართველოს რეზიდენტმა შპს A-მ დადო სესხის ხელშეკრულება არარეზიდენტ კომპანია B-სთან. ხელშეკრულების მიხედვით სესხის თანხა განისაზღვრა 960 000 ლარის ოდენობით, 2 წლიანი გადახდის პირობით, ხოლო საპროცენტო განაკვეთი წლიური 10%-ის ოდენობით. შპს A-მ გაცემული სესხის თანხის მიხედვით განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება და გადაიხადა მოგების გადასახადი 169 411,76 (960 000/0,85*15%) ლარის ოდენობით.
· ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც, კომპანია B-მ შპს A-ს გადაუხადა მარტის თვეში 44 291 ლარი (სესხის ძირითადი თანხა - 36 926,60 ლარი, პროცენტი - 7 364,40 ლარი), ასევე აპრილის თვეში - 44291 ლარი (სესხის ძირითადი თანხა - 36 198,30 ლარი, პროცენტი - 8 092,70 ლარი).
· შპს A-მ, მიუხედავად იმისა, რომ სესხის თანხა სრულად არ იყო დაფარული, მოითხოვა დაბრუნებული სესხის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხის დაბრუნება მარტის თვის საანგარიშო პერიოდში - 6 516,45 (36 926,60/0,85*15/100) ლარის, ხოლო აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში - 6 387,93 (36 198,30/0,85*15%) ლარის ოდენობით.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
· იმის გათვალისწინებით, რომ სესხის გაცემის შემთხვევაში, სსკ-ის 982 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, დაბრუნებული სესხის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირი უფლებამოსილია, დაიბრუნოს მარტის თვის საანგარიშო პერიოდში - 6 516,45 (36 926,60/0,85*15/100) ლარი, ხოლო აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში - 6 387,93 (36 198,30/0,85*15%) ლარი. შესაბამისად, პირის ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვ ევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს A მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ საწარმო A-ს მარტისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებში არ აქვს დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანება
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 19 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით