ბრძანება N 17469

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.07.2023
№ დოკუმენტი 17469
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17469

18 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "------" (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------" )

2023 წლის 15 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") №80967/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №022-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ მეორადი მავთულიც და მეორადი აკუმულატორებიც რეალიზებული აქვს როგორც ჯართი, თუმცა შემმოწმებელმა მიიჩნია რომ ეს არ არის დღგ-სგან გათავისუფლებული ჯართის რეალიზაცია, მაგრამ მასზე გავრცელებული აქვს ჯართის აუდირებული ფასნამატი (17%). გადამხდელი მიუთითებს, რომ როგორც მეორადი მავთული, ასევე მეორადი აკუმულატორები არის გამოუსადეგარი, ფუნქცია დაკარგული ჯართი, რომლის რეალიზაცია განახორციელა წონით ჯართის გადამამუშავებელ კომპანიებზე. კერძოდ შპს "-----"-ს მიაწოდა მეორადი აკუმულატორები კილოგრამობით, ასევე მეორადი აკუმულატორებიდან ამოღებული ტყვია. რაც შეეხება მეორად მავთულს რეალიზებული აქვს სასაქონლო ზედნადებით როგორც ალუმინის ჯართი. იმის გათვალისწინებით, რომ მეორადი აკუმულატორის ჯართის მიწოდება არ იბეგრება დღგ-ით და აღნიშნული ოპერაციების გამო განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, აცხადებს, რომ შესაბამისი თარიღიდან უნდა გაუუქმდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი და ფერადი ლითონების ჯართის ღირებულებას და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით დასაბეგრი ბაზის ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ბაზის გასაანგარიშებლად არასწორად იქნა გამოყენებული აუდირებული (მათ შორის ზოგადად ჯართზე არსებული) ფასნამატი, ვინაიდან მოსახლეობისგან ფერადი ჯართის შესყიდვის შემთხვევაში ფასნამატი გაცილებით მეტია. მიუთითებს, რომ შემოწმებას ფერადი ლითონების ჯართზე რეალური ფასნამატი უნდა გამოეყენებინა ან, უკიდურეს შემთხვევაში, დასაბეგრი ბაზა უნდა განესაზღვრა მეწარმის შემოსავლების 75%-ით. ასევე, მიუთითებს ტექნიკურ შეცდომაზე.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეორადი აკუმულატორების შეძენისთვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ მეორადი აკუმულატორების შეძენისას თუ მას წარმოეშვება ვალდებულება ფიზიკურ პირებს გადახდის წყაროსთან დაუკავოს საშემოსავლო გადასახადი გაუგებარია რატომ არ განიხილა შემმოწმებელმა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციად. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ან მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა ან საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

4. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტს N4727 და 31 მარტის №6762 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შემოწმების აქტში ასახვისთვის 2023 წლის 17 მარტის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 19 აპრილის №8563 ბრძანება და 2023 წლის 20 აპრილის №022-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 61 155 ლარი, მათ შორის, გადასახადი 37 928 ლარი, ჯარიმა 14 598 ლარი, საურავი 8 629 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა მიმდინარე საგადასახადო შემოწმებასთან, არ წარმოადგინა სრულყოფილი საგადასახადო შემოწმებისათვის საჭირო თავისი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც ი/მ "------"დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. შემოწმება ჩატარდა გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე სამეწარმეო სუბიექტების აუდირებული მონაცემების საფუძველზე. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ი/მ "------"სარგებლობს საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი) და იბეგრება განხორციელებული რეალიზაციიდან 1%-ით. როგორც ირკვევა, გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული ჰქონდა რეალიზაცია 2021 წლის ოქტომბრის თვეშიც, რაც არ აქვს დეკლარირებული. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მეწარმეს 2021 წლის მარტის თვეში შესყიდული აქვს 43 407 ლარის ღირებულების 30 000 გრძივი მეტრი მეორადი მავთული, რომლის შემდგომი რეალიზაცია დოკუმენტურად არ ჩანს. მეწარმე საქმიანობას აღარ აწარმოებს 2022 წლის მარტის თვიდან (მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი დეკლარაცია გადამხდელს ბოლოს წარდგენილი ჰქონდა 2022 წლის მარტის თვეში). ამიტომ, შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მეორადი მავთულის დანაკლისი (ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ დადგინდა) შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად 2022 წლის მარტის თვეში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2021 წლის ნოემბრის თვეში მეწარმეს ორ ეტაპად რეალიზებული აქვს მეორადი აკუმულატორები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტით დადგენილ ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებულ ოპერაციებში. ამ გარემოების გათვალისწინებით, გადამხდელს 2021 წლის 30 ნოემბერს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მეორე ნაწილი). გარდა ამისა, მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულ პირებზე მიწოდებად, რაც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი დღგ, ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2-3. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ი/მ "------" ახორციელებს შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაციას სასაქონლო ზედნადებებით მაშინ, როცა ჯართის შესყიდვას გადამხდელი ახორციელებს ფიზიკური პირებისგან (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვაზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ იძებნება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები). შესაბამისად, მას წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლი) და მისი დეკლარირების (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი) ვალდებულება. აუდირებული სამეწარმეო სუბიექტების ანალოგიური ეკონომიკური საქმიანობის ანალიზიდან ირკვევა, რომ შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 17%-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რასაც დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად

4. საქათველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის მოთხოვნების დაღვევისთვის პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული 100 ლარიანი ჯარიმით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი არ უფიქსირდებოდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემასა და სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე სამეწარმეო სუბიექტების აუდირებული მონაცემების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს 2021 წლის მარტის თვეში შესყიდული აქვს მეორადი მავთული, რომლის შემდგომი რეალიზაცია დოკუმენტურად არ ფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ პირი საქმიანობას აღარ აწარმოებს 2022 წლის მარტის თვიდან, შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მეორადი მავთულის დანაკლისი შემოწმების მიერ 2022 წლის მარტის თვეში ჩაითვალა რეალიზებულად.

აგრეთვე, დადგენილია, რომ 2021 წლის ნოემბრის თვეში მეწარმეს ორ ეტაპად აქვს რეალიზებული მეორადი აკუმულატორები, რომლის რეალიზაციისას გადამხდელს 2021 წლის 30 ნოემბრის თარიღით წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. გარდა ამისა, მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი (მეორადი მავთული) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მეორადი აკუმულატორების რეალიზაციის საფუძველზე 2021 წლის 30 ნოემბრის თარიღით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მეორადი მავთულის დანაკლისის შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და არც დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

ამავე კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი/მ "------" ახორციელებს შავი და ფერადი ლითონების ჯართის შესყიდვას ფიზიკური პირებისგან. ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვაზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ იძებნება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები. აღნიშნულის გათალისწინებით, შესყიდული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა ანალოგიური ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებით. შედეგად, განისაზღვრა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახდით დასაბეგრი ბაზა.

იმის გათვალისწინებით, რომ პირს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ უფიქსირდება საქონლის შეძენა სასაქონლო ზედნადებებით და ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისთვის არ წარუდგენია პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შესყიდული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა ანალოგიური ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებით განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის პოზიციაზე, რომელიც ეხება, მეორადი აკუმულატორების შეძენისთვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხს. მომჩივანი აცხადებს, რომ მეორადი აკუმულატორების მიწოდება შემოწმებამ არ განიხილა დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების ფარგლებში, გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, დაბეგრილ იქნა მეორადი აკუმულატორების შეძენისთვის გადახდილი თანხა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მეორადი აკუმულატორების შეძენისთვის გადახდილი თანხის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მეორადი აკუმულატორების შეძენისთვის გადახდილი თანხის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

მომჩივანი აღნიშნავს,რომ შესაბამისი თარიღიდან უნდა გაუუქმდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

2.გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი და ფერადი ლითონების ჯართის ღირებულებას და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით დასაბეგრი ბაზის ოდენობას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება მეორადი აკუმულატორების შეძენისთვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

4. მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მოჩივანი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და იბეგრება განხორციელებული რეალიზაციიდან 1%-ით. როგორც ირკვევა, გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული ჰქონდა რეალიზაცია 2021 წლის ოქტომბრის თვეშიც, რაც არ აქვს დეკლარირებული. გარდა ამისა, მეწარმეს 2021 წლის მარტის თვეში შესყიდული აქვს მეორადი მავთული, რომლის შემდგომი რეალიზაცია დოკუმენტურად არ ჩანს. მეწარმე საქმიანობას აღარ აწარმოებს 2022 წლის მარტის თვიდან ,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მეორადი მავთულის დანაკლისი შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად 2022 წლის მარტის თვეში. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის.

მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება .გარდა ამისა, მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულ პირებზე მიწოდებად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი დღგ, ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა.

მოჩივანს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების და მისი დეკლარირების ვალდებულება. შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 17%-ს,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,გაანგარიშდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რასაც დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის .პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

1.გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მეორადი აკუმულატორების შეძენისთვის გადახდილი თანხის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),90,93,105,1333,158,163,165,160,163,164,172,275

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლი.