მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ საშემოსავლო გადასახადში შესასრულებელი ვალდებულებები N 2431

2431 მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ საშემოსავლო გადასახადში შესასრულებელი ვალდებულებები 03.06.2022
№ დოკუმენტი 2431
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ საშემოსავლო გადასახადში შესასრულებელი ვალდებულებები N 2431

ფაქტობრივი გარემოებები

· მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობას წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა.

· ვარიანტი 1: პირს სალაროს მეურნეობის გაძღოლის სახით დახმარებას უწევს მეუღლე, რომელთანაც არ აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და ამასთან არ ჰყავს იგი ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში. პირს სალაროს ანგარიშიდან პირადი მოხმარებისათვის, მ.შ მეუღლეზე გაცემულ თანხასთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულება არ აქვს შესრულებული.

· ვარიანტი 2: პირს საქმიანობაში დახმარებას უწევს შვილი, რომელიც ყოველთვიურად განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ უზრუნველყოფს პროდუქციის მომხმარებლისთვის ადგილზე მიწოდებას. პირს შვილთან გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულება და ამასთან იგი ასახული ჰყავს დაქირავებულ პირთა რეესტრში, ამასთან პირს ყოველთვიურად გაცემულ ანაზღაურებაზე საშემოსავლო გადასახადში შესრულებული აქვს საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

შეფასება

· სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონდებლობით. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს - დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღურება ხელფასად. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. სსკ-ის მე-8 (16) მუხლის თანახმად ოჯახის წევრებად ითვლებიან პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

· ვარიანტი 1: ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ოჯახის წევრებს შორის ადგილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას საოჯახო მეურნეობის ერთობლივად გაძღოლის ფარგლებში და არ იკვეთება შრომითი ურთიერთობის წარმოშობა. შესაბამისად,აღნიშნული არ განიხილება სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად დაქირავებით მუშაობად.

· ვარიანტი 2: მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის მე-8(16) მუხლის მიხედვით შვილი ითვლება ოჯახის წევრად, იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დარეგულირებულია შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული განიხილება დაქირავებით მუშაობად.

ღონისძიებები

· ორივე ვარიანტში პირის ქმედება მართლზომიერია და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

დაქირავებული პირისათვის გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისათვის ითვლება რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სსკ-ის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებს.