გადაწყვეტილება №18757/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18757/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18757/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს "----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს "----------"-ის 31.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18757/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობისთვის დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №EL188340 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №112 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

19.10.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით №---------- სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემოტანილია 7 ავტომობილი, რომელზეც დარეგისტრირდა № ---------- აღრიცხვის მოწმობა.

მომჩივნის 27.10.2022 წლის №---------- წერილით ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (აღრიცხვის მოწმობა № ----------) 19.10.2022 წელს გამოცხადდა კომპანიის საბაჟო საწყობში, რაც დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). თუმცა საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის დამოწმებიდან 24 საათში არ განხორციელდა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში „eCustoms“.

ვინაიდან მომჩივნის მიერ საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება არ განხორციელდა №---------- სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებიდან 24 საათში, საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საბაჟო საწყობის მხრიდან ჯეროვნად არ იქნა შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და ხელი შეეშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას. ამასთან, იგივე სანებართვო პირობის დარღვევისთვის კომპანიას პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს 18.04.2022 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL1160487).

გამოვლენილი ფაქტზე, მომჩივანს 25.10.2022 წლის №EL188340 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი 22.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.01.2023 წლის №112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ არ გამოირიცხა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა. ამასთან, აღნიშნული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილია განმეორებით. ამდენად, ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (176-ე მუხლის მე-2 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომელიც პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

19.10.2022 წლის 16:24 საათზე კომპანიის საბაჟო საწყობის გამშვებ პუნქტთან გამოცხადდა ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ----------, მისაბმელის ----------, აღრიცხვის მოწმობის ნომერი ----------, დატვირთული 7 ავტომანქანით (VIN კოდები: ----------; ----------; ----------; ----------; ----------; ----------; ----------).

კომპანიის ოპერაციების კლერკის მიერ მოხდა აღნიშნული აღრიცხვის მოწმობისა და ავტომანქანის გადამოწმება, პროცედურების სრული დაცვით და მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთდა შესაბამისი აღნიშვნები (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო), რის შედეგადაც ავტომანქანა იმავე დღეს 16:48 საათზე შევიდა საბაჟო საწყობში, კონტროლის ზონაში. აღნიშნული დასტურდება უწყვეტი ვიდეოჩანაწერებით.

19.10.2022 წელს კორეის დროშის ქვეშ მცურავი ერთი გემიდან გადმოცლილი დიდი ოდენობის ტვირთნაკადის პირობებში, სამწუხაროდ კლერკს გამორჩა მითითებულ ავტომანქანაზე აღრიცხვის მოწმობის გამოცხადება პროგრამულად. ფაქტის აღმოჩენისთანავე ინფორმაცია, როგორც ზეპირად ისე წერილობით, მიეწოდა კომპანიის მიერ გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ წარმომადგენელს. ამასთან, არ მომხდარა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა.

თუ განვიხილავთ „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანებართვო პირობას, რომელიც ერთი კონკრეტული, დამოუკიდებელი ვალდებულებაა, ნათელია, რომ პირველი დარღვევის გამოვლენიდან ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის/იგივე სანებართვო პირობის დარღვევის შემთხვევა იქნება საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების აბსოლუტური საფუძველი. მაგრამ ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის მაგალითად „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით ან „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები/ვალდებულებები ძალიან ზოგადია და აერთიანებს უამრავ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ და არსობრივად განსხვავებულ ვალდებულებებს/პირობებს/განსხვავებულ ქმედებებს.

კომპანია აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახდელდადებული არ ყოფილა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხოლო „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის კი იგი სახდელდადებული იყო 12.08.2022 წლის №EL179551 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, რაც გამოიხატა საბაჟო საწყობიდან ავტომანქანის სხვა გამშვები პუნქტიდან გასვლაში, რის გამოც ვერ იქნა განხორციელებული შესაბამისი საბაჟო პროცედურები. მითითებულ შემთხვევაშიც გამოყენებულ იქნა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დღემდე დაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განმეორებით დარღვევად შეფასების საფუძვლის არარსებობაზე.

მართალია, როგორც ავტომანქანის სხვა გამშვები პუნქტიდან საბაჟო პროცედურების გარეშე გასვლით, ისე აღრიცხვის მოწმობის დაუდასტურებლობით შეიძლება შეეშალოს ხელი საწყობში საბაჟო კონტროლის ჯეროვნად განხორციელებას, მაგრამ ამავდროულად ზემოაღნიშნული ქმედებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხავებული და დამოუკიდებელი ვალდებულებების/მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს. ამასთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბაჟო კონტროლის განხორციელებას ხელი არ შეშლია, რადგან კონტროლი და აღრიცხვის მოწმობის დადასტურება სათანადოდ განხორციელდა, მხოლოდ ელექტრონულად არ გამოცხადდა.

ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო ნავსადგურმა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და მეტიც, ნებისმიერი სახის დარღვევა ცალსახად ადასტურებს რომ რომელიღაც ვალდებულება ვერ სრულდება ჯეროვნად, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი სხვა დარღვევების დროს არ ყოფილა გამოყენებული კომპანიის მიმართ.

ამავდროულად, ამჯერად არ არსებობს აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველიც, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა საქონლის/სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით (არ არსებობდა რისკიც) ან საბაჟო საწყობში შენახვის პირობების დარღვევა. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო), რაც ნავსადგურის კლერკმა უზრუნველყო ჯეროვნად. ამასთან, აღნიშნული ქვეპუნქტი ითვალისწინებს მეორე ვალდებულებას, რომ საბაჟო საწყობმა მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms“-ში ელექტრონულად უნდა დაადასტუროს გამოცხადება, რაც გამორჩა კლერკს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კონტროლი არ განხორციელდა ან საწყობი არ არის სათანადოდ მოწყობილი და ტვირთის შემოტანა-გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მოხდა.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მითითება, რომ განმეორებით ჩადენილად ითვლება მხოლოდ იმავე სანებართვო პირობების დარღვევა, საფუძვლად უდევს კანონმდებლობის ნება, რომ ნებისმიერი (სხვადასხვა) სანებართვო პირობის ორჯერ დარღვევა არ უნდა ჩაითვალოს განმეორებით ჩადენილ დარღვევად. ამასთან, ეს პრინციპი მარტივად აღსრულებადია, როდესაც „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის რომელიმე პუნქტის ცალკეულ/კონკრეტულ სანებართვო პირობას განსაზღვრავს, მაგრამ არათანაბარი და არაერთგვაროვანი არ შიძლება იყოს მიდგომა, განმარტება და პრაქტიკა ამავე მუხლის იმ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგადია ცალკეულ/კონკრეტულ სანებართვო პირობას კი არ განსაზღვრავს, არამედ არაერთ დამოუკიდებელ და განსხვავებულ ვალდებულებას/მოთხოვნას აერთიანებს. ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მითითება დარღვევის უმეტესობისთვის იქნება რელევანტური როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა უფრო კონკრეტული სანებართვო პირობების შემცველ პუნქტებთან ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქმედება ჩაითვალოს განმეორებითად, რაც ყველა დარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების საფუძველი გახდება. სწორედ რომ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან დარღვევები და სანებართვო პირობები იყოს ცალსახა და ერთად თავმოყრილი, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციაში უნდა გაიწეროს კონკრეტული ვალდებულებები ან სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა შეაფასოს და გამიჯნოს ერთმანეთისაგან ადეკვატურად სანებართვო პირობები/საწყობის ვალდებულებები, რომლებიც მოცემულია როგორც „საბაჟო საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესები და პირობების შესახებ“ ინსტრუქციაში ისე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის დანართებსა თუ სხვა ნორმატიულ აქტებში. შესაბამისად, თითოეული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული ვალდებულების დარღვევად. ამასთან, დარღვევის შეფასება-კვალიფიკაცია არ უნდა იყოს დამოკიდებული სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების განსხვავებულ მიდგომებსა და შეფასებებზე, რადგან ასე ვიღებთ იმას რომ არაერთგვაროვანია პრაქტიკა და სხვადასხვა დარღვევებზე სხვადასხვა ქვეპუნქტებს უთითებენ ან არ უთითებენ მათი შეხედულებისამებრ და არა რაიმე ობიექტური საფუძვლებით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს. იგივე ქმედებას კი კომპანიაში ადგილი არ ჰქონია და ნავსადგური ბოლო 12 თვის განმავლობაში არ ყოფილა სახდელდადებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების/პირობის დარღვევისათვის. როგორც უკვე აღინიშნა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული და დამოუკიდებელი ვალდებულებები/მოთხოვნებია საბაჟო საწყობის იმგვარად დაცვის უზრუნველყოფა, რომ ავტომანქანა არ გავიდეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით/სხვა გამშვები პუნქტიდან და გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება „eCustoms“-ში მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, რაც არ შეიძლება იგივე ქმედებად და შესაბამისად იგივე სანებართვო პირობების დარღვევად ჩაითვალოს, ვინაიდან ამგვარი მიდგომით, უამრავი სხვადასხვა დარღვევა გაერთიანდება აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „დ“ ან „ქ“ ქვეპუნქტებში და სრულიად სხვადასხვა სახის დარღვევები ჩაითვლება განმეორებითად.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22551 ბრძანებით დააკმაყოფილა კომპანიის ადმინისტრაციული საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 20.06.2020 წლის №EL119333 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით და ქმედება გადააკვალიფიცირა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუსტად იმ საფუძვლით რომ განმეორებით არ იყო ჩადენილი იგივე ქმედება/იგივე სანებართვო პირობის დარღვევა, რაც პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით კომპანია ამ შემთხვევაშიც ითხოვდა დარღვევის გადაკვალიფიცირებას საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ოდენობის ცვლილებას, თუმცა ეთქვა უარია საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

შემოსავლების სამსახურის არასწორად ციტირებს მომჩივნის არგუმენტაციას, რომ კომპანიის მოსაზრებით ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს ზემოთ ხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას. საჩივარში არაერთხელ იყო განმარტებული რომ კომპანიამ დაარღვია ვალდებულება, მაგრამ არ ეთანხმება დარღვევის კვალიფიკაციას. შესაბამისად ითხოვდა დარღვევის გადაკვალიფიცირებას და ასევე დარღვევის საპატიოდ ჩათვლას. დარღვევა რომ არ ეღიარებინა მოითხოვდა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას შესაბამისი საფუძვლებით და ეს უკვე იქნებოდა სხვა შინაარსის დავა.

ნავსადგურის კლერკმა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო კონტროლი და დანაშაულების ადგილზე საქონლის წარდგენის დადასტურება მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული შესაბამისი აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო), მაგრამ ვერ შესრულდა მეორე ვალდებულება - საბაჟო საწყობმა მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა „eCustoms“-ში ელექტრონულად არ დაადასტურა გამოცხადება. ეს არ ნიშნავს რომ კონტროლი არ განხორციელდა ან საწყობი არ არის სათანადოდ მოწყობილი და ტვირთვის შემოტანა-გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მოხდა. შესაბამისად, კომპანიის მიერ არ დარღვეულა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, ხოლო ამავე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ნავსადგური ნამდვილად არ ყოფილა სახდელდადებული ბოლო 12 თვის განმავლობაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა ბრძანებაში მიუთითა რომ ნავსადგური იგივე სანებართვო პირობის დარღვევისთვის სახდელდადებული იყო 2022 წლის 18 აპრილს. 2022 წლის 18 აპრილის №EL160487 ოქმით კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მხოლოდ „გ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის, აბსოლუტურად განსხვავებული ქმედებისათვის - შემოსავლების სამსახურის დადგენილ ვადაში არ ეცნობა კონტეინერით მიღებულ ფაქტობრივ საქონელსა და ზოგადი დეკლარირების ფორმაში მითითებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობის შესახებ. საბჭოს არ უმსჯელია აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის ზოგადი და კონკრეტული შინაარსის ქვეპუნქტების გამიჯვნასა და „იგივე ქმედების“ განმარტებაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და მოხდეს კომპანიის დარღვევის გადაკვალიფიცირება საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის ოდენობის ცვლილება.

მართალია, იზიარებს კომპანიის როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხიმგებლობას, თუმცა მომხდარი გამოწვეული არ ყოფილა კომპანიის განზრახვით. დიდი ოდენობის ტვირთნაკადის პირობებში, სამწუხაროდ კერკს გამორჩა მითითებულ ავტომანქანაზე აღრიცხვის მოწმობის გამოცხადება პროგრამულად, რაც აიხსნება მხოლოდ ადამიანური შეცდომით და ცალსახად გამორიცხულია კომპანიის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის მიზანმიმართული ხელშეშლა ან ნებისმიერი ვალდებულების მიზანმიმართული დარღვევა. ფაქტის აღმოჩენისთანავე ინფორმაცია როგორც ზეპირად ისე წერილობით მიწეოდა გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთის წარმომადგენელს. ამასთან არ მომხდარა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა და ქმედებას არ მოჰყოლია სხვა უარყოფითი შედეგები.

კომპანია არის არაერთი რისკის/მომეტებული საფრთხის შემცველი და მრავალმხრივი დატვირთვის მქონე სტრატეგიული ობიექტი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება უამრავი საკანონმდებლო აქტით, შესაბამისად კომპანია, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, კეთილსინდისიერად და მუდმივად ზრუნავს ყველა შესაბამისი მოთხოვნის/შეზღუდვის დაცვაშესრულებაზე და თავადაც ადგენს არაერთ უმკაცრეს მოთხოვნას/სტანდარტს, რისთვისაც მუდმივად ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ამასთან, მუდმივად ჰარმონიულად თანამშრომლობდა ყველა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებასთან/ორგანოსთან, ქვეყნის, საზოგადოებისა და კომპანიის საერთო მართლზომიერი ინტერესების დასაცავად, მაგრამ სამწუხაროდ, გამორიცხული ვერ იქნება ცალკეული სახის დარღვევი სამუშაო პროცესში, მით უმეტეს როდესაც აღნიშნულ პროცესში ჩართულია არაერთი მესამე მხარე, თუმცა კომპანია არასდროს გაურბის პასუხისმგებლობასა და ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და ასევე თითოეულ დარღვევას კომპანიაში ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება უარყოფითი შედეგების შესამცირებლად და მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების პრევენციის უზრუნველსაყოფად.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა კომპანიის დარღვევის გადაკვალიფიცირების შემდეგ მის პატიებას და საბაჟო სანქციისგან გათავისუფლებას. შემოსავლების სამსახურმა განმარტა რომ შესაძლებელია მხოლოდ სამართლებრივი შეცდომის პატიება, როცა პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებს. ერთი მხრივ ვერ გაიზიარებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილში გამოხატული კანონმდებლის ნების ამგვარ შეზღუდვას ვინაიდან სამართლებრივი და ფაქტობრივი შეცდომების გამიჯვნას მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს და არც ამის სამართლებრივი ან ლოგიკური საფუძველი არსებობს. მეორე მხრივ კი მსგავსი განმარტება და გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თავად შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკას და არაერთ გადაწყვეტილებას, მათ შორის თავად კომპანიის მიმართ მიღებულს, რომლის თანახმად, გათვალისწინებულ იქნა ადამიანური შეცდომა, დარღვევის ჩადენის გარემოებები, შედეგები და დამრღვევის ქცევა დარღვევის გამოსასწორებლად და ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა პატიების დისკრეცია.

ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ჩაითალოს საპატიოდ დაფიქსირებული დარღვევა (მას შემდეგ რაც მოხდა მისი გადაკვალიფიცირება შესაბამისი მუხლით) და გათავისუფლდეს შესაბამისი საბაჟო სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms”-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „დ“ და „ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

დ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-9 და მე-11 ნაწილების თანახმად:

9. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.

11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი მართალია, იზიარებს კომპანიის როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხიმგებლობას, თუმცა მიუთითებს რომ მომხდარი გამოწვეული არ ყოფილა კომპანიის განზრახვით. დიდი ოდენობის ტვირთნაკადის პირობებში, სამწუხაროდ კერკს გამორჩა მითითებულ ავტომანქანაზე აღრიცხვის მოწმობის გამოცხადება პროგრამულად, რაც აიხსნება მხოლოდ ადამიანური შეცდომით და ცალსახად გამორიცხულია კომპანიის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის მიზანმიმართული ხელშეშლა ან ნებისმიერი ვალდებულების მიზანმიმართული დარღვევა. ფაქტის აღმოჩენისთანავე ინფორმაცია როგორც ზეპირად ისე წერილობით მიეწოდა საბაჟო ორგანოს. კომპანიის მიერ არ დარღვეულა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, ხოლო ამავე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ნავსადგური ნამდვილად არ ყოფილა სახდელდადებული ბოლო 12 თვის განმავლობაში. ამასთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბაჟო კონტროლის განხორციელებას ხელი არ შეშლია, რადგან კონტროლი და აღრიცხვის მოწმობის დადასტურება სათანადოდ განხორციელდა, მხოლოდ ელექტრონულად არ გამოცხადდა.

სადავოს არ წარმოადგენს რომ მომჩივნის, როგორც საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის დამოწმებიდან 24 საათში არ განხორციელდა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში „eCustoms“.

სადავოს წარმოადგენს სამართალდარღვევის განმეორებითად მიჩნევის და განზრახ ჩადენის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ მოცემული სამართალდარღვევა გამოვლენილია მომჩივნის მიმართ წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან (18.04.2022 წლის №EL160487 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი) 12 თვის განმავლობაში. რაც შეეხება დარღვეულ ვალდებულებებს განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „დ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები, ხოლო წინა შემთხვევაში დარღვეულია აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები.

საბაჟო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება არ განხორციელდა №---------- სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებიდან 24 საათში, საბაჟო საწყობის მხრიდან ჯეროვნად არ იქნა შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და ხელი შეეშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამდენად დარღვეულია აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „დ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში რადგან ხელი შეეშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას და დაირღვა ხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, რაც ასევე დარღვეული იყო წინა სამართალდარღვევის (18.04.2022 წლის №EL160487 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი) გამოვლენისას, განსახილველი სადავო შემთხვევის განმეორებითად მიჩნევა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.