გადაწყვეტილება №26488/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26488/2/2026
18 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 12.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ----- 20.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26488/2/2026).
დავის საგანი:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა;
2. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა;
3. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 31.10.2025 წლის N EL299396 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 31.10.2025 წლის N EL299397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 31.10.2025 წლის N EL299400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის N 28972 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 500 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 1 000 ლარი (საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი);
ჯარიმა - 500 ლარი (საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი);
ჯარიმა - 6 000 ლარი (საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
30.08.2025 წელს ----- მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა N ----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა ტრანზიტული საქონელი - 2 კონტეინერი (N ----- N ----- ). აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასზე განთავსებულ საქონელზე გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა (N ----- ).
კომპანიის 28.10.2025 წლის N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული აღრიცხვის მოწმობით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი საბაჟო საწყობში გამოცხადდა 31.08.2025 წელს. 12.09.2025 წელს - N ----- კონტეინერი, 13.09.2025 წელს კი N ----- კონტეინერი გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, გემზე დატვირთვის მიზნით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის გარეშე.
ვინაიდან ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (კონტეინერები: N -----; N -----) კომპანიის საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე და საბაჟო საწყობის მხრიდან დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 31.10.2025 წელს შედგენილია N EL299396, N EL299397 და N EL299400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით და 176- ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2025 წლის N 28972 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-11 ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ და მე - 2 ნაწილებზე.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის და ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას (განმეორებით), რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი, 171-ე მუხლის პირველი და 176-ე მუხლების მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრება მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით დასტურდება მომჩივნის მხრიდან წარსულში „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მანამ, სანამ უშუალოდ ბრძანების ბათილობის აბსოლუტურ საფუძვლებზე მიუთითებს მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომში - ს.ზ.ა.კ) რამდენიმე მნიშვნელოვან დანაწესზე, კერძოდ ს.ზ.ა.კ.-.ის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მიემართება იურიდიულ პირს (კორპორაციას) და მას უწესებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ინდ. სამართლებრივ აქტს და მასზე ვრცელდება ს.ზ.ა.კ - ით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანხმად, წერილობით გამოცემული აქტის ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ - ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთება; ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-435-430(კ-12)).
განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სადავო ბრძანება ვერ პასუხობს დასაბუთების ს.ზ.ა.კ.- ით დადგენილ მოთხოვნებს, არის შაბლონური და მასში არაა გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი არც ერთი გარემოება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მიუთითებს ბრძანების დაუსაბუთებლობასა და მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, არის ის, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ბრძანებაში მითითებული დასკვნა (რომ „გასაჩივრებული ოქმები“ იყო კანონიერი) გააკეთა იმგვარად, რომ ყურადღების გარეშე დატოვა კორპორაციის თავდაპირველ საჩივარში ყველა ოქმთან მიმართებით მოხმობილი უკლებლივ ყველა საკვანძო არგუმენტი, მათ შორის არგუმენტი, რომელიც გამომდინარეობდა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შენიშვნიდან, არგუმენტი, რომელიც ცხადყოფდა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლთან მიმართებით ამავე კოდექსის 176-ე მუხლის უფრო სპეციალურ ბუნებას და სხვა მრავალი.
კორპორაციის მიერ სამივე ოქმთან მიმართებით, განცალკევებით მითითებული რიგი არგუმენტების სრული იგნორირების ფონზე, შემოსავლების სამსახურმა უბრალოდ მიუთითა შაბლონური ტექსტი, რომ „გასაჩივრებული ოქმები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ იყო დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები“.
გარდა ზემოხსენებულისა, შემოსავლების სამსახურმა ისე დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა განმეორებით ჩადენილ სამართალდარღვევას (მხოლოდ „საინფორმაციო სისტემის მონაცემების მეშვეობით“), რომ არც დაუფიქსირებია მისი საპასუხო პოზიცია კორპორაციის მიერ თავდაპირველ საჩივარში წარდგენილ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკაზე - პრაქტიკაზე, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს წინამდებარე საქმეში მოცემულ ქმედებათა განმეორებით ბუნებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, უდავოა, რომ ბრძანებაში გაკეთებული დასკვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს - საბაჟო კოდექსს და ამასთან ბრძანების გამოცემისას ადგილი ჰქონდა არაერთ არსებით დარღვევას ადმ. ორგანოს მხრიდან (საქმის მნიშვნელოვან გარემოებათა გამოკვლევაზე სრული უარის თქმა), რომელთა არარსებობის პირობებში მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც ცხადყოფს მის ბათილობას ს.ზ.ა.კ -ის 601-ე მუხლის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
ამდენად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება.
რაც შეეხება დასაბუთებას იმისა თუ, რატომ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის სადავო ოქმების გაუქმების და თავდაპირველი საჩივრის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლები, ამ კუთხით საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია შემდეგია:
ოქმი N EL299397 - სანამ წინამდებარე საქმეში კორპორაციის მიერ განხორციელებული მოქმედებების უშუალოდ საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებაზე გადავა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს ოქმის ბათილობის ამომწურავი საფუძველი საბაჟო კოდექსის იმ დანაწესიდან გამომდინარე, რა დანაწესსაც დაეყრდნო საბაჟო დეპარტამენტი ოქმის შედგენისას - კერძოდ, საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლიდან გამომდინარე, მოცემული დანაწესს, გარდა მისი პირველი და მე-2 ნაწილებისა, თან ახლავს შენიშვნა. საკანონმდებლო აქტებში კონკრეტულ ნორმებზე გაკეთებული ამგვარი შენიშვნების სპეციალური ბუნებიდან გამომდინარე, არსებითია, კონკრეტული ნორმის გამოყენება - არ გამოყენების საკითხის შეფასებისას განხორციელდეს მოცემული დანაწესის ანალიზი ამ შენიშვნასთან ერთობლიობაში. შენიშვნის თანახმად, „ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც იმავე ქმედებისთვის ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა“.
აღსანიშნავია, რომ საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის დისპოზიციას წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა. თავად, საბაჟო დეპარტამენტის ოქმშიც სწორედ „საბაჟო საწყობის (კორპორაციის) მიერ საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას“ მიიჩნევს იმ მიზეზად, თუ რატომაც მოხდა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის გამოყენება. ნებისმიერი საბაჟო პროცედურის პირობა, რაც წინამდებარე საქმეში, პოტენციურად შეეძლო დაერღვია კორპორაციას, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, არსებითად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული, საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის (შემდგომში - ინსტრუქცია) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ, საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობას. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში, კორპორაციის, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან, ნებისმიერი საბაჟო პროცედურის დარღვევა წარმოადგენს ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო საწყობისთვის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას - ვალდებულების, რომ დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები.
მოცემული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის (ანუ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის) სხვა, შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგენილია საბაჟო კოდექსის შესაბამისად - კერძოდ, ამავე კოდექსის 176-ე მუხლით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულ გარემოებასთან, რაც გამორიცხავს პირისთვის - კორპორაციისთვის საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამოყენებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს.
შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვების საბჭოს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ N EL299397 და N EL299400 ოქმების ერთმანეთის პარალელურად ძალაში დატოვების შემთხვევაში, სახეზე იქნება მოცემულობა, რომლის პირობებშიც არსებითად ერთი სამართალდარღვევისთვის პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა განმეორებით - ორჯერ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩადენილი ქმედება შინაარსობრივად ექცევა ერთზე მეტი საკანონმდებლო დანაწესის დისპოზიციაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ - სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში - ა.ს.კ.), კერძოდ მისი 264-ე მუხლი, სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოს (სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ სუბიექტს) - საბაჟო დეპარტამენტს ავალდებულებს, დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი ... აგრეთვე, გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
ამასთან, ა.ს.კ.- ის 266-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეპარტამენტმა მოცემული N EL299397 ოქმის შედგენისას, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური მოწესრიგების (საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შენიშვნა) არსებობის მიუხედავად, ჯეროვნად ვერ შეაფასა და საბოლოო ჯამში ვერ დაადგინა, თუ რამდენად ექვემდებარებოდა კორპორაცია ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ დანაწესის - საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, საბაჟო დეპარტამენტმა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის დარღვევით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოიტანა ასკ-ის 266-ე მუხლის 11 ნაწილთან შეუსაბამო, უკანონო, დადგენილება - N EL299397 ოქმი.
ზემოთ მოცემულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, არსებობს ამომწურავი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილი N EL299397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ოქმი N EL299396 - სანამ წინამდებარე საქმეში კორპორაციის მიერ განხორციელებული მოქმედებების უშუალოდ საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებაზე გადავა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს ოქმის ბათილობის ამომწურავი საფუძველი საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის, 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის, ზემოთ მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა (შემდგომში - ს.ს.კ.) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - ს.კ.) შესაბამისი დანაწესებიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ როგორც ოქმიდან იკვეთება, საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება იმის გამო, რომ კორპორაციამ - საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო იმის გამორიცხვა, რომ შესაბამისი კონტროლის გარეშე, კერძოდ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საქონელს არ დაეტოვებინა საბაჟო კონტროლი. აღსანიშნავია, რომ მოცემული დარღვევა წარმოადგენს ხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (კორპორაციის) მხრიდან შემდეგი ვალდებულების დარღვევას - ვალდებულების, რომ ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გატანა კონტროლის გვერდის ავლით საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე.
აღნიშნული სპეციფიური ვალდებულების, უშუალოდ საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი სუბიექტის მხრიდან (რასაც ამ საქმეში წარმოადგენს კორპორაცია) დარღვევისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლი, რომელიც უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს უფრო სპეციალურ ნორმას საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლთან შედარებით.
მხოლოდ ის გარემოება, რომ პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა შინაარსობრივად ექცევა სხვადასხვა ნორმის დისპოზიციაში, არ წარმოადგენს იმის არათუ საკმარის, არამედ არანაირ საფუძველს, რომ პირს ერთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისროს სხვადასხვა ნორმით გათვალისწინებული სანქციები კუმულაციურად.
აღნიშნული გამოიწვევს კორპორაციის „ჩაგდებას“ ისეთ მოცემულობაში, რომელშიც შესაძლებელი იქნება მას ერთი სამართალდარღვევისთვის დაეკისროს ორი სხვადასხვა ნორმით განსაზღვრული სანქცია (სახდელი) - ეს კი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არღვევს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პრინციპს და ასევე, სისხლის სამართალში (ს.ს.ს.კ. - ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით) გამყარებულ შემდეგ პრინციპს, რომელიც ანალოგიურად უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალშიც/კანონმდებლობაშიც: „არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა“.
რაც შეეხება იმას, რომ მოცემულ საქმეში საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ (საბაჟო) სამართალდარღვევასთან და არა სისხლის სამართლის დანაშაულთან, ამ კუთხით საგულისხმოა ამ მიმართულებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს წლების მანძილზე დადგენილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად №ბს-21(2კ-22) საქმეში განმარტავს, რომ: „მართალია, სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები მიემართება უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა საქმეზე „გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ“ ((Gradinger v. Austria), განაცხადი no. 15963/90, 23 ოქტომბერი, 1995), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ესა თუ ის სამართალდარღვევა და სანქცია, ამ სამართალდარღვევის ხასიათისა და მისთვის დადგენილი სანქციის სიმკაცრის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში მათი ადმინისტრაციულ დარღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად კატეგორიზაციის მიუხედავად, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და სისხლის სამართლის სასჯელი. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა მიჩნეული იქნეს სისხლის სამართალწარმოებად და მასზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) მოქმედება უნდა გავრცელდეს (გადაწყვეტილების პუნქტები 35- 36)“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს ერთმანეთისაგან მკვეთრად განასხვავებს პირის ქმედების სიმძიმე და საკანონმდებლო დონეზე თითოეული მათგანისათვის გათვალისწინებული სადამსჯელო რეპრესიული ღონისძიების ბუნება - ერთ შემთხვევაში სახდელი, ხოლო მეორე შემთხვევაში - სასჯელი, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის შემადგენელი ზოგად-სამართლებრივი ელემენტები პრინციპალურ დონეზე ემსგავსება ერთმანეთს.
შედეგად, საკასაციო პალატის ზემოთ მითითებულ მსჯელობაზე დაყრდნობით, მოცემულ საქმეში ცალსახად სახეზეა ადმინისტრაციული (საბაჟო) სამართალდარღვევისა და დანაშაულის შემადგენელი, პრინციპალურ დონეზე ერთმანეთის მსგავსი სამართლებრივი ელემენტები, რაც შესაძლებელს ხდის ანალოგიის გზით, ამ სისხლის სამართლებრივი პრინციპის ადმინისტრაციული (საბაჟო) სამართალდარღვევის შემთხვევაზე გავრცელება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად იკვეთება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვების საბჭოს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ N EL299396 და N EL299397 ოქმების ერთმანეთის პარალელურად ძალაში დატოვების შემთხვევაში, კორპორაციას იმგვარ მოცემულობაში, რომლის პირობებშიც პირს არსობრივად ერთი სამართალდარღვევისთვის დაეკისრება ორი სხვადასხვა ნორმით განსაზღვრული სანქცია (სახდელი).
სწორედ ამგვარი მოცემულობის გამოსარიცხად, აუცილებელია, სამინისტრო ანალოგიის წესით, დაეყრდნოს იმ ზოგად - სამართლებრივ პრინციპს, რომლის თანახმადაც, ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას, გამოიყენება სპეციალური ნორმები. მართალია, აღნიშნული პრინციპი საკანონმდებლო დონეზე სამოქალაქო კოდექსშია გამყარებული (სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი), თუმცა ის ფაქტი, რომ ეს პრინციპი ზოგადსამართლებრივია და არა მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივი უდავოა. ხოლო ის ფაქტი, რომ ამ პრინციპს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობაც, მათ შორის საბაჟო კოდექსიც აღიარებს, ნათელია თავად კოდექსიდანვე - კერძოდ, ზემოთ, დეტალურად მიმოხილული დანაწესიდან - საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლიდან (მუხლის შენიშვნიდან), რომლიდანაც მკაფიოდ გამომდინარეობს შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით (მისი დისპოზიციით) „დასჯადი“ ქმედებისთვის, ამავე კოდექსის უფრო სპეციალური მოწესრიგებით, დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა, ამ პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის სამართლებრივი საფუძვლის მისადაგებისას, ოქმის შემდგენმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ამ (უფრო სპეციალური) მოწესრიგებით/ნორმით. მოცემულ საქმეში კი პირის (კორპორაციის, როგორც საბაჟო საწყობის) მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ყველაზე სათანადო, შესაბამისი სამართლებრივი დისპოზიცია მოცემულია ინსტრუქციის მე-8 მუხლის „დ“ პუნქტში, რომლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლი - კორპორაციასთან (როგორც საბაჟო საწყობთან) მიმართებით, საბაჟო კოდექსის უფრო სპეციალური ნორმა, საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლთან შედარებით.
ამდენად, მიაჩნია, რომ აღნიშნულ ოქმთან მიმართებითაც, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს - საბაჟო დეპარტამენტის მიერ ოქმის შედგენისას, ასკ-ის 264-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას - კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტმა ჯეროვნად ვერ შეაფასა და საბოლოო ჯამში ვერ დაადგინა, თუ რამდენად ექვემდებარებოდა კორპორაცია, როგორც საბაჟო საწყობი, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ დანაწესის - საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, რასაც შედეგად მოჰყვა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის დარღვევა და ასკ-ის 266-ე მუხლის მე-11 ნაწილთან შეუსაბამო, უკანონო აქტის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება) მიღება - ოქმის შედგენა.
ზემოთ მოცემულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, არსებობს ამომწურავი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N EL299396.
რაც შეეხება N EL299400 ოქმს, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოქმის ბათილობის საფუძვლად კორპორაცია მიიჩნევს საბაჟო კოდექსის სწორედ იმ დანაწესს, რომელი დანაწესით გათვალისწინებული მოქმედების ჩამდენ პირადაც მიიჩნია საბაჟო დეპარტამენტმა კორპორაცია ოქმის შედგენისას - კერძოდ, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილს. აღსანიშნავია, რომ საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გასამმაგებული ოდენობით (6 000 ლარის) დაკისრებას, ითვალისწინებს მხოლოდ, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის (იმავე სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის) შემთხვევაში. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მიხედვით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე საქმეში, კორპორაციის მიერ ჩადენილი ქმედების იდენტური ქმედების ჩადენას კორპორაციის მხრიდან არათუ 31.10.2025 წლიდან წინა 12 თვის განმავლობაში, არამედ აქამდე არასდროს არ ჰქონია ადგილი (და არც გამოვლენილა საბაჟო დეპარტამენტის მიერ).
აღსანიშნავია, რომ კორპორაციის მიმართ 31.10.2025 წლიდან წინა 12 თვის განმავლობაში, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე შედგენილი ოქმებიდან, არც ერთ მათგანში არ ჰქონდა ადგილი იმგვარი ქმედების ჩადენას, რა ქმედების ჩადენისთვისაც გამოიწერა ოქმი წინამდებარე საქმეში (31.10.2025 წლიდან წინა 12 თვის განმავლობაში, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე შედგენილ ოქმებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს სამინისტროს მიერ საჩივრის განხილვამდე).
აქვე აღსანიშნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა 04.08.2020 წლის N 22551 ბრძანებით დააკმაყოფილა კორპორაციის ადმინისტრაციული საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 10.06.2020 წლის N EL113933 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე და მიიღო პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომლითაც ქმედება გადააკვალიფიცირა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით, სწორედ იმ საფუძველზე მითითებით, რომ განმეორებით არ იყო ჩადენილი ინსტრუქციის მე-8 მუხლში ჩამოთვლილი ვალდებულებებიდან რომელიმეს დამრღვევი, ზუსტად იგივე ქმედება, რა ქმედების ჩადენაც ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოვლენილი იყო საბაჟო ორგანოს მიერ.
აღსანიშნავია, რომ ამ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში გავრცელებული მიდგომის შესაბამისი, სრულიად ლოგიკური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრინციპალურ დონეზე, სამართლებრივად ყველაზე მართებული მიდგომა გამოიყენა საბაჟო დეპარტამენტის 30.10.2025 წლის N EL299370 და N EL299371 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისას, როდესაც მიუხედავად კორპორაციის მიმართ გასული 12 თვის განმავლობაში, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა (მაგალითისთვის, ოქმები: N EL291524, N EL292205, N EL295540, N EL297940), კონკრეტული სანებართვო პირობის დარღვევა უშუალო ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად შეაფასა, არ მიიჩნია შესაბამისი ქმედება განმეორებით ჩადენილად და სრულიად მართებულად, გამოიყენა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილი ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ სწორედ ზემოთ მიმოხილულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებასა და „30 ოქტომბრის ოქმებში“ გავრცელებული მიდგომა უნდა გამოიყენოს, რათა უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გამყარებული „კანონის ხარისხის“ პრინციპის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, ნათელი და განჭვრეტადი კანონის არსებობას - კერძოდ, იმგვარი სიზუსტით ფორმულირებული ნორმის არსებობას, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად, განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები. ზემოთ ხსენებული ჯეროვანი მიდგომის გავრცელება არსებითი მნიშვნელობისაა კიდევ უფრო იმიტომ, რომ საბაჟო კოდექსის 170-176-ე მუხლები, ისევე, როგორც ინსტრუქციის მე-8 მუხლის პუნქტები ძალიან ზოგადი და აბსტრაქტული ბუნებისაა და არაერთ დამოუკიდებელ და განსხვავებულ ვალდებულებას აერთიანებს.
რაც შეეხება, საბაჟო დეპარტამენტის მიერ კორპორაციის მიმართ, 31.10.2025 წელს 176-ე მუხლის მე -2-ე ნაწილის საფუძველზე შედგენილ საბაჟო სამართალდარღვევის შემდეგ ოქმებს: N EL299440, N EL299420, N EL299411, N EL299444, N EL299395 (შემდგომში - „31 ოქტომბრის ოქმები“), აღსანიშნავია, რომ არც ერთი მათგანი, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას მიჩნეული ამ დანაწესით (საბაჟო კოდექსის მუხლი 176.1.) გათვალისწინებული დარღვევის თავდაპირველ ჩადენად, ვინაიდან ისინი ჩადენილად მიჩნეულია ერთსა და იმავე დღეს (ყველა ეს ოქმი, რომელიც საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზეა შედგენილი, შედგენილია 31.10.2025 წელს). „31 ოქტომბრის ოქმებიდან“ არც ერთი არ უნდა იქნას მიჩნეული ამ დანაწესით (საბაჟო კოდექსის მუხლი 176.1.) გათვალისწინებული დარღვევის თავდაპირველ ჩადენად, ვინაიდან გარდა ზემოთ მითითებული არგუმენტისა, ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობაში დამკვიდრებული პრინციპის შესაბამისად, დაუშვებელია, სადავოდ გამხდარი და შესაბამისად, კანონიერ ძალაში ჯერ არშესული აქტის/სამართალდარღვევის ოქმის პირობებში, ამ აქტმა/ოქმმა წარმოშვას შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, მაგალითად, შექმნას განსხვავებული სანქციის დაკისრების შესაძლებლობა, სხვა განყენებული დარღვევისთვის (მისი განმეორებით ჩადენილად შეფასების ხარჯზე).
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა არ შეასრულა ასკ-ის 264-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება - კერძოდ, მან ჯეროვნად ვერ შეაფასა და საბოლოო ჯამში ვერ დაადგინა, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოცემულობას (დარღვევის განმეორებით ჩადენად) და თუ რამდენად ექვემდებარებოდა კორპორაცია ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კონკრეტულად ამ დანაწესის - საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. აღნიშნულის შედეგად, საბაჟო დეპარტამენტმა არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა ასკ-ის 266-ე მუხლის მე-11 ნაწილთან შეუსაბამო, უკანონო აქტის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება) მიღება - ოქმის შედგენა. ეს კი საკმარის საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული ოქმის ბათილობისათვის.
კორპორაციის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. ხოლო, ასკის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
ალტერნატიულად, იმ შემთხვევაში, თუ, ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ოქმში მითითებული ქმედებების გამო, წინამდებარე საქმეში ადგილი ჰქონდა კორპორაციის მიერ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობას და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სამინისტროს წინაშე ა.ს.კ-ის 22-ე მუხლსა და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე დაყრდნობით ითხოვს, რომ კორპორაცია გათავისუფლდეს ამგვარი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მიაჩნია, რომ არსებობს ამის საკმარისი საფუძველი, წინამდებარე საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების, კორპორაციის ქმედებების განმაპირობებელი რიგი ობიექტური გარემოებებისა და ტექნიკური უზუსტობით დამდგარი გადაცდომის მცირე მნიშვნელოვანი ბუნების გათვალისწინებით.
მოცემული გარემოებები დეტალურად მიმოხილული იქნება ქვემოთ:
კორპორაციის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე (მის: ----- ), ტრანზიტის რეჟიმით შემოსული კონტეინერები: ----- და ----- (შემდგომში - „კონტეინერები“) წარმოადგენდა საზღვაო ხაზ ----- ის კონტეინერებს, რომელსაც წარმოადგენს აგენტი - შპს „-----“ (ს/ნ: -----) (შემდგომში აგენტი). საზღვრის კვეთისას აღნიშნული კონტეინერები მებაჟე ოფიცერმა მიიჩნია, როგორც „ტვირთი“ და გამოწერა აღრიცხვის მოწმობა (აღრიცხვის მოწმობა N -----). რეალურად, კონტეინერები საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შემოვიდა და დატოვა ტერიტორია სრულიად ცარიელ მდგომარეობაში.
საბაჟო მოთხოვნებისა და დადგენილი შიდა პროცედურის შესაბამისად, კონტეინერების საბაჟო საწყობში შემოსვლისთანავე კორპორაციამ განახორციელა მთელი რიგი პროცედურები/მოქმედებები: საბაჟო საწყობის სველი ბეჭდით დამოწმებული აღრიცხვის მოწმობები გადაეცა გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელს/ავტომობილის მძღოლს საზღვაო ხაზისთვის გადასაცემად; აღნიშნული მოწმობები საზღვაო ხაზს უნდა წარედგინა საბაჟო ორგანოში კონტეინერების გაფორმების მომენტში (გემის დადგომამდე). შესაბამისად, კონტეინერების საბაჟო გაფორმების უზრუნველყოფა ან აღრიცხვის მოწმობების შეცვლა/გაუქმება წარმოადგენს საზღვაო ხაზის პასუხისმგებლობას. შემდგომში, კორპორაციამ საზღვაო ხაზის აგენტისგან მიიღო კონტეინერების გემზე დატვირთვის დავალება, რომელშიც კონტეინერების სტატუსად მითითებული იყო „ცარიელი“. შესაბამისად, კონტეინერები საბაჟო საწყობიდან გავიდა ცარიელი კონტეინერისათვის დადგენილი პროცედურების დაცვით, რაც არ საჭიროებს საბაჟო გაფორმებას. აღსანიშნავია, რომ საბაჟო საწყობის შიდა სისტემა (-----) კონტეინერის სტატუსად აფიქსირებს მხოლოდ „სავსე“ ან „ცარიელი“. სისტემას არ გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა ავტომატურად გამოავლინოს შემთხვევები, როდესაც კონტეინერის სტატუსი არის „ცარიელი“, თუმცა საბაჟო დოკუმენტაციით მას მინიჭებული აქვს „ტვირთის“ სტატუსი. დიდი მოცულობის ტვირთნაკადის პირობებში აღნიშნულის მექანიკური კონტროლი, რომელიც გულისხმობს თითოეული კონტეინერების თანამშრომელის მიერ ხელით გადამოწმებას, პრაქტიკულად შეუძლებელია. რადგან მოცემულ შემთხვევაში საბაჟო საწყობში შემოსვლისას კონტეინერები ფაქტობრივად (მათ შორის, სატრანსპორტო დოკუმენტაციაში მითითებული წონის მიხედვით) იყო ცარიელი, საბაჟო საწყობის შიდა სისტემაში მათთვის განსაზღვრული იყო სტატუსი „ცარიელი“. საზღვაო ხაზისგან (მისი აგენტისგან) დატვირთვის დავალების მიღებისთანავე, მასში ასახული ინფორმაცია, მათ შორის კონტეინერის სტატუსი (სავსე/ცარიელი), შესაბამისი დამტვირთველი პირის (კორპორაციის დასაქმებული პირი) მიერ აიტვირთა საბაჟო საწყობის შიდა სისტემაში (-----). გემზე დასატვირთად სისტემაში ატვირთული კონტეინერები შესაბამისი განახლების შემდეგ ავტომატურად აისახა საბაჟო სისტემაშიც. სისტემის ტექნიკური შესაძლებლობის არარსებობის გამო, კორპორაციის თანამშრომელმა ვერ შეძლო გამოევლინა, რომ საზღვაო ხაზის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, „ცარიელი“ სტატუსი ჰქონდა მინიჭებული იმ კონტეინერს, რომელიც საწყობში საბაჟო დოკუმენტაციით „ტვირთის“ სტატუსით იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, ვერ მოხერხდა, შესაბამისი ზომების მიღება უზუსტობაზე რეაგირების მიზნით, ცარიელი კონტეინერისთვის დადგენილი პროცედურების დაწყებამდე.
სწორედ, ეს წარმოადგენს იმ გადაცდომას/ადამიანურ შეცდომას, რომლის დროსაც საბაჟო კოდექსი (მუხლი 163.11) ითვალისწინებს, სამართალდამრღვევად მიჩნეული პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. იმის საილუსტრაციოდ, რომ წინამდებარე საქმეში ა.ს.კ -ის 22-ე მუხლსა და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე დაყრდნობით, არსებობს კორპორაციის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, აღსანიშნავია, რომ კორპორაციის აღნიშნულ მოქმედებას არ გამოუწვევია არანაირი მატერიალური თუ ფინანსური ზიანი სახელმწიფოსთვის ან კერძო, მესამე პირისთვის. ასევე, აღნიშნული მოქმედების შედეგად, არ მომხდარა კორპორაციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი რაიმე საქონლის განბაჟების გარეშე გატანა საბაჟო საწყობიდან.
იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ კორპორაციის მიერ განხორციელებულ გადაცდომას არ გამოუწვევია:
1. იმ ამოსავალი საჯარო ინტერესის ხელყოფა როგორიცაა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის განბაჟების გარეშე შემოტანა.
2. საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული იმ ლეგიტიმური მიზნების შეუსრულებლობა, რის საპრევენციოდაც არის პირველ რიგში ჩამოყალიბებული შესაბამისი ვალდებულებები ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და შემდეგ, დაწესებული შესაბამისი სანქცია საბაჟო კოდექსის“ 176-ე მუხლის პირველი ნაწილით და
3. სახელმწიფოსა თუ კერძო, მესამე პირებისთვის არანაირი მატერიალური თუ ფინანსური ზიანი.
მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში ადგილი აქვს ა.ს.კ -ის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ მცირემნიშვნელოვან დარღვევას და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შეცდომას/გადაცდომას და შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, კორპორაციის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისათვის.
შეჯამების სახით, ზემოთ ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, სადავო სამართალდარღვევის ოქმები და საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები; ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას; მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები.
ამავე ინსტრუქციის მე-17-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც იმავე ქმედებისთვის ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო ოქმების ერთმანეთის პარალელურად ძალაში დატოვების შემთხვევაში, სახეზე იქნება მოცემულობა, რომლის პირობებშიც არსობრივად ერთი სამართალდარღვევისთვის პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა განმეორებით - ორჯერ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩადენილი ქმედება შინაარსობრივად ექცევა ერთზე მეტი საკანონმდებლო დანაწესის დისპოზიციაში. შესაბამისად, კორპორაციის, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან, ნებისმიერი საბაჟო პროცედურის დარღვევა წარმოადგენს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო საწყობისთვის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას - ვალდებულების, რომ დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები. მოცემული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის (ანუ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის) სხვა შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგენილია საბაჟო კოდექსის შესაბამისად - კერძოდ, ამავე კოდექსის 176-ე მუხლით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულ გარემოებასთან, რაც გამორიცხავს პირისთვის - კორპორაციისთვის, საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამოყენებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს. საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება იმის გამო, რომ კორპორაციამ - საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო იმის გამორიცხვა, რომ შესაბამისი კონტროლის გარეშე, კერძოდ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საქონელს არ დაეტოვებინა საბაჟო კონტროლი. აღსანიშნავია, რომ მოცემული დარღვევა წარმოადგენს ხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (კორპორაციის) მხრიდან შემდეგი ვალდებულების დარღვევას - ვალდებულების, რომ ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გატანა კონტროლის გვერდის ავლით საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. აღნიშნული სპეციფიური ვალდებულების, უშუალოდ საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი სუბიექტის მხრიდან დარღვევისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლი, რომელიც უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს უფრო სპეციალურ ნორმას საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ კორპორაციის მიმართ 31.10.2025 წლიდან წინა 12 თვის განმავლობაში, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე შედგენილი ოქმებიდან (მაგ. 07.08.2025წ. 16.09.2025წ.), არც ერთ მათგანში არ ჰქონდა ადგილი იმგვარი ქმედების ჩადენას, რა ქმედების ჩადენისთვისაც გამოიწერა ოქმი წინამდებარე საქმეში. ამდენად, ცალსახაა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა ჯეროვნად ვერ შეაფასა და საბოლოო ჯამში ვერ დაადგინა, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოცემულობას (დარღვევის განმეორებით ჩადენად) და თუ რამდენად ექვემდებარებოდა კორპორაცია ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კონკრეტულად ამ დანაწესის - საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ალტერნატიულად, იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ოქმში მითითებული ქმედებების გამო, წინამდებარე საქმეში ადგილი ჰქონდა კორპორაციის მიერ ხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობას და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სამინისტროს წინაშე ასკ-ის 22-ე მუხლსა და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე დაყრდნობით, ითხოვს, რომ კორპორაცია გათავისუფლდეს ამგვარი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
საქმეში წარმოდგენილია კომპანიის 28.10.2025 წლის N ----- განცხადება, სადაც მითითებულია, რომ „ცხრილში მითითებული კონტეინერები საბაჟო საწყობში შემოვიდა და ----- ის მოთხოვნისა და წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გავიდა საწყობის ტერიტორიიდან, როგორც ცარიელი კონტეინერები. თანმხლები დოკუმენტაციის (აღრიცხვის მოწმობა) შესაბამისად, საბაჟო საწყობში შემოსვლისას კონტეინერები გაფორმებული იყო როგორც საქონელი/ტვირთი. ფაქტობრივად, კონტეინერები საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შემოვიდა და დატოვა ტერიტორია ცარიელ მდგომარეობაში. საბაჟო მოთხოვნებისა და დადგენილი შიდა პროცედურის შესაბამისად, კონტეინერების საბაჟო საწყობში შემოსვლისთანავე კომპანიამ განახორციელა შესაბამისი მოქმედებები: საბაჟო საწყობის სველი ბეჭდით დამოწმებული აღრიცხვის მოწმობები გადაეცა გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელს/ავტომობილის მძღოლს საზღვაო ხაზისთვის გადასაცემად; აღნიშნული მოწმობები საზღვაო ხაზს უნდა წარედგინა საბაჟო ორგანოში გემზე დატვირთვის მომენტში. შემდგომში, კომპანიამ საზღვაო ხაზის აგენტისგან მიიღო კონტეინერების გემზე დატვირთვის დავალება, რომელშიც კონტეინერების სტატუსად მითითებული იყო „ცარიელი“. შესაბამისად, კონტეინერები საბაჟო საწყობიდან გავიდა „ცარიელი“ კონტეინერისათვის დადგენილი პროცედურების დაცვით, რომელიც არ საჭიროებს საბაჟო გაფორმებას“.
მომჩივნის არგუმენტებზე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საბაჟო საწყობმა მიიღო ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი - ცარიელი კონტეინერები, საწყობში საქონელი შევიდა აღრიცხვის მოწმობით ანუ საწყობისთვის ცნობილი იყო, რომ კონტეინერი შევიდა როგორც ტვირთი, საქონელი და არა როგორც სატრანსპორტო საშუალება. თავად მომჩივანმა აღნიშნა, რომ ტექნიკური მიზეზის გამო საქონლის გაშვებისას მათთვის უცნობია კონტეინერი ცარიელია თუ დატვირთული, რაც რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს საბაჟო საწყობს პასუხისმგებლობისგან, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა, რომ კონტეინერები მიღებული იყო როგორც ტვირთი, როგორც ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი, რომელიც ექვემდებარებოდა საბაჟო ზედამხედველობას და საბაჟო კონტროლს, რომელზეც რასაკვირველია საბაჟო საწყობიდან გატანისას უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი ქმედებები ანუ საშუალება მისცემოდა საბაჟო ორგანოს განეხორციელებინა კონტროლი. აღნიშნულის შესაძლებლობა საბაჟო ორგანოს არ მიეცა. ცალსახაა, რომ საბაჟო საწყობის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ზონიდან გატანას საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, რითაც საბაჟო საწყობის მხრიდან დაირღვა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N 455 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები. ასევე აღსანიშნია, რომ სამართალდარღვევის განმეორებითობა განაპირობა იგივე ქმედების ჩადენისთვის შედგენილმა ოქმმა (მაგ. 07.08.2025 წლის N ----- ), რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალება გავიდა საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან, კონტროლის გვერდის ავლით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას და ასევე, საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას (განმეორებით), შესაბამისად მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის (საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა) ამავე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდებას, საბჭო განმარტავს შემდეგს:
მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის (საბაჟო საწყობის) მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის შედეგად დაირღვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობები, საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შენიშვნის (ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც იმავე ქმედებისთვის ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლი, ვინაიდან საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა, მოცემულ შემთხვევაში ითვლება საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევად, რაზეც საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდება არამართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 31.10.2025 წლის N EL299397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის N 28972 ბრძანება;
3. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 31.10.2025 წლის N EL299397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა;
2. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა;
3. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
სატვირთო სატრანსპორტო საშუალება ტრანზიტული საქონლით შემოვიდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა, მოგვიანებით კონტეინერები საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა საბაჟო ორგანოს თანხმობისა და რეგისტრაციის გარეშე.
დარღვევის გამო შედგა სამართალდარღვევის ოქმები და კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში არ დაკმაყოფილდა რის შემდეგაც საქმე გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 176; 163; 171;.