გადაწყვეტილება №24810/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.03.2025
№ დოკუმენტი 24810/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24810/2/2025

27 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 24.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24810/2/2025).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და დარიცხული გადასახადების მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №063-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.02.2025 წლის №1383 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 283 750,1 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 174 110

დღგ - 99 420

საშემოსავლო გადასახადი - 74 690

ჯარიმა - 93 741

საურავი - 15 899,10

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა სახის საქონლის (კარტოფილი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი, ავტომანქანის ნაწილები და სხვა) იმპორტი (ჩინეთიდან და ეგვიპტიდან) და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.02.2023 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 14.05.2023 წელს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის 21.02.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე სრული, გეგმიური კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 26.11.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 13.12.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №26336 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №063-24 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.02.2025 წლის №1383 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და

დარიცხული გადასახადების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და საგადასახადო დეკლარაციები წარდგენილი იყო საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. გადამხდელმა შემმოწმებლებს არ წარუდგინა სამეურნეო ოპერაციების ამსახველი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარდგენილ ახსნა-განმარტებაში გადამხდელი აღნიშნავდა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად და განმარტავდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენდა 310 918 ლარს, ხოლო სალაროს ფულის ნაშთი 700 ლარს. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისთვის (მ.შ. განმეორებით წარუდგენლობისთვის) გადამხდელს განესაზღვრა 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმები.

ასევე, დაინიშნა შპს ,,-------''-ის ობიექტზე მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები: საკონტროლო შესყიდვა და დათვალიერება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილით აუდიტის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა და მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელების ადგილის დათვალიერება, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი ვერ მოიძებნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (გადამხდელის 11.07.2024 წლის ახსნა-განმარტებით დაფიქსირებული 310 918 ლარის სმფ-ების ნაშთი და 9.08.2024 წლის ახსნა-განმარტებით დაკორექტირებული მარაგების 435 028 ლარის ნაშთი და ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად, ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები), რამაც გამოიწვია პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ჩასათვლელი თანხის კორექტირება (გაზრდა).

ასევე, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია სამეურნეო ოპერაციების ამსახველი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარდგენილ ახსნაგანმარტებაში გადამხდელი აღნიშნავდა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად და განმარტავდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენდა 310 918 ლარს, სალაროს ფულის ნაშთი კი 700 ლარს, თუმცა გადამხდელს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პერიოდში, გადამხდელი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის დაჯარიმდა ორჯერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ჩასათვლელი თანხის კორექტირება (გაზრდა), შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად არის დადგენილი ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნული საკითხის მიზეზი ისაა, რომ გადამხდელმა გამოუცდელობის შედეგად სათანადოდ ვერ ითანამშრომლა აუდიტის დეპარტამენტთან, ვერ მიიღო სრულყოფილი მონაწილეობა უპირველესად ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანაში, რისი შედეგიცაა ფაქტიური ნაშთის არასწორი მონაცემების დადგენა, რამაც გავლენა იქონია ფასნამატის ფორმირებაზე. ასევე გაურკვეველია რა შესადარისი ინფორმაცია გამოიყენა აუდიტის დეპარტამენტმა „მსგავსი ობიექტის“ მოძიებისას და მისი ფასნამატის გავრცელებისას. შესაძლებელია თანამშრომლობის შედეგად გამოიკვეთოს განსხვავებული გარემოებები, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს დარიცხვაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია, როგორც ერთობლივი შემოსავლის ცვლილება, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ამ ორივე ფაქტორის გათვალისწინებით კი მოხდა ფულადი სახსრების არასწორი ზრდა, რომელმაც გამოიწვია ასევე არაპირდაპირი გაანგარიშების მეთოდით გაცემულ ხელფასად განსაზღვრა, საწარმოს პასუხისმგებელ პირზე და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით ზრდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-10 მუხლის შესაბამისად „ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი“.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადამხდელის წარმომადგენელმა გამოუცდელობის შედეგად სათანადოდ ვერ ითანამშრომლა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის პროცესში, რის შედეგადაც არასწორად განისაზღვრა საქონლის ფასნამატი და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2025 წლის №------- წერილის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და საგადასახადო დეკლარაციები წარდგენილი იყო საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. გადამხდელმა შემმოწმებლებს არ წარუდგინა სამეურნეო ოპერაციების ამსახველი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარდგენილ ახსნა-განმარტებაში გადამხდელი აღნიშნავდა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად და განმარტავდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენდა 310 918 ლარს, ხოლო სალაროს ფულის ნაშთი 700 ლარს. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისთვის (მ.შ. განმეორებით წარუდგენლობისთვის) გადამხდელს დაეკისრა 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმები. ასევე, დაინიშნა შპს ,,-------''-ის ობიექტზე მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები: საკონტროლო შესყიდვა და დათვალიერება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილით აუდიტის დეპარტამენტს ეცნობა, რომ შპს ,,--------“-ში ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა და მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელების ადგილის დათვალიერება, ვინაიდან შპს ,,--------“-ის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი ვერ მოიძებნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელის შესყიდული პროდუქცია დაიყო კატეგორიებად (კარტოფილი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი და ავტომანქანის ნაწილები) და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი 25%, ხოლო საყოფაცხოვრებო საქონლისთვის ანალოგიური საქონლით მოვაჭრე სუბიექტის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 45%.

დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (კარტოფილი, საყოფაცხოვრებო საქონელი, ავტონაწილები, ტანსაცმელი) გავრცელდა შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) საშუალო შეწონილი ფასნამატი (საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია გადამხდელს არ უფიქსირდებოდა და შესაბამისად ვერ მოხდებოდა აღნიშნული მეთოდის გამოყენება).

ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას შემოწმებით დადგენილ შემოსავალს (1 213 364 ლარი, რაც ჩაითვალა სრულად მიღებულად), გამოაკლდა გადამხდელის მიერ საქართველოში გაწეული ხარჯები 35 705 ლარი, საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულებები 685 162 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები 192 533 ლარი და გადახდილი ხელფასი 1 200 ლარი.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

შემოწმების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის არასწორად განსაზღვრის და ამავე გადასახადის გადასახდელად შესაბამისი ვალდებულებების არამართლზომიერად შესრულებისთვის ჯარიმები დაეკისრა საგადასახადო 282-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსი 275-ე მუხლის მიხედვით და ასევე დაერიცხა საურავი, საგადსახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

მითითებულის გათვალისწინებით, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით/არცოდნით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ არასწორად არის დადგენილი ერთობლივი შემოსავალი.

2.მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და საგადასახადო დეკლარაციები წარდგენილი იყო საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. გადამხდელმა შემმოწმებლებს არ წარუდგინა სამეურნეო ოპერაციების ამსახველი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარდგენილ ახსნა-განმარტებაში გადამხდელი აღნიშნავდა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად და განმარტავდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენდა 310 918 ლარს, ხოლო სალაროს ფულის ნაშთი 700 ლარს. სსკ-ის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისთვის გადამხდელს განესაზღვრა 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმები.

ასევე, დაინიშნა მომჩივანის ობიექტზე მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები: საკონტროლო შესყიდვა და დათვალიერება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილით აუდიტის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა და მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელების ადგილის დათვალიერება, ვინაიდან გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი ვერ მოიძებნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდითკერძოდ, გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელის აუდირებული ფასნამატი,რამაც გამოიწვია პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ჩასათვლელი თანხის კორექტირება.

ასევე, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე სანქცია.

2. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის არასწორად განსაზღვრის და ამავე გადასახადის გადასახდელად შესაბამისი ვალდებულებების არამართლზომიერად შესრულებისთვის ჯარიმები დაეკისრა სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსი 275-ე მუხლის მიხედვით და ასევე დაერიცხა საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),101,154,159,163,164,269(7),282.