ბრძანება N 28118
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28118
23 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 8 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №99244/1/2025 და №99245/1/2025 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ნოემბრის №021-1365 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. მიუთითებს, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) დანადგარის შეძენის დროს (ივლისის თვე), ამ უკანასკნელს არ გააჩნდა საგადასახადო დავალიანება და მისი ქონება არ იყო საგადასახადო გირვანობა/იპოთეკით დატვირთული. შპს ,,-------" მიერ შპს ,,-------” არაერთხელ იქნა მოთხოვნილი შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გამოწერა, თუმცა შპს „-------“ მხოლოდ 2025 წლის პირველ სექტემბერს გამოწერა შესაბამისი სასაქონლო ზედნადები. ამასთან, როდესაც მოხდა სასაქონლო ზედნადების გამოწერა, იმ პერიოდში, გადამხდელის ინფორმაციით, კომპანიის დავალიანება შეადგენდა 8 000 ლარს, ხოლო საგადასახადო ორგანო ითხოვს შპს ,,-------" დღემდე არსებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2025 წლის 20 აგვისტოს №023–2530 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2025 წლის 13 ოქტომბერს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №021-1252 ბრძანება. ამასთან, 2025 წლის პირველ სექტემბერს შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული მოძრავი ქონება №ელ------- სასაქონლო ზედნადებით გასხვისდა შპს „-------“ (ს/ნ -------) სახელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 10 ნოემბრის №021-1365 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონება, სასაქონლო ზედნადები №ელ-------.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით (ზედნადების გამოწერის თარიღი) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 251 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2025 წლის 20 აგვისტოს №023–2530 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნულის შემდეგ 2025 წლის პირველ სექტემბერს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა შპს „-------“ (ს/ნ -------) №------- სასაქონლო ზედნადებით. შესაბამისად, აღნიშნული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 241-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა დაყადაღებას. ამასთან, 2025 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „-------“ (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გამო შპს „-------“ (ს/ნ -------) ქონებაზე (№------- სასაქონლო ზედნადებით მიღებული) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს-ს მთელ ქონებაზე 2025 წლის 20 აგვისტოს გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ასევე, 2025 წლის 13 ოქტომბერს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. ამასთან, 2025 წლის პირველ სექტემბერს შპს-ს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული მოძრავი ქონება სასაქონლო ზედნადებით გასხვისდა მომჩივანის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივანის საკუთრებაში არსებული, შპს-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონება. ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს-ს 2025 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით (ზედნადების გამოწერის თარიღი) და 2025 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს-ს საგადასახადო დავალიანების გამო მომჩივანის ქონებაზე სასაქონლო ზედნადებით მიღებული) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(5); 241; 242