ბრძანება N 14581
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N14581
26.06.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(ფაქტ. მის: -------, -------)
2023 წლის 19 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -----) №81120/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №067-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია დარიცხვის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1473 და 31 მარტის ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 13 აპრილის №8294 ბრძანება და ამავე თარიღის №067-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 58 484 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 066 ლარი, ჯარიმა 18 881 ლარი, საურავი 1 537 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ------- (ს/ნ -----) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, რომელსაც ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში სიღნაღის რაიონი, სოფელ წნორში. საქონლის შეძენა/რეალიზაციას ახდენს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს შემოწმების პროცესში ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2020 წელს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 0 ლარი, 2021 წელს 23 726 ლარი, ხოლო 2022 წელს 35 906 ლარი. გადამხდელის მიერ 2021 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 10%-ს. შესამოწმებელ პერიოდში, მეწარმე დაჯარიმებულია საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლზე მითითებით და გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რადგან მეწარმის დოკუმენტური რეალიზაცია არაარსებითია, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებულ იქნა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა იგივე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (საშუალოდ 16,6%)
აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი, რომლის შესაბამისად მეწარმის 2021 წლის შემოსავალი გაიზარდა 24 857 ლარით, ხოლო 2022 წელს 185 483 ლარით. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით, რის შედეგადაც დაკორექტირდა (გაიზარდა) ი/მ ------- (ს/ნ -----) მიერ დეკლარირებული ბრუნვები, როგორც წლიურ საშემოსავლო, ასევე დღგ-ის ნაწილში. შესაბამისად მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს შემოწმების პროცესში ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2020 წელს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 0 ლარი, 2021 წელს 23 726 ლარი, ხოლო 2022 წელს 35 906 ლარი. გადამხდელის მიერ 2021 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 10%-ს. გამომდინარე იქიდან რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რადგან მეწარმის დოკუმენტური რეალიზაცია არაარსებითია, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებულ იქნა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა იგივე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (საშუალოდ 16,6%). აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ი/მ ------- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოება
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით, რის შედეგადაც დაკორექტირდა (გაიზარდა) მეწარმის მიერ დეკლარირებული ბრუნვები, როგორც წლიურ საშემოსავლო, ასევე დღგ-ის ნაწილში. შესაბამისად მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზშესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61-ე; 73-ე; მე-100, 102-ე; 136; 159-ე; 160-ე, 163-ე, 275-ე;