ბრძანება N 7509
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7509
06.04.2023
შპს „------------“ (ს/ნ --------------)
(მის.: ------------------)
2023 წლის 27 იანვრის და 13 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 27 იანვრის №78633/1/2023 და 13 მარტის დაზუსტებული №79625/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-125 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გაუფასურებული ზარალის გაუთვალისწინებლობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივნის განმარტებით, განხორციელებული დარიცხვა წინააღმდეგობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან და ეფუძნება ბასს სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უგულებელჰყო დიდი ოთხეულის წევრი შპს „----------------“ (-------------) მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, არ გაითვალისწინა ანგარიშგებაში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების გაუფასურების ზარალის თანხა და ნაცვლად კანონით დადგენილი საბალანსო ღირებულებისა, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრა გაზრდილი მონაცემებით. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია ყოველწლიურად ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას ფასს-ის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო აუდირებას ახორციელებს „-----------“. 2017, 2018 და 2019 წლების ფინანსურ ანგარიშგებებზე ------------- მიერ გამოცემულია არამოდიფიცირებული დასკვნები, რომელთა მიხედვით ფინანსური ანგარიშგებები ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით სამართლიანად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ფასს-ის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. იმ პირობებში, როდესაც დამოუკიდებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით უტყუარადაა დადგენილი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მონაცემების და მათ შორის, ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებების სისწორე, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, მოეხდინა აღნიშნული მონაცემების ცალმხრივი კორექტირება. გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2018 წელს ძირითადი საშუალებების გაუფასურებაზე კომპანიამ წარადგინა „----------------“ წერილი 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე გამოცემულ დასკვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილით „-----------------მ“ დაადასტურა, რომ კომპანიის ძირითადი საშუალებები, რომელიც აღრიცხულია 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, მომზადებულია ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ეყრდნობა ფასს-ს, კონკრეტულად, კი ასს 16 „ძირითადი საშუალებები“ და ასს 36 „აქტივების გაუფასურება“ მოთხოვნების დაცვით. ამავე წერილში დადასტურებულ იქნა, რომ 2019 წლის 6 ნოემბრით დათარიღებულ აუდიტის დასკვნაში მოსაზრება არ არის მოდიფიცირებული ამ საკითხთან მიმართებაში. ამდენად, აღნიშნული წერილი პირდაპირ ეხება 2019 წლის პერიოდსაც, ვინაიდან ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების ცვლილება გამოწვეულია 2018 წლის გაუფასურების ზარალით. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე არ გაითვალისწინა ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი გაუფასურების ზარალის თანხა ქონების გადასახადის გაანგარიშებისას. აღნიშნულზე შედგენილი შემოწმების აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის გადაწყვეტილების შესაბამისად, წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტში, თუმცა მისი შესწავლა და გადაანგარიშება დღემდე არ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, გაუგებარია, რა სახის ექსპერტის დასკვნა უნდა წარედგინათ აუდიტის დეპარტამენტისთვის, რომელიც დაადასტურებდა გაუფასურების ტესტის სისწორეს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33359 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის ქონების გადასახადით (გარდა მიწისა) დასაბეგრი ბაზის გაუფასურების ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ამავე თარიღის №33714 ბრძანება და №094-125 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 155 802 ლარი, მათ შორის, გადასახადი 754 550 ლარი, ჯარიმა 377 275 ლარი, საურავი 23 977 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
2019 წელს წარმოდგენილი ქონების გადასახადის პირველადი დეკლარაციის საფუძველზე კომპანიის დეკლარირებული ქონების გადასახადი შეადგენდა 1 107 696 ლარს. ხოლო დაზუსტებული დეკლარაციით, რომელიც წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 31 მაისს, განხორციელდა ქონების გადასახადის შემცირება 757 145 ლარით. რისკის მიმოხილვის პროცედურის ფარგლებში განხორციელდა ქონების გადასახადით (გარდა მიწისა) დასაბეგრი ბაზის შესწავლა. კომპანიის მიერ წარდგენილი 2019 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2018 წელს გაუფასურების ტესტის შედეგად მისი ძირითადი საშუალებების ჯამურმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 132 019 000 ლარი, საიდანაც 75 455 000 ლარი ეხება სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს, ხოლო 56 564 000 ლარი ეხებოდა სატელეკომუნიკაციო ლიცენზიებს, სიხშირეებს და ნებართვებს. გაუფასურების შესახებ მოსაზრება ეყრდნობა არაოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც შედგენილია ჰოლდინგში შემავალი უცხოური კომპანიის „------------“-ის მიერ. ბასს 36-ე სტანდარტით დადგენილია აქტივების გაუფასურების პროცედურები, რომლებსაც გამოიყენებს საწარმო, რათა უზრუნველყოს, რომ აქტივები არ აისახოს ანაზღაურებად ღირებულებაზე მეტი თანხით. აქტივი ასახულია ანაზღაურებად ღირებულებაზე მეტი თანხით, თუ აქტივის საბალანსო ღირებულება მეტია მისი გამოყენების ან გაყიდვის შედეგად მისაღებ თანხაზე. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს აქტივის გაუფასურებასთან და წინამდებარე სტანდარტით საწარმოს მოეთხოვება გაუფასურების ზარალის აღიარება. წინამდებარე სტანდარტით ასევე განისაზღვრება, თუ როდის უნდა მოხდეს გაუფასურების ზარალის კომპენსირება საწარმოს მიერ და მოითხოვება გარკვეული განმარტებითი შენიშვნები გაუფასურებული აქტივებისათვის. ანაზღაურებადი ღირებულების განსაზღვრისათვის უნდა არსებობდეს ორი კომპონენტი, კერძოდ, გასვლის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულება და გამოყენების ღირებულება. შესაბამისად, ამ ორიდან უდიდესით უნდა განისაზღვროს აქტივის საბოლოო ღირებულება. ამასთან, ამავე სტანდარტის მე-20 პუნქტი განსაზღვრავს, რომ თუ შეუძლებელია გასვლის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულების განსაზღვრა, რადგან არ არსებობს საფუძველი იმ ფასის საიმედოდ შეფასებისთვის, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აქტივის გაყიდვა ბაზრის მონაწილეებს შორის, შეფასების თარიღისთვის ნებაყოფლობით განხორციელებული ოპერაციის მეშვეობით, მიმდინარე საბაზრო პირობებში, ასეთ შემთხვევაში, აქტივის გამოყენების ღირებულება შესაძლოა მიჩნეულ იქნეს აქტივის ანაზღაურებად ღირებულებად. იმისთვის, რომ მტკიცებით ფორმაში განვაცხადოთ, რომ შეფასებული აქტივების სარეალიზაციო ბაზარი არ არსებობს და შესაბამისად, მისი რეალური ღირებულების დადგენა შეუძლებელია/მიზანშეუწონელია, საჭიროა აღნიშნულის დადასტურება განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილების/კვალიფიკაციის მქონე პირის/ექსპერტის მიერ (ექსპერტის მიერ უნდა განხორციელდეს ქონების რეალური ღირებულების დადგენა და შესაბამისად, მანვე უნდა განსაზღვროს რომელ მეთოდს გამოიყენებს და რა ღირებულებას განსაზღვრავს, ან დაადგენს შესაძლებელია თუ არა აღნიშნული აქტივის საბაზრო ფასით შეფასება). ასეთი შეფასების გარეშე, ვერ ხდება 36-ე სტანდარტით გათვალისწინებული წესის დაცვა და გადაფასება არ შეესაბამება სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაზრდილ იქნა 2019 წლის ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა შემცირებული გაუფასურების ზარალის თანხით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 16-ის 66-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საშუალების ერთეულის გაუფასურება ან დანაკარგი, მესამე მხარის მიმართ კომპენსაციასთან დაკავშირებული შესაბამისი მოთხოვნები ან გადახდები და შემცვლელი აქტივების ნებისმიერი შემდგომი შესყიდვები ან შექმნა დამოუკიდებელი ეკონომიკური მოვლენებია და დამოუკიდებლად აისახება. კერძოდ, ძირითადი საშუალებების ერთეულთა გაუფასურების აღიარება ხდება ბასს 36-ის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად:
8. აქტივის გაუფასურება ხდება მაშინ, როდესაც აქტივის საბალანსო ღირებულება მეტია მის ანაზღაურებად ღირებულებაზე. მე-12-14 პუნქტებში აღწერილია ზოგიერთი მაჩვენებელი, რომელთა არსებობა მიუთითებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა გაუფასურების ზარალს. ერთ-ერთი მათგანის არსებობის შემთხვევაშიც კი, საწარმო ვალდებულია მოახდინოს ანაზღაურებადი ღირებულების ოფიციალური შეფასება. გარდა მე-10 პუნქტში აღწერილი გარემოებებისა, საწარმოს არ მოეთხოვება ანაზღაურებადი ღირებულების ოფიციალური შეფასება, თუ არ არსებობს რაიმე ნიშანი შესაძლო გაუფასურების ზარალზე.
9. ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმომ უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა მინიშნება აქტივის გაუფასურების შესახებ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია შეაფასოს აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება.
ამავე სტანდარტის მე-20 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა აქტივის გასვლის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულება განისაზღვროს მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს იდენტური აქტივის აქტიური ბაზრის კოტირებული ფასი. თუმცა, ზოგჯერ შეუძლებელია გასვლის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულების განსაზღვრა, რადგან არ არსებობს საფუძველი იმ ფასის საიმედოდ შეფასებისთვის, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აქტივის გაყიდვა ბაზრის მონაწილეებს შორის, შეფასების თარიღისთვის ნებაყოფლობით განხორციელებული ოპერაციის მეშვეობით, მიმდინარე საბაზრო პირობებში. ასეთ შემთხვევაში, აქტივის გამოყენების ღირებულება შესაძლოა მიჩნეულ იქნეს აქტივის ანაზღაურებად ღირებულებად.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის 33-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულადი სახსრების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ და დასაბუთებულ დაშვებებს, რომლებიც ხელმძღვანელობის მიერ გამოთვლილი მოცემული აქტივის დარჩენილი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში მოსალოდნელი ეკონომიკური ვითარების საუკეთესო შეფასებას წარმოადგენს. აქცენტი უნდა გაკეთდეს გარედან მიღებულ ინფორმაციაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციით განახორციელა ქონების გადასახადის შემცირება 757 145 ლარით. 2019 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს გაუფასურების ტესტის შედეგად კომპანიის ძირითადი საშუალებების ჯამურმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 132 019 000 ლარი, საიდანაც 75 455 000 ლარი ეხებოდა სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს, ხოლო 56 564 000 ლარი - სატელეკომუნიკაციო ლიცენზიებს, სიხშირეებს და ნებართვებს. გაუფასურების შესახებ მოსაზრება ეყრდნობა არაოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც შედგენილია ჰოლდინგში შემავალი უცხოური კომპანიის „----------“-ის მიერ. ბასს სტანდარტი 36-ის შესაბამისად, დადგენილია აქტივების გაუფასურების პროცედურები, რომლებსაც გამოიყენებს საწარმო, რათა უზრუნველყოს, რომ აქტივები არ აისახოს ანაზღაურებად ღირებულებაზე მეტი თანხით. იმისთვის, რომ დადასტურდეს შეფასებული აქტივების სარეალიზაციო ბაზრის არარსებობა და მისი რეალური ღირებულების მიზანშეუწონლობა/შეუძლებლობა, საჭიროა შესაბამისი უფლებამოსილების/კვალიფიკაციის მქონე პირის/ექსპერტის მიერ განხორციელდეს ქონების რეალური ღირებულების დადგენა (პირმა უნდა განსაზღვროს რომელ მეთოდს გამოიყენებს და რა ღირებულებას განსაზღვრავს, ან დაადგენს შესაძლებელია თუ არა აღნიშნული აქტივის საბაზრო ფასით შეფასება). განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული შეფასების გარეშე, არ ხდება ბასს 36-ე სტანდარტით გათვალისწინებული წესის დაცვა და გაუფასურება არ შეესაბამება სტანდარტს.
ზემოაღნიშნული ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გაუფასურების ზარალის გაუთვალისწინებლობა მართლზომიერია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------------“ (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გაუფასურებული ზარალის გაუთვალისწინებლობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
2019 წელს წარმოდგენილი ქონების გადასახადის პირველადი დეკლარაციის საფუძველზე კომპანიის დეკლარირებული ქონების გადასახადი შეადგენდა 1 107 696 ლარს. ხოლო დაზუსტებული დეკლარაციით, რომელიც წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 31 მაისს, განხორციელდა ქონების გადასახადის შემცირება 757 145 ლარით. კომპანიის მიერ წარდგენილი 2019 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2018 წელს გაუფასურების ტესტის შედეგად მისი ძირითადი საშუალებების ჯამურმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 132 019 000 ლარი. გაუფასურების შესახებ მოსაზრება ეყრდნობა არაოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც შედგენილია ჰოლდინგში შემავალი უცხოური კომპანიის „------------“-ის მიერ.
შემოწმების მიერ გაზრდილ იქნა 2019 წლის ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა შემცირებული გაუფასურების ზარალის თანხით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში გაუფასურების ზარალის გაუთვალისწინებლობა მართლზომიერია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1)"ა.ა", 202(1), 205(2).
ბასს 16 (66)"ა"; ბასს 36 (8)(9).