გადაწყვეტილება №20272/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20272/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 16.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20272/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №005-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14577 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 245 392 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 130 770
დღგ - 54 811
მოგების გადასახადი - 56 648
საშემოსავლო გადასახადი - 19 311
ჯარიმა - 65 385
საურავი - 49 237
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ტკბილეულის (ნუშის ნამცხვარი, ქადა, შოკოლადიანი ნამცხვარი და ა.შ) წარმოება და რეალიზაცია ძირითადად საბითუმოდ.
აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი ძირითადი საქონლის (ფქვილი, შაქარი, მარგარინი) მოძრაობის ანალიზი, შეძენის და წარმოებაში გახარჯვის შესაბამისად (სასაქონლო ზედნადებებში ასახული თითოეული სახეობის ნაწარმის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად). აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული ქონების საწყისი და საბოლოო მარაგების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად და ინფორმაცია გადამხდელის მიერ დეკლარირებული საქონლის დანაკლისის შესახებ.
დადგენდა, რომ შესამოწმებელი პერიოდების ბოლოსთვის მოცემული დასახელების საქონლის ნაშთი უნდა შეადგენდეს: ფქვილი - 32 520 კგ-ით მეტს, ხოლო შაქარი - 18 133 კგ-ით მეტს. შემოწმებით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც არ ფიქსირდება სმფ-ების ნაშთში და არ არის დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში, განხილულ იქნა წარმოებად რეალიზების სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის სახეობების მიხედვით მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში მათი პროპორციის გათვალისწინებით, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად საანგარიშო თვეების მიხედვით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 304 553 ლარის ოდენობით, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ 54 820 ლარი, ხოლო მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (დამფუძნებელზე) გაცემულ დივიდენდად (საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი განმარტების გათვალისწინებით).
აღნიშნულ განაცემებთან მიმართებაში, საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. საწარმოს დირექტორის წერილის და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 120-ე ნაწილის გათვალისწინებით, გაცემული დივიდენდის კუთვნილი მოგების გადასახადით დაბეგვრისას მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებული იქნა 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდზე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი (11 550 ლარი), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2012-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციების მონაცემების შესაბამისად). ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №005-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14577 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის მოძრაობის ანალიზი და გამოვლინდა სხვაობები საქონლის ფაქტობრივ და შემოწმებით დადგენილს შორის. აღნიშნული სხვაობები განხილულ იქნა წარმოებად რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის სახეობების მიხედვით მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში მათი პროპორციის გათვალისწინებით, ზედნადებებში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად საანგარიშო თვეების მიხედვით. ხოლო რეალიზაციიდან მისაღები/მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (დამფუძნებელზე) გაცემულ დივიდენდად, დირექტორის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, ხოლო მოგების გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ შესყიდული ნედლეულის ჩამოწერის დეტალურ გაშიფვრას და ინფორმაციას რეალიზებული ნედლეულის შესახებ წარმოადგენს მოგვიანებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში ვერ ითანამშრომლა სათანადოდ შემმოწმებლებთან და ვერ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რამაც გამოიწვია არარეალური და მისთვის შეიძლება ითქვას კატასტროფული შედეგი, რადგან ამ ოდენობის მოგება შეუძლებელია ჰქონოდა. ეს ჩანს როგორც კომპანიის აქტივებით, ასევე დამფუძნებელთა პირადი აქტივების მიხედვითაც. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შემოწმებით დადგენილი მონაცემი ზღაპრული მარჟაა, რომლის მსგავსიც არათუ მომჩივნის კომპანიაში, ზოგადად ვერ იარსებებს საქართველოში ამ სფეროში. ეს რომ რეალური იყოს, არავინ მოჰკიდებდა ხელს სხვა საქმეს და ყველა ცხობას დაიწყებდა საქართველოში.
შემმოწმებელს მიაწოდა 2 პროდუქტის კალკულაცია, რომლის მიხედვითაც მოახდინეს ყველა პროდუქტის წარმოების აწყობა. სამწუხაროდ 2 პროდუქტის კალკულაციის მიხედვით ვერ მოხერხდა რეალური შედეგის მიღება. ამასთან, აშკარა შეცდომაა მიწოდებულ კალკულაციაშიც. მაგალითად, ერთერთია ნუშის ნამცხვრის კალკულაცია, მიწოდებულ კალკულაციაში ნუში საერთოდ არ ფიქსირდება, რადგან მისი შეძენა ხდებოდა მაღაზიაში და მუდმივად შეზღუდული დროის გამო არ ითხოვდა სასაქონლო ზედნადებებს. არ იცოდა ეს რა შედეგამდე მიიყვანდა. ნუშის ღირებულების ხვედრითი წილი ნუშის ნამცხვრის თვითღირებულებაში ყველაზე მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინება ცხადია შეამცირებს ფასნამატს. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით, სანაცვლოდ შემცირდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხის ოდენობაც.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა საკითხის ხელახალი შესწავლას შემმოწმებლებთან მაქსიმალური თანამშრომლობით. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14577 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რასაც არ ეთანხმება, რადგან საკითხის განხილვა შემოსავლების სამსახურში განხორციელდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ვერ შეძლო დაესაბუთებინა არგუმენტები.
საჩივარში აღნიშნული ჰქონდა, რომ წარმოდგენილ გაანგარიშებას ვერ დაეთანხმება, რადგან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს სულ 190 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) ნედლეული (ძირითადად შაქარი და ფქვილი). ამავდროულად დოკუმენტაციით რეალიზებული აქვს 249 000 ლარის წარმოებული პროდუქცია. ხოლო, შემოწმებით დამატებით გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 304 000 ლარით. ანუ შემოწმების მონაცემებით დამატებით მოახდინა 304 000 ლარის საქონლის რეალიზება, რაც ცხადია ვერ იქნება რეალობა.
შეუძლია წარადგინოს თითოეული წარმოებული პროდუქტის ზუსტი კალკულაციები, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდება რეალური ფასნამატისა და შესაბამისად რეალიზაციის მოცულობის განსაზღვრა.
თუკი აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში წარმოდგენილი კალკულაციები არ უნდა იქნას გათვალისწინებული შემოწმების შედეგების დასაკორექტირებლად, ასეთ შემთხვევაში ითხოვს, გამოყენებულ იქნას სხვა მსგავს საწარმოებში დადგენილი ფასნამატი, რადგან შემოწმების პროცესში მიწოდებული კალკულაციები ყველა პარამეტრით აცდენილია რეალობას (მათ შორის ინგრედიენტების თვითღირებულებების ნაწილში) და აღნიშნულის შედეგად დადგენილი შემოსავლის მიხედვით დარიცხული გადასახადებით მიიღება უტოპიური შედეგი.
მიუთითებს, რომ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა მკვეთრად აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ჯამურ ხარჯებს.
მომჩივანმა 3.10.2023 წელს №-------/2/2023 კორესპონდენციით წარმოადგინა დამატებითი ახსნაგანმარტება, სადაც მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგი მიუთითებს ასეთ გარემოებაზე:
მომჩივანი აწარმოებდა ნიგვზიან კრუასანს ნიგვზის გარეშე, ნუშის ნამცხვარს ნუშის გარეშე და ზოგადად ნამცხვრებს კვერცხის გარეშე, მაგრამ პროდუქტს მაინც ჰყიდდა 200%-იანი ფასნამატით, თუმცა ასეთი მოგების პირობებში კომპანიის საქმიანობა შეწყდა (არანაირი ფორმით არ გაგრძელებულა). ამასთან, არც საწარმოს და არც საწარმოს დამფუძნებელს არ უფიქსირდება პირადი აქტივების ზრდა. ეს სრულიად ალოგიკური სურათი ცხადია გამოწვეულია არასათანადო თანამშრომლობით შემმოწმებლებთან, ითხოვს, ეს არ იქცეს სასჯელად საწარმოს ხელმძღვანელისთვის და საწარმოს გადასახდელად განესაზღვროს ადეკვატური თანხა. აქედან გამომდინარე წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში და ითხოვა საკითხის ხელახალი შესწავლა შემმოწმებლებთან მაქსიმალური თანამშრომლობით. შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განიხილა საჩივარი და 27.06.2023 წელს გამოსცა №14577 ბრძანება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წელს გამოსცა №14577 ბრძანებას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ელექტრონული დოკუმენტაციით შეძენილი აქვს სულ 190 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) ნედლეული (ძირითადად შაქარი და ფქვილი). დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენდა 278 129 ლარს, რაც შემოწმებით გაიზარდა 582 682 ლარამდე. დოკუმენტაციით რეალიზებული აქვს 249 000 ლარის წარმოებული პროდუქცია. ხოლო შემოწმებით დამატებით გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 304 000 ლარით. შემოწმების პროცესში, პირმა, რომელიც კომპანიას ეხმარებოდა გადასახადების დეკლარირებაში აუდიტორებს მიაწოდა 3 პროდუქტის წარმოების კალკულაცია (სულ შესამოწმებელ პერიოდში ცადა 30-მდე პროდუქტის წარმოება). კალკულაცია ააწყო მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტაციით შესყიდული საქონლის მიხედვით და შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ხარვეზები. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების პროცესში უგულებელყოფილი იქნა ისეთი ხარჯები, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო ეწარმოებინა რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებული პროდუქტი. კერძოდ:
- რეალიზებულია 1 304 კგ ნიგვზიანი ნამცხვარი. მაგრამ არ უფიქსირდება დოკუმენტით ნიგვზის შეძენა. ასევე რეალიზებულია 9 740 კგ ქადა რომელის საწარმოებლადაც აუცილებელია ნიგოზი;
- რეალიზებულია 11 386 კგ ნუშის ნამცხვარი, მაგრამ არ ფიქსირდება ელექტრონული დოკუმენტით ნუშის შეძენა;
- რეალიზებულია 4 950 კგ შოკოლადის ნამცხვარი, მაგრამ არ ფიქსირდება ელექტრონული დოკუმენტით შოკოლადის ან კაკაოს შეძენა; - ასევე რეალიზებულია მედოგი, კექსი, პასკა და სხვა ნამცხვრები (ჯამში 5 000 კგ-ზე მეტი), მაგრამ არ ფიქსირდება კვერცხის შეძენა.
პროდუქტის საწარმოებლად საჭირო ზემოაღნიშნული ინგრედიენტების შეძენა ხდებოდა დამოუკიდებელი დისტრიბუტორის მხრიდან შეკვეთის განხორციელების შემდგომ მოკლე დროში მცირე ოდენობებით საცხობის მიმდებარედ არსებულ მარკეტებსა და ბაზრობებზე, შესაბამისად, სამწუხაროდ დოკუმენტის საჭიროება არ იყო გათვალისწინებული. ეს გარემოებაც მიუთითებს, რომ რეალურად საქმე ეხება მცირე საწარმოს, რომელსაც შესყიდვის პროცესი არ აქვს გამართული სრულყოფილად.
წარმოდგენილი აქვს დეტალურად წარმოებული პროდუქციის ცხრილი (რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით) და შესაბამისად ისეთი ინგრედიენტების კალკულაციას, რომელთა შესყიდვის გარეშეც წარმოუდგენელია მომხდარიყო მათი წარმოება. შეუძლებელია ვინმეს ეჭვი შეეპაროს ინგრედიენტების ოდენობაში. რაოდენობის საშუალო ფასზე გამრავლებით ვიღებთ იმ ხარჯის ოდენობას, რომელიც უპირობოდ გასწია საწარმომ და რომელზეც დოკუმენტაცია არ გააჩნია. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული „მეთოდური მითითება სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მიუთითებს სწორედ ისეთ გარემოებაზე, როდესაც სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ ხარჯზე, ან ხარჯის ნაწილზე, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, თუმცა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. მეთოდური მითითების თანახმად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. წარმოდგენილ ცხრილში სადავო დეტალების აღმოჩენის შემთხვევაში მზად არის გაიზიაროს აუდიტორის პოზიცია ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით.
ამასთან მიაჩნია, რომ თუკი მიღებული გადაწყვეტილებით მართლზომიერად ჩაითვლება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დანაკლისად განხილული ინგრედიენტებით არაპირდაპირი მეთოდით პროდუქციის წარმოება (და არა მათი რეალიზაცია წარმოების გარეშე), ამ შემთხვევაში ცხადია პროპორციულად უნდა გაიზარდოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობაც (კვერცხის, ნიგვზის, ნუშის, თხილის და ა.შ) რადგან თუ აუდიტის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ნამდვილად მოხდა პროდუქციის წარმოება, მაშინ არ უნდა გახდეს სადავო ამ პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული აუცილებლად გამოსაყენებელი ინგრედიენტების შესყიდვის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს დაბეგრილი თანხის კორექტირება შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მე-6 დანართის „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ თანახმად.
თუკი აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში წარმოდგენილი კალკულაციები არ უნდა იქნას გათვალისწინებული შემოწმების შედეგების დასაკორექტირებლად, მაშინ ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოიყენოს სხვა მსგავს საწარმოებში დადგენილი ფასნამატი, რადგან შემოწმების პროცესში მიწოდებული კალკულაციები ყველა პარამეტრით აცდენილია რეალობას (მათ შორის ინგრედიენტების თვითღირებულებების ნაწილში) და აღნიშნულის შედეგად დადგენილი შემოსავლის მიხედვით დარიცხული გადასახადებით ვიღებთ უტოპიურ შედეგს.
გარდა ამისა, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმო ორიენტირებული იყო პროდუქტის საბითუმო რეალიზაციაზე და შესაბამისად ნაწარმოები პროდუქტის რეალიზაცია ხდებოდა ელექტრონული დოკუმენტის გამოწერის გზით. ამავდროულად, ხდებოდა ფქვილისა და შაქრის რეალიზაცია მცირე ფასნამატით. მყიდველები წარმოადგენდნენ იქვე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, შესაბამისად მათზე არ იწერებოდა რეალიზაციის დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. ცდილობს მოიპოვოს მტკიცებულებები (მყიდველების მიერ ხელმოწერით დადასტურებული ახსნა-განმარტებები), რომლითაც დაასაბუთებს, რომ რეალურად ხდებოდა საქონლის რეალიზაცია და მათი გამოყენება სრულად არ მომხდარა წარმოების პროცესში. მსგავსი დოკუმენტაციის მოპოვება ძალიან რთულია, ფაქტობრივად იმყოფება გამოუვალ მდგომარეობაში. ითხოვს, მიეცეს საშუალება დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება.
როდესაც კომპანიის ცუდი ფინანსური შედეგების საწარმო დახურვის პირასაა და ამ დროს ინიშნება საგადასახადო შემოწმება, დამფუძნებელსა და დირექტორს უჭირს თანხების მობილიზებაც და მოტივაციის შენარჩუნებაც შემოწმების პროცესში სრულყოფილი თანამშრომლობისათვის. ასეთ დროს, როგორც წესი დამფუძნებელი/დირექტორი ეძებს სხვა გზებს ოჯახის უზრუნველსაყოფად და პარალელურად რთულია საგადასახადო შემოწმების პროცესში სრულყოფილად ჩართვა (საუბარია მცირე საწარმოებზე). ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას ეს გარემოება და მიეცეს საშუალება შემოწმების შედეგები დაუახლოვოს მეტ-ნაკლებად სამართლიან ნიშნულს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14577 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №005–42 საგადასახადო მოთხოვნა, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებით შესწავლა მათ შორის წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და დარიცხული თანხების კორექტირება, საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის და დღგ-ის ნაწილში.
2.11.2023 წელს წარმოადგინა №-----/2/2023 კორესპონდენცია, სადაც მიუთითა რომ წარმოადგენს ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნამდვილად ახდენდნენ ყოველთვიურად ფქვილისა და შაქრის შეძენას მომჩივნის კუთვნილ საცხობში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 97-ე პირველი ნაწილის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს უნდა დაევალოს, აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ასევე, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14577 ბრძანება;
3. საბჭოს აპარატს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად;
4. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;
5. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:
ა) სადავო საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილი/წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით;
ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; 6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ტკბილეულის წარმოება და რეალიზაცია ძირითადად საბითუმოდ. აუდიტის დეპარტამენტის წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წ-დან 1.12.2022 წ-დე პერიოდი. შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი ძირითადი საქონლის მოძრაობის ანალიზი, შეძენის და წარმოებაში გახარჯვის შესაბამისად. აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული ქონების საწყისი და საბოლოო მარაგების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად და ინფორმაცია გადამხდელის მიერ დეკლარირებული საქონლის დანაკლისის შესახებ. შემოწმებით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც არ ფიქსირდება სმფ-ების ნაშთში და არ არის დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში, განხილულ იქნა წარმოებად რეალიზების სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის სახეობების მიხედვით მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში მათი პროპორციის გათვალისწინებით, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად საანგარიშო თვეების მიხედვით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (დამფუძნებელზე) გაცემულ დივიდენდად (საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი განმარტების გათვალისწინებით). აღნიშნულ განაცემებთან მიმართებაში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97; 98; 981; 130; 136; 154; 159;