გადაწყვეტილება №18327/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18327/2/2022
05 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 29.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18327/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11749 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2022 წლის №094-80 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28167 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 765 568 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 451 548
მოგების გადასახადი - 1 398 868
საშემოსავლო გადასახადი - 52 680
ჯარიმა - 725 774
საურავი - 588 246
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე შპს ------------ (ს/ნ ------------) სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების გაწევა.
მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 16.11.2020 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმდა 1.01.2017 წლიდან 1.05.2018 წლამდე პერიოდი.
შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2020 წლის №35727 ბრძანება და 3.12.2020 წლის №094-165 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს 2017 წლის საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელზე განაწილებული აქვს მოგება 36 051 400 ლარის ოდენობით (14 000 000 აშშ დოლარი), გადასახადის გადამხდელს ამავე პერიოდში, განაწილებულ მოგებაზე დარიცხული მოგების გადასახადი 6 362 012 ლარის ოდენობით სრულად აქვს ჩათვლილი. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში განაწილებული მოგება წარმოადგენს 1.01.2017 წლამდე პერიოდში მიღებულ წმინდა მოგებას.
შემოწმების აქტში დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით: 2017 წელს კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით მოხდა 2015 წლის წმინდა მოგებიდან 36 051 400 ლარის დივიდენდის სახით განაწილება. აღნიშნულ განაწილებაზე კომპანიას მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია, რადგან მოხდა 2017 წლამდე პერიოდში მიღებული წმინდა მოგების განაწილება, ხოლო 1.01.2017 წლის მდგომარეობით ასახული 28 124 479,42 ლარი წარმოადგენს გაუნაწილებელი მოგების კუმულატიურ მონაცემს, რომელიც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება კუმულატიური სახით.
შემოწმების აქტის მიხედვით, შპს ------------ მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საწარმოს 2017 წლის დასაწყისისათვის გაუნაწილებელი მოგება უფიქსირდება 28 124 479 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის საანგარიშო პერიოდის მოგება 27 159 152 ლარის ოდენობით. საწარმოს მიერ 2011-2016 წლებში (რეგისტრირებულია 2011 წელს) განაწილებული მოგება შეადგენს 140 834 495 ლარს (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით) ხოლო 1.01.2017 წლის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების ნაშთი მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგების თანახმად, შეადგენს 28 124 479 ლარს. შესაბამისად, 2011 წლიდან (რეგისტრაციიდან) 1.01.2017 წლამდე პერიოდში მიღებული წმინდა მოგება შეადგენს 168 958 974 ლარს (გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის დეკლარაციაში 1.01.2017 წლამდე მიღებული წმინდა მოგების გრაფაში, ნაცვლად წმინდა მოგებისა (168 958 974 ლარი), ჩასმული ჰქონდა საგადასახადო მიზნებისთვის გაანგარიშებული მოგება (დასაბეგრ მოგებას მინუს მოგების გადასახადი) 197 089 207 ლარი). ამავე პერიოდში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი შეადგენს 34 780 448 ლარს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ჩასათვლელი მოგების გადასახადი შეადგენს 5 789 464 ლარს (28 124 479X34 780 448/168 958 974), ხოლო 2017 წლის საანგარიშო პერიოდში განაწილებულ 1.01.2017 წლამდე მიღებულ წმინდა მოგებაზე (28 124 479 ლარი) დარიცხული მოგების გადასახადი შეადგენს 4 963 143 ლარს (28 124 479/0,85X15%). საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის გათვალისწინებით გამოანგარიშებული ჩასათვლელი მოგების გადასახადი აღემატება 2017 წლამდე მიღებულ მოგებაზე დარიცხულ/გადახდილ მოგების გადასახადს, ხოლო საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ჩაითვალოს 2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს 2017 წლამდე მიღებულ წმინდა მოგებაზე (რომელიც განაწილებულია 2017 წლიდან) დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით ჩასათვლელი მოგების გადასახადი განისაზღვრა 4 963 143 ლარის ოდენობით (28 124 479/0,85X15%, სადაც 28 124 479 ლარი არის 1.01.2017 წლის მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგება). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საწარმოს 1.01.2017 წლის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგება უფიქსირდება 28 124 479 ლარის ოდენობით, მას უფლება ჰქონდა ჩაეთვალა 1.01.2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი (28 124 479/0,85*0,15) 4 963 143 ლარის ოდენობით, ხოლო 7 926 921 ლარი წარმოადგენს 2017 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებულ მოგებას და საწარმოს მასზე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის და 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის ნაწილში დაერიცხა შესაბამისი გადასახადი (ჩასათვლელი მოგების გადასახადი შემცირდა 1 298 868 ლარით) და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.02.2021 წლის №4225 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დაქირავებული პირების ოჯახის წევრების ხარჯების ანაზღაურებისთვის გამოყენებული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2021 წლის №4225 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 5.11.2021 წლის №12461/2/2021 გადაწყვეტილებით, მოგების გადასახადის ჩათვლის მართლზომიერების ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ:
გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, დივიდენდი გაიცემა მოგების განაწილების შედეგად. ამასთან, წმინდა მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, განსაზღვრული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო კოდექსი არეგულირებს 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხს, რომელიც იანგარიშება შესაბამისი ფორმულით. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ ფორმულაში 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მოცემული პერიოდის ფინანსური შედეგები ჯამურად, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილა დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა 10.05.2022 წლის №11749 ბრძანება, ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.11.2021 წლის №12461/2/2021 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11749 ბრძანების საფუძველზე და საბჭოს 5.11.2021 წლის №12461/2/2021 გადაწყვეტილების გათვალისწინებით განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა. შესწავლის შედეგად დგინდება (შემოწმების პროცესშივე იყო დადგენილი), რომ საწარმოს 2017 წლის საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელზე განაწილებული აქვს მოგება 36 051 400 ლარის ოდენობით (14 000 000 აშშ დოლარი). გადასახადის გადამხდელს ამავე პერიოდში, განაწილებულ მოგებაზე დარიცხული მოგების გადასახადი 6 362 012 ლარის ოდენობით სრულად აქვს ჩათვლილი. მომჩივნის მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საწარმოს 2017 წლის დასაწყისისთვის გაუნაწილებელი მოგება უფიქსირდება 28 124 479 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.11.2021 წლის №12461/2/2021 გადაწყვეტილებით „საგადასახადო კოდექსი არეგულირებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხს, რომელიც იანგარიშება შესაბამისი ფორმულით. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ ფორმულაში 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მოცემული პერიოდის ფინანსური შედეგები ჯამურად, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით “. ვინაიდან საწარმოს 1 იანვრის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგება მის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით უფიქსირდება 28 124 479 ლარის ოდენობით მას უფლება ჰქონდა ჩაეთვალა 1.01.2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი (28 124 479/0,85*0,15) 4 963 143 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში დარჩა უცვლელი.
აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 23.08.2022 წლის №094-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28167 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე:
შპს ------------ მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საწარმოს 2017 წლის დასაწყისისათვის გაუნაწილებელი მოგება უფიქსირდება 28 124 479 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ 2015 წლის ბოლოს გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 37 291 802 ლარს, ხოლო 2016 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს ზარალი 9 167 323 ლარის ოდენობით და 1.01.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს 28 124 479 ლარს.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს ------------ (სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შემდგენი პირი), რომელშიც აღნიშნულია, რომ 1.01.2017 წლის მდგომარეობით არსებულ საბალანსო ნაშთებზე აუდიტორული პროცედურები ჩატარებულია როგორც საწყის (შემომავალ) ნაშთებზე, შესაბამისად, მოცემული თარიღის მდგომარეობით დადასტურებულია გაუნაწილებელი მოგებაც. აქვე დამატებით განმარტებულია, რომ მსგავს შემთხვევაში გაუნაწილებელ მოგებაზე საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად არ არსებობს კონკრეტული პროცედურა. შესაბამისად, დადასტურებულია ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების ყველა სხვა დანარჩენი არსებითი მუხლი 1.01.2017 წლის მდგომარეობით, რაც ავტომატურად გულისხმობს გაუნაწილებელი მოგების, როგორც დამაბალანსებელი მუხლის დადასტურებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ 1.01.2017 წლის მდგომარეობით შპს ------------ (ს/ნ -----------) გაუნაწილებელი მოგება (2016 წელს მიღებული ზარალის გათვალისწინებით) შეადგენდა 28 124 479 ლარს.
შემოწმების პროცესში დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2011-2016 წლებში (რეგისტრირებულია 2011 წელს) განაწილებული მოგება შეადგენს 140 834 495 ლარს (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით), ხოლო 1.01.2017 წლის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების ნაშთი მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგების თანახმად შეადგენს 28 124 479 ლარს, შესაბამისად, 2011 წლიდან (რეგისტრაციიდან) 1.01.2017 წლამდე პერიოდში მიღებული წმინდა მოგება შეადგენს 168 958 974 ლარს. ამავე პერიოდში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი შეადგენს 34 780 448 ლარს, ხოლო სადავო საკითხის დამატებით შესწავლის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ (არ) იქნა წარმოდგენილი აღნიშნული მონაცემებისაგან განსხვავებული მონაცემების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ინფორმაცია/დოკუმენტაცია) გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო არ არის აღნიშნული მონაცემების სისწორე. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას, რომ 1.01.2017 წლის მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგების განსაზღვრისას არ უნდა მიიღოს მონაწილეობა 2016 წელს მიღებულმა ზარალმა, აღნიშნული საკითხი მოცულია სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს და ასახულია ანგარიშგებაში.
აღსანიშნავია, რომ შემოწმებით ჩასათვლელი მოგების გადასახადის ფორმულაში, 2011-2016 წლების საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია.
მოცემული პერიოდის ფინანსური შედეგები ჯამურად, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ------------ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული საწარმო, რომელიც დაფუძნდა 13.04.2011 წელს და რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ------------- რეგისტრირებული საწარმო „------------“. 2011-2016 წლების მიხედვით კომპანიის მიღებული წმინდა მოგებების/ზარალის ოდენობა ეროვნულ ვალუტაში და გადახდილი მოგების გადასახადი გამოიყურება შემდეგნაირად:
2013-2015 წლებში კომპანია პერიოდულად ახდენდა დივიდენდის განაწილებას 2011-2015 წლებში მიღებული წმინდა მოგებებიდან. ჯამში ამ პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 140 834 495 ლარს. შედეგად, 2017 წლის დასაწყისისთვის 2011-2014 წლების წმინდა მოგება სრულად იყო განაწილებული დივიდენდის სახით და 2015 წლის წმინდა მოგებიდან გაუნაწილებელი ოდენობა შეადგენდა 37 291 802 ლარს. 2017 წელს კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით მოხდა 2015 წლის წმინდა მოგებიდან 36 051 400 ლარის დივიდენდის სახით განაწილება.
აღნიშნული დივიდენდის განაწილებაზე კომპანიას მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა. ამგვარად, აღნიშნული მუხლი ცალსახად მიუთითებს მოგების გადასახადის ჩათვლის მიღების უფლებაზე, როდესაც ადგილი აქვს 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებას. ამასთან, წმინდა მოგების განმარტებას გვაძლევს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ნაწილი, რომლის მიხედვითაც წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამგვარად, საგადასახადო კანონმდებლობა არ აწესებს წმინდა მოგების განაწილების რეგულაციებს და მითითებას აკეთებს სხვა კანონმდებლობაზე.
თავის მხრივ, წმინდა მოგების განაწილების წესს ადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ამგვარად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აკეთებს დათქმას, რომ პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილებით შეიძლება წლის სამეურნეო შედეგების მიხედვით დადგენილი მოგების განაწილება. სხვა სიტყვებით, საწარმოს პარტნიორების/აქციონერების დივიდენდის განაწილების უფლებას უკავშირებს კონკრეტული სამეურნეო წლის ფინანსური მოგების არსებობას. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, თუ რომელიმე სამეურნეო წელს საწარმომ გამოიმუშავა ფინანსური მოგება, პარტნიორს/აქციონერს აქვს მისი დივიდენდის სახით მიღების უფლება. არც აღნიშნული მუხლი და არც ამ კანონის სხვა რომელიმე დანაწესი ზღუდავს პარტნიორს, რომ დივიდენდის განაწილება მოახდინოს წმინდა გაუნაწილებელ მოგებაზე დაყრდნობით. ამის საპირისპიროდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად მიუთითებს ცალკეული სამეურნეო წლის მიხედვით გამომუშავებული მოგების განაწილების უფლებაზე და არა დაგროვილი მოგების განაწილებაზე. თავის მხრივ, განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის დამფუძნებელმა ისარგებლა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და გაანაწილა 2015 წელს მიღებული ფინანსური მოგება. საბანკო გადარიცხვის დავალებებში ნათლად არის მითითებული, რომ სწორედ 2015 წლის მოგებიდან მოხდა დივიდენდის განაწილება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი აქვს 2015 წლის წმინდა მოგების განაწილებას, კომპანიას უფლება ჰქონდა ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და შეემცირებინა აღნიშნულ განაწილებაზე დარიცხული მოგების გადასახადი 2011-2016 წლების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის საფუძველზე.
თავის მხრივ, აღნიშნული მიზნებისთვის ჩათვლის ფორმულა მოცემულია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B/(C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
ამგვარად, 2017 წელს განაწილებულ დივიდენდზე დასარიცხი მოგების გადასახადი შეადგენს 6 362 011,76 ლარს (36 051 400/0,85*15%), რომელიც უნდა შემცირდეს ზემომოყვანილი ფორმულის მიხედვით გამოთვლილი ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხის ოდენობით. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს 7 421 232,58 ლარს (36 051 400* 34 780 448/168 958 973). იქიდან გამომდინარე, რომ კანონის მიხედვით კომპანიას არ აქვს დარიცხულ მოგების გადასახადზე მეტი თანხის ჩათვლის მიღების უფლება, ჩასათვლელი თანხა უნდა განისაზღვროს 6 362 011,76 ლარით და კომპანიას დამატებით მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღნიშნულ ოპერაციაზე არ წარმოეშობა. საყურადღებოა, რომ აუდიტის დეპარტამენტის აქტში მოყვანილია მსჯელობა, რომლის თანახმადაც აუდიტორი ასკვნის, რომ განაწილებული დივიდენდიდან ნაწილი, კერძოდ 7 926 921 ლარი წარმოადგენს არა 2011-2016 წლების მოგებას, არამედ 2017 წლის მოგების კომპონენტს. შემმოწმებლის მხრიდან ოპერაციის ამგვარი ინტერპრეტაცია წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას და ამავდროულად კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში კანონშეუსაბამო ჩარევის პრეცედენტს ქმნის შემდეგ გარემოებათა გამო:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრების მიერ დივიდენდის გაცემაარგაცემის ან დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელ ნორმებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არ შეიცავს. დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საწარმოს დისკრეციაა, რაც გულისხმობს გასანაწილებელი მოგების ოდენობის განსაზღვრის დისკრეციასაც. ამდენად, ვინაიდან საზოგადოების წმინდა მოგების განაწილება საწარმოს პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხია, იგი სწორედ პარტნიორთა კრებაზე უნდა იქნას განხილული, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, ერთ-ერთი მხარის პრეტენზიის ფარგლებში, ბუნებრივია, შესაძლოა კერძო სამართლებრივი დავის საგანი გახდეს. განსახილველ შემთხვევაში კომპანიის პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება დივიდენდი გაენაწილებინა 2015 წლის მოგების ნაშთიდან. ამავდროულად, 2017 წლის მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული (პარტნიორის გადაწყვეტილებები და საბანკო გადარიცხვის დოკუმენტები). საყურადღებოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არცერთი მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა.
აუდიტის დეპარტამენტი თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად იჭრება საწარმოს პარტნიორის კომპეტენციაში და ახდენს დივიდენდის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების შეცვლას მისი იმგვარად ინტერპრეტაციით, რომ თითქოს განაწილებული თანხიდან 7 926 921 ლარი 2017 წლის მოგების განაწილების შედეგად არის გაცემული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის 2017 წლის მოგების განაწილების გადაწყვეტილება პარტნიორს არ მიუღია, ხოლო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციას არ განეკუთნება. აღსანიშნავია ისიც, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლში მითითებულია პარტნიორთა კრების უფლებამოსილებაზე დაადგინოს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების მიხედვით (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 6.02.1998 წლის №70 ბრძანებულებით), სამეურნეო წლის მოგება საწარმოს ყველა სამეურნეო ოპერაციის საბოლოო ფინანსური შედეგია (68-ე მუხლი). კომპანიის ფინანსური შედეგი კერძოდ, მოგება ან ზარალი თითოეული წლის შედეგების მიხედვით დამოუკიდებლად დგინდება. თავის მხრივ, კანონი უთითებს კონკრეტული წლის მიხედვით (წლიური) მოგების განაწილების შესაძლებლობაზე და არა რამდენიმე წლის მიხედვით დადგენილი კუმულატიური მონაცემის განაწილებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ პირობებში, როდესაც კომპანიას კონკრეტული წლის შედეგად აქვს ფინანსური მოგება, პარტნიორთა კრება უფლებამოსილია მოახდინოს ამ მოგების განაწილება, მომდენო წლებში კომპანიის საქმიანობის შედეგების მიუხედავად. კანონი არ ზღუდავს წლიური მოგების განაწილების შესაძლებლობას იმ შემთხვევისათვის, თუ კომპანიის მომდევნო წლის საქმიანობა ზარალიანია. კანონი არ ადგენს არც რაიმე პრინციპს ან ვალდებულებას, რომ მომდევნო წლის ზარალი უნდა დაიფაროს წინა წლის მოგების ხარჯზე ან მომდევნო წლის ზარალმა რაიმე ფორმით მოახდინოს გავლენა წინა წლის ფინანსურ შედეგზე, რაც საბოლოო ჯამში აისახებოდა გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ კანონი ასევე არ ზღუდავს პარტნიორს სპეციალური ვადით, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია დივიდენდის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, თუ წარმოვიდგენთ რომ გადაწყვეტილება 2015 წლის ბოლოსათვის ყოფილიყო მიღებული და დივიდენდიც განაწილებულიყო, უდავო უნდა იყოს, რომ მომდევნო წლის ზარალი ამ მოვლენაზე ვერანაირ ასახვას ვერ ჰპოვებდა. ამდენად, მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ნაცვლად 2015 წლის ბოლო პერიოდისა, დივიდენდის განაწილების გადაწყვეტილება 2017 წელს იქნა მიღებული, სამართლებრივი ლოგიკის თვალსაზრისით, გავლენა ვერ უნდა მოახდინოს პარტნიორის უფლებაზე მოითხოვოს კუთვნილი დივიდენდი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2015 წლის შედეგებით პარტნიორს წარმოეშვება დივიდენდის მოთხოვნის უფლება კონკრეტული ოდენობით, რაც გამომდინარეობს ამ წლის ფინანსური შედეგიდან. ამ უფლების რეალიზაციისათვის კონკრეტული ვადა კანონით დაწესებული არ არის. ამდენად, უფლება ხელშეუვალი უნდა იყოს მისი განხორციელების მომენტის მიუხედავად და უცვლელად უნდა შენარჩუნდეს მთელი პერიოდის განმავლობაში. ამგვარი დასკვნის საშუალებას იძლევა კანონმდებლობის ანალიზი, რომელიც არ აკეთებს რაიმე ტიპის მითითებას იმის თაობაზე, რომ კონკრეტული წლის მოგებიდან დივიდენდის მოთხოვნის უფლება შეიძლება გაქარწყლდეს ან რაიმე ფორმით შეიზღუდოს ან შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი გადაწყვეტს ნაცვლად მოგების დაუყოვნებლივ განაწილებისა, დივიდენდი გაიტანოს თუნდაც 1 ან 2 წლის გასვლის შემდეგ. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის ფინანსური მოგება იძლევა საკმარის რესურსს დივიდენდის გასანაწილებლად, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად 2016 წლის ზარალის ოდენობით შემცირდა 2015 წლის მოგებიდან განაწილებადი რესურსი, სამართლებრივად არ საბუთდება და შესაბამისად წინააღმდეგობაში მოდის მეწარმეთა შესახებ კანონმდებლობასთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო კოდექსში 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შემოღების არსი მდგომარეობდა ერთი და იგივე მოგების 2-ჯერ დაბეგვრის გამორიცხვაში, აშკარაა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიდგომის გამოყენების შემთხვევაში დარღვეული იქნება აღნიშნული მიზანი. კერძოდ, 2011-2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე კომპანიას მნიშვნელოვანი ოდენობით აქვს მოგების გადასახადის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის დაბეგრილი საგადასახადო მოგება მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამავე პერიოდის კომპანიის ფინანსურ წმინდა მოგებას. შედეგად, აუდიტორის მიდგომის გამოყენების შეთხვევაში, მივალთ იმ შედეგამდე, რომ კომპანიას შეეზღუდება გადახდილი გადასახადის კანონით მინიჭებული ჩათვლის მიღების უფლება და მოხდება ერთი და იგივე მოგების უსაფუძვლოდ განმეორებით დაბეგვრა. აღნიშნული თავის მხრივ წინააღმდეგობაშია საკუთრების უფლების არსთან, რადგანაც ხდება გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლების ხელყოფა მისი მოგებიდან ერთი და იგივე გადასახადის 2-ჯერ აკრეფით. შესაბამისად, ადგილი ექნება კომპანიის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების დარღვევას. ასევე, ერთი და იმავე მოგებიდან მოგების გადასახადის 2-ჯერ განსაზღვრა განაპირობებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთის ზრდას, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირად იზრდება კომპანიის მოგებაზე არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვარი, რაც ასევე წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
კომპანიის 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში 1.01.2017 წლის მდგომარეობით ასახული 28 124 479,42 ლარი წარმოადგენს გაუნაწილებელი მოგების კუმულატიურ მონაცემს, რომელიც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება კუმულატიური სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღნიშნული მონაცემის ფინანსური ანგარიშგებაში კუმულატიური სახით წარმოდგენას ფინანსური ანგარიშგების ფორმა მოითხოვს და გამომდინარეობს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებიდან. აღნიშნული სამართლებრივად არ ზღუდავს კომპანიას, რომ მოახდინოს გასულ პერიოდში რომელიმე წელს მიღებული ფინანსური მოგების დივიდენდის სახით განაწილება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დივიდენდი განაწილდა 2017 წლის სექტემბერში და დეკემბერში, მაშინ, როცა აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელსაც აუდიტის დეპარტამენტი ეყრდნობა, მომზადდა 2018 წლის სექტემბერში. ამდენად, დოკუმენტი, რომელსაც აუდიტის დეპარტამენტი დარიცხვის ერთადერთ საფუძვლად უთითებს, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისათვის არ არსებობდა. ლოგიკურია, რომ კომპანიამ მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საკუთარი სააღრიცხვო მონაცემებით, სადაც 2015 წლის მოგება და 2016 წლის ზარალი განცალკევებულად აღირიცხება. ამასთან, 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში 2017 წლამდე პერიოდების ფინანსური შედეგები ფინანსური აუდიტის განმახორციელებელ პირსაც განცალკევებულად წარედგინა, რაც დასტურდება დანართის სახით წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით. ხოლო, გაუნაწილებელი მოგების 2017 წლის საწყისი ნაშთის მონაცემის ფინანსური ანგარიშგებაში კუმულატიური სახით ასახვა მხოლოდ ანგარიშგების ფორმატის თავისებურებით არის გამოწვეული და მას არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი 2015 წლის მოგებიდან პარტნიორის კუთვნილი დივიდენდის განაწილების უფლებასთან დაკავშირებით. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული 2017 წლის საწყისი მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების კუმულატიური მონაცემის გამოყენებამ განვლილი წლების ფინანსური შედეგების ანალიზის გარეშე მიიყვანა არასწორ დასკვნამდე, რასაც შედეგად მოყვა კომპანიისათვის გადასახადისა და სანქციის უსაფუძვლოდ დაკისრება.
აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2022 წლის დასკვნა შედგენილია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.11.2021 წლის №12461/2/2021 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში არ არის მითითება საკითხთან დაკავშირებით კომპანიის არგუმენტების შესწავლისა და შეფასების თაობაზე. შემოწმების შედეგად თავდაპირველად ჩამოყალიბებული პოზიცია დარჩა უცვლელი ისე, რომ ვერ იქნა შემოთავაზებული ვერც ერთი კონტრარგუმენტი ან მოსაზრება, რომელზე დაყრდნობითაც კომპანიის არგუმენტები გაქარწყლდებოდა. აუდიტის დეპარტამენტმა ასევე შეფასების გარეშე დატოვა საჩივართან ერთად წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, კომპანიის პარტნიორის გადაწყვეტილებები და საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს პარტნიორის ნებას, რომ დივიდენდი განაწილებულიყო სწორედ კომპანიის 2015 წლის მოგებიდან. აუდიტის დეპარტამენტს ასევე არ მიუცია შეფასება კომპანიის აუდიტორის მიერ გაცემული წერილობითი მტკიცებულებისათვის, რომელიც შეიცავს ფინანსურ ანგარიშგებაში საწყის ნაშთად დაფიქსირებული მონაცემის გაშიფვრას და ადასტურებს, რომ კომპანიას 2015 წლის მოგების სახით ჰქონდა საკმარისი რესურსი დივიდენდის ამ წლის მოგებიდან გასანაწილებლად.
აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა. კერძოდ, საბჭომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე და აღნიშნა, რომ დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქცი ებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით. საბჭომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე გააკეთა დასკვნა, რომ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, დივიდენდი გაიცემა მოგების განაწილების შედეგად. ამასთან, წმინდა მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, განსაზღვრული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბჭომ ასევე მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსი არეგულირებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხს, რომელიც იანგარიშება შესაბამისი ფორმულით. საბჭოს გადაწყვეტილებაში საგანგებოდ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მოცემულ ფორმულაში 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მოცემული პერიოდის ფინანსური შედეგები ჯამურად, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ მოცემულობაზე, რომ მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის ფორმულაში ე.წ. სალდირებული მონაცემების მითითება გათვალისწინებულია მხოლოდ ფორმულის C-გრაფის განსაზღვრის მიზნებისათვის. ხოლო ანალოგიური დათქმა „A“ გრაფასთან დაკავშირებით კოდექსში მოცემული არ არის. აუდიტის დეპარტამენტმა თავის დასკვნაში მოახდინა მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების მცირე ნაწილის ციტირება. ამავდროულად, საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტაცია არსობრივად არ შეუფასებია და შესაბამისად არ გაუთვალისწინებია დასკვნის გამოცემისას.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებასთან დაკავშირებით როგორც შემოსავლების სამსახურის ბრძანებიდან ირკვევა, საჩივრის განხილვის პროცესში შემოსავლების სამსახურმა გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტიდან. გადაწყვეტილებაში მოცემულია აღნიშნული ინფორმაციის ციტირება და გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი ანალიზისა და შეფასების გარეშე მხოლოდ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ცალმხრივად და უპირობოდ დაყრდნობით. თავად წარმოდგენილ ინფორმაციას რაც შეეხება - მასში მოყვანილი მსჯელობა კვლავ ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კომპანიის 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში 1.01.2017 წლის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ასახულია 28 124 479,42 ლარის ოდენობით. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კომპანიის მიერ სადავოდ არ გამხდარა დავის არც ერთ ეტაპზე. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის ეტაპებზე. ამის მიუხედავად, ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ მიიჩნიეს საკმარის არგუმენტად დარიცხვის განსახორციელებლად და შედეგად კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით. როგორც ირკვევა, აუდიტის დეპარტამენტმა საკითხის დამატებითი შესწავლის შემდეგ განმეორებით დაადგინა იგივე უდავო ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველი დარიცხვის საფუძვლად იყო მითითებული, ხოლო შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ამჯერად დასაბუთებულად მიიჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ბრძანება პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავად ამავე სამსახურის 10.05.2022 წლის №11749 ბრძანებასთან.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში ასევე მოყვანილია, კომპანიის მიერ საჩივართან ერთად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს ------------ წერილის ციტირება. აღნიშნული წერილის შინაარსიდან შემოსავლების სამსახური კვლავ ასკვნის იმავე უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ 1.01.2017 წლის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ასახულია 28 124 479,42 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც აღნიშნული მტკიცებულება წარმოდგენილია იმ მიზნით და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ანგარიშგებაში 1.01.2017 წლის მდგომარეობით მითითებული მონაცემი - 28 124 479,42 როგორც დამაბალანსებელი მუხლის მოიცავს განვლილი პერიოდების ჯამურ ე.წ „სალდირებულ“ მონაცემს და კონკრეტულად ითვალისწინებს 2016 წლის ზარალის მონაცემსაც. შესაბამისად, 2015 წლის პერიოდის მოგებიდან კომპანიას გააჩნდა საკმარისი რესურსი მოგების გასანაწილებლად. აღნიშნული ფაქტი შემოსავლების სამსახურის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ კვლავ შეფასების გარეშეა დატოვებული. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში კომპანიის პოზიცია ფორმულირებულია დამახინჯებული სახით, რომ თითქოს კომპანიის მოთხოვნაა 2017 წლის გაუნაწილებელი მოგების ნაშთის განსაზღვრა 2016 წლის ზარალის გაუთვალისწინებლად და აღნიშნულის პასუხად ისევ მითითებულია, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული მონაცემი სალდირებულადაა მითითებული.
კომპანიის 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში 1.01.2017 წლის მდგომარეობით ასახული 28 124 479,42 ლარი წარმოადგენს გაუნაწილებელი მოგების კუმულატიურ მონაცემს, რომელიც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ასახულია სწორად - კუმულატიური სახით. შესაბამისად, კომპანია არ ითხოვს აღნიშნულ მონაცემში ცვლილების შეტანას. კომპანიის პოზიციაა, რომ კანონმდებლობის თანახმად კომპანიის ფინანსური შედეგი კერძოდ, მოგება ან ზარალი თითოეული წლის შედეგების მიხედვით დამოუკიდებლად დგინდება. თავის მხრივ, კანონი უთითებს კონკრეტული წლის მიხედვით (წლიური) მოგების განაწილების შესაძლებლობაზე და არა რამდენიმე წლის მიხედვით დადგენილი კუმულატიური მონაცემის განაწილებაზე. ამდენად, კომპანია ანაწილებს დივიდენდს 2015 წლის მოგებიდან, ხოლო 2016 წლის ზარალი ვერ მოახდენს გავლენას 2015 წლის მოგებაზე ან საწარმოს პარტნიორის უფლებაზე მოითხოვოს და მიიღოს დივიდენდი კონკრეტულად 2015 წლის მოგებიდან.
აღნიშნული არგუმენტაციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში კვლავ არაფერია მითითებული. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არგუმენტად ასევე მითითებულია, რომ სადავო საკითხის დამატებით შესწავლის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ (არ) იქნა წარმოდგენილი 1.01.2017 წლის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების ნაშთის - 28 124 479 ლარს მონაცემებისაგან განსხვავებული მონაცემების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ინფორმაცია/დოკუმენტაცია).
ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული ზემოაღნიშნული მონაცემის სისწორე დავის საგანს არ წარმოადგენდა. ამავდროულად, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, კომპანიას დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება არ დაკისრებია. პირიქით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების შესწავლა და შეფასება. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ ბრძანებაში ამგვარი არგუმენტის მითითება წინააღმდეგობაშია თავად ამავე სამსახურის გადაწყვეტილებასთან. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არგუმენტად ასევე მითითებულია, რომ ჩათვლის ფორმულაში საგადასახადო კოდექსის თანახმად 2011–2016 წლების საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია მოცემული პერიოდის ფინანსური შედეგები ჯამურად, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა გამოიყენა. კერძოდ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ მოცემულობაზე, რომ მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის ფორმულაში ე.წ. სალდირებული მონაცემების მითითება გათვალისწინებულია მხოლოდ ფორმულის C-გრაფის განსაზღვრის მიზნებისათვის - რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის გამხდარი. სადავოა „A“ გრაფის განსაზღვრა, ხოლო ანალოგიური დათქმა „A“ გრაფასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში მოცემული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, აღნიშნულ ნორმაზე მითითება როგორ შეიძლება აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების არგუმენტად იქნეს გამოყენებული. საყურადღებოა კომპანიის მიერ 2012-2016 წლებში გადახდილი გადასახადები, რაც ჯამურად შეადგენს 34 780 448 ლარს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ფინანსური მოგებიდან - 57 543 652 ლარიდან კომპანიას უკვე გადახდილი აქვს მოგების გადასახადი 10 744 171 ლარი. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება იმავე მოგებიდან მოგების გადასახადის განმეორებით დაკისრება, რაც უხეშად ხელყოფს კომპანიის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამავდროულად, აღნიშნული აქტები არ არის შესაბამისობაში არც დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რითაც დამატებით ირღვევა საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად გასაჩივრებული აქტები ექვემდებარება ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების თანახმად:
92. თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11749 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.11.2021 წლის №12461/2/2021 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2022 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ საწარმოს 2017 წლის საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელზე განაწილებული აქვს მოგება 36 051 400 ლარის ოდენობით (14 000 000 აშშ დოლარი). გადასახადის გადამხდელს ამავე პერიოდში, განაწილებულ მოგებაზე დარიცხული მოგების გადასახადი 6 362 012 ლარის ოდენობით სრულად აქვს ჩათვლილი. მომჩივნის მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საწარმოს 2017 წლის დასაწყისისთვის გაუნაწილებელი მოგება უფიქსირდება 28 124 479 ლარის ოდენობით. ვინაიდან საწარმოს 1.01.2017 წლის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგება მის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით უფიქსირდება 28 124 479 ლარის ოდენობით მას უფლება ჰქონდა ჩაეთვალა 1.01.2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი (28 124 479/0,85*0,15) 4 963 143 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელზე განაწილებულ მოგებაში (36 051 400 ლარი) 1.01.2017 წლამდე მიღებული წმინდა მოგების (28 124 479 ლარის) მონაწილეობა მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა, ხოლო მათ შორის სხვაობა (7 926 921 ლარი) მომჩივნის პოზიციით მიეკუთვნება 2015 წლის საანგარიშო პერიოდის წმინდა მოგებას და მასზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით გათვალისწინებული ჩათვლის უფლება.
რეზიდენტი საწარმო მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას იღებს 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალის) გათვალისწინებით) დივიდენდის განაწილებისას (აღნიშნული და სხვა პირობები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით). შესაბამისად, ზემოაღნიშნული სხვაობის (7 926 921 ლარის) მიკუთვნება, რომელიმე კონკრეტული წლის (2015 წლის) საანგარიშო პერიოდის მოგების განაწილებაზე, 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდების ჯამური ფინანსური შედეგების გაუთვალისწინებლად, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
სხვაობის თანხა (7 926 921 ლარი), რომელიც კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით არ დაკვალიფიცირდა 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებულ წმინდა მოგებად, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მიეკუთვნა 2017 წლის მოგებას. სადავო საკითხზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ მითითებული სხვაობის (7 926 921 ლარის) 2017 წლის ნაცვლად 2011-2015 წლების პერიოდიდან რომელიმე წლის მოგებაზე მიკუთვნების მიუხედავად, სადავო შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ ექვემდებარება, რამდენადაც აღნიშნული სხვაობა არ კვალიფიცირდება 2017 წლამდე სანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებულ წმინდა მოგებად, რაც ასახულია აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2022 წლის დასკვნაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11749 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11749 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე შპს-ეს სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების გაწევა.
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს 2017 წლის საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელზე განაწილებული აქვს მოგება. გადასახადის გადამხდელს ამავე პერიოდში, განაწილებულ მოგებაზე დარიცხული მოგების გადასახადი სრულად აქვს ჩათვლილი.
მომჩივნის მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საწარმოს 2017 წლის დასაწყისისთვის გაუნაწილებელი მოგება უფიქსირდება.
სხვაობის თანხა , რომელიც კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით არ დაკვალიფიცირდა 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებულ წმინდა მოგებად, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მიეკუთვნა 2017 წლის მოგებას.
ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.02.2021 წლის №4225 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დაქირავებული პირების ოჯახის წევრების ხარჯების ანაზღაურებისთვის გამოყენებული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
97(1ა);981(1);309(92,93);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლის მე-6 პუნქტი;