გადაწყვეტილება №19331/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 11.07.2023
№ დოკუმენტი 19331/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19331/2/2023

11.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------- 5.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19331/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 1.03.2021 წლის №2020/021-765/2 აქტის ნაწილში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 1.03.2021 წლის №2020/021- 765/2 აქტი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4959 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/32-2020, №11035002003562829) მომჩივანი აღიარებულ იქნა ი/მ ------- (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე, ი/მ -------- საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 17 აგვისტოს №021-765 ბრძანება, რომლის საფუძველზე ყადაღა დაედო მომჩივნის (ცრუმაგიერი პირის), საკუთრებაში არსებულ ქონებას. ამასთან, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №021-765 ბრძანების საფუძველზე 2020 წლის 29 სექტემბერს შედგა №2020/021- 765/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 17 აგვისტოს №021-765 ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 29 სექტემბრის №2020/021-765/1 აქტი მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში 2020 წლის 22 სექტემბრის №194419/21 და 22 ოქტომბრის №223451/21 საჩივრებით. მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს წარდგენილ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის ბრძანებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა -------- დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემაზე. ხსენებულ ბრძანებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის ბრძანების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ განსაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება. კერძოდ, რომ --------- შვილის - ------- სახელზე გადააფორმა ავტომანქანა „---------“ და ავტომანქანის გადაფორმება ემსახურება საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზანს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო მხოლოდ მითითებული ქონების დაყადაღებაზე და არა ცრუმაგიერი პირის ნებისმიერ ქონებაზე. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის ბრძანება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის ბრძანებით.

ამრიგად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის ბრძანების და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. საბჭოს 2021 წლის 24 სექტემბრის №11670/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 13 ოქტომბრის №30945 და 25 ნოემბრის №34774 ბრძანებები, საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 7 დეკემბრის №37661 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი (ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის ბრძანების და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გაეუქმებინა 2020 წლის 17 აგვისტოს №021-765 ბრძანება და 2020 წლის 29 სექტემბრის №2020/021-765/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

აღნიშნული ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 10 დეკემბერს გამოიცა №21-17/146264 გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ვალის მართვის დეპარტამენტის 10.12.2021 წლის №21-17/146264 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 27 ივლისის №19953 ბრძანებით ------- საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 სექტემბრის №11670/2/2020 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესაბამისად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №19953 ბრძანების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ -------- ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს № 21-17/72228 წერილით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით ი/მ ------- ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს №21-17/72228 გადაწყვეტილება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 1 მარტის N2020/021-765/2 აქტი -------- მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.03.2023 წლის №4959 ბრძანებით საჩივარი:

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 29 სექტემბრის №2020/021-765/1 აქტის ნაწილში დაკმაყოფილდა;

- ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 29 სექტემბრის №2020/021-765/1 აქტიდან ამორიცხოს ------- ქონება;

- 2021 წლის 1 მარტის №2020/021-765/2 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

- დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4959 ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ „--------“ ავტომანქანაზე, სახელმწიფო ნომრით -------, შედგენილი 2021 წლის 1 მარტის №2020/021-765/2 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადასახადის გადამხდელის მეუღლეს ------- (პ/ნ --------) ჩაბარდა ფოსტით 2021 წლის 12 მარტს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2022 წლის 7 დეკემბერს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი აღნიშნულ ნაწილში წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის აღნიშნულ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება და არამართლზომიერად მიაჩნია შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 მარტის №2020/021-765/2 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის თაობაზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში.

სინამდვილეს არ შეესაბამება არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თითქოს №2020/021-765/2 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გასაჩივრებულ იქნა ვადის დარღვევით, რომ თითქოს იგი „გადასახადის გადამხდელის“ მეუღლეს -------- ჩაბარდა ფოსტით 2021 წლის 12 მარტს, ხოლო საჩივარი წარდგენილია წელიწადი და 9 თვის დაგვიანებით 2022 წლის 7 დეკემბერს. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია, რადგანაც:

- -------- არ არის „გადასახადის გადამხდელი“, იგი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირია და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ცრუმაგიერობის ფარგლებით, ანუ იმ ქონებით, რაც მას ცრუმაგიერად გადაეცა გადასახადის გადამხდელი რეალური პირისაგან (საუბარია მანის ტიპის ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრით -------, რაც რეალიზებული იქნა ------- მხრიდან ხელშეწყობის შედეგად და შესაბამისი თანხებიც მოქცეულია ბიუჯეტში);

- 2021 წლის 1 მარტის №2020/021-765/2 ქონებაზე დაყადაღების შესახებ აქტი, ავტონომიურად (ცალკე) არ ჩაბარებია. ჩაბარდა ქონების დაყადაღების შესახებ 2020 წლის 17 აგვისტოს №021-765 ბრძანება და 2020 წლის 29 სექტემბრის №2020/021-765/1 აქტი, რაც ერთობლიობაში იქნა გასაჩივრებული, ხოლო №2020/021-765/2 აქტი (მანქანის ჩამორთმევის საფუძვლების სახით) მოიპოვა უკვე საპატრულო ეკიპაჟის მიერ ------ის ტიპის ავტომანქანის (სახ. №--------) ჩამორთმევის შემდეგ, რაზეც დაუყოვნებლივ მოახდინა სათანადო რეაგირება;

- რომც არა ზემოაღნიშნული გარემოებები, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრა შემოსავლების სამსახურს ------- კუთვნილი -----ის ტიპის ა/მანქანის სახ №------ რეალიზაციაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივები და საბოლოოდ, ძალაში დატოვა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე უარის თქმის ბრძანება, ამიტომაც, შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა შეესრულებინა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი და უნდა გაეუქმებინა ამავე ქონებებზე გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, შესაბამისად ყადაღის რეგისტრაციაც;

- №2020/021-765/2 აქტის ქონებაზე (ა/მანქანა ------ სახ №--------) ყადაღის მოხსნის/გაუქმების სამართლებრივ საფუძველს მარტო მისი დაყადაღების შესახებ ბრძანების გასაჩივრება კი არ წარმოადგენს, არამედ ყადაღის გაუქმების უფრო მყარი საფუძველია მის იძულებით რეალიზაციაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს საბოლოოო ვერდიქტი, რაც პრაქტიკულად განაიარაღებს შემოსავლების სამსახურს თუნდაც, რაიმე სახის ღონისძიება გაატაროს შემდგომში იმავე ქონების მიმართ;

- ამდენად, ეს ქონება (ა/მანქანა ------ სახ №-------) სრულიად უაზროდ და უსაფუძვლოდ რჩება საჯარიმო სადგომზე და თუ არა არამართლზომიერი უმოქმედობა ან/და ბოროტი ზრახვები, სხვა ახსნა ვერ მოეძებნება ამ ფაქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ნაწილობრივ (რეზოლუციის მე-3 პუნქტის - №2020/021-765/2 აქტის განუხილველად დატოვების ნაწილში) შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4959 ბრძანების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემოსავლების სამსახურისათვის შესაბამისი მითითებით, რომ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება ქონების (------ სახ №--------) ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

6. წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

ვალის მართვის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №35208-21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, ავტომანქანაზე „--------“, სახელმწიფო ნომრით -----, შედგენილი 2021 წლის 1 მარტის №2020/021-765/2 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ჩაბარდა ფოსტით (ოჯახის წევრს) 2021 წლის 12 მარტს.

ვინაიდან საჩივარი წარდგენილი იქნა 2022 წლის 7 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საჩივარი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 1 მარტის №2020/021-765/2 აქტის ნაწილში, წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით და აღნიშნულ ნაწილში საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას, 2021 წლის 1 მარტის №2020/021-765/2 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის თაობაზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში. აღნიშნავს, რომ აღნიშნული აქტი ავტონომიურად (ცალკე) არ ჩაბარებია, №2020/021- 765/2 აქტი მოიპოვა უკვე საპატრულო ეკიპაჟის მიერ ------ის ტიპის ავტომანქანის (სახ. №------) ჩამორთმევის შემდეგ, რაზეც დაუყოვნებლივ მოახდინა სათანადო რეაგირება.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, 12.04.2023 წლის №35208-21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციაზე თანდართული №2020/021-765/2 აქტის ადრესატისათვის ჩაბარების თაობაზე, შპს -------ს მიერ წარდგენილი (25.03.2021 წელი) დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული აქტი გაეგზავნა -------, მისამართზე: --------, სოფ. -------- და ჩაბარდა --------, (დადასტურებულია ხელმოწერით), მაგრამ არ არის დაფიქსირებული მისი პირადი ნომერი და კავშირი ადრესატთან.

საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება, რომ გზავნილის მიმღებს წარმოადგენს მომჩივნის უფლებამოსილი პირი ან საცხოვრებელ ადგილზე მცხოვრები ოჯახის წევრი, საბჭო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება გზავნილის საგადასახადო კოდექსის მოთხოვნით განსაზღვრული პირისათვის ჩაბარება.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არ დასტურდება ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 1 მარტის №2020/021-765/2 აქტის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარება, საბჭო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4959 ბრძანება და საჩივარი, აღნიშნული სადავო აქტის ნაწილში არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4959 ბრძანება;

3. საჩივარი სადავო აქტის ნაწილში არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 1.03.2021 წლის №2020/021-765/2 აქტის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით მომჩივანი აღიარებულ იქნა ი/მ -ს ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ -ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 17 აგვისტოს №021-765 ბრძანება, რომლის საფუძველზე ყადაღა დაედო მომჩივნის (ცრუმაგიერი პირის), საკუთრებაში არსებულ ქონებას. აღნიშნული მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. საბჭოს 2021 წლის 24 სექტემბრის №11670/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 13 ოქტომბრის №30945 და 25 ნოემბრის №34774 ბრძანებები, საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 7 დეკემბრის №37661 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი. აღნიშნული ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 10 დეკემბერს გამოიცა №21-17/146264 გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 27 ივლისის №19953 ბრძანებით შალვა თორთლაძის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №19953 ბრძანების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად მიღებული ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს №21-17/72228 გადაწყვეტილება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 1 მარტის N2020/021-765/2 აქტი შალვა თორთლაძის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4959 ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4959 ბრძანება და საჩივარი, აღნიშნული სადავო აქტის ნაწილში არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44, 299(4)(10), 301"ე".