გადაწყვეტილება №20232/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20232/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20232/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „---------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს --------ის 11.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20232/2/2023).

 

დავის საგანი:

სასტუმრო აპარტამენტების იჯარისათვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-312 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14833 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 228 475 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 131 420

დღგ - 50 155

მოგების გადასახადი - 81 265

ჯარიმა - 65 710

საურავი - 31 345

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

კომპანიას მიღებული აქვს მცირე ოდენობით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სხვადასხვა მომსახურებაზე, რომლის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 63 107 ლარს, თუმცა დეკლარაციების მიხედვით ჩათვლილი აქვს მხოლოდ 50 155 ლარი.

ბუღალტრული პროგრამის და სალაროს ანალიზის მიხედვით, კომპანია სასტუმრო „--------“-ს უხდის სასტუმროს ნომრების იჯარის ღირებულებას, რომლის დავალიანება 460 511 ლარი დაფარული აქვს სალაროდან, აღნიშნული თანხების შემოტანა სალაროში მოხდა დირექტორების მიერ. გადასახადის გადამხდელს, პერიოდის ბოლოს, უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება დირექტორების (ანგარიშვალდებული პირები) მიმართ 460 511 ლარის ოდენობით.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 175-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 97-ე, 982 მუხლების თანახმად, ვინაიდან, კომპანია 2019-2022 წლებში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან, არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველზე და ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირების მიერ შეტანილი თანხების გადახდის საფუძველი/მიზანი სასტუმრო „--------“-ის, სალაროდან გადახდილი თანხები ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32932 ბრძანება და №081-312 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14833 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, მიიჩნია, რომ საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად გამოუკვლეველი, არასწორია და აცდენილია რეალობას. აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებულ არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება და დეტალურად განმარტავს არსებულ რეალობას.

საგადასახადო ორგანოს მიერ, მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლად აქტში მითითებულია სასტუმრო აპარტამენტების იჯარისთვის გაწეული ხარჯების არაეკონომიკურად განხილვა, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. ხოლო დღგ-ში საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო ორგანო კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის არაეკონომიკურად მიჩნევის კუთხით საკუთარ შეფასებას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანია 2019-2022 წლებში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველზე და ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირების მიერ შემოტანილი თანხების გადახდის საფუძველი/მიზანი.

კომპანიის მიერ სასტუმრო აპარტამენტების იჯარით აღება განხორციელდა კომპანიის ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე და მიუხედავად შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ დანახარჯთან დაკავშირებული შემოსავლების არარსებობისა, შემმოწმებლის მიერ უტყუარად მტკიცება, რომ აღნიშნული ხარჯის გაწევის მიზანი არ არის ეკონომიკური, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს რამდენადაც, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ საიჯარო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზანს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს პოტენციურ კლიენტთან, რომლის მიხედვით აღნიშნული აპარტამენტები ქვე იჯარით უნდა გაცემულიყო ხანგრძლივი ვადით. შედეგად, კომპანიის მიერ აღებული იქნა იჯარით აპარტამენტები, თუმცა პოტენციურ კლიენტთან გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული.

მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ სს -----ის მიერ მიღებული საიჯარო თანხები ასევე აღიარებულია შემოსავლად, რაც ასევე დადასტურებულია სს ------ის მიმართ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებებში, რომელიც გაცემულია შპს -------ის მიერ, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის აუდიტის განხორციელების (სდპ სტატუსის სარეგისტრაციო ნომერი SARAS-F------).

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მარტის №7956 საფუძველზე განხორციელდა სს ------ის საგადასახადო შემოწმება, ხოლო აღნიშნული შემოწმების შედეგებზე საგადასახადო შემოწმების აქტი არ იქნა გამოცემული და 2022 წლის 23 დეკემბრის №32636 ბრძანებით შემოწმების ბრძანება შეწყდა. შესაბამისად, კიდევ უფრო ბუნდოვანია ადმინისტრაციული ორგანოების მიდგომა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს -------ის შემოწმების შედეგებით სს ------ზე გაწეული საიჯარო მომსახურების თანხები, რომელიც კომპანიის მიერ დაბეგრილი იყო დღგ-ით, დარჩა უცვლელი. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად ერთი მხარისთვის დადასტურდა მომსახურების გაწევის ფაქტი, ნიშნავს რომ მიმღებმაც მიიღო მომსახურება და თუ, მომსახურების ფაქტი გახდა სადავო, მაშინ რატომ არ იქნა იგივე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ------ის მიერ, აღნიშნულ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის შემცირება.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებელს სადავო არ გაუხდია აღნიშნული თანხების დირექტორების მიერ საზოგადოებაში შეტანის და სასტუმრო ------ზე გადახდის ფაქტი. შესაბამისად, კიდევ უფრო ბუნდოვანია აღნიშნულ ნაწილში შემმოწმებლის შეფასება, რამდენადაც, თუ დირექტორების მიერ საზოგადოებაში თანხის შეტანის ფაქტი არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, ასევე არ არის ბუნდოვანი აღნიშნული თანხების სასტუმრო -----ზე გადახდის ფაქტი, აღნიშნული თანხები უსასყიდლოდაც რომ ყოფილიყო გადაცემული აღნიშნულ შემთხვევაში არ განიხილებოდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. შესაბამისად, მიაჩნია რომ მოგების გადასახადში კიდევ უფრო უსაფუძვლო გარემოებით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან ჰარმონიზების თაობაზე. აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად, 2021 წლიდან ამოქმედდა დღგ-ის მარეგულირებელი ახალი რეგულაცია, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის დღგ-ის კანონმდებლობასთან. შესაბამისად, დღგ-ის კანონმდებლობის და დაბეგვრის პრაქტიკის სრული ჰარმონიზაციისათვის, დღგ-ის მარეგულირებელი ნორმების ინტერპრეტაციისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროპის სასამართლოს (ECJ) მიერ უკვე დამკვიდრებული საგადასახადო პრაქტიკა. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე NC110/94. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიას, რომელსაც დასაბეგრი ოპერაციები არ განუხორციელებია და საბოლოოდ დალიკვიდირდა, გაწეულ საინვესტიციო დანახარჯებზე ჩათვლილი დღგ არ შეუმცირდა. სასამართლომ საინვესტიციო დანახარჯების გაწევა მიიჩნია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებად, მიუხედავად საქმიანობის საბოლოო შედეგისა, გამომდინარე იქედან, რომ იკვეთებოდა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების განზრახვა.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ეს კი მაშინ, როდესაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის №ბს-566-561(2კ-16)

გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14833 ბრძანებით უგულვებელყოფილი იქნა საჩივარში მითითებული გარემოებები, შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ არცერთ არგუმენტზე და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს, რაც სწორედაც რომ სადავო გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და ექვემდებარება გაუქმებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სრულიად უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად და სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული, ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით, ჩათვლილი აქვს დღგ 50 155 ლარი. ბუღალტრული პროგრამის და სალაროს ანალიზის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სასტუმრო ------ას უხდის სასტუმროს ნომრების იჯარის ღირებულებას, რომლის დავალიანება 460 511 ლარი დაფარული აქვს სალაროდან, აღნიშნული თანხების შემოტანა სალაროში მოხდა დირექტორების მიერ. გადასახადის გადამხდელს, პერიოდის ბოლოს, უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება დირექტორების მიმართ 460 511 ლარის ოდენობით. შემოწმებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი 2019-2022 წლებში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან, არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველზე და ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირების მიერ კომპანიაში შეტანილი თანხების გადახდის საფუძველი/მიზანი სასტუმრო ------სთვის, სალაროდან გადახდილი თანხები ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები დაექვემდებარა გაუქმებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის არაეკონომიკურად მიჩნევას, კომპანიის მიზანი იყო აპარტამენტების იჯარით აღება და მისი ხანგრძლივ ვადიანი იჯარით გაცემა, რაც არ განხორციელდა, ვინაიდან პოტენციურ კლიენტთან ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული, თუმცა იმის თქმა რომ მიზანი მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ იყოო არამართებულად და დღგ-ის ჩათვლების გაუქმება არამართლზომიერად მიაჩნია, რამდენადაც, თუ შემოწმებამ არ მიიჩნია სადავოდ დირექტორების მიერ კომპანიაში თანხებს შეტანის ფაქტი, ასევე იგივე დაბეგვრის რეჟიმის მქონე კომპანიისათვის თანხის გადახდის ფაქტი არ მიჩნეულა საეჭვოდ, როგორ შეიძლებოდა გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნეულიყო. აღნიშნული თანხები ------ის რომც ეჩუქებინა, მოგების გადასახადით დაბეგვრას არ დაექვემდებარებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ------ შემოწმებული იქნა, მაგრამ შედეგებზე შემოწმების აქტი არ გამოცემულა, რადგან ბრძანებით შემოწმება შეწყდა, შესაბამისად მიაჩნია, რომ შემოწმებით ფაქტი დადასტურებულად, ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრად მიიჩნია და თანხის მიღების და ფულის მოძრაობის ფაქტი არ იქნა საეჭვო გარემოებად მიჩნეული. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ მიღებული საიჯარო თანხა -------ს შემოსავალში აქვს აღრიცხული, რაც დადასტურებულია მის მიმართ გამოქვეყნებულ ანგარიშგებაში. -------ს გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურა, შემოწმებამ სთქვა რომ ეს იყო დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო გადასახადის გადამხდელმა ჩაითვალა, არსებობს იჯარის ხელშეკრულება, რომელიც შემოწმების პერიოდში არ იყო შეწყვეტილი, ხოლო ამჟამად შეწყვეტილია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება რომელიც დადებული აქვს გადასახადის გადამხდელს იმავე ჯგუფში შემავალ კომპანიასთან სასტუმროს და აპარტამენტების იჯარასთან დაკავშირებით არათუ შემოწმების, მანამდეც აღარ იყო მოქმედი, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში არც შემოსავალი და არც ხარჯი არ უფიქსირდებოდა, საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილი იყო გაურკვეველ მომსახურებაზე, საერთოდ არ ეწერა შინაარსი და ეწერა მხოლოდ „თანახმად ხელშეკრულებისა“, ეს ხელშეკრულება კი რაზეც იყო გაწერილი ანგარიშ-ფაქტურა წარდგენილი არ ყოფილა და რამდენადაც იცის, არც საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ დოკუმენტებშიც არ ფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პერიოდში შემოსავალი არ მიუღია, დარიცხვა და სადავო თემები გავლილია და შეთანხმებული იყო გადასახადის გადამხდელის მაშინდელ წარმომადგენელთან.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასტუმრო აპარტამენტების იჯარისათვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა.

 

ფაქტობრივი ფარემოება

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 175-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 97-ე, 982 მუხლების თანახმად, ვინაიდან, კომპანია 2019-2022 წლებში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან, არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველზე და ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირების მიერ შეტანილი თანხების გადახდის საფუძველი/მიზანი სასტუმროს სალაროდან გადახდილი თანხები ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32932 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14833 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97; 982 ; 275

(2021 წლამდე მოქმედი) 173; 174; 175.