ბრძანება N 850

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2023
№ დოკუმენტი 850
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 850

24.01.2023

-----------ის (პ/ნ ---------- პასპ. №---------)

(მის: -------------------)

2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა -----------ის (პ/ნ ---------- პასპ. №---------) ; №234639/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №EL195347 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არის ექიმი და თურქეთში მეუღლისთვის ჩუქების მიზნით შეიძინა სხეულის შემავსებლები. ქართულად ვერ საუბრობს, თუმცა საქონლის ინვოისი თავად გადასცა მებაჟე-ოფიცრებს და უთხრა, რომ საქონელი ჰქონდა ჩანთაში. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის ---- დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ---------- (-----------ის (პ/ნ ---------- პასპ. №------) ), რომელიც მართავდა „-----“-ის მარკის მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებას (საქართველოს სახელმწიფო სანომრე ნიშანი --------).

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა აღნიშნული ფიზიკური პირის შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა (რაც განხორციელდა ------- გასაგებ, ----- ენაზე). გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ უარი განაცხადა.

ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება -------- მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა (სატრანსპორტო საშუალების სავარძლის ქვემოთ და ჩანთებში გადანაწილებული) სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი: ტუჩის საინექციო პრეპარატი (ფილერი) – 10 კოლოფი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“.

----------- მიერ წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისი №SIR -----) თანახმად, აღნიშნული საქონლის ღირებულება იყო 23086,25 თურქული ლირა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგენდა 3305,95 ლარს.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატებოდა საგადასახადო შეღავათის ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის -- დეკემბერს შედგენილ იქნა №EL195347 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- ---------ის ( -----------ის (პ/ნ ---------- პასპ. №---------)) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით – 3305,95 ლარი.

სამართალდარღვევის საქონელი ჩამორთმეულ იქნა სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად, დაილურა ------- საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----“ ადმინისტრაციულ შენობაში (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №69601080346).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

"საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, მას დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ზეპირი გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მომჩივანმა უარი განაცხადა. დათვალიერების შედეგად კი აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი (ტუჩის საინექციო პრეპარატი (ფილერი) – 10 კოლოფი), რომელიც გადანაწილებული ჰქინდა სატრანსპორტო საშუალების სავარძლის ქვემოთ და ჩანთებში. შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივნისთვის სანქციის სახით შეფარდებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. -----------ის (პ/ნ ---------- პასპ. №---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.