ბრძანება N 24665
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24665
07 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------ის (ს/ნ ------------)
(ფაქტ. მის.: -----------------)
(იურ. მის.: ------------------)
2025 წლის 20 და 30 სექტემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 და 30 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №85 და №90) განიხილა ი/მ -------ის (ს/ნ ------------) №-----/1/2025 და №-----/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 აგვისტოს №002-134 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არასწორადაა განსაზღვრული დღგის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და ფასნამატი. ამასთან, მომჩივანის განმარტებით, არ არის გათვალისწინებული სეზონური ფასდაკლებები და რიგ შემთხვევებში თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდული საქონელი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებასა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ფასნამატის კორექტირება, შესაბამის გავლენას მოახდენს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებზე.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №10977 და 31 ივლისის №17220 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბრიდან 2025 წლის 3 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახე 2025 წლის 27 აგვისტოს №19114 ბრძანება და ამავე თარიღის №002-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 805 626 ლარი, მათ შორის გადასახადი 476 382 ლარი, ჯარიმა 238 838 ლარი და საურავი 90 406 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. პირი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 6 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2023 წლის 8 იანვარს. 2023 წლის პირველი იანვრიდან არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირი. პირის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ძირითადად იმპორტირებული საქონლით (ტანსაცმელი) ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობა საბანკო ტერმინალის გამოყენებით (დოკუმენტური რეალიზაცია 80 ლარი). გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშის ამონაწერის მონაცემების მიხედვით ტერმინალის გამოყენებით საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის 29 დეკემბერს გადააჭარბა 100 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 29 დეკემბერი. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა სუპერფინი, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 2 ივნისის საქონლის ნაშთი პირვანდელი ღირებულებით არის 1 407 868 ლარი, ხოლო ფასნამატი 43%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №11155 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 803 072 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №17312 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის დროსაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა, რისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პირს შეეფარდა საგადასახადო სანქცია (-------). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული/ადგილობრივი საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია შემოწმებით სმფ-ის ინვენტარიზაციის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით განსაზღვრულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საქონლის ჯგუფების მიხედვით გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის დანართში დაფიქსირებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრული ფასნამატი (25-175%), ხოლო ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში იმპორტის ოპერაციიდან გამომდინარე გადახდილი დღგ-ის თანხით დაკორექტირდა (გაიზარდა) ჩასათვლელი თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. გადასახადის გადამხდელი 2023 წლის პირველ იანვარიდან არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავალი 2023-2024 წლებში აჭარბებს 500 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე და 89-ე მუხლების გათვალისწინებით შეიცვალა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთი.
. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს დეკლარირებული 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი პუნქტები. შემოწმებით გამოვლენილი საკითხების მიხედვით კორექტირებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის წლიური დეკლარაციის პუნქტები. კერძოდ შემოწმების მიერ დღგ-ის რეგისტრაციის შეცვლითა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კორექტირებულ იქნა ერთობლივი შემოსავალი და ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე კორექტირებულ იქნა სმფ-ის შეძენები. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა;
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერების მიხედვით პოს-ტერმინალის გამოყენებით საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის 29 დეკემბერს გადააჭარბა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხას, 100 000 ლარს. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „სუპერფინი“, რომლის მიხედვით 2025 წლის 2 ივნისის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი პირვანდელი ღირებულებით არის 1 407 868 ლარი, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №11155 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 803 072 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი და შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვა, რამაც შემოწმებისთვის შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული/ადგილობრივი საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ ჰქონდა დოკუმენტური რეალიზაცია შემოწმებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით განსაზღვრულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საქონლის ჯგუფების მიხედვით გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის დანართში დაფიქსირებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრული ფასნამატი. ამასთან, საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრული ფასნამატი, ასევე, შეესაბამება ინვენტარიზაციის ფასნამატს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია/მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მიეღო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ კონკრეტულ თანხებს მონაწილეობა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურ შედეგებში, დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას.
ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ბუღალტრული აღრიცხვით შემოწმებისთვის შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით განსაზღვრულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გაევრცელებინა საქონლის ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული ინვენტარიზაციის ფასნამატი, რომლის საფუძველზე გაანგარიშდა, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელმაც თავის მხრივ გამოიწვია მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახსიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------ის (ს/ნ ------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1.შემოწმების მიერ დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებასა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3.ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №10977 და №17220 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბრიდან 2025 წლის 3 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახე №19114 ბრძანება და №002-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 805 626 ლარი, მათ შორის გადასახადი 476 382 ლარი, ჯარიმა 238 838 ლარი და საურავი 90 406 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშის ამონაწერის მონაცემების მიხედვით ტერმინალის გამოყენებით საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის 29 დეკემბერს გადააჭარბა 100 000 ლარს.შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 29 დეკემბერი.პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან,შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა სუპერფინი, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 2 ივნისის საქონლის ნაშთი პირვანდელი ღირებულებით არის 1 407 868 ლარი, ხოლო ფასნამატი 43%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №11155 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 803 072 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №17312 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის დროსაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა, რისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პირს შეეფარდა საგადასახადო სანქცია . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული/ადგილობრივი საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია შემოწმებით სმფ-ის ინვენტარიზაციის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით განსაზღვრულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საქონლის ჯგუფების მიხედვით გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის დანართში დაფიქსირებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრული ფასნამატი (25-175%), ხოლო ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში იმპორტის ოპერაციიდან გამომდინარე გადახდილი დღგ-ის თანხით დაკორექტირდა (გაიზარდა) ჩასათვლელი თანხა.ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელი 2023 წლის პირველ იანვარიდან არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავალი 2023-2024 წლებში აჭარბებს 500 000 ლარს.აღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე და 89-ე მუხლების გათვალისწინებით შეიცვალა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს დეკლარირებული 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი პუნქტები. შემოწმებით გამოვლენილი საკითხების მიხედვით კორექტირებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის წლიური დეკლარაციის პუნქტები. კერძოდ შემოწმების მიერ დღგ-ის რეგისტრაციის შეცვლითა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კორექტირებულ იქნა ერთობლივი შემოსავალი და ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე კორექტირებულ იქნა სმფ-ის შეძენები. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 83(„ბ“); 89(2„ა“); 79( „ა“); 80(1); 100(1.3 „ბ“); 102(1„ა“); 105(1.2); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1); 174(1); 175(1); 176(1); 269(7); 282;