გადაწყვეტილება №20203/2/202
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20203/2/202
03 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---- “ს 8.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20203/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №081-59 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14355 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 357 447,27 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 218 904
დღგ - 193 954
საშემოსავლო გადასახადი - 24 950
ჯარიმა - 108 410
საურავი - 30 133,27
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილ-ბოსტნის შეძენა და რეალიზაცია, როგორც საცალოდ ასევე საბითუმოდ. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №2783 და 31 მარტის №6757 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 25 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 7 მარტის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის ბუღალტრული პროგრამა. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების აღწერით დადგენილი ფაქტიური ნაშთი (1 797 ლარი). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ინვენტარიზაციის ჩატარებამდე შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 1 750 644 ლარის სასაქონლომატერიალური ფასეულობების შეძენა. შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში ფიქსირდება მხოლოდ 850 211 ლარის შემოსავალი.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. სმფ-ების შეძენა/რეალიზაციის და ფაქტიური სასაქონლო ნაშთების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მარაგების ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებში გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასნამატით იქნა რეალიზებული. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160- ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯი, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 აპრილის №8729 ბრძანება და ამავე თარიღის №081-59 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14355 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვის პროცესში, მიუხედავათ იმისა, რომ ითხოვდა აღნიშნულს. ასევე გაურკვეველია რის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა საჩივარი, ვინაიდან ითხოვდა კონკრეტული საკითხების გათვალისწინებას. კერძოდ, ის ადგილი საიდანაც ახორციელებს გადამხდელი ვაჭრობას, მოკლებულია შესაძლებლობა მოხდეს უვარგისი და ვადაგასული პროდუქციის შეგროვება, რის გამოც ვერ ხერხდება კანონმდებლობის შესაბამისად სმფ-ების ჩამოწერა. ასევე დანამდვილებით აცხადებს, რომ გადამხდელი საერთოდ ვერ ერკვევა ბუღალტრულ საკითხებში, რაც მინდობილი ქონდა ოჯახის ახლობელზე, რომლის არაკომპეტენტურობამაც გამოიწვია მსგავსი სიტუაცია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის ბრძანება №14355-ს და ითხოვს, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებული იქნას ის გონივრული და ლოგიკური დანაკარგი რაც მსგავს ობიექტზე არსებობს. ასევე გათვალისწინებული იქნას გადამხდელის არ ცოდნა და გაურკვევლობა ბუღალტრულ საკითხებისადმი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადამხდელის შეძენა/რეალიზაციის და ფაქტიური სასაქონლო ნაშთების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასნამატით იქნა რეალიზებული. შემოწმებით დადგენილი შემოსავლები დაბეგრილ იქნა დღგ-ით. ამასთან, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა კი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანი მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე, თუმცა მას საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №2783 და 31 მარტის №6757 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 25 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 7 მარტის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 აპრილის №8729 ბრძანება და ამავე თარიღის №081-59 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14355 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 136; 73 (5); 49 (1); 159; 101; 154.