ბრძანება N 17346
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17346
24 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ(წ) ,,შპს ---ის“ (ს/ნ ---) (მის.: ---)
2024 წლის 5 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა უსფ(წ) ,,შპს ---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 5 ივლისის №90571/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №094-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ შემოწმებას ზედაპირულად აქვს შესწავლილი ფაქტობრივი გარემოება, რამაც გამოიწვია შემოსავლების სამსახურის მხრიდან არასწორი შეფასების და დასკვნის გამოტანა და შესაბამისად, არამართლზომიერი დარიცხვა. აცხადებს, რომ კონტრაქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულია ლარში და ყველა დოკუმენტი, რაც ფორმდება მხარეებს შორის ლარში, სახელმწიფომ წინასწარ იცის რა ღირებულების აქტივს მიიღებს პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია (კონკრეტული რიცხვებით გამოხატული) გამოქვეყნებულია საჯარო საინფორმაციო თუ ოფიციალურ სამთავრობო ვებ-გვერდებზე. განმარტავს, რომ ფორმალურად კონტრაქტი გაფორმებულია ორ მხარეს შორის, თუმცა შინაარსობრივად გარიგებას ჰყავს მესამე მხარეც, ფინანსური ინსტიტუტის სახით, რომელიც პროექტის დაფინანსებისთვის ადგენს წინაპირობებს და მოთხოვნებს, რომლებიც უპირობოდ არის შესასრულებელი. ფაქტობრივი გარემოების ნაწილს წარმოადგენს ის, რომ დონორი ორგანიზაცია სთავაზობს მომსახურების გამწევ კონტრაქტორ მხარეს ფინანსურ მომსახურებას, როცა შემოაქვს ე.წ. ფიქსირებული კურსის პირობა და შესაძლებლობას აძლევს მხარეს სავალუტო რისკების დასაზღვევად მიიღოს ეს შეთავაზება. ზემოაღნიშნული დასტურდება აუდირებული ფინანსური ანგარიშგებებით, რომელიც ყოველწლიურად იტვირთება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიციური სპეციალისტების მსჯელობით. მიუთითებს, რომ საკურსო სხვაობით მიღებული მოგება ან ზარალი არის უცხოურ ვალუტაში დენიმინირებული მოთხოვნის შედეგად გამოწვეული სხვაობა და შესაბამისად IFRS-ის და IAS-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოადგენს ფინანსურ შემოსავალს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმების აქტში ასახული აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 მარტის №6545 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფ(წ) ,,შპს ---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2023 წლის 9 ოქტომბრის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვის სისწორის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 3 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 5 ივნისის №13346 ბრძანება და ამავე თარიღის №094- 20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 169 981 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
უსფ(წ) ,,შპს ---“ ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების გარკვეული ნაწილის გადახდა ხდება ლარში, ნაწილის კი - დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით (პროექტების შესაბამისად). დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს. ვინაიდან, ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში (ლარი და უცხოური ვალუტა) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო, დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, აქედან გამომდინარე, ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განიხილება ორ ვალუტაში განხორციელებულად. ამასთან, კომპანია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას გამოიანგარიშებს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას შორის სხვაობას განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით.
შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, მე-8 და 73-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალიწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ უსფ(წ) ,,შპს --- ში“ ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების გარკვეული ნაწილის გადახდა ხდება ლარში, ნაწილის კი - დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით (პროექტების შესაბამისად).
შემოწმებით, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს, აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უსფ(წ) ,,შპს ---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას გამოიანგარიშებს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას შორის სხვაობას განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით.
შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, მე-8 და 73-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალიწინებით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (10); 159; 163; 164.