გადაწყვეტილება №19679/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.09.2023
№ დოკუმენტი 19679/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19679/2/2023

07 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19679/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დამფუძნებლისთვის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაწეული სამშენებლო მომსახურების დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. ფიზიკურ პირებზე ბინების მიწოდებისათვის მისაღები თანხების დაუბეგრავი ნაწილის დღგ-ით დაბეგვრა;

3. 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე ტურისტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №006-558 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9518 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 338 611 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 216 989

დღგ - 193 362

მოგების გადასახადი - 23 627

ჯარიმა - 108 464

საურავი - 13 158

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 14.12.2022 წლის №31468 ბრძანება და №006-558 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9518 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დამფუძნებლისთვის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაწეული სამშენებლო მომსახურების დღგით და მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წელს. საწარმოს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ------- (------- მოქალაქე). 2021 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმით დადგინდა, რომ დამფუძნებელმა საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, საწარმოში შეიტანა 1000 კვ. მ (ს.კ -------) მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაცემული იყო სამშენებლო პროექტის ნებართვა. კომპანიამ ბინების გარკვეულ ნაწილზე განახორციელა დამფუძნებლის სასარგებლოდ სამშენებლო მომსახურების გაწევა, კერძოდ, სამშენებლო მომსახურების ნაწილი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიაწოდა მის დამფუძნებელს. შემოწმებისას აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებად და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მშენებლობის თვითღირებულებას დამატებული 10%, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების ფასნამატს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის საბაზრო ფასსა და გარიგების ფასს შორის სხვაობა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის პირველი ნაწილით, მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებით.

განმარტა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, როგორც ფაქტობრივ გარემოებაში შემმოწმებელი აღნიშნავს, საწარმოს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის -------, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ნაკვეთის (1000 კვ.მ (ს.კ -------)) მესაკუთრეს და კომპანიის დამკვეთს. ასევე შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 15 თებერვალს ფიზიკურმა პირმა ------- აღნიშნული მიწის ნაკვეთი მასზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობით შეიტანა კომპანიის საწესდებო კაპიტალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ 2021 წლის 15 თებერვლამდე გაწეული სამუშაოები დაუმთავრებელი მშენებლობის სახით გახდა კომპანიის საკუთრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის არცერთ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია სამუშაოების ეტაპობრივ მიწოდებას, შესაბამისად ვერც თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ან რაიმე ფასად მიწოდებას ექნებოდა ადგილი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ქონების კომპანიის კაპიტალში შეტანამდე ბინების რეალიზაციას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში არსებობის პერიოდში გაფორმდა ბინებზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები. ასევე, კორპუსმა მშენებლობის პროცესში განიცადა ცვლილებები, რომლებიც დღემდე არაა შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურთან, გარდა ამისა არაა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოწყობილი სისტემები და არაა შესრულებული პროექტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოები, რის გამოც კორპუსი დღემდე არაა მიღებული ექსპლუატაციაში (იხ. დანართი: 2022 წლის 8 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მშენებარე ობიექტზე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილება გამწვანებასთან დაკავშირებით; ბრძანება 5036777 ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებთან დაკავშირებით). შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მასზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, „2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით“.

როგორც შემმოწმებელი შემოწმების აქტის მეორე საკითხის ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნავს კომპანიას მშენებლობის პროცესში ახორციელებს ბინების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ბინის ღირებულებას იხდიდნენ ხელშეკრულების მიხედვით ეტაპობრივად. ავანსად მიღებული თანხები დაბეგრილი არის დღგ-ით და იმ შემთხვევაში თუ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაიბეგრება, ადგილი ექნება კომპანიის გადასახადით ორმაგ დაბეგვრას - როგორც ბინების მიწოდება საბოლოო მომხმარებელზე, ასევე იგივე ბინებზე გაწეული სამუშაოების მიწოდება დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მოეხსნას აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე დამატებით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: მოგების განაწილებად ითვლება: საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

ა.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიამ ბინების გარკვეულ ნაწილზე განახორციელა დამფუძნებლის სასარგებლოდ სამშენებლო მომსახურების გაწევა, კერძოდ, სამშენებლო მომსახურების ნაწილი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიაწოდა მის დამფუძნებელს. შემოწმებისას აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებად და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მშენებლობის თვითღირებულებას დამატებული 10%, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების ფასნამატს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის საბაზრო ფასსა და გარიგების ფასს შორის სხვაობა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფიზიკურმა პირმა მიწა საწარმოს კაპიტალში შეიტანა დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსით, კორპუსის მშენებლობა არ არის საბოლოოდ დასრულებული, გარკვეული სამუშაოები განსახორციელებელია, კორპუსი დღემდე არ არის ექსპლუატაციაში შესული, აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილი აქვს შესაბამისი დოკუმენტები. ფიზიკურ პირზე მომსახურების გაწევის ჩათვლის შემთხვევაში ადგილი ექნება ერთი და იმავე თანხების ორმაგად დაბეგვრას, სამშენებლო მომსახურება იბეგრება მიწოდების ან ავანსის მიღების შემთხვევაში, ავანსების მიღება დღგ-ით დაბეგრილი აქვს, ამასთან, დამფუძნებელი ფიზიკური პირი არის დღგ-ის გადამხდელი, მიუთითა საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენება და დღგ-ის დარიცხვა არამართებულია. ამასთან, ვინაიდან მშენებლობა (კორპუსი) დასრულებული არ არის შესაბამისად, მიწოდებაც არ მომხდარა, მითუმეტეს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ საბაზრო ფასის გამოყენებით მოგების გადასახადის დარიცხვა არამართებულია.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დამფუძნებელი ფიზიკური პირი არ არის დღგის კვალიფიკაციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე. საბაზრო ფასი განსაზღვრა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ამ მომსახურებაზე გამოწერილია ჩეკი, გადახდა დასტურდება ბანკის ამონაწერითაც და ამ დოკუმენტების მეშვეობით დაფიქსირებულ თანხას დაუმატა 10 პროცენტი.

აღნიშნულზე მომჩივანმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირი არის დღგ-ის გადამხდელი და დღგ-ის კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსი ვერ მიიღო იმის გამო, რომ ვინაიდან ------- მოქალაქეა საბანკო ანგარიშს ვერ ხსნიდა, შეძლო ანგარიშის გახსნა და საგადასახადო ორგანოსაგან მიიღო დასტური, რომ მიენიჭება დღგ-ის კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ამასთან მოგების გადასახადზე განმარტა, რომ თვითღირებულება და საბაზრო ფასი შეიძლება ერთი და იგივე იყოს, სადავო შემთხვევაშიც კორპუსის მშენებლობაზე ხარჯები გაწეულია საბაზრო ფასის ფარგლებში, თვითღირებულება და საბაზრო ფასი ერთმანეთის ტოლია.

საბჭო განმარტავს, რომ ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის ოპერაციის განმახორციელებელი მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება და იმის გათვალისწინებით, რომ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით მოგების გადასახადის დარიცხვა მართებულია.

ამასთან, საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი დღგ-ით დაბეგვრის მიზებისათვის, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე7 ნაწილის დებულებები არ არის შესწავლილი და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. ფიზიკურ პირებზე ბინების მიწოდებისათვის მისაღები თანხების დაუბეგრავი ნაწილის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმო მშენებლობის პროცესში ახორციელებს ბინების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ბინის ღირებულებას იხდიდნენ ხელშეკრულების მიხედვით ეტაპობრივად. ავანსად მიღებული თანხები დაბეგრილია დღგ-ით, ასევე საწარმომ დღგ-ით დაბეგრა 2022 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ფიზიკური პირების მიერ გადასახდელი თანხის ნაწილი, რადგანაც ამ პერიოდში მოხდა ბინის მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, 2022 წლის აგვისტოში უნდა მომხდარიყო ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების სრულად დაბეგვრა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებისას ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების დაუბეგრავი ნაწილი დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილით.

განმარტა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო კოდექსში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მიდგომა ბინათმშენებლობების დღგ-ით დაბეგვრის მიმართებაში. კერძოდ, თითქმის სრულად აღმოიფხვრა ყველა ის ორაზროვანი მიდგომა, რომელიც ბოლო პერიოდამდე არსებობდა აღნიშნულ სფეროში. ვინაიდან საწარმომ საცხოვრებელი ბინათმშენებლობიდან შემოსავლის მიღება დაიწყო 2021 წლიდან, იგი მთლიანად ექცევა ახალი რეგულაციების მოქმედების სფეროში.

საგადასახადო შემოწმების აქტის მეორე საკითხში შემმოწმებლის მიერ დაბეგრილია 2022 წლის ივლისი აგვისტოს თვეში ფიზიკური პირების მიერ გადასახდელი თანხის ნაწილი, იმ არგუმენტით, რომ ამ პერიოდში მოხდა ბინის მშენებლობის დასრულება, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მშენებლობის დასრულების მომენტი.

საგადასახადო კოდექსის აღნიშნული მუხლის განმარტება წინააღმდეგობაში მოდის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან: „2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 48-ე მუხლთან - თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა.

კორპუსმა მშენებლობის პროცესში განიცადა ცვლილებები, რომლებიც დღემდე არაა შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურთან, გარდა ამისა არაა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოწყობილი სისტემები და არაა შესრულებული პროექტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოები, რის გამოც კორპუსი დღემდე არაა მიღებული ექსპლუატაციაში. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მასზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები: „2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, რაც როგორც შემმოწმებელი აღნიშნავს: „ავანსად მიღებული თანხები დაბეგრილი არის დღგ-ით“.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად: თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში. დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 48-ე პუნქტის მიხედვით, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმო მშენებლობის პროცესში ახორციელებს ბინების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ბინის ღირებულებას იხდიდნენ ხელშეკრულების მიხედვით ეტაპობრივად. ავანსად მიღებული თანხები დაბეგრილია დღგ-ით, ასევე საწარმომ დღგ-ით დაბეგრა 2022 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ფიზიკური პირების მიერ გადასახდელი თანხის ნაწილი, რადგანაც ამ პერიოდში მოხდა ბინის მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, 2022 წლის აგვისტოში უნდა მომხდარიყო ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების სრულად დაბეგვრა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებისას ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების დაუბეგრავი ნაწილი დაიბეგრა დღგ-ით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კორპუსის მშენებლობა დასრულებული არ არის, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსით დღგ-ით დაბეგვრის შემთხვევაში შეიცვალა რეგულაცია, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მიხედვით, მშენებარე ბინების გადაფორმება იბეგრება კორპუსის ექსპლუატაციაში გადაცემის (მიღების) მომენტში, უძრავი ქონების მიწოდებიდან თანხები, როცა მიიღო მაშინ დაბეგრა. ვინაიდან კორპუსი დასრულებული არ არის, ამ ბინების რეალიზებულად ჩათვლა და დღგ-ით დაბეგვრა არამართებულია.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მშენებარედ რეგისტრირებული ჰქონდა ფიზიკურ პირებს, ბანკის მეშვეობით, რაც იყო გადახდები ჩანდა, ხოლო ხელზე გადახდები არ ჩანდა, გადამხდელს ავანსები დაბეგრილი ჰქონდა, გამოითხოვა შესაბამისი ორგანოებიდან ინფორმაცია და დადგინდა, რომ ბინების შემძენები ცხოვრობდნენ და მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა კომუნალური გადასახადების გადახდას. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების დაუბეგრავი ნაწილი დაბეგრა დღგ-ით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის დებულების გათვალისწინებით, დაბეგვრის წარმოშობის, დადგომის პერიოდისათვის მნიშვნელოვანია ექსპლუატაციაში გაშვების და ფულის მიღების მომენტების განსაზღვრა, აღნიშნულის შესახებ მომჩივანს წარმოდგენილი აქვს გარკვეული მტკიცებულებები, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს აღნიშნულის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო, შემოსავლების სამსახურს დაევალოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

3. 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე ტურისტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ ნაწილში დარიცხვის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9518 ბრძანების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2019 წლის შემოსავალში არ აქვს აღიარებული ტურისტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად შემოწმებით კომპანიას 2019 წელს დღგ-ის ნაწილში დამატებით დარიცხული აქვს 5 189 ლარი, რაც აქტის არცერთ საკითხში არ არის მოყვანილი და მისი მოსაზრებით წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას.

ითხოვს 2019 წელს დღგ-ის ნაწილში დარიცხული 5 189 ლარის და მასზე დარიცხული სანქციასაურავის თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასევე, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბანკში ფიქსირდებოდა ჩარიცხული (მიღებული) თანხები, რომელიც არ იყო დაბეგრილი დღგ-ით, რაც დაბეგრა კიდეც. მისთვის უცნობია საიდან გაჩნდა ჩანაწერი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში, რომ ტურისტული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ მშენებლობის დაწყებამდე კომპანია ეწეოდა ტურისტულ, სამედიცინო, იურიდიულ-არქიტექტურულ საქმიანობას, საგადასახადო ორგანომ ამ ნაწილში დარიცხვა განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე დადგომამდე მიღებული თანხების.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, შესასწავლია მოხდა თუ არა მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9518 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება მე-2 დავის საგანზე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

4. საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. დამფუძნებლისთვის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაწეული სამშენებლო მომსახურების დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. ფიზიკურ პირებზე ბინების მიწოდებისათვის მისაღები თანხების დაუბეგრავი ნაწილის დღგ-ით დაბეგვრა;

3. 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე ტურისტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 14.12.2022 წლის №31468 ბრძანება და №006-558 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9518 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 981(4); 159; 163(1-2); 164(1; 2; 7); 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 112(48)