ბრძანება N 19663
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19663
08 სექტემბერი 2025
ბრძანება
შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)
(მის.:„--------“)
2025 წლის 16 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 და 21 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №64; №69) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 16 ივლისის №96887/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №081-172 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების მიწოდებად განხილვას, ასევე აღნიშნული მომსახურების თანამშრომელთა სარგებლად ჩათვლას და დღგ/საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
2.გადამხდელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას. აღნიშნავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯი ერთჯერადად, კერძოდ სარესტორნო მომსახურება. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მოხდა თანამშრომლების და კომპანიის გარე პარტნიორების შეხვედრა, რომელიც იყო გაცნობითი ხასიათის, მომავალი თანამშრომლობისთვის, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა და მასზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არამართლზომიერია.
3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის №4185 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 20 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 ივლისის №15233 ბრძანება და ამავე თარიღის №081-172 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 193 569 ლარი, მათ შორის გადასახადი 104 062 ლარი, ჯარიმა 53 682 ლარი და საურავი 35 824 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „--------“-ის საქმიანობის საგანია ბეტონის წარმოება ქალაქ „--------“-ში,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის „ორისის“ ასლის, საბანკო ამონაწერების და სხვა ხელთარსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ 2022 წლის აპრილის და ივლისის საანგარიშო პერიოდებში გამორჩენილია ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, სულ 108 086 ლარი. ამასთან, თანამშრომლების კვების ხარჯებით, რაზეც კომპანიას მიღებული აქვს ჩათვლა გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაკორექტირდა სხვა მცირე ტექნიკური სხვაობები.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე გაწეული კვების ხარჯი შეადგენს სულ 56 328 ლარს. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საკვების შეძენა არ საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას. ამასთან, კომპანიის საწარმო განთავსებულია ცენტრალური გზიდან 550 მეტრში, ხოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 275 მეტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163- ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. საწარმოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს სარესტორნო მომსახურება (ეა-„--------“) საბაზრო ღირებულებით 6 627 ლარი. საბუღალტრო პროგრამაში აღნიშნული ხარჯი გატარებულია წარმომადგენლობით ხარჯის ბარათზე, თუმცა გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა რესტორნის მომსახურების ხარჯზე, რომლის მიზანი არ ყოფილა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, მათ შორის, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად; პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას, სარგებლის ღირებულებად ითვლება ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა.
ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;
ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციები წარმოადგენენ გამონაკლისს ამავე მუხლის პირველი ნაწილისგან, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი განიხილება ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მსგავსი სარგებელი შეიძლება არ იქნას განხილული ფიზიკური პირის შემოსავლად, თუ დაქირავებულთა კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის ეკონომიკური საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და დაქირავებულთა კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით. ამასთან, საქონლის მიწოდებას განმარტავს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, დღგ წარმოადგენს მოხმარებაზე დადგენილ გადასახადს, ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევებშიც, როდესაც ადგილი აქვს მომსახურების მოხმარებას დასაბეგრი პირის მიერვე. ასეთი შემთხვევები სახეზეა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა დასაბეგრი პირის საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი აქტივები გამოიყენება პირადი დანიშნულებით, მათ შორის, დასაბეგრი პირის დაქირავებულის პირადი სარგებლობისთვის. შესაბამისად, მოცემული ნორმის მიზანს წარმოადგენს თანასწორი მიდგომის უზრუნველყოფა როგორც საბოლოო მომხმარებლის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენის შემთხვევაში, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბეგრი პირი ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ აქტივებს იყენებს პირადი მიზნებისათვის და, შესაბამისად, ფაქტობრივად საბოლოო მომხმარებლად გვევლინება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის „ორისის“ ასლის, საბანკო ამონაწერების და სხვა ხელთარსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ,თანამშრომლების კვების ხარჯებით, რაზეც კომპანიას მიღებული აქვს ჩათვლა გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაკორექტირდა სხვა მცირე ტექნიკური სხვაობები. შედეგად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე გაწეული კვების ხარჯი შეადგენს სულ 56 328 ლარს. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება. კომპანიის საწარმო განთავსებულია ცენტრალური გზიდან 550 მეტრში, ხოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 275 მეტრში, ამასთან, საკვების შეძენა არ საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას. შედეგად, შემოწმებით თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯი ჩაითვალა სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა ცვალებადია და საშუალოდ თვეში 35-40 თანამშრომლისგან შედგება. კომპანიის საქმიანობა არის სპეციფიკური და მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, შესაბამისად, იმისთვის, რომ თანამშრომლების შრომისუნარიანობა არ დაეცეს აუცილებელია მათი სრულფასოვანი კვება. კომპანია თანამშრომელს სთავაზობს ერთჯერად სრულფასოვან კვებას წვნიანით და მთავარი კერძით. კვებისთვის 2022 წლის მაისიდან 32 თვის განმავლობაში ჯამურად დაიხარჯა 56 328 ლარი, რაც საშუალოდ თვეში 1 760 ლარს შეადგენს, რომელიც სულ მცირე 30 თანამშრომელზე თვეში 58,7 ლარს შეადგენს, დღეში კი 2,44 ლარია. დღევანდელ პირობებში სრულფასოვან კვებას თანამშრომელი აღნიშნულ ფასად ვერ შეძლებს და მოუწევს არაგონივრული თანხის გადახდა.
ამასთანავე, საამქრო მდებარეობს ქალაქიდან მოშორებით და ახლო ტერიტორიაზე არ არის კვების ობიექტი. უახლოესი მაღაზია არის ობიექტიდან 850 მეტრში, ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ გზის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მისი გავლა მოითხოვს იმაზე მეტ დროს, ვიდრე ჩვეულებრივ ქალაქის ტერიტორიაზე იქნებოდა შესაძლებელი.
ასევე აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში თანამშრომლები შემოსილნი არიან სპეციალური ჟილეტებით, სამუშაო ტანსაცმლით, უსაფრთხოების ქუდებით და სპეცფეხსაცმლით. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ უწევთ ქვიშა-ხრეშთან, ცემენტთან და სპეცტექნიკასთან მუშაობა, რომელიც მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. თანამშრომლებს არ აქვთ უფლება დატოვონ სამუშაო სივრცე სამუშაო ტანსაცმლით, მათ შორის არც შესვენების დროს. ტანისამოსის გამოცვლის გარდა, თანამშრომლები გარე ტერიტორიაზე გადასაადგილებლად საჭიროებენ მოწესრიგებასაც, რაც მოითხოვს არაგონივრულ დროს. ასევე სამუშაო პროცესის უწყვეტობისთვის, შესვენება უწევთ რიგ-რიგობით, რაც მუდმივ ქაოსს გამოიწვევს გარეთ გასვლის შემთხვევაში.
კომპანისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელმა შესვენების დროს შეძლოს სრულფასოვანი დასვენება და კვების ორგანიზების პროცესი მისთვის არ იყოს ისეთი დამღლელი, რაც შეამცირებს მის შრომისუნარიანობას. თანამშრომლის მიერ საკუთარი კვების უზრუნველყოფა მოითხოვს არაგონივრულ დროით და ფინანსურ ხარჯებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ დაქირავებული პირების სამუშაო ადგილებზე შრომისნაყოფიერება მიღწეულ იქნას დაგეგმილი ხარისხით და არ შეფერხდეს სამეწარმეო საქმიანობა, კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს უსასყიდლო კვებას ადგილზე. თანამშრომლების კვება ხორციელდება მხოლოდ შესვენების დროს, მათთვის შედგენილი მენიუთი (არასარესტორნო), სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც გარე მომხმარებლებს წვდომა არ აქვთ. დაქირავებულების საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის ეკონომიკური საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს და საწარმოო პროცესის უწყვეტობისთვის აუცილებელი პირობაა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებით თანამშრომლების კვების ხარჯებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საქმიანობა დაკავშირებულია ბეტონის წარმოებასთან და სამუშაო პროცესში თანამშრომლები შემოსილნი არიან სპეციალური ჟილეტებით, სამუშაო ტანსაცმლით, უსაფრთხოების ქუდებით და სპეცფეხსაცმლით, რაც ასევე დაკავშირებულია გარკვეულ დროით დანახარჯებთან, თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება კომპანიის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შპს „-------“-ის მიერ დაქირავებული პირების კვებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დაქირავებულების მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, ხორციელდება კომპანიის საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და წარმოადგენს საწარმოო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობისათვის აუცილებელ პირობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს კომპანიის მიერ დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას. განსახილველ შემთხვევაში, შპს „-------“-ის მიერ დაქირავებული პირების კვებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევას და, შესაბამისად, კომპანიის მიერ არ ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება.
ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს: ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს; დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის: დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს; დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIPდარბაზის მომსახურება) ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს სარესტორნო მომსახურება საბაზრო ღირებულებით 6 627 ლარი. საბუღალტრო პროგრამაში აღნიშნული ხარჯი გატარებულია წარმომადგენლობით ხარჯის ბარათზე, თუმცა გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, ასევე გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა რესტორნის მომსახურების ხარჯზე, რომლის მიზანი არ ყოფილა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების მიწოდებად განხილვას, ასევე აღნიშნული მომსახურების თანამშრომელთა სარგებლად ჩათვლას და დღგ/საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას.
3.გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის საქმიანობის საგანია ბეტონის წარმოება.გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ 2022 წლის აპრილის და ივლისის საანგარიშო პერიოდებში გამორჩენილია ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, სულ 108 086 ლარი. ამასთან, თანამშრომლების კვების ხარჯებით, რაზეც კომპანიას მიღებული აქვს ჩათვლა გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაკორექტირდა სხვა მცირე ტექნიკური სხვაობები. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე გაწეული კვების ხარჯი შეადგენს სულ 56 328 ლარს.სსკ-ის 159-ე, 163- ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა.
2. საწარმოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს სარესტორნო მომსახურება საბაზრო ღირებულებით 6 627 ლარი. საბუღალტრო პროგრამაში აღნიშნული ხარჯი გატარებულია წარმომადგენლობით ხარჯის ბარათზე, თუმცა გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სსკ-ის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. ამასთან,სსკ-ის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა რესტორნის მომსახურების ხარჯზე. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),982,101,154,173,174,269.