ბრძანება N 18949

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 18949
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18949

16 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 29 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2024 წლის 29 ივლისის №91062/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივლისის №046-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების ეტაპზე არ მოახდინა შესამოწმებელი პერიოდის ცვლილება, შესაბამისად არ დაუდასტურებია ხელშეკრულების მოშლის ფაქტი და ფართის გადამხდელის საკუთრებაში დაბრუნების ნამდვილობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, კერძოდ, ფართის გადაფორმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის საკითხის სრულად შესწავლა შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის გზით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26114 ბრძანების საფუძველზე ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, შეისწავლოს შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების საჭიროების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26114 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 28 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივლისის №046-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა გარემოება, რომელიც გამოიწვევდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულების კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით:

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;

დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მომჩივანი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2021 წლის სექტემბერში შეიძინა კომერციული ფართი, რომელიც ოჯახური პრობლემების გამო დაუყოვნებლივ გაასხვისა ფ/პ „----------“ იმ პირობით, რომ მოკლე ვადაში უზრუნველყოფდა გარემონტებას და გასაქირავებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანას (აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილს). მიუთითებს, რომ ვერ შეძლო რემონტის გაკეთება და მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლაზე და თანხის უკან დაბრუნებაზე, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მაშინვე არ მიუმართავს. შემოწმების დანიშვნის შემდეგ შეიტყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დაურეგისტრირებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოშობდა პრობლემას. შესაბამისად, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა შეთანხმება ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. შედეგად, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და უძრავი ქონება დაუბრუნდა გადამხდელს საკუთრებაში. რეალურად ნასყიდობის გაუქმების თაობაზე გადამხდელსა და მყიდველს შორის შეთანხმება შედგა რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოითხოვეს შეთანხმების წარდგენა იმ თარიღით, როცა მიმართეს ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება წარმოადგენს დღგ-ის კორექტირების საფუძველს. შესაბამისად, შემმოწმებელს სთხოვა გაეზარდა შესამოწმებელი პერიოდი 1 თვით და შემოწმებასვე მოეხდინა დასარიცხი თანხის კორექტირება, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილია პირვანდელი მდგომარეობა. გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების ეტაპზე არ მოახდინა შესამოწმებელი პერიოდის ცვლილება, შესაბამისად არ დაუდასტურებია ხელშეკრულების მოშლის ფაქტი და ფართის გადამხდელის საკუთრებაში დაბრუნების ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, კერძოდ, ფართის გადაფორმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის საკითხის სრულად შესწავლა შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის გზით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გაუქმდა მხარეებს შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება დაუბრუნდა გამყიდველს - ფ/პ „----------“, აღნიშნული წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26114 ბრძანება არ არის აღსრულებული და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია გაზარდოს შესამოწმებელი პერიოდი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს რეკომენდაცია გაზარდოს შესამოწმებელი პერიოდი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2021 წლის სექტემბერში შეიძინა კომერციული ფართი, რომელიც ოჯახური პრობლემების გამო დაუყოვნებლივ გაასხვისა ფ/პ-ზე იმ პირობით, რომ მოკლე ვადაში უზრუნველყოფდა გარემონტებას და გასაქირავებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანას (აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილს). მიუთითებს, რომ ვერ შეძლო რემონტის გაკეთება და მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლაზე და თანხის უკან დაბრუნებაზე, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მაშინვე არ მიუმართავს. შემოწმების დანიშვნის შემდეგ შეიტყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დაურეგისტრირებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოშობდა პრობლემას. შესაბამისად, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა შეთანხმება ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. შედეგად, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და უძრავი ქონება დაუბრუნდა გადამხდელს საკუთრებაში. რეალურად ნასყიდობის გაუქმების თაობაზე გადამხდელსა და მყიდველს შორის შეთანხმება შედგა რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოითხოვეს შეთანხმების წარდგენა იმ თარიღით, როცა მიმართეს ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება წარმოადგენს დღგ-ის კორექტირების საფუძველს. შესაბამისად, შემმოწმებელს სთხოვა გაეზარდა შესამოწმებელი პერიოდი 1 თვით და შემოწმებასვე მოეხდინა დასარიცხი თანხის კორექტირება, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილია პირვანდელი მდგომარეობა. გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების ეტაპზე არ მოახდინა შესამოწმებელი პერიოდის ცვლილება, შესაბამისად არ დაუდასტურებია ხელშეკრულების მოშლის ფაქტი და ფართის გადამხდელის საკუთრებაში დაბრუნების ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, კერძოდ, ფართის გადაფორმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის საკითხის სრულად შესწავლა შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის გზით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26114 ბრძანება არ არის აღსრულებული და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია გაზარდოს შესამოწმებელი პერიოდი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159;165; 179;