გადაწყვეტილება №19600/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19600/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19600/2/2023

27 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს---ს 4.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19600/2/2023).

 

დავის საგანი:

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №007-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №007-23 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2020 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8495 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 856 866,33 ლარი.

7.02.2020 წლის №007-22 საგადასახადო მოთხოვნა - 15 932,17 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - (- 3 996)

საშემოსავლო გადასახადი - 39 584

ქონების გადასახადი - (- 43 580)

ჯარიმა - 18 495

საურავი - 1 433,17

 

7.02.2020 წლის №007-23 საგადასახადო მოთხოვნა - 1 726 608,39 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 91 863

ჯარიმა - 1 614 798

საურავი - 19 947,39

 

11.03.2020 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნა - 1 114 325,77 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 692 571

ჯარიმა - 346 285

საურავი - 75 469,77

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.08.2018 წლიდან 1.09.2018 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს 2018 წლის აგვისტოს თვეში შეძენილი აქვს --- საკადასტრო კოდზე განთავსებული უძრავი ქონება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შპს ---გან (ს/ნ---), ეა---- ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად აღნიშნული ქონების ღირებულება შეადგენს 5 142 400 ლარს (მათ შორის დღგ 784 433 ლარი). შესაბამის დღგ-ის თანხაზე საწარმოს განხორციელებული აქვს ჩათვლა სრულად 2018 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით. ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზით ირკვევა, რომ შპს ---ს (ს/ნ ----) აღნიშნული ქონება არაურთიერთდამოკიდებული პირისგან 2017 წლის დეკემბრის თვეში შეძენილი აქვს 602 211 ლარად დღგ-ის ჩათვლით (დღგ 91 863 ლარი). ბაზების ანალიზით დგინდება, რომ შპს ---მა (ს/ნ ----) 6.06.2018 წლის განაცხადით პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობიდან ითხოვა 8 359 599 ლარის დაბრუნება. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით 15.06.2018 წლის შესაგებელით ზედმეტობის გატანასთან დაკავშირებით უთხრა უარი „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის მოტივით. სწორედ აღნიშნულის შემდგომ მოხდა შპს ---ის (ს/ნ ---) მიერ ქონების მიწოდება ურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს ---ზე საბაზროზე დაახლოებით 9-ჯერ ძვირად, შედეგად ხანდაზმული ზედმეტობის ნაწილი, კერძოდ 784 433 ლარი ხელოვნურად გადაიტანა შპს ---ზე - ჩათვლის განხორციელების გზით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით შემოწმებით დაკორექტირდა ოპერაციაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა და ჩასათვლელი თანხა განისაზღვრა აღნიშნულ აქტივზე არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენისას დაფიქსირებული ფასის შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №007-170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.08.2019 წლის №29248 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების და შინაარსის გათვალისწინებით სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები. შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის იხელმძღვანელოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დამდგარი შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შემოწმების შუალედური (თემატური) აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.08.2019 წლის №29248 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2020 წლის დასკვნის მიხედვით, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ შპს ---ის დამფუძნებელმა ---მ ყალბი აქტივის გამოყენების მიზნით დაამზადა 29.08.2018 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ყალბი ანგარიშ-ფაქტურა ეა---- (დღგ-ის თანხა 784 434 ლარი), რომელიც შპს ---იმ ჩაითვალა 2018 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით. შუალედური აქტით ნაწილობრივ იქნა შემცირებული სწორედ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურით (რომლის სიყალბეც შემდგომში დადგინდა) მიღებული ჩათვლა. ხოლო, ოპერაციის ფიქტიურობის დადგენის შემდეგ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლითაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელისთვის ჩათვლის დარჩენილი ნაწილის გაუქმება და ასევე, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად სანქციის დაკისრება. გადაწყვეტილების შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში დამდგარი შედეგების გათვალისწინებით, შემოწმების შუალედური (თემატური) აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება.

აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2020 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.03.2020 წლის №007-74 საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 1.04.2019 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, შპს ---ს მიერ 2018 წლის აგვისტოში შპს ---გან (ს/ნ ---) შეძენილი აქვს უძრავი ქონება (მდებარე ---) 5 142 400 ლარად (დღგ-ის ჩათვლით). შპს ---ის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციასა და საბუღალტრო მონაცემებზე დაყრდნობით შპს ---ს მიერ შპს ---სთვის გადახდილია აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების ნაწილი 158 338 ლარის ოდენობით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ შპს ---ის დამფუძნებელმა ---მ, ყალბი აქტივის გამოყენების მიზნით დაამზადა 29.08.2018 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება და 7.09.2018 წლის ეა---- ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმადაც შპს ---მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თითქოსდა გაასხვისა ---ს კუთვნილ შპს ---ზე (ს/ნ ---) 5 142 400 ლარად. აღნიშნული გზით, შპს ---ის ყალბი აქტივის ნაწილი 784 434 ლარი (დღგ-ის თანხა) გადატანილი იქნა შპს ---ზე და გამოყენებული იქნა შემდგომ პერიოდებზე შპს---ის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით გადასახადების დასაფარად. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რამე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებით, შპს ---სთვის ფიქტიური ოპერაციის საფუძველზე გაცემული თანხები ჩაითვალა შპს ---ზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი 39 585 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 17 795 ლარი.

შპს--- 2017-2018 წლების საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადით ბეგრავს ბალანსზე არსებულ ძირითად საშუალებებს. 2018 წლის აგვისტოში შპს ---გან (ს/ნ ---) შეძენილი აქვს უძრავი ქონება (მდებარე ---) 5 142 400 ლარად (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც საბალანსო ღირებულებით დაბეგრილი აქვს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა შპს ---გან შეძენილი უძრავი ქონების საბალანსო ღირებულებით, რამაც გამოიწვია 2018 წლის ქონების გადასახადის შემცირება 21 790 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №007-22 საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელდა შპს ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია სერია ეა---- ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლის მართლზომიერების დადგენის მიზნით.

შემოწმების აქტის მიხედვით, შპს ---ს 29.08.2018 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და ეა----ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, შპს --- გან (ს/ნ ---) შეძენილი აქვს უძრავი ქონება (მდებარე, ---) 5 142 400 ლარად (დღგ-ის ჩათვლით, დღგ-ის თანხა 784 433 ლარი). შესაბამის დღგ-ის თანხაზე საწარმოს განხორციელებული აქვს ჩათვლა სრულად (784 433 ლარი ოდენობით) 2018 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ შპს ---ის დამფუძნებელმა ---მ, ყალბი აქტივის გამოყენების მიზნით, დაამზადა 29.08.2018 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება და 7.09.2018 წლის ეა---- ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმადაც შპს ---მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თითქოსდა გაასხვისა ---ს კუთვნილ შპს --ზე (ს/ნ ---) 5 142 400 ლარად. აღნიშნული გზით, შპს ---ის ყალბი აქტივის ნაწილი 784 434 ლარი დღგ-ის თანხა) გადატანილი იქნა შპს ---ზე და გამოყენებული იქნა შემდგომ პერიოდებზე შპს ---ის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით გადასახადების დასაფარად. აღნიშნულ ოპერაციაზე შპს ---ის მიერ მიღებულ დღგ-ის ჩათვლაზე დარიცხვა განხორციელებულია 17.05.2019 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ---ს უძრავი ქონება შეძენილი აქვს 2017 წლის დეკემბერში 602 211 ლარად (დღგ-ის ჩათვლით, დღგ - 91 863 ლარი), შემოწმებით დაკორექტირდა შპს ---ის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა და ჩასათვლელი თანხა განისაზღვრა შეძენისას დაფიქსირებული დღგ-ის თანხით 91 863 ლარი. შესაბამისად, დამატებით დაერიცხა გადასახადის თანხა 692 571 ლარი (784 434-91 863) და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 346 285 ლარი. 7.02.2020 წლის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლის შედეგად, დამატებით შემცირდა შპს ---ის მიერ 2018 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა 91 863 ლარით (784 474-692 571), რაც დაერიცხა გადასახადის სახით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 45 931 ლარი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს დაჯარიმებას ჩათვლილი თანხის 200 პროცენტის ოდენობით. შესაბამისად, დამატებით დაერიცხა ჯარიმა ეა--- ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1 568 867 ლარს.

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №007-23 საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №007-170, 7.02.2020 წლის №007-22, 7.02.2020 წლის №007- 23 და 11.03.2020 წლის №007-74 საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე მომჩივანმა საჩივრები (7.02.2023 წლის №18804/2/2023 და 8.02.2023 წლის №23300/01) წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

10.02.2023 წლის №11017-03 წერილით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №007-22, 7.02.2020 წლის №007-23 და 11.03.2020 წლის №007-74 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №007-170 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ და 2.03.2023 წლის №18804/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №007-22, 7.02.2020 წლის №007-23 და 11.03.2020 წლის №007-74 საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის დაწყების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8495 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე და 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 24.09.2020 წლის №1870 განკარგულების საფუძველზე შპს --სა (ს/ნ ---) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 21.10.2020 წლის №-- საგადასახადო შეთანხმება, მათ შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს რომ სახეზეა საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2019 წლის №11402 ბრძანებით, დანიშნული იყო შპს ---ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. აუდიტის დეპარტამენტის №1111 საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე იმავე დღეს გამოიცა №15594 ბრძანება და №007-170 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ---ს გადასახდელად დაერიცხა 1 042 050,29 ლარი, რომლის ძირითადი ნაწილი წარმოშობილი იყო შპს ---ის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისგან უძრავი ქონების (---) შეძენისას დაკორექტირებული ღირებულების გამო, კერძოდ, ოპერაციის განხორციელებისას, თუმცა არსებობდა აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქონების საბაზრო ღირებულება იყო 2 000 000 აშშ დოლარი და მიწოდება მოხდა სწორედ აუდიტის დასკვნაში მითითებული ფასის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ხელოვნურად ამცირებდა მას არასაბაზრო ფასამდე, კერძოდ, 230 740 აშშ დოლარამდე, ანუ ფასამდე, რომელიც შპს ---მა გადაუხადა ამ ქონებაში მესამე პირს მისი ბანკიდან გამოსათავისუფლებლად.

აღნიშნულ ბრძანებასა და საგადასახადო მოთხოვნაზე წარდგენილი იქნა საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქონების ნასყიდობის ფასის კორექტირება მომხდარიყო, არა იმ ფასში, რა ფასადაც იყიდა შპს ---მა, არამედ საბაზრო ფასად, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და რაც ბევრად მეტი იყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებულ თანხაზე.

საჩივარი დაკმაყოფილდა 21.08.2019 წლის №29248 ბრძანებით, რომლითაც დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ გადაემოწმებინა აღნიშნული საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ განესაზღვრა ამ ქონების საბაზრო ღირებულება.

აღნიშნულის შემდეგ გამოიცა (რა თქმა უნდა არაერთხელ გაგრძელდა შემოწმების ვადები სხვადასხვა ბრძანებებით):

- 6.02.2020 წელს №119 აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა №2918 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა №007-22, რომლითაც გადასახდელად დარიცხულია 15 932,17 ლარი;

- 7.02.2020 წლის №126 აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა №2912 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა №007-23, რომლითაც გადასახდელად დარიცხულია 1 726 608,39 ლარი;

- 11.03.2020 წლის №275 აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა №7305 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა №007-74, რომლითაც გადასახდელად დარიცხულია 1 114 325,77 ლარი.

დარიცხული გადასახადების წარმოშობის საფუძვლები: სამივე აქტითა და ბრძანებებით დარიცხული გადასახადები წარმოშობილია ერთი და იმავე სასაქონლო ოპერაციიდან, კერძოდ: შპს ---ის მიერ შპს ---სგან 2018 წლის დეკემბრის თვეში შეძენილი უძრავი ქონების (---) ნასყიდობიდან, კერძოდ:

- 6.02.2020 წლის №119 აქტში მითითებულია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობა განხორციელდა ფიქტიურად, ანუ ქონება, მდებარე ---- შპს ---ს შპს ---თვის არ გადაუცია, შესაბამისად: შპს ---ის მიერ შპს ---სთვის გადახდილი 158 338 ლარი, ჩაითვალა მისი დირექტორისთვის გადახდილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და მისი დაუდეკლარირებლობის გამო შესაბამისი ჯარიმით. ქონების გადასახადი შეამცირეს 43 580 ლარით, რადგან შპს ---ის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადი არასწორია, რადგან შპს ---ს არაფერი მიუღია შპს ----ისგან. არასწორი დეკლარაციების გამო დაერიცხა სხვა ჯარიმები;

- 7.02.2020 წლის №126 აქტში მითითებულია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობა განხორციელდა ფიქტიურად, ანუ ქონება, მდებარე (---) შპს ----ს შპს ---თვის არ გადაუცია, შესაბამისად: ყალბი უსაქონლო ოპერაციის განხორციელების გამო სრულად უნდა გაუქმდეს ჩათვლილი დღგ 784 433 ლარი. ყალბი ანგარიშფაქტურის დამზადების გამო, შპს ---ს ჯარიმის სახით უნდა დაერიცხოს ჩათვლილი დღგ-ის 200%, ანუ 1 614 798 ლარი. დროულად გადაუხდელობის გამო საურავები 19 947,39 ლარი;

- 11.03.2020 წლის №275 აქტის მიხედვით გადასახდელად დარიცხულია 1 114 325,77 ლარი, რომელიც არის აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №1111 საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება. გადაანგარიშება აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 21.08.2019 წლის №29248 ბრძანებით. 11.03.2020 წლის №275 აქტით მხოლოდ შეჯამდა მანამდე 2 აქტით დადგენილი გარემოებები და იმის გამო, რომ უძრავი ქონების ოპერაცია ჩაითვალა ფიქტიურად გაუქმდა იმ დღგ-ის ჩათვლაც, რომელიც ჩათვლილი იყო 17.05.2019 წლის №1111 აქტით.

მიუხედავად განხორციელებული დარიცხვებისა ფაქტია, რომ შპს ---ის მიერ, ---, მდებარე უძრავი ქონების გადაცემა რეალურად მოხდა, ტრანზაქცია განხორციელდა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ის შპს ---ის საკუთრებაში.

მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლების სამსახურმა ქონების ტრანზაქცია ჩათვალა ფიქტიურად და გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ყალბად, შედეგად განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის დროსაც დღგ ბიუჯეტში არ გადახდილა, მხარეები დაჯარიმდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხის 200%-იანი ჯარიმით, ჯამში 400%-ით, ქონების ღირებულებაში გამყიდველისთვის გადახდილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ თანხად, რომელიც ასევე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაიბეგრა ჯარიმებით და აღარავინ იხდიდა ქონების გადასახადს.

ქონების გადასახადის პრობლემის შესახებ აუდიტის დეპარტამენტმა პირველად მიუთითა შპს ---ში 27.04.2022 წლის №10645 ბრძანებით დანიშნული საგადასახადო შემოწმების დროს. მათ ჯერ მოიკითხეს, რატომ არ იხდიდა ქონების გადასახადს კომპანია. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №3 სამმართველოს 30.06.2022 წლის №63752-21-14 მოხსენებითი ბარათისა და შემოსავლების სამსახურის 20.06.2022 წლის №17025 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგად 16.09.2022 წლის შემოწმების აქტით, 28.09.2022 წლის №24875 ბრძანებითა და №005-141 საგადასახადო მოთხოვნით შპს ---ს დაერიცხა იმ ქონების გადასახადი, რომელიც იყო შპს---ის საკუთრებაში.

აღნიშნული აქტებიც გასაჩივრდა, 9.01.2023 წლის №24 ბრძანებით შპს ---ს დაუკმაყოფილეს მოთხოვნა და გაუუქმდა ქონების გადასახადი, რადგან შედეგის მიხედვით ქონება ეკუთვნოდა შპს ---ს პარალელურად შპს ---ში დაწყებული შემოწმების მიხედვით 30.12.2022 წლის №33908 ბრძანების და იმავე თარიღის №005-233 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა შეცვალა ზემოთაღნიშნული ტრანზაქციის სტატუსი, ჩათვლა, რომ ქონება ნამდვილად გადაცემულია და ქონების გადასახადიც დაარიცხა შპს ---ს, თანხა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შესყიდვის და შემდეგ პერიოდებში დადგენილი ფასების მიხედვით. შეფასების მიხედვით დადგინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება იყო 3 315 000 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ამავე მუხლის ნე-7 ნაწილის შესაბამისად ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

ზემოთ აღნიშნული ნორმების შესაბამისად საჩივრის წარდგენა დასაშვებია მოცემულ საკითხზე, მით უმეტეს, რომ ყველა მთავარ სადავო საკითხზე დამოკიდებულება შეცვალა თავად შემოსავლების სამსახურმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა 9.01.2023 წელს და 23.01.2023 წელს შპს ---ის 9.01.2023 წლის ბრძანების შესახებ. კერძოდ 2020 წლის ზემოთ ხსენებული აქტებით თვლიდა, რომ ქონების გადაცემა არ მომხდარა, გარიგება იყო ფიქტიური და ანგარიშ-ფაქტურა ყალბი, გამოწერილი უსაქონლო ოპერაციაზე, რის გამოც მოხდა მთელი რიგი დარიცხვები, ხოლო აღმოჩნდა, რომ ის რეალურად გადაცემულია და იმავე სამსახურის 30.12.2022 წლის ზემოთ ხსენებული აქტებითა და 9.01.2023 წლის აქტით, ჩათვალეს, რომ ქონება რეალურად გადაცემულია 2018 წლის ხელშეკრულებებით და ეს ადმინისტრაციული აქტები არის იმის საფუძველი, რომ განახლდეს წარმოება მანამდე უკანონოდ დარიცხულ გადასახადებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:

6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ან განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 21.10.2020 წლის №--- საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის 3.3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 23.08.2020 წლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 750 000 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8495 ბრძანებაში აღნიშნულ გარემოებაზე, 21.10.2020 წლის №--- აქტით გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების თაობაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხის შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის მართლზომიერება.

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.08.2018 წლიდან 1.09.2018 წლამდე პერიოდი.

აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №007-170, 7.02.2020 წლის №007-22, 7.02.2020 წლის №007- 23 და 11.03.2020 წლის №007-74 საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე მომჩივანმა საჩივრები (7.02.2023 წლის №18804/2/2023 და 8.02.2023 წლის №23300/01) წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

10.02.2023 წლის №11017-03 წერილით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №007-22, 7.02.2020 წლის №007-23 და 11.03.2020 წლის №007-74 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №007-170 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ და 2.03.2023 წლის №18804/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №007-22, 7.02.2020 წლის №007-23 და 11.03.2020 წლის №007-74 საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის დაწყების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8495 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8495 ბრძანებაში აღნიშნულ გარემოებაზე, 21.10.2020 წლის შესაბამისი აქტით გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების თაობაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხის შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299 (6,7); 293 (8,ბ); 292 (2).