გადაწყვეტილება №20965/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20965/2/2023
24 იანვარი 2024
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 2.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20965/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №CB1485772 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20852 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 29 217,09 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
28.06.2023 წელს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით №"------" მიმართა მომჩივანმა, რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 4.07.2023 წელს გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ5701/2 რომლის საფუძველზე დაევალა მომჩივანს მის მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის 5 ივლისის ჩათვლით.
4.07.2023 წელს სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე ქ. "------", სადაც გადასახადის გადამხდელს ბრძანება ჩაბარდა და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები.
მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში, დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ დანართ №24-ში მითითებული საქონელი დასახელებით „მეორადი ტანსაცმელი“ ადგილზე დახვდათ 2 680 კგ ნაცვლად 30 150 კგ-სა, დანაკლისმა შეადგინა 27 470 კგ, სულ 29 217,09 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით, რაზეც მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით. შედგენილ იქნა 4.07.2023 წლის №CB1485772 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.08.2023 წლის №20852 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 279-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
26.06.2023 წელს კომპანიის მიერ რეგისტრირებულია №„------“ განცხადება „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“, ხოლო 4 ივლისს განხორციელდა მატერიალური მარაგების დათვლა და ნაგავსაყრელზე გადატანის პროცედურა. განცხადებაში მითითებული, ჩამოსაწერი მეორადი ტანსაცმლის რაოდენობა 30 150 კგ იყო, ხოლო ადგილზე მოსულმა საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა დაითვალეს და კომპანიას ნაგავსაყრელზე გაატანინეს 2 680 კგ.
№„------“ განცხადების რეგისტრაციის მომენტში მოხდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების არასწორი რაოდენობის მითითება და 3 150 კგს ნაცვლად ჩაიწერა 30 150 კგ. ის, რომ განცხადებაში სასაქონლო-მატერიალური მარაგების რაოდენობაში ზედმეტად იყო ჩაწერილი ერთი ციფრი (0) აღმოაჩინეს 28 ივნისს, №სმფ-5701 ბრძანების პორტალზე ასახვის შემდეგ, როდესაც კომპანიას დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი რათა შეეთანხმებინა მარაგების დათვლის და ნაგავსაყრელზე გადატანის თარიღი და დრო. ამ ეტაპზე განცხადების გაუქმება ან კორექტირება ვერ ხდება.
გათვალისწინებული უნდა იქნას ზემოთ მოყვანილი არგუმენტები და დაკორექტირდეს ჯარიმის თანხა, ვინაიდან ნათელია, რომ ეს შეცდომა იყო მექანიკური და არ ისახავდა მიზნად გადასახადებისგან თავის არიდებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად :
6.ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
მომჩივანმა 28.06.2023 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს განცხადებით და წარადგინა დანართი №24, რომელში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ დანართ №24-ში მითითებული საქონელი დასახელებით „მეორადი ტანსაცმელი“ ადგილზე აღმოჩნდა 2 680 კგ ნაცვლად 30 150 კგ-სა. დანაკლისმა შეადგინა 27 470 კილოგრამი კგ, სულ 29 217,09 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ განცხადებაში მითითებული იყო ჩამოსაწერი მეორადი ტანსაცმლის რაოდენობა 30 150 კგ, რაც მითითებული იყო არასწორად და 3 150 კგ-ის ნაცვლად ჩაიწერა 30 150 კგ. ის, რომ განცხადებაში სასაქონლო - მატერიალური მარაგების რაოდენობაში ზედმეტად იყო ჩაწერილი ერთი ციფრი (0) აღმოაჩინეს 28 ივნისს, №სმფ - 5701 ბრძანების პორტალზე ასახვის შემდეგ, როდესაც კომპანიას დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი რათა შეეთანხმებინა მარაგების დათვლის და ნაგავსაყრელზე გადატანის თარიღი და დრო. ამ ეტაპზე განცხადების გაუქმება ან კორექტირება ვერ ხდება.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ საქონელი იყო რამდენიმე წლის წინ შეძენილი, კომპანიის წინა მმართველობის პერიოდში, მისი რეალიზაცია არ მომხდარა, იყო დასაწყობებული და სათანადო პირობების არქონის გამო დალპა. განცხადების ატვირთვის დროს მექანიკურად მითითებულია 30 150 კგ, ნაცვლად 3 150 კგ-სა. სულ შეძენილი იყო 3 150 კგ საქონელი, სხვა საქონელი მარაგში არ ყოფილა. რეალურად აღრიცხული იყო 3 150 კგ. ფაქტიურად არსებული წონის გათვალისწინებით არის დანაკლისი 3 150 კგ-თან მიმართებით და არა 30 150 კგ-თან მიმართებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დასტურდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულება და შესაბამისად, სანქციის თანხა გაანგარიშებული უნდა იყოს მომჩივნის მიერ დაშვებული შეცდომის მხედველობაში მიღებით (წარდგენილ მონაცემად მიჩნეული უნდა იქნას 3 150 კგ საქონელი).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №CB1485772 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20852 ბრძანება;
3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს დაკისრებული სანქციის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ დაკორექტირდეს ჯარიმის თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში, დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი.
რაზეც მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დასტურდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულება და შესაბამისად, სანქციის თანხა გაანგარიშებული უნდა იყოს მომჩივნის მიერ დაშვებული შეცდომის მხედველობაში მიღებით.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
145(6,7),279.