გადაწყვეტილება №17974/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17974/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (პ/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------"-ს 7.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17974/2/2022).
დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №EL171723 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20201 ბრძანება.
შეფარდებული სანქცია: 339 009,489 ლარის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
30.06.2022 წელს სგპ „----------“ კონტროლის ზონაში "----------" რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო ნომრით №----------, რომელსაც მართავდა მომჩივანი.
პირმა ინტერვიურებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა. ეჭვის საფუძველზე ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად მძღოლის სავარძლის საზურგეში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი კერძოდ: "----------". არადეკლარირებულმა თანხამ საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით შეადგინა 339 009,489 ლარი.
ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL171723 და სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია - თანხის 339 009,489 ლარის ჩამორთმევა. სამართალდამრღვევს ეთარგმნა აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტი, განემარტა სანქციის დაკისრების საფუძველი და მისი უფლება-მოვალეობა აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.07.2022 წლის №20201 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში "----------" რესპუბლიკის მხრიდან შევიდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მართავდა მომჩივანი. მომჩივანმა მებაჟე ოფიცერს განუცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა. ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად კი, სალონში არსებულ მძღოლის სავარძლის საზურგეში აღმოჩენილი იქნა "----------", რაც საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით შეადგენს 339 009.489 ლარს.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. საქმის ირგვლივ არსებული მასალის შესწავლით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის დეკლარირების გარეშე გადმოტანას საქართველოში, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევას.
საგულისხმოა, რომ "----------" (პ/ნ ----------) წარსულში (2021 წლის 7 დეკემბერს) არადეკლარირებული ნაღდი ფულის (3 000 000 რუსული რუბლი"----------", 3 025 აშშ დოლარი და 1 000 ლარი) საქართველოში შემოტანის ფაქტზე დაჯარიმებულია საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით (№EL149762 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი), რა დროსაც სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 623,2 ლარის ოდენობით - გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
"----------"-ს არ ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა, მას გადაღლილობის გამო დაავიწყდა ჩამორთმეული თანხის დეკლარირება, ითხოვს გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №EL171723 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20201 ბრძანება და გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმის მთლიანი თანხის გადახდისგან.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელი განმარტავს, რომ გამოთხოვილ იქნა ვიდეო, აუცილებელი ფორმალობები რაც გათვალისწინებულია საბაჟო კოდექსით დარღვეულია, ინტერვიუირებისას თარჯიმანი არ მონაწილეობს და მებაჟე ოფიცერი მას მისთვის გაუგებარ ---------- ენაზე უსვამდა კითხვებს. რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამართალდარღვევის ოქმის ბათილობა. მოითხოვს თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ბათილად ცნობა არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში ალტერნატივის სახით დაკისრებული სანქცია შეეცვალოს ჯარიმით, გადაადგილებული ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;
ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საბაჟო დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №104413-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სგპ „----------“ კონტროლის ზონაში "----------" რესპუბლიკის მხრიდან შევიდა სატვირთო ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო ნომრით №----------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე "----------" (პ/ნ ----------). პიროვნებამ ინტერვიუირებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა. ეჭვის საფუძველზე ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად სალონში არსებულ მძღოლის სავარძლის საზურგეში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი"----------". არადეკლარირებულმა თანხამ ეროვნული ბანკის კურსით შეადგინა 339 009.489 ლარი.
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა, მას გადაღლილობის გამო დაავიწყდა ჩამორთმეული თანხის დეკლარირება, ითხოვს გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №EL171723 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20201 ბრძანება და გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმის მთლიანი თანხის გადახდისგან.
ამასთან მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას მიუთითა, რომ თუ არ მოხდება ბათილად ცნობა, დაკისრებული სანქცია შეეცვალოს ჯარიმით, გადაადგილებული ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით.
საქმის გარემოებებზე მითითებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივანი ცდილობდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე (სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებას, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მომჩივანს 7.12.2021 წელს მსგავსი სამართალდარღვევისთვის შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - დაჯარიმდა გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით.
საბჭო მიუთითებს, რომ საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაშია მიღებული კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატურია. საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიყენება კონკრეტული საბაჟო სამართალდამრღვევის მიმართ, სანქციის სახით, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას.
საბჭო მიიჩნევს, რომ გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო/საბაჟო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.