გადაწყვეტილება №25181/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25181/2/2025
18 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 16.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25181/2/2025).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (დანაკლისი/აღურიცხველობა).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №CB1722849 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №CB1722850 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 24.04.2025 წლის №7537 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 53 331.33 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 7 339.75 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი)
ჯარიმა - 45 991.58 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი)
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ელექტროკაბელების და ელექტრომოწყობილობების (წყლის მოტორები) შეძენა-რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №19774 ბრძანებით, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 1.01.2024 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (4.09.2024წ.). პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 14 679.5 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა შეადგინა 459 915.80 ლარი. აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №CB1722849 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა - 7 339.75 ლარი, ხოლო გამოვლენილ დანაკლისზე 14.02.2025 წლის №CB1722850 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა - 45 991.58 ლარის ოდენობით. ორივე სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.04.2025 წლის №7537 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით და განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და პირი მიწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 28.03.2025 წლის სხდომაზე, რაზეც გადამხდელმა 27.03.2025 წელს წარადგინა №24981/2/2025 განცხადება და მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება.
გადასახადის გადამხდელი კვლავ იქნა მიწვეული შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის სხდომაზე, მაგრამ მომჩივანი დავების განხილვის საბჭოს სხდომას არ დაესწრო. გადასახადის გადამხდელი განმეორებით იქნა მიწვეული შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 11.04.2025 წლის სხდომაზე, მაგრამ გადასახადის გადამხდელი კვლავ არ დაესწრო დავების განხილვის საბჭოს სხდომას. საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგები მიუღებელია და საჭიროებს კორექტირებას. მისი განცხადებით, დანართი №19-ს მიხედვით ბუღალტრული სასაქონლომატერიალური მარაგების თვითღირებულებამ შეადგინა 437 583,46 ლარი, ფაქტობრივად აღწერილი სასაქონლო მატერიალური მარაგების თვითღირებულებამ შეადგინა 143 979 ლარი, დანაკლისის თვითღირებულება შეადგენს 296 604,46 ლარი. ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით საშუალო ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 22%-ს. ოქმის მიხედვით დანაკლისის საბაზრო ღირებულება შეადგენს 459 915.8 ლარს. ოქმის მიხედვით 296 604,46 ლარის თვითღირებულების სასაქონლო მატერიალური მარაგების საბაზრო ფასია 459 915,8 ლარი, შესაბამისად ფასნამატი შეადგენს 55%-ს, რაც ეწინააღმდეგება ინვენტარიზაციის მასალებს, სავარაუდოა, რომ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 22% გავრცელებულია დანართი №19-ით და დგენილ ბუღალტრულ ნაშთზე და მასზე არაა გამოკლებული ფაქტობრივი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე. მომჩივანი ითხოვს საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობით და სადავო სამართალდარღვევის ოქმებით განსაზღვრული ჯარიმების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა, ხოლო, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის №43693-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა დაიწყო 4.09.2024 წელს და დასრულდა 6.09.2024 წელს. გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ჩატარებული ფაქტიური აღწერის მონაცემებს ეთანხმება და პრეტენზია არ გააჩნია, მის მიერ გადამოწმებულ იქნა საინვენტარიზაციო უწყისები და გასწორებულ იქნა აღმოჩენილი შეცდომები და აღწერილ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად. გადასახადის გადამხდელის მიერ 19.09.2024 წლის №546483 წერილით წარმოდგენილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი, რომელიც არასრულყოფილად იყო შევსებული. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2024 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (04.09.2024 წ). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება იყო 344 454,55 ლარი. აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით მიღებული თანხების ჯამი. რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით 501 365,48 ლარი. მოხდა ნაშთების ორ ჯგუფად დაყოფა, ნაშთებიდან ცალკე ჯგუფად გამოიყო ელექტრო ძრავები და ცალ-ცალკე იქნა გამოყვანილი ნაშთები. ფასნამატების გაანგარიშება განხორციელდა ცალ-ცალკე ჯგუფების მიხედვით, ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების სრული მონაცემებიდან (ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და პირვანდელი ღირებულების ნამრავლი ჯამისა და ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და საბაზრო ღირებულების (გადამხდელის მიერ გამოცხადებული) ნამრავლი ჯამის თანაფარდობა) გამომდინარე. ელექტრო ძრავების ჯგუფის ფასნამატმა შეადგინა 15,99%, ხოლო სხვა დანარჩენი სმფ-ების ფასნამატმა შეადგინა 27,95%. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 459 915,80 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ფასით (ელექტრო ძრავების ჯგუფის დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 212 349,40 ლარი. ფასნამატის 15,99% და დღგ-ს 18% გათვალისწინებით დანაკლისი საბაზრო ფასით შეადგენს 290 642,62 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი სმფ-ების დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 112 123,73 ლარი, ფასნამატის 27,95% და დღგ-ს 18% გათვალისწინებით დანაკლისი საბაზრო ფასით შეადგენს 169 273,20 ლარი).
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 14 679,50 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ელექტრო ძრავების ჯგუფის აღურიცხველი სმფ-ები საბაზრო ფასით შეადგენს 4 507,50 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი ჯგუფის აღურიცხველი სმფ-ები საბაზრო ფასით შეადგენს 10 172,00 ლარს). დირექტორს ჩაბარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი პოზიცია.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1722850. ხოლო 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1722849. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფასნამატი შეადგენს 55%-ს, რაც ეწინააღმდეგება ინვენტარიზაციის მასალებს, სავარაუდოა, რომ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 22% გავრცელებულია დანართი №19-ით და დგენილ ბუღალტრულ ნაშთზე და მასზე არაა გამოკლებული ფაქტობრივი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის ვარაუდთან დაკავშირებით, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გაანგარიშებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გაურკვეველია გადამხდელის მიერ მითითებული ციფრები და გაანგარიშებები. მოხდა ნაშთების ორ ჯგუფად დაყოფა, ნაშთებიდან ცალკე ჯგუფად გამოიყო ელექტრო ძრავები და ცალ-ცალკე იქნა გამოყვანილი ნაშთები. ფასნამატების გაანგარიშება განხორციელდა ცალ-ცალკე ჯგუფების მიხედვით, ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების სრული მონაცემებიდან (ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და პირვანდელი ღირებულების ნამრავლი ჯამისა და ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და საბაზრო ღირებულების (გადამხდელის მიერ გამოცხადებული) ნამრავლი ჯამის თანაფარდობა) გამომდინარე. ელექტრო ძრავების ჯგუფის ფასნამატმა შეადგინა 15,99%, ხოლო სხვა დანარჩენი სმფ-ების ფასნამატმა შეადგინა 27,95%.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (დანაკლისი/აღურიცხველობა).
ფაქტობრივი გარემოებები
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 459 915,80 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ფასით (ელექტრო ძრავების ჯგუფის დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 212 349,40 ლარი. ფასნამატის 15,99% და დღგ-ს 18% გათვალისწინებით დანაკლისი საბაზრო ფასით შეადგენს 290 642,62 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი სმფ-ების დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 112 123,73 ლარი, ფასნამატის 27,95% და დღგ-ს 18% გათვალისწინებით დანაკლისი საბაზრო ფასით შეადგენს 169 273,20 ლარი). ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 14 679,50 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ელექტრო ძრავების ჯგუფის აღურიცხველი სმფ-ები საბაზრო ფასით შეადგენს 4 507,50 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი ჯგუფის აღურიცხველი სმფ-ები საბაზრო ფასით შეადგენს 10 172,00 ლარს). დირექტორს ჩაბარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი პო)ზიცია.
აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა - 7 339.75 ლარი, ხოლო გამოვლენილ დანაკლისზე - დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა - 45 991.58 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 286 (4,9).