გადაწყვეტილება №19243/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.05.2023
№ დოკუმენტი 19243/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

19243/2/2023

18.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 29.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19243/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით განსაზღვრული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №19465 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2022 წლის №001-138 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5289 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 164 283 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 101 255

დღგ - 1 830

მოგების გადასახადი - 76 316

საშემოსავლო გადასახადი - 23 109

ჯარიმა - 50 628

საურავი - 12 400

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რუსთავის ავტო-ბაზრობის ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული მიწის და კომერციული ფართების იჯარით გაცემა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.09.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადამხდელთან ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.01.2016 წლიდან 1.09.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდზე, რაზეც შედგენილია 26.06.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ბუღალტრული აღრიცხვა, კომპანიის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, გამომდინარე აქედან, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობა განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან.

მიმდინარე შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული - ნაღდი ფულის, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ასახული საწყისი ნაშთები არ შეესაბამებოდა ჩატარებული შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდებში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. ვინაიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ დასტურდებოდა აღნიშნული ნაშთის სალაროში არსებობა, შემოწმებამ განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე დაბეგრა მოგების გადასახადით.

ასევე, შემოწმების შედეგად გაანგარიშდა უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №19465 ბრძანება და 22.07.2022 წლის №001-138 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 22.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5289 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მიმდინარე შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული - ნაღდი ფულის, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ასახული საწყისი ნაშთები არ შეესაბამებოდა ჩატარებული შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდებში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც არ დადასტურდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი წარმოადგენს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდში მიღებულ მოგებას და არ წარმოადგენს 2011-2015 წლებში მიღებული მოგების განაწილებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ფულის ნაშთი შემოწმებამ განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად.

ასევე, აუდიტის დეპარტამენტი წარდგენილ ინფორმაციაში განმარტავს, რომ 2011-2015 წლების საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა, ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია გაუნაწილებელი მოგების შესახებ (წინა საგადასახადო შემოწმებისას გადამხდელს არ მოუთხოვია 2011-2015 წლებში მიღებული მოგების განაწილება). აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით შეუძლებელია განისაზღვროს 2019 წლის პირველი სექტემბრის პერიოდისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთი.

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით განსაზღვრული სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტი აქტში აფიქსირებს ტყუილ ინფორმაციას, თითქოს კომპანიას 26.06.2020 წელს აქტის შედგენისას შემმოწმებლებისათვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაცია, სინამდვილეში ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილია საწარმოს საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომელიც გაგრძელებული იქნა შემდგომ პერიოდში და დღევანდელ შემოწმებასაც წარუდგინა იგივე პროგრამა „ორისი“. აღნიშნული პოზიცია, რომ არ წარუდგენია საბუღალტრო პროგრამა არ შეესაბამება სიმართლეს.

ასევე, არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გატანილი ნაღდი ფულის სესხად განხილვას, შემოწმების პროცესში კომპანიის მხრიდან ორჯერ, წერილობით მისცა ახსნა-განმარტება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მოგების განაწილებას და შესაბამისად უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით, როგორც ეს დადგენილია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით, ვინაიდან საწარმოს 2011 წლიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგება სრულად არ არის გაცემული დივიდენდად, მიუხედავად ამისა აუდიტის დეპარტამენტმა, საწარმოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება სრულიად უსაფუძვლოდ ყოველგვარი ნორმატიული აქტის გარეშე აუკრძალა და აღნიშნული თანხები ჩათვალა სესხად, დაარიცხა წლიური 20%-იანი წლიური სარგებელი და სარგებელი განიხილა ხელფასად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასეთი მიდგომა არ შეესაბამება კანონის არცერთ მუხლს. აქედან გამომდინარე, ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან გატანილი ნაღდი ფული ჩაითვალოს წმინდა მოგების განაწილებად რომელიც საწარმოს მიღებული აქვს 2011 წლიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის შესაბამისად გაანგარიშდეს მოგების გადასახადი, ხოლო დანარჩენი თანხა დაიბეგროს დივიდენდის საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და არ დაკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა, ბრძანების შინაარსში დააფიქსირა, რომ „შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი: გადამხდელთან ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.01.2016 წლიდან 1.09.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდზე, რაზეც შედგენილია 26.06.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ბუღალტრული აღრიცხვა, კომპანიის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, გამომდინარე აქედან, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით“, როდესაც აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა 1.01.2016 წლიდან 1.09.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის შემოწმება, საწარმოს ბუღალტერმა აუდიტორებს ელექტრონულ ფოსტაზე 19.12.2019 წელს გაუგზავნა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ და ეს დასტურდება აუდიტის დეპარტემენტის თანამშრომელზე (შემმოწმებელი) ელექტრონულ ფოსტაზე ---------- გადაგზავნილი საწარმოს „ორისის“ პროგრამის ასლით. ფაქტი, რომ წინა შემოწმების დროს არ ჰქონია ბუღალტრული აღრიცხვა არის ტყუილი.

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით გაანგარიშდეს მოგების გადასახადი, ვინაიდან სალაროდან გატანილი თანხა წარმოადგენს განაწილებულ დივიდენდს, აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს იქედან, რომ საწარმოს 2011-2016 წლების ჩათვლით მიღებული აქვს მოგება, რომელის ნაწილი არ არის განაწილებული დივიდენდად, ხოლო შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანებაში როდესაც დააფიქსირა, რომ „გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი წარმოადგენს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდში მიღებულ მოგებას და არ წარმოადგენს 2011-2015 წლებში მიღებული მოგების განაწილებას“ - აღნიშნული წინადადება, თეზისი, წინააღმდეგობაშია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, როდესაც საწარმოს დამფუძნებლები გადაწყვეტენ მოგების განაწილებას დივიდენდის სახით, რაც მათი უფლებაა და სხვას მათ შორის სახელმწიფოს აღნიშნულ უფლებას ვერ წაართმევს, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტით მოგების განაწილება ხდება თანმიმდევრობით და არ შეიძლება წინა პერიოდის მოგების დატოვება და შემდგომი პერიოდის მოგება განაწილდეს ან სესხად გაიცეს, ეს წინააღმდეგობაში მოდის ბუღალტრულ აღრიცხვასთან.

აქედან გამომდინარე კომპანიის მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში, შემოწმების შედეგად განხილული სალაროს ნაშთი, რომელიც აუდიტის დეპარტემენტის მიერ ჩათვლილია სესხად და დაბეგრილია მოგების გადასახადით, განხილული უნდა იქნას მოგების განაწილებად, რომელიც საწარმოს მიღებული ჰქონდა 2011-2016 წლებში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:

3. მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, საწარმოს ბუღალტერმა წინა (1.01.2016 წლიდან 1.09.2019 წლამდე) საანგარიშო პერიოდის შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს ელექტრონულ ფოსტაზე 19.12.2019 წელს გაუგზავნა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომელიც გაგრძელებული იქნა შემდგომ პერიოდში და მიმდინარე შემოწმებისას წარადგინა იგივე პროგრამა „ორისი“. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გატანილი ნაღდი ფულის სესხად განხილვას, შემოწმების პროცესში კომპანიის მხრიდან ორჯერ, წერილობით გაიცა ახსნა-განმარტება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მოგების განაწილებას და შესაბამისად უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით, როგორც ეს დადგენილია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით, ვინაიდან საწარმოს 2011 წლიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგება სრულად არ არის გაცემული დივიდენდად. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტით მოგების განაწილება ხდება თანმიმდევრობით და არ შეიძლება წინა პერიოდის მოგების დატოვება და შემდგომი პერიოდის მოგება განაწილდეს ან სესხად გაიცეს, ეს წინააღმდეგობაში მოდის ბუღალტრულ აღრიცხვასთან.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლების განმარტებით, მიმდინარე შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული - ნაღდი ფულის, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ასახული საწყისი ნაშთები არ შეესაბამებოდა ჩატარებული შემოწმებისას დადგენილ მონაცემებს. შესაბამისად, შემოწმება ამ ნაწილში დაეყრდნო წინა შემოწმებით დადგენილ მონაცემებს. ამასთან აღსანიშნია, რომ წინა შემოწმების შედეგებზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, ხოლო მასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 3.12.2020 წლის №35748 ბრძანებით და საბჭოს 3.06.2021 წლის №12069/2/2021 გადაწყვეტილებით არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალსა და შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე, ხელფასად განხილვა მიჩნეულია შესაბამისობაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ წინა საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია გაუნაწილებელი მოგების შესახებ (წინა საგადასახადო შემოწმებისას გადამხდელს არ მოუთხოვია 2011-2015 წლებში მიღებული მოგების განაწილება). აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით შეუძლებელია განისაზღვროს 2019 წლის პირველი სექტემბრის პერიოდისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი წარმოადგენს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდში მიღებულ მოგებას და არ წარმოადგენს 2011-2015 წლებში მიღებული მოგების განაწილებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ფულის ნაშთი განხილულია საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით განსაზღვრული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს ბუღალტერმა წინა (1.01.2016 წლიდან 1.09.2019 წლამდე) საანგარიშო პერიოდის შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს ელექტრონულ ფოსტაზე 19.12.2019 წელს გაუგზავნა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომელიც გაგრძელებული იქნა შემდგომ პერიოდში და მიმდინარე შემოწმებისას წარადგინა იგივე პროგრამა „ორისი“. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გატანილი ნაღდი ფულის სესხად განხილვას, შემოწმების პროცესში კომპანიის მხრიდან ორჯერ, წერილობით გაიცა ახსნა-განმარტება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მოგების განაწილებას და შესაბამისად უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით, როგორც ეს დადგენილია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით, ვინაიდან საწარმოს 2011 წლიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგება სრულად არ არის გაცემული დივიდენდად. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტით მოგების განაწილება ხდება თანმიმდევრობით და არ შეიძლება წინა პერიოდის მოგების დატოვება და შემდგომი პერიოდის მოგება განაწილდეს ან სესხად გაიცეს, ეს წინააღმდეგობაში მოდის ბუღალტრულ აღრიცხვასთან.

წინა შემოწმების შედეგებზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, ხოლო მასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 3.12.2020 წლის №35748 ბრძანებით და საბჭოს 3.06.2021 წლის №12069/2/2021 გადაწყვეტილებით არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალსა და შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე, ხელფასად განხილვა მიჩნეულია შესაბამისობაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982; 101(1,2); 154(1„ა“); 275