გადაწყვეტილება №18248/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 18248/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18248/2/2022

10.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 20.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-----------).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №001-194 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 99 980 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 49 272

საშემოსავლო გადასახადი - 49 050

დღგ - 222

ჯარიმა - 24 647

საურავი - 26 061

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის ---- ივნისიდან 2020 წლის --- ივლისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. საწარმოს ანგარიშვალდებულ პირს შპს „------------თვის“ 2019 წლის ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში გადახდილი აქვს 140 120 ლარი. მაშინ როცა (ძველი შემოწმებისთვის) შპს „-------ის“ მიერ 2019 წლის ----- სექტემბრის თარიღით წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შპს „-----“ ვალდებულება, 2019 წლის - ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 48 920 ლარს. სხვაობის თანხა 91 200 ლარი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 101-ე მუხლის შესაბამისად მიჩნეულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

2. მომჩივნის განმარტებით, შპს „-------ს“ მისაწოდებელი საქონლის სანაცვლოდ, 2017 წლის სექტემბრის თვეში, ავანსის სახით სალაროდან გადაუხადა 105 000 ლარი. თანხის მიმღების მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-------). გადამხდელის მიერ ძველი შემოწმებისთვის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შპს „------ის“ მიერ საქონლის მოწოდებას ადგილი არ ჰქონია და გადამხდელს აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.

გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და დამოწმებული „დებიტორკრედიტორების“ შესახებ ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული ნაშთად არ უფიქსირდება. შესაბამისად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით 105 000 ლარი განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 7 ივნისის №17808 ბრძანება და №001-175 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34310 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის №26901 ბრძანება და 25.10.2022 წლის №001-194 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. შემოწმების აქტის თანახმად, შპს --------ს შპს ---------სთვის 2019 წლის ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში გადახდილი აქვს 114 720 ლარი, მაშინ როცა, ძველი შემოწმებისათვის, შპს ------ის მიერ 2019 წლის -- სექტემბრის თარიღით წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და 25.09.2019 წ. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით შპს ------ის დავალიანება 2019 წლის - ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 48 920 ლარს,(იხ. დანართი 1.2,3), რაც არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან აღნიშნული ვალდებულება არის არა 2019 წლის - ივნისის, არამედ ახსნა-განმარტების დაწერის - 2019 წლის -- სექტემბრის მდგომარეობით (იხ. დანართი 4), თანახმად შემდეგისა: შპს ------ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს განხორციელებული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 23 090 ლარი, რაც ანაზღაურებულია (სრულად); 2017 წელს განხორციელებულია ავანსად თანხის გადახდა 25 400 ლარი, ა/ფ (ავ-------), რაზეც გამოწერილია ავ. ანგარიშ-ფაქტურა; 2018 წლის ბრუნვა იყო 293 820ლ, ამ პერიოდისთვის გადახდებმა შეადგინა 157 500ლ, რაზეც შპს ---------------ის მიერ გამოწერილია ს.შ ორდერები №-,-,-,-,-, (იხ. დანართი 5) შესაბამისად ნაშთი 2018 წლის ბოლოს არის 110 920 ლ. 2019 წლის ბრუნვა შეადგენს 30 800 ლ,(ეა------, დანართი 1.1), რაც ასახულია შპს -----ის ინფორმაციაში, მაგრამ არ ჰქონდათ ასახული ბუღალტრულ პროგრამაში, (იხ. დანართი 3) გადახდები პირველი ივნისის მდგომარეობით იყო 27 000, რაზეც ------ის მიერ გამოწერილია ს.შ ორდერები №-,-,-,- (იხ. დანართი 6). როგორც ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს შპს -------ის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ბრუნვები (დანართი 3) სრულად შეესაბამება შპს -----ის საბუღალტრო პროგრამაში ასახულ და საგადასახადო შემოწმების დროს წარმოდგენილ ბრუნვებს (დანართი 7), შესაბამისად შპს -----ის მიერ 2019 წლის - ივნისის მდგომარეობით არსებული ნაშთი არ შეიძლება იყოს 48 920 ლარი და, როგორც ზემოთ აღნიშნა, წარმოადგენს ნაშთს 11.09.2019 წლის მდგომარეობით და აღებულია შპს ------ის საბუღალტრო პროგრამიდან ახსნაგანმარტების დაწერის მომენტისათვის (იხ. დანართი 3) და გადატანილია, მექანიკურად, 25.--.2021წ.-ს ინფორმაციაში. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შპს -----ის 1.---.2019წ. მდგომარეობით დავალიანება, ნამდვილად, შეადგენს 114 720 ლარს და როგორც აღნიშნულია აქტში, დაფარულია ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში განხორციელებული გადახდებით.

2. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, (საკითხი 3) შპს ------მა შპს -----ს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადა 105 000 ლარი ავანსის სახით მოსაწოდებელი საქონლის სანაცვლოდ, (იხ დანართი 2.1 შპს ----ის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მოხდა თანხის ხელზე გადახდა, რაც მკაცრად არის აღრიცხული) რაზედაც გამოიწერა ავანსის ა/ფ; საქონლის მოწოდება არ განხორციელდა. შპს ------ი იყო შაქრის შემომტანი კომპანია, ვისთანაც მოუწია თანამშრომლობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. კერძოდ, ამ პერიოდში შპს ------ს მოგებული ჰქონდა ორი სახელმწიფო ტენდერი (№-------, №------) შაქრის მიწოდებაზე, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობდა -----ის ქარხანასთან. მომწოდებლისგან შექმნილი პრობლემის გამო (შემდეგში დაიხურა ----ის ქარხანა) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოძიებულ იქნა მომწოდებელი შპს ----ი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და მოხდა თანხის გადახდა, ფასების ცვალებადობის თავიდან აცილების მიზნით. შემოწმების პერიოდში მის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში გადახდილი თანხა ასახულია ანგარიშზე „მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები“, ხოლო ავანსის ა/ფ, (არასწორად; შეცდომით), მოკლევადიანი ვალდებულებების ანგარიშზე. შესაბამისად, ბუღალტრულ პროგრამაში არასწორად აღრიცხვის გამო, შპს -----ან დაფიქსირდა, როგორც დებიტორული ასევე კრედიტორული დავალიანება, რის გამოც, ისევ არასწორად, არ იქნა შეტანილი დებიტორ-კრედიტორების ცხრილში. საგადასახადო შემოწმების აქტში ნათქვამია აგრეთვე, რომ აღნიშნულის შესახებ არ მიუმართავს სასამართლოსთვის. მე-3 წელია მიმდინარეობს სასამართლო პროცესი შპს ----ის მიმართ; შპს -----ის საქმიანობით დაინტერესებული იყო --- ----ის სამხარეო ფინანსური პოლიცია, სადაც წარდგენილი ჰქონდა საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე დაადგინა შპს -------სა და შპს -----ს შორის განხორციელებული ოპერაციებისა და არსებული ნაშთის რეალურობა, ხოლო შპს ------ის მიმართ გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები, რაც გადაგზავნილია ------რაიონულ სასამართლოში. განმარტავს, რომ წარმოადგენს --- -ის სამხარეო საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილ დოკუმენტებს. (იხ. დანართი 2.2) ასევე გამოითხოვა გორის რაიონული სასამართლოდან საქმე, რომელშიც ბრალდებული არის შპს ------ი. ასევე წარმოადგენს სასამართლოდან საქმის გამოთხოვის ბარათს (დანართი 2.3), სასამართლოდან მიღებულ დოკუმენტაციას მიღებისთანავე, წარმოადგენს დამატებით. შესაბამისად ელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც განახორციელებს შპს ------ის მიმართ შესაბამის ქმედებებს.

მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, საქმის წარმოებაში მიღებისთანავე, დამატებით წარმოადგენს საქმის ნომერს და დოკუმენტაციას.

ორივე აღნიშნულ შემთხვევაში ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა, როგორც ხელფასის სახით განაცემი და შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ითხოვს გათვალისწინდეს წარდგენილი არგუმენტები და სხვაობები შემოწმების დროს მიწოდებულ ინფორმაციაში არ იქნეს განხილული, როგორც გაცემული ხელფასი, რამდენადაც აღნიშნული გამოწვეულია არა გადასახადის დამალვის ან შემცირების მცდელობით, არამედ, სამწუხაროდ, თანამშრომლების შეცდომით, რითაც ბიუჯეტს არ უზარალია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 13.10.2022 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ:

1. შემოწმების მიმდინარეობისას ბუღალტრული პროგრამისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ურთიერთშედარების აქტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირს შპს ------სთვის (ს/ნ -----) შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში, გადახდილი აქვს 140 120 ლარი. მაშინ როცა (წინა შემოწმებისთვის) შპს -----ისა და შპს --------ის მიერ წარდგენილი ახნა-განმარტების მიხედვით, შპს ------ის ვალდებულება აღნიშნული კომპანიის მიმართ, 2019 წლის - ივნისის მდგომარეობით, შეადგენდა 48 920 ლარს. შემოწმების აქტით სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. წარმოდგენილ საჩივარს გადამხდელმა დაურთო შპს -----ის სალაროს შემოსავლის ორდერები. თუმცა, აღნიშნული გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული, ვინაიდან, შპს -------ი წარმოადგენს შპს ----------ის ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას. ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების მონაცემებით კრედიტორული დავალიანების ნაშთად დაფიქსირებულია არა 140 120 ლარი, არამედ 48 920 ლარი, რაზეც ასევე წარდგენილი იყო ორივე კომპანიის წერილობითი ახსნა-განმარტება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

2. შპს „--------“-ის მიერ 2017 წლის სექტემბრის თვეში, შპს „------“-ისთვის (ს/ნ -------) მისაწოდებელი საქონლის სანაცვლოდ, ავანსის სახით სალაროდან გადახდილია 105 000 ლარი და გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ---------). გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესაბამისად, 2019 წლის - ივნისის მდგომარეობით აღნიშნული დებიტორული დავალიანება ნაშთად არ ფიქსირდება. თუმცა არც შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე (ასევე არც დღეის მდგომარეობით) საქონლის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია და არც თანხის დაბრუნების მიზნით მიუმართავს შპს „-----“ სასამართლოსთვის. შემოწმების აქტით აღნიშნული თანხა დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისას გადამხდელის წარდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია (შპს -------თან გაფორმებული ხელშეკრულება და ურთიერთშედარების აქტი) გათვალისწინებული არ იქნა და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად არ მომხდარა მის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და ისე გამოსცა აუდიტის დეპარტამენტმა 13.10.2022 წლის დასკვნა, შესაბამისად მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა მომჩივნის მონაწილეობით.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება (საჩივარში დასახელებული არგუმენტების წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად შესწავლა) მომჩივნის მონაწილეობით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს, საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულება მომჩივნის მონაწილეობით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.