ბრძანება N 8905
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8905
22 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 19 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 თებერვლის (ოქმი №19) და 3 აპრილის (ოქმი №30) სხდომებზე განიხილა შპს “------“-ის (ს/ნ ------) №----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არის სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ლომბარდი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, მისი დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით.
2025 წლის 24 თებერვალს წარდგენილ იქნა 2024 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია. დეკლარაციის ატვირთვისას მოხდა ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ, კომპიუტერის ეკრანზე ატვირთული დეკლარაციის გახსნისას (დათვალიერებისას) მე-3 ნაწილის 36-ე გრაფაში დასაბეგრ მოგებაში ახლაც ფიქსირდება ციფრი 83 562.71 ლარი, ხოლო 37-ე გრაფაში დასაბეგრი მოგება 16 712.54 ლარი. როდესაც აღნიშნული დეკლარაცია მატერიალური ფორმით იბეჭდება, მოგების გადასახადის ციფრი განსხვავდება მოგების გადასახადის ელექტრონულ ვერსიაში გამოტანილი ციფრისაგან. კერძოდ, 36-ე გრაფაში მოცემულია იგივე ციფრი 83 562.71 ლარი, ხოლო 37-ე გრაფაში ფიქსირდება განსახვავებული ციფრი 12 534 ლარი.
აღნიშნული ხარვეზის შესახებ გადამხდელისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურიდან დაურეკეს და სთხოვეს 2024 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის დაკორექტირება. 2026 წლის 13 თებერვალს შემოსავლების სამსახურის მითითების საფუძველზე, გადამხდელმა დააკორექტირა 2024 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია. აღნიშნულის საფუძველზე კი დამატებით დაერიცხა საურავი.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადების შემცირება, შეცდომა და დარღვევა გამოწვეული იყო rs.ge-ზე არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელი ითხოვს 2026 წლის 13 თებერვალს 2024 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის დაკორექტირების შედეგად დარიცხული საურავისაგან გათავისუფლებას და შედარების აქტის გასწორებას, რომელშიც დარიცხულმა საურავმა 14 თებერვლიდან გამოიწვია მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილებები, განსაკუთრებით, საშემოსავლო გადასახადში.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, შპს „-----“- ის (ს/ნ ------) მიერ 13.02.2026 წელს წარმოდგენილია 2024 წლის მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია, შედეგად, კუთვნილი გადასახადი (ძირითადი) გაიზარდა 4 178.13 ლარით და ასევე, გაიზარდა 2025 წლის მიმდინარე გადასახდელების ჯამი 4 178.16 ლარით. ხოლო აღნიშნული დეკლარაციის დაზუსტებით დარიცხულმა საურავმა ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით (13.02.2026 – 14.02.2026 წწ.) შეადგინა 959.10 ლარი.
საკითხის შესწავლით დგინდება, რომ მოგების გადასახადის 2024 წლის პირველად დეკლარაციაში მოგების კუთვნილი გადასახადი დაანგარიშებულია დასაბეგრი მოგების 15%-ით, ხოლო დაზუსტებულ დეკლარაციაში - 20%-ით.
2024 წლის მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენამდე, 2026 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით შპს „-----“-ს (ს/ნ ------) პირადი აღრიცხვის ბარათძე ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 1004.93 ლარი, ხოლო დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენის შემდეგ დავალიანებამ შეადგინა 8310.33 ლარი (გადასახადი 7 351.23 ლარი და საურავი 959.10 ლარი).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისგან მიღებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2025 წლის 28 მარტს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში შესული ინციდენტის №----- საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირდა ხარვეზი. კერძოდ, რიგ შემთხვევაში, 37-ე უჯრაში 20%-ის ნაცვლად, სისტემა ახდენდა 15%-ის გამოთვლას. განხორციელდა ხარვეზის გამოსწორება და დეკლარაციის განახლებული ფორმა რეალურ გარემოში გადატანილ იქნა 2025 წლის 7 აპრილს. ინციდენტი დაიხურა და გადამხდელებს, რომლებსაც არასწორად ჰქონდათ განხორციელებული დეკლარირება, გაეწიათ რეკომენდაცია, მოეხდინათ დეკლარაციის დაზუსტება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა ჩადენილია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს 2024 წლის მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საურავისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს “-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს “-----“ (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს 2024 წლის მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საურავისაგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს 2026 წლის 13 თებერვალს 2024 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის დაკორექტირების შედეგად დარიცხული საურავისაგან გათავისუფლებას და შედარების აქტის გასწორებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2026 წლის 13 თებერვალს შემოსავლების სამსახურის მითითების საფუძველზე, გადამხდელმა დააკორექტირა 2024 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია. აღნიშნულის საფუძველზე კი დამატებით დაერიცხა საურავი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
შპს გათავისუფლდეს 2024 წლის მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საურავისაგან;
საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270(1);272(1);