გადაწყვეტილება №19838/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19838/2/2023
04 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ (------) (პას/ნ №-----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----ის (-----) 31.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19838/2/2023).
დავის საგანი:
ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №EL204633 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10893 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
30.03.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ის“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან შემოვიდა უკრაინაში რეგისტრირებული ტრანზიტულად მოძრავი ცარიელი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება №------, რომელსაც მართავდა მომჩივანი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზებში, ნაცვლად გათვალისწინებული 500 ლიტრი საწვავისა დამატებით მოთავსებული ჰქონდა დაახლოებით 500 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი.
ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული არადეკლარირებული 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისთვის, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №EL204633 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.05.2023 წლის №10893 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ადგილი აქვს ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (დიზელის ტიპის საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, მომჩივანს მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე განემარტა დაჯარიმების საფუძველი და მისი უფლება მოვალეობები, რის შემდგომ ხელი მოაწერა ოქმს და ჩაიბარა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, მომჩივანს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ქმედებაზე, რომ ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ დაუტვირთავ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საწვავის რაოდენობა აღემატებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმას (500 ლიტრი) და არა არასტანდარტულად დამონტაჟებული საწვავის ავზით საქონლის შემოტანისათვის. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-11 გრაფაში კი, მითითებულია გასაჩივრების წესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის უკანონო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10893 ბრძანება.
30.03.2023 წელს მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით (ტრაილერი), უკრაინის სახელმწიფო ნომრით ------ით -----დან შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე - ------ის გავლით, რა დროსაც საბაჟო გამშვები პუნქტის შენობამდე მისვლამდე რამდენიმე ათეული მეტრით ადრე შეაჩერეს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ჰკითხეს საწვავის ავზებში რა რაოდენობის საწვავი ჰქონდა, რაზეც მძღოლმა კეთილსინდისიერად უპასუხა, რომ ორივე ავზში ჰქონდა საწვავი, რადგან ახორციელებდა ტრანზიტულ მოძრაობას და შესაბამისად საწვავის გარეშე ვერ იმოძრავებდა. აღსანიშნავია, რომ საწვავის ორივე ავზი არის ქარხნულად დამონტაჟებული, დაკავშირებულია ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად და რაიმე კუსტარულ ჩარევას ადგილი არ აქვს. ანუ არის ქარხნული მოდიფიკაციით. ისე, რომ საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს საწვავის რაოდენობა არ გაუზომიათ, არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ მარწმუნებელი დააჯარიმეს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით 2 000 ლარით, ჩამოართვეს ავტომანქანის ტექ. პასპორტი და აუკრძალეს გადაადგილება, ვიდრე არ გადაიხდიდა ჯარიმას.
საბაჟო ორგანოს წარმომდგენლების ყველა მოქმედება არის უკანონო და წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილობის აბსოლუტურ საფუძველს.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ მალულად არაფერი განუხორციელებია. ის მისულიც კი იყო საბაჟო კონტროლის შენობამდე, როდესაც შეაჩერეს და ჰკითხეს რა რაოდენობის საწვავი ჰქონდა, რაზეც მან კეთილსინდისიერად უთხრა, რომ ორივე ავზში ჰქონდა საწვავი. მას არ უთქვამს ტყუილი მებაჟისთვის და არ დაუმალავს საწვავის რაოდენობა, რადგან მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომობილი ქარხნულად აღჭურვილია საწვავის ორი ავზით, რომლებიც დაკავშირებულია ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად და რაიმე კუსტარულ ჩარევას ადგილი არ აქვს. იგი ახორციელებდა საქართველოს გავლით ტრანზიტულ მოძრაობას და შესაბამისად საწვავის ავზით ვერ გადაადგილდებოდა.
არის უკრაინის მოქალაქე და არ ფლობს ქართულ ენას. საბაჟო სამსახურის თანამშრომლები ვალდებული იყვნენ მოეწვიათ თარჯიმანი, მისთვის გასაგებ ენაზე განემარტათ თუ რას ედავებოდნენ და გადაეთარგმნათ მისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, მოცემულ დოკუმენტზე კი უნდა დაეფიქსირებინათ - თარჯიმნის ხელმოწერა და დაჯარიმებული შესაბამისი განმარტება - დოკუმენტის თარგმნის თაობაზე.
სხვა საფუძველიც, რომ არ იყოს - ცალკე აღებული მხოლოდ ეს საფუძველიც საკმარისია, რათა გაუქმდეს ეს სამართალდარღვევის ოქმის, რადგან ამ კონკრეტული ქმედებით საბაჟო სამსახურის წარმომადგენლების მიერ დარღვეულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნები -----ის შეეზღუდა მისი კანონიერი უფლებებით.
საბაჟოს წარმომადგენლების მხრიდან მას დაერღვა არაერთი უფლება. მათ შორის ვერ მიიღო მისთვის გასაგებ ენაზე განმარტება თუ რას ედავებოდნენ, რატომ ედავებოდნენ, არ მიეცა ახსნაგანმარტების გაკეთების საშუალება, რადგან არ იქნა მოწვეული თარჯიმანი და არც მას მისცეს ამის საშუალება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუზღუდეს ავტომანქანით გადაადგილების საშუალება და მოთხოვეს ჯარიმის დაუყოვნებლივ გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომანქანის დატოვება და მის გარეშე გადაადგილება, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის წარმოშობს უამრავ, მათ შორის გადაულახავ დაბრკოლებას.
ამის გარდა დარღვეულია სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესი, რაც გათვალიწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილში, დაირღვა 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ასევე საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მოთხოვნები. არ არის სრულყოფილად მითითებული ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა. ბუნებრივია ცარიელია შენიშვნებისა და განმარტებების გრაფა, რადგან მომჩივანი არ ფლობს ქართულ ენას და მისთვის არავის გადაუთარგმნია ოქმის შინაარსი და არავის მიუცია განმარტება მისი უფლებების შესახებ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა საჩივარი და გასაჩივრებულ ბრძანებაში აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები მოქმედებდნენ კანონიერად და მომჩივნის მიმართ კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს, გაუქმდეს 30.03.2023 წლის №EL204633 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10893 ბრძანება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაუბრუნდეს გადახდილის ჯარიმის თანხა 2 000 ლარი და შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ზემოთ აღწერილი გარემოებების გამო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად:
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად;
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
7. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 500 ლიტრს.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №53149-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზებში, ნაცვლად გათვალისწინებული 500 ლიტრი საწვავისა დამატებით მოთავსებული ჰქონდა დაახლოებით 500 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ ტრანზიტულად მოძრავ დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზებში, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 5 00 ლიტრი საწვავისა დამატებით მოთავსებული ჰქონდა არადეკლარირებული დაახლოებით 5 00 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დაკისრებულია კანონმდებლობის შესაბამისად.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 30.03.2023 წლის №EL204633 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №EL204633 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა უკრაინაში რეგისტრირებული ტრანზიტულად მოძრავი ცარიელი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი. ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზებში, ნაცვლად გათვალისწინებული 500 ლიტრი საწვავისა დამატებით მოთავსებული ჰქონდა დაახლოებით 500 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი. ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული არადეკლარირებული 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისთვის, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.05.2023 წლის №10893 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 30.03.2023 წლის №EL204633 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 194;(5)
საბაჟო კოდექსი 168(4);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) ინსტრუქცია; 1 (5. 6. 7)