გადაწყვეტილება №25683/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25683/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25683/2/2025).
დავის საგანი:
1. უარი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადაკვალიფიცირებაზე;
2. დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის №11629 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2025 წლის №081-118 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 30.07.2025 წლის №17088 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 156 778.52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 95 318.76
დღგ - 85 085.80
საშემოსავლო გადასახადი - 10 232.96
ჯარიმა - 47 484.20
საურავი - 13 975.56
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით სპეციალიზირებულ მაღაზიებში (იჯარით აღებულ რვა მისამართზე).
აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის №4546 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 6.06.2025 წლის №11629 ბრძანება და 9.06.2025 წლის №081-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2025 წლის №17088 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უარი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადაკვალიფიცირებაზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი: შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შესამოწმებელი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის რეესტრები. ბუღალტრული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს საქონელი, რომელიც სრულად არ არის დაბეგრილი დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის გადაკვალიფიცირება ამავე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეთანხმება ბრძანებაში მითითებულ განმარტებას და ადასტურებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი მართლზომიერია და პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად გადასახადის გადამხდელის მხრიდან ამ საკითხზე აპელირებისა, დავის განმხილველმა ორგანომ არ შეაფასა, ხომ არ იყო გადასახადის შემცირება გამოწვეული საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით. რაც კვალიფიცირდება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით და იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 10%-ით, ნაცვლად ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 50%-იანი სანქციისა.
იმისათვის, რომ დავების განხილვის საბჭომ უფრო ნათლად დაინახოს მომჩივნის არგუმენტების მართლზომიერება, ცხრილის სახით წარმოადგენს მსხვილ შემსყიდველებთან განხორციელებულ ოპერაციების შესახებ ინფორმაციას (ბუნებრივია მთელი ბუღალტრული პროგრამის გავლას და შეფასებას დავების განხილვის საბჭო ვერ მოახდენს), სადაც ნათლად ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელი დეკლარირებას ახდენდა მაშინ, როდესაც მყიდველი გადაუხდიდა თანხას და არა მაშინ, როდესაც ფიზიკურად ხდებოდა საქონლის მიწოდება (იყენებდა საკასო მეთოდს). ასევე წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების შემდგომ დაზუსტებულ დღგ-ის დეკლარაციებს, სადაც გადასახადის გადამხდელმა შეამცირა 2025 წლის თებერვალსა და მარტში დასაბეგრი ბრუნვები, რადგან საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ თვეებში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის ნაწილი, საგადასახადო შემოწმების შედეგად პერიოდის შეცვლის გამო აღმოჩნდა წინა თვეებში. ამდენად, ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. აღნიშნული საკითხის შეუფასებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევას.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 97-ე მუხლებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებზე, სადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა გამოიკვლია თუ არა სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურმა, რადგან გადაწყვეტილებაში ამ საკითხზე ნამსჯელი არ აქვს.
აქვე აღსანიშნია, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრის განხილვის ზეპირ მოსმენაზე არ ყოფილა დაბარებული. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის უშვებს მომჩივნის გარეშე საჩივრის განხილვის შესაძლებლობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მითითება არანაირ მტკიცებულებაზე, რომლითაც უარყოფილი იქნებოდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, ამდენად, მომჩივნის დაუბარებლობა საჩივრის განხილვაზე, ვერ გამართლდება იმ არგუმენტით, თითქოსდა საქმეში არსებული მასალებით სრულად დაადგინა შემოსავლების სამსახურმა დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მხოლოდ აღნიშნული დარღვევაც კი ცალკე აღებული წარმოადგენს სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილების შესაბამისად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ ცხრილის სახით წარმოადგენს მსხვილ შემსყიდველებთან განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას, სადაც ნათლად ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელი დეკლარირებას ახდენდა მაშინ, როდესაც მყიდველი გადაუხდიდა თანხას და არა მაშინ, როდესაც ფიზიკურად ხდებოდა საქონლის მიწოდება (იყენებდა საკასო მეთოდს). ასევე, წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების შემდგომ დაზუსტებულ დღგ-ის დეკლარაციებს, სადაც გადასახადის გადამხდელმა შეამცირა 2025 წლის თებერვალსა და მარტში დასაბეგრი ბრუნვები, რადგან საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ თვეებში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის ნაწილი, საგადასახადო შემოწმების შედეგად პერიოდის შეცვლის გამო აღმოჩნდა წინა თვეებში. ამდენად, ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვას. მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას ბეგრავდა მიღების მომენტში და არა როცა საქონლის რეალიზაცია ხდებოდა. შემოწმების შედეგად სხვაობა გამოვლინდა იმ მიზეზით, რომ მომჩივანს დებიტორული დავალიანება არ ჰქონდა დაბეგრილი. წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით ვერ ირკვევა მომჩივანმა საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა პერიოდის ცვლილებით დაბეგრა, სრულად დაბეგრა, რა ნაწილი არ დაბეგრა ანუ არ დგინდება გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო თუ არა პერიოდის ცვლილებით. შემოწმების ჯგუფის მიერ არ განხორციელებულა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა, შესაბამისად არ მომხდარა გადასახადის გადამხდელის მიერ დღგით დაბეგრილი თანხების პერიოდის ცვლილება.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში უთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, დაეკისრა ჯარიმა 47 484 ლარი, მათ შორის დღგ-ში 44 482 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 3 002 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2025 წლის №081-118 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 13 975.56 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო ბრძანება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია. შემოსავლების სამსახურის დასაბუთება კოპირებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და სადავო საკითხიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევასთან მისადაგება არარელევანტურია.
განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად რელევანტურია უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2022 წლის განჩინება (საქმე №ბს-1178 (2კ)) დოკუმენტირებულ მაჩვენებლებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის არსებული სხვაობის საკითხს, საკასაციო პალატა თვლის, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადების დროულად და სწორად გადახდისა და მის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა მოხდეს კანონის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე აღიარებს მის მიერ ხარჯებისა და შემოსავლის აღრიცხვისას შეცდომის დაშვებას. ამდენად, საკასაციო პალატას, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ კონკრეტული ოპერაცია გადასახადის გადამხდელის მიერ საბუღალტრო დოკუმენტაციაში მითითებული იყო. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით არ დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა ტექნიკური ხასიათის შეცდომა და გადასახადის გადამხდელის კანონიერად იქნა გათავისუფლებული აღნიშნულ ნაწილში დაკისრებული საგადასახადო სანქციისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მომჩივანს სრულად აქვს სამეურნეო ოპერაციები აღრიცხული ბუღალტრულ პროგრამაში, ხოლო ის გარემოება, რომ დაბეგვრა ხდებოდა სხვა საანგარიშო პერიოდში ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ გადასახადის გადამხდელს გადასახადის დამალვის ან თავის არიდების მიზანი არ ჰქონია.
სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას ითხოვს ნაწილობრივ, მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადზე დარიცხული სანქციის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში მოითხოვა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის გადაკვალიფიცირება ამავე მუხლის პირველი ნაწილით.
2.გადამხდელი ითხოვს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას მხოლოდ დღგ-ზე დარიცხული სანქციის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ბუღალტრული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს რეალიზებული აქვს საქონელი, რომელიც სრულად არ არის დაბეგრილი დღგ-ით.სსკ-ის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, დაეკისრა ჯარიმა,მათ შორის დღგ-ში 44 482 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 3 002 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით საურავი.
გადაწყვეტილება
1.საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269,272,275.