ბრძანება N 5947

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.03.2025
№ დოკუმენტი 5947
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5947

31 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---)

2025 წლის 22 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის და 20 მარტის სხდომებზე (ოქმი №8; ოქმი №21;) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ --) 2025 წლის 22 იანვრის №93837/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №136-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოზე უპროცენტოდ გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის გაფორმებულია უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, რომლის სანაცვლოდ შპს „---“ გადასახადის გადამხდელს უწევს სასაწყობე და ლოჯისტიკურ მომსახურებას მისაღებ ფასად. აცხადებს, რომ კომპანიებს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ იკვეთება. მიაჩნია, რომ სახეზეა უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა მხოლოდ სესხის პროცენტის ნაწილში და აღნიშნული ოპერაცია არ უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით. აღნიშნავს, რომ კომპანიებს შორის არსებობს ახლო პარტნიორული ურთიერთობა და თანხა, რომელსაც პროცენტის სახით არ უხდის მსესხებელი გადასახადის გადამხდელს, საბოლოოდ აკუმულირდება კომპანიაში როგორც გაუნაწილებელი მოგება და დაიბეგრება კომპანიის მიერ მოგების განაწილებისას. მიაჩნია, რომ სახეზეა ეკონომიკურის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაცია. განმარტავს, რომ კონტრაქტორი დააფინანსა კომპანიის საქმიანობისთვის მნიშველოვანი მომსახურების მიღების მიზნით. შესაბამისად, აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული საპროცენტო ხარჯი კავშირშია მხოლოდ შემოსავლის მიღებასთან და მიზნად არ ისახავდა გადასახადებისგან თავის არიდებას. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქცია წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს შპს „----“-ის წერილს, რომლის მიხედვით მომწოდებელი განმარტავს, რომ 2021 წლის 23 და 25 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებებით მიღებული საქონელი (ჩაი 50 გრ.-1 194.25 კგ., ლობიო 900 გრ.-23 885 ცალი) წარმოადგენს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. აცხადებს, რომ პროდუქტები ზემოაღნიშნულმა კომპანიამ შეიძინა ფიზიკური პირებისგან, შემდეგ დააფასოვა და გაყიდა. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №7911 და 12 აპრილის №8386 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22330 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 დეკემბრის №26990 ბრძანება და 24 დეკემბრის №136-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 118 605 ლარი, მათ შორის, გადასახადი 65 174 ლარი, ჯარიმა 31 108 ლარი, საურავი 22 323 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს --- ბანკთან გაფორმებული აქვს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანია პერიოდულად იღებს სესხებს. შესამოწმებელ პერიოდში --- ბანკიდან აღებულ სესხ(ებ)ზე გაწეული საპროცენტო ხარჯი შეადგენს 376 025 ლარს, ხოლო ძირითადი თანხის დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 910 000 ლარს. სააღრიცხვო ინფორმაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელსა და შპს „----ს“ შორის 2022 წლის პირველი მაისის თარიღით გაფორმებული უპროცენტო (უსასყიდლო) სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 5 მაისს შპს „---თვის“ გადარიცხული აქვს ჯამში 614 815 ლარი. აღნიშნულ პერიოდში (2022 წლის 27 აპრილი-2022 წლის 5 მაისი) ბანკიდან აღებული სესხის მოცულობა შეადგენს 663 000 ლარს, კონკრეტულად, 2022 წლის 5 მაისს 358 000 ლარს. ანალოგიურად, 2022 წლის 13 დეკემბერს შპს „---ს“ ჩარიცხული აქვს ბანკის სესხის ტრანში 535 000 ლარი, ხოლო 2022 წლის 15 დეკემბერს გაცემული აქვს უპროცენტო სესხი შპს „---ზე“ 180 000 ლარის, ხოლო 2022 წლის 29 დეკემბერს 240 000 ლარის ოდენობით. ასევე, ამ პერიოდში გადარიცხულია სხვა შედარებით მცირე თანხებიც. გადასახადის გადამხდელი პერიოდულად გასცემს უპროცენტო სესხს შპს „----“-ზე და პარალელურად ხდება ---ს ბანკის სესხის ტრანშების მიღებაც. ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, ვინაიდან ბანკიდან აღებული სესხის ნაწილის გასესხება ხდება უსასყიდლოდ სხვა საწარმოებზე და არსებული/მოწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მათ შორის, სესხის ხელშეკრულებით, არ ფიქსირდება სანაცვლოდ რაიმე სახის კომპენსაციის/სარგებლის მიღება, სესხის ძირითადი თანხის იმ ნაწილზე დარიცხული/გადახდილი საპროცენტო ხარჯი, რომელიც გამოყენებულ იქნა უპროცენტო სესხის გასაცემად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განხილულ იქნა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

2. საწარმოს პირველადი დოკუმენტაციის და საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებით შეძენილი აქვს 23 885 ერთეული პროდუქტი დასახელებით „ლობიო 900 გრ“ შპს „---“-ისგან. სასაქონლო ზედნადებებში დაბეგვრის ტიპში მითითებულია „დაუბეგრავი“. ასევე, შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურაში (ეა ---) დღგ-ის თანხა მითითებულია ნული ლარი. ასევე, 2021 წლის 23 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებით (№----) გადასახადის გადამხდელს ამავე კომპანიისგან შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „ჩაი 50 გრ“ სტატუსით „დაუბეგრავი“.

შესაბამისად, როგორც მომწოდებელს, ასევე შემძენს აღნიშნული საქონელი განხილული აქვთ, როგორც ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტი და კომპანიაც აღნიშნული საქონლის რეალიზაციას განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად და არ არიცხავს დღგ-ის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, მათ შორის, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის ანალიზით, ირკვევა, რომ აღნიშნული საქონლის მიწოდება არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციას. მომწოდებელს აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს დასაბეგრი სტატუსით და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლაც, ასევე, საწარმოს 2022 წელს შეძენილი აქვს სულ 8 521 კგ ყველი, რომელთაგან დაუბეგრავი სტატუსი აქვს 3 903 კგ-ს, ხოლო დასაბეგრია 4 618 კგ. აღნიშნული ყველის რეალიზაცია და დაბეგვრა გადასახადის გადამხდელმა განახორციელა შემდეგნაირად: დღგ-ისგან გაათავისუფლა 6 997 კგ ყველის რეალიზაცია და დაბეგრა 1 523 კგ ყველის რეალიზაცია.

აღნიშნულ ნაწილში ნაჩვენები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეუსაბამობაშია შეძენის დოკუმენტაციასთან ანუ გათავისუფლებულის სტატუსით გაყიდული აქვს იმ საქონლის ნაწილი, რომელიც დასაბეგრი სტატუსით აქვს შეძენილი/მიღებული აქვს ჩათვლა. არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებული/წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და საპირისპიროდ, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია არ არის განხილული, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება, შემოწმების მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი და რეალიზაციაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება: ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხარჯებში არ შეიტანება ამ კოდექსის 981 და 983 მუხლებით გათვალისწინებული განაცემების (მათ შორის, განაცემისა, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება), აგრეთვე გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემის განსახორციელებლად გაწეული ხარჯი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია განაწილებული მოგების ზოგადი დეფინიცია, რომლის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ განაწილებულ მოგებად არ ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდების განაწილება.

გაწეულ ხარჯს ან სხვა გადახდას, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთ ხარჯს მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხარჯებში არ შეიტანება ამ კოდექსის 981 და 983 მუხლებით გათვალისწინებული განაცემების (მათ შორის, განაცემისა, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება), აგრეთვე გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემის განსახორციელებლად გაწეული ხარჯი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

ამდენად, ზოგადი წესით, როგორც მოგების პირდაპირი განაწილების, ასევე მასთან გათანაბრებული უსასყიდლოდ საქონლის/ მომსახურების მიწოდების ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემთხვევაში, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ წარმოიშობა, თუ მიმღებ მხარესაც წარმოადგენს საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება განაწილებული მოგების მიხედვით. ასეთი მოწესრიგების მიზანია ეკონომიკურ საქმიანობაში რეინვესტირების წახალისება და, შესაბამისად, თუ ოპერაციის შედეგად წარმოქმნილი სარგებელი მიეკუთვნება საწარმოს, რომელიც, თავის მხრივ, დაექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას ამ სარგებლის მოგების სახით განაწილების შემთხვევაში, ოპერაციის განხორციელების ეტაპზე საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი ან/და ფულადი სახსრების გადამცემი საწარმოსთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ წარმოიშობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ხსენებული მიზნის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული განაცემი და მის განსახორციელებლად გაწეული ხარჯი არც იმ ხარჯად ან გადახდად განიხილება, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და, შესაბამისად, საწარმოსთვის ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტსაც არ წარმოშობს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ---ს ბანკთან გაფორმებული აქვს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანია პერიოდულად იღებს სესხებს. ამასთან, სააღრიცხვო ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელსა და შპს „---ს“ შორის გაფორმებული უპროცენტო (უსასყიდლო) სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 2022 წლის 5 მაისს შპს „---ვის“ კომპანიას გადარიცხული აქვს ჯამში 614 815 ლარი. ასევე, 2022 წლის 13 დეკემბერს შპს ---ს“ ჩარიცხული აქვს ბანკის სესხის ტრანში 535 000 ლარი, ხოლო 2022 წლის 15 დეკემბერს გაცემული აქვს უპროცენტო სესხი შპს „---ზე“ 180 000 ლარის, ხოლო 2022 წლის 29 დეკემბერს 240 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პერიოდში კომპანიას გადარიცხული აქვს სხვა შედარებით მცირე თანხებიც. ვინაიდან, ბანკიდან აღებული სესხის ნაწილის გასესხება ხდება უსასყიდლოდ სხვა საწარმოებზე და არსებული/მიწოდებული ინფორმაციადოკუმენტაციით, მათ შორის, სესხის ხელშეკრულებით, არ ფიქსირდება სანაცვლოდ რაიმე სახის კომპენსაციის/სარგებლის მიღება, სესხის ძირითადი თანხის იმ ნაწილზე დარიცხული/გადახდილი საპროცენტო ხარჯი, რომელიც გამოყენებულ იქნა უპროცენტო სესხის გასაცემად, შემოწმებით განხილულ იქნა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანიასა და შპს „---ს“ შორის გაფორმებული უპროცენტო სესხის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „---“ გადასახადის გადამხდელს უწევს სასაწყობე და ლოჯისტიკურ მომსახურებას მისაღებ ფასად. აცხადებს, რომ კომპანიებს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ იკვეთება. მიაჩნია, რომ სახეზეა უსასყიდლოდ მიწოდება/მომსახურების გაწევა მხოლოდ სესხის პროცენტის ნაწილში და აღნიშნული ოპერაცია არ უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით. აცხადებს, რომ არასწორია შემოწმების მიდგომა, რომლითაც ნებისმიერ უსასყიდლო მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯს განიხილავს ისეთ ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, რადგან ასეთ შემთხვევაში ხდება თანხის ორმაგი დაბეგვრა, რომელიც იკვეთება ერთის მხრივ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საპროცენტო ხარჯის დაბეგვრაში და მეორე მხრივ იგივე საპროცენტო ხარჯის ოდენობით გაზრდილი გაუნაწილებელი მოგების შპს „----ის“ მიერ მომავალში განაწილებით. აღნიშნავს, რომ კომპანიებს შორის არსებობს პარტნიორული ურთიერთობა და თანხა, რომელსაც პროცენტის სახით არ უხდის მსესხებელი გადასახადის გადამხდელს, საბოლოოდ აკუმულირდება კომპანიაში როგორც გაუნაწილებელი მოგება და დაიბეგრება კომპანიის მიერ მოგების განაწილებისას. მიაჩნია, რომ სახეზეა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაცია. განმარტავს, რომ კონტრაქტორი დააფინანსა კომპანიის საქმიანობისთვის მნიშველოვანი მომსახურების მიღების მიზნით. შესაბამისად, აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული საპროცენტო ხარჯი კავშირშია მხოლოდ შემოსავლის მიღებასთან და მიზნად არ ისახავდა გადასახადებისგან თავის არიდებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი და, შესაბამისად კომერციული ბანკიდან აღებული სესხის დასაფარად შპს „---ს“ მიერ გაწეული/გასაწევი ხარჯი არ წარმოადგენს ხარჯს ან სხვა გადახდას, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და, აქედან გამომდინარე, არ წარმოშობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომერციული ბანკიდან აღებული სესხის დასაფარად შპს „---ს“ მიერ გაწეული/გასაწევი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას 2021 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს 23 885 ერთეული პროდუქტი დასახელებით „ლობიო 900 გრ“ შპს „---“-ისგან. სასაქონლო ზედნადებებში დაბეგვრის ტიპში მითითებულია „დაუბეგრავი“.

ასევე, 2021 წლის 23 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებით გადასახადის გადამხდელს კომპანიისგან შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „ჩაი 50 გრ“ სტატუსით „დაუბეგრავი“. შესაბამისად, როგორც მომწოდებელს, ასევე შემძენს აღნიშნული საქონელი განხილული აქვთ, როგორც ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტი და კომპანიაც აღნიშნული საქონლის რეალიზაციას განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად და არ არიცხავს დღგ-ის. ამასთან, მომწოდებელს აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს დასაბეგრი სტატუსით და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლაც. ვინაიდან, არსებული/წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მომწოდებლის საქონლის მოძრაობის და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია არ არის განხილული, როგორც გათავისუფლებული მიწოდება, შემოწმების მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი და რეალიზაციაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, შპს „---“- ისგან მიღებული პროდუქტების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „---“ არის შპს „---ს“ ურთიერთდამოკიდებული პირი. ასევე, შპს „----“-ის საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ საქონელი დასახელებით „ლობიო 900 გრ“ (დასაბეგრი სტატუსით) 2021 წლის დეკემბერში შეძენილი აქვს საგადასახადო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ფიზიკური პირისგან, რაზეც „შპს ---“-ს სრულად აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

თავის მხრივ მომწოდებელ ფიზიკურ პირს აღნიშნულ საქონელი (ლობიო) შეძენილი აქვს იმპორტიორი კომპანიებისგან. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ჩაის შემთხვევაშიც, ანალოგიურად, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ მისი მიწოდება არ წარმოადგენს დღგისგან გათავისუფლებულ ოპერაციას. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „---“-ისგან შეძენილი პროდუქცია წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს და არა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული საქონლის მიწოდება არ წარმოადგენს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას და შესაბამისად, აღნიშნულ ოპერაციაზე დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომერციული ბანკიდან აღებული სესხის დასაფარად შპს „---ს“ მიერ გაწეული/გასაწევი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოზე უპროცენტოდ გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადის დარიცხვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, ვინაიდან ბანკიდან აღებული სესხის ნაწილის გასესხება ხდება უსასყიდლოდ სხვა საწარმოებზე და არსებული/მოწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მათ შორის, სესხის ხელშეკრულებით, არ ფიქსირდება სანაცვლოდ რაიმე სახის კომპენსაციის/სარგებლის მიღება, სესხის ძირითადი თანხის იმ ნაწილზე დარიცხული/გადახდილი საპროცენტო ხარჯი, რომელიც გამოყენებულ იქნა უპროცენტო სესხის გასაცემად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განხილულ იქნა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.

არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებული/წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ საქონელი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და საპირისპიროდ, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია არ არის განხილული, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება, შემოწმების მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი და რეალიზაციაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომერციული ბანკიდან აღებული სესხის დასაფარად მიერ გაწეული/გასაწევი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 982; 983; 159; 160; 163; 164; 172 4 (უ).