გადაწყვეტილება №25220/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25220/2/2025
27 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 27.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25220/2/2025).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 23.03.2025 წლის N ELD ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 05.05.2025 წლის N 8626 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
23.03.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლო-საავტომობილოს კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (N ------). საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაირკვა, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით შემოყვანილ იქნა 28.12.2024 წელს და გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 26.02.2025 წელი.
აღნიშნულ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 23.03.2025 წლის N ELD----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სადავო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 05.05.2025 წლის N 8626 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-11 და მე-15 ნაწილებზე, 165-ე მუხლზე, დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილების გამოყენება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია:
23.03.2025 წელს საქართველო - ----- ს საზღვრის კვეთისას მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, ჯარიმის სახით დაეკისრა 1 000 ლარი. სატრანსპორტო საშუალება (----- სახელწმიფო ნომრით -----; VIN კოდი -----), რომლითაც 28.12.2024 წელს შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე (----- საბაჟო გამშვებ პუნქტზე), არ წარმოადგენს მის საკუთრებას. აღნიშნული ავტომობილის მესაკუთრეა ----- მოქალაქე, რომელიც არ მეტყველებს ქართულ ენაზე, რის გამოც საბაჟო გამშვებ პუნქტზე საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა მომჩივანმა განახორციელა.
საბაჟო პროცედურების გავლისას არც ერთ ეტაპზე ყოფილა ინფორმირებული სატრანპორტო საშუალების გამოცხადების ვადების თაობაზე. მისთვის სატრანსპორტო საშუალების წარდგენის 60 დღიანი ვადის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველო - ----- საზღვარზე, საავტომობილო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩაბარდა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან განემარტა ჯარიმის დაკისრების საფუძველი.
რამდენადაც უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს წარმოადგენდა უცხო ქვეყნის (-----) მოქალაქე, სატრანსპორტო საშუალების უკან გაყვანის 90 დღიანისაგან განსხვავებული ვადის დაშვების საფუძველი მომჩივანს არ ჰქონია, მით უფრო, მას შემდეგ, რაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე პირადად მის მიერ მოხდა მებაჟისთვის იმ დოკუმენტების წარდგენა, რაც ადასტურებდა სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნის მოქალქის საკუთრებაში ყოფნას და მისგან არავითარი დამაზუსტებელი შეკითხვა ან/და ინფორმაცია მოქალაქეობის მიხედვით დიფერენცირებულ, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების 60 და 90 დღიან ვადებთან დაკავშირებით არ მიუღია (განსხვავებით ----- საბაჟო გამშვებ პუნქტისა, საქართველო - ------ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომუშავე თანამშრომლის მხრიდან მომჩივანს დეტალურად განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, თანამშრომელმა დააზუსტა, თუ ვის მიერ მოხდებოდა სატრანსპორტო საშუალების გაყვანა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენის რა ვადები უნდა ყოფილიყო დაცული, რათა მას არ დაკისრებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა). ამასთან, გაურკვეველია თუ რის საფუძველზე მოხდა სატრანსპორტო საშუალების შემომყვან პირად მომჩივნის იდენტიფიცირება და თუკი ასე მოხდა, რატომ არ უზრუნველყო მებაჟემ მომჩივნის ინფორმირება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სატრანსპორტო საშუალების წარდგენის 60 და 90 დღიან ვადებს შორის 30 დღიანი სხვაობაა, რომლის დარღვევაც საჯარიმო სანქციასთან არის დაკავშირებული. იმას, რომ ----- საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომჩივანს სათანადოდ არ განმემარტა მისი უფლებამოვალეობები, ადასტურებს შემდეგი გარემოებები:
- 28.12.2024 წელს, პირველად საზღვრის კვეთიდან, 85-ე დღეს მოხდა სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა (საქართველო - ----- საზღვრის კვეთა). ანალოგიურად, 60 დღიანი ვადის შესახებ მომჩივანი თავიდანვე რომ ყოფილიყო ინფორმირებული, სატრანსპორტო საშუალების გაყვანას 60 დღემდე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უზრუნველყოფდა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს საბაჟო-გამშვებ პუნქტს (საქართველო - ----- საზღვარს) მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებდა;
- საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისთვის დაწესებულია ზედა ზღვარი, რომელიც 1 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თუკი 23.03.2025 წლის მდგომარეობით, მომჩივანს უკვე ეცოდინებოდა, რომ სატრანსპორტო საშუალების გაყვანის 60 დღიანი ვადა დაარღვია, სატრანსპორტო საშუალებას არა 85-ე დღეს, არამედ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისთვის დაგეგმილ დღეს, 2025 წლის აპრილის თვეში გაიყვანდა, ვინაიდან, ვადაგადაცილებისთვის დაწესებულ ჯარიმას, 1 000 ლარს, ისედაც ვერ გადააჭარბებდა.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით, ამავე მუხლის მე-15 ნაწილით ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით). ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილი იყო არცოდნით, მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული საბაჟო სანქციისგან (ჯარიმისგან), მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევის პირველი შემთხვევისას, კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8 716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივანს დანიშნულების საბაჟო ორგანომდე სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადის დარღვევის გამო, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებული სანქცია.
მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების წარდგენის 60 დღიანი ვადის შესახებ მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაიბარა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. რამდენადაც უცხოეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უცხო ქვეყნის (-----) მოქალაქე წარმოადგენდა, სატრანსპორტო საშუალების უკან გაყვანის 90 დღისგან განსხვავებული ვადის დაშვების საფუძველი არ ჰქონდა და მით უფრო, მას შემდეგ, ----- საბაჟო გამშვებ პუნქტზე, პირადად წარადგინა ის დოკუმენტები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში ყოფნას ადასტურებდა, თუმცა მისგან არავითარი დამაზუსტებელი შეკითხვა ან/და ინფორმაცია მოქალაქეობის მიხედვით დიფერენცირებულ, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების 60 და 90 დღიან ვადებთან დაკავშირებით არ მიუღია. მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილებზე და მიჩნია, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დაადასტურა საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 05.05.2025 წლის N 28626 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 23.03.2025 წლის N ELD----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 23.03.2025 წლის N ELD----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანს დანიშნულების საბაჟო ორგანომდე სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადის დარღვევის გამო, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. სადავო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს, ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 165.