ბრძანება N 13277
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13277
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ას“(ს/ნ ------------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------,იურ. მის.: -----------------------------)
2024 წლის 8 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „----------ას“(ს/ნ ------------------) 2024 წლის 8 მაისის №89547/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 აპრილის №007-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი სხვაობის - 19 673 კგ ფქვილის წარმოებულ და რეალიზებულ პურად განხილვას, ასევე, უკან დაბრუნებული ძველი პურის რეალიზებულად განხილვას. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ სულ შეძენილია 786 341 კგ ფქვილი, ხოლო სხვაობა შეადგენს 19 673 კგ-ს და არ აღემატება მთლიანი ოდენობის 2,5%-ს, სხვაობა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა: ტომარაში ფქვილის ფაქტობრივი ოდენობა, წარმოების პროცესში არსებული ტემპერატურა და ა.შ. გადამხდელი მიუთითებს, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ სასაქონლო ზედნადებების გამოწერის გზით, შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშებული პურის რეალიზაცია კომპანიის მხრიდან ვერ მოხდებოდა. რაც შეეხება უკან დაბრუნებული პურის რეალიზაციას, ძირითადი ნაწილი რეალურად ფუჭდება და ხდება მისი განადგურება. 2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხულ თანხებს და აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია ისეთი ხარჯები, როგორიცაა: პურის საცხობი დანადგარების შეძენა, 3 ავტომობილის შეძენა, რასთან დაკავშირებითაც კომპანიას გააჩნია გარკვეული მტკიცებულებები;
3. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას და ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად;
4. არ ეთანხმება კომპანიის მიერ საბანკო დაწესებულებიდან აღებულ სესხის დასაფარად გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას და აცხადებს, რომ გაუგებარია შემოწმების პოზიცია, თუ რა ნაწილში ჩანს არამიზნობრივი ხარჯი და რის საფუძველზე იბეგრება სესხის პროცენტი საშემოსავლო გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31154 და 2024 წლის 18 მარტის №5700 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ას“(ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 18 აპრილის №9015 ბრძანება და ამავე თარიღის №007-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 449 578 ლარი, მათ შორის, გადასახადი 279 450 ლარი, ჯარიმა 137 698 ლარი და საურავი 32 430 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის წარმოება (ძირითადად იწარმოება ხუთი სახეობის პური). საქმიანობას ახორციელებს ძირითადად დისტრიბუციით ქსელურ მაღაზიებში, უსასყიდლო იჯარით დამფუძნებლის საკუთრებაში არსებულ ფართში (ქ.--- -----ის ქ. --). გადამხდელის განმარტებით, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №31366 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 13 დეკემბერს ჩატარებულ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა). შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ახნსა-განმარტება, გაანგარიშების ცხრილები, წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, ასევე, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების შესახებ ინფორმაცია, საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები. შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, ინვენტარიზაციით დათვლილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი ჩათვლილ იქნა ბუღალტრულ ნაშთად და გაანგარიშებულ იქნა საწარმოს წარმოებისათვის საჭირო ნედლეული (ფქვილი), კერძოდ, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით (რომელიც ედრება აუდირებულ მონაცემებს) გაანგარიშებულ იქნა რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული პურის საწარმოებლად საჭირო ფქვილის ოდენობა, მათ შორის, გათვალისწინებულ იქნა დანადგარებში მოსაფრქვევი ფქვილის ოდენობა (ტომარაზე 0.5კგ-ს ოდენობით). შემოწმებით გაანგარიშებულ და ბუღალტრულ ფქვილის ნაშთს შორის სხვაობით (19 673 კგ) გაანგარიშებულ იქნა წარმოებული პურის რაოდენობა და ღირებულება, რაც განხილულ იქნა მიწოდებად და გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა უკან დაბრუნებული პროდუქციის რაოდენობა და ბუღალტრულ ნაშთთან შედარებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, როგორც ძველი პური, რადგან საწარმოს უფიქსირდება ძველი პურის რეალიზაცია. ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები ასევე განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება განკარგვადი თახები 761 014 ლარის ოდენობით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები და ხარჯები, დოკუმენტური რეალიზაცია, გათვალისწინებულ იქნა დებიტორული მოთხოვნები, აღებული სესხი, ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები, გაწეული დოკუმენტური ხარჯები, მათ შორის, კრედიტორული დავალიანებები, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, სესხისა და პროცენტის გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიო და კომუნალური ხარჯები. აღნიშნულის გათვალისწინებით დარჩენილი განკარგვადი ფულადი სახსრები შემოწმებით ჩათვლილ იქნა კომპანიის სალაროზე პასუხისმგებელი პირის (დირექტორის) მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
3. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რაც რიგ შემთხვევაში განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, კერძოდ, გადამხდელი არ ახდენს ავანსის და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვას და ხდება დღგ-ის ჩათვლა დუბლირებულად. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
4. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2021-2023 წლებში უფიქსირდება საბანკო სესხი 904 000 ლარის ოდენობით, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში დაფარული აქვს ძირი - 299 316 ლარი და პროცენტი - 117 711 ლარი, რომელიც გატანილია დამფუძნებელ/დირექტორის მიერ. აღნიშნული სესხით არ დგინდება რაიმე აქტივის შეძენა. ამდენად, შემოწმებით აღნიშნული სესხის დაფარვა კომპანიის მიერ ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ იქნა წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების შესახებ ინფორმაცია, საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა შემდეგნაირად: ინვენტარიზაციით დათვლილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი ჩათვლილ იქნა ბუღალტრულ ნაშთად და გაანგარიშებულ იქნა საწარმოს წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული პურის საწარმოებლად საჭირო ფქვილის ოდენობა, გათვალისწინებულ იქნა დანადგარებში მოსაფრქვევი ფქვილის ოდენობა. შემოწმებით გაანგარიშებულ და ბუღალტრულ ფქვილის ნაშთს შორის სხვაობით (19 673 კგ) გაანგარიშებულ იქნა წარმოებული პურის რაოდენობა და ღირებულება, რაც განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად. ასევე, შესწავლილ იქნა უკან დაბრუნებული პროდუქციის რაოდენობა და ბუღალტრულ ნაშთთან შედარებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, როგორც ძველი პური, ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები ასევე განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად.
შემოწმებით გაანგარიშებულ და ბუღალტრულ ფქვილის ნაშთს შორის სხვაობის არსებითობასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული დასაბეგრი ბრუნვა, პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დასაბეგრის ბრუნვის 2%-ს აღემატება და 3,4%-ს შეადგენს.
რაც შეეხება უკან დაბრუნებული პურების რეალიზაციაში გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება უკან დაბრუნებული (ძველი) პურის რეალიზაცია. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განხორციელებულა გაფუჭებული პროდუქციის ჩამოწერა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგინდა განკარგვადი თახები 761 014 ლარის ოდენობით, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები და ხარჯები, დოკუმენტური რეალიზაცია, გათვალისწინებულ იქნა დებიტორული მოთხოვნები, აღებული სესხი, ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები, გაწეული დოკუმენტური ხარჯები, მათ შორის, კრედიტორული დავალიანებები, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, სესხისა და პროცენტის გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიო და კომუნალური ხარჯები. აღნიშნულის გათვალისწინებით დარჩენილი განკარგვადი ფულადი სახსრები შემოწმებით ჩათვლილ იქნა დირექტორის ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული პურის საცხობი დანადგარების შესაძენად და ასევე კომპანიის მიერ 3 ავტომობილის შეძენაზე გადახდილი თანხები, რასთან დაკავშირებითაც კომპანიას გააჩნია გარკვეული მტკიცებულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დამოწმებული შესაბამისი წესით. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმოს 2021-2023 წლებში უფიქსირდება საბანკო სესხი 904 000 ლარის ოდენობით, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში დაფარული აქვს ძირი - 299 316 ლარი და პროცენტი - 117 711 ლარი, რომელიც გატანილია დამფუძნებელ/დირექტორის მიერ. აღნიშნული სესხით არ დგინდება რაიმე აქტივის შეძენა. ამდენად, შემოწმებით აღნიშნული სესხის დაფარვა კომპანიის მიერ ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების პოზიციით, საბანკო დაწესებულებაში გადახდილი სესხის თანხა წარმოადგენდა დირექტორის ხელფასს. აღნიშნული სესხის აღება/დაფარვა მონაწილეობს ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში, რის შემდგომაც ფულის ნაშთი დაბეგრილია ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად, შემოწმებამ თავისივე პოზიციით ამ ხარჯს დაარქვა მიზნობრივი ხარჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია სესხის პროცენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
შემოსავლების სამსახური იზიარებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციას სესხზე გადახდილი პროცენტების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, სესხი აღებულია საბანკო დაწესებულებიდან და მისი ნამდვილობა სადავო არ გამხდარა, თუმცა შემოწმებით სესხის მიზნობრიობა და აღნიშნული თანხით რაიმე აქტივის შეძენის ფაქტი არ დგინდება, ამდენად, სესხის დასაფარად გადახდილი ძირი თანხის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, თუმცა გადახდილი პროცენტის თანხა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯს და არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ამდენად უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ას“(ს/ნ ------------------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დამოწმებული შესაბამისი წესით;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში :
1. არ ეთანხმება საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი სხვაობის - 19 673 კგ ფქვილის წარმოებულ და რეალიზებულ პურად განხილვას, ასევე, უკან დაბრუნებული ძველი პურის რეალიზებულად განხილვას.
2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხულ თანხებს.
3. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას და ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად;
4. არ ეთანხმება კომპანიის მიერ საბანკო დაწესებულებიდან აღებულ სესხის დასაფარად გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელის განმარტებით, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №31366 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 13 დეკემბერს ჩატარებულ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაცია . შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ახნსა-განმარტება, გაანგარიშების ცხრილები, წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, ასევე, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების შესახებ ინფორმაცია, საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები. შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, ინვენტარიზაციით დათვლილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი ჩათვლილ იქნა ბუღალტრულ ნაშთად და გაანგარიშებულ იქნა საწარმოს წარმოებისათვის საჭირო ნედლეული (ფქვილი),შემოწმებით გაანგარიშებულ და ბუღალტრულ ფქვილის ნაშთს შორის სხვაობით (19 673 კგ) გაანგარიშებულ იქნა წარმოებული პურის რაოდენობა და ღირებულება, რაც განხილულ იქნა მიწოდებად და გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.
ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა უკან დაბრუნებული პროდუქციის რაოდენობა და ბუღალტრულ ნაშთთან შედარებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, როგორც ძველი პური, რადგან საწარმოს უფიქსირდება ძველი პურის რეალიზაცია. ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები ასევე განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება განკარგვადი თახები . აღნიშნული თანხმები ჩათვლილ იქნა კომპანიის სალაროზე პასუხისმგებელი პირის (დირექტორის) მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რაც რიგ შემთხვევაში განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, კერძოდ, გადამხდელი არ ახდენს ავანსის და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვას და ხდება დღგ-ის ჩათვლა დუბლირებულად. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ხოლო, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2021-2023 წლებში უფიქსირდება საბანკო სესხი , საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში დაფარული აქვს , რომელიც გატანილია დამფუძნებელ/დირექტორის მიერ. აღნიშნული სესხით არ დგინდება რაიმე აქტივის შეძენა. ამდენად, შემოწმებით აღნიშნული სესხის დაფარვა კომპანიის მიერ ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დამოწმებული შესაბამისი წესით. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“. 2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“) ; 163(1); 164(1) ; 269(7);